reportiori.ge - გოგა ხაინდრავა: „ეს იქნება პოლიტიკური სიგიჟე ალასანიას მხრიდან, თუ ის ბოკერიას ხელს დააფარებს“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:16
პრეს-დაიჯესტი
გოგა ხაინდრავა: „ეს იქნება პოლიტიკური სიგიჟე ალასანიას მხრიდან, თუ ის ბოკერიას ხელს დააფარებს“
ავტორი:
08 ივლისი, 2014. 19:02


„დღეს მიმდინარეობს ქართული საზოგადოების ლუსტრაცია, კერძოდ, ქართული ტელევიზიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების. პირდაპირ ნათლად ჩანს, ვინ ვის სამსახურშია, ვინ საიდან იღებს გასამრჯელოს"


მონატრებული რესპონდენტი გოგა ხაინდრავა დიდხნიანი პაუზის შემდეგ გიგი უგულავას დაკავების საკითხს ეხმიანება და „ქრონიკის" კითხვებს პასუხობს.


- თქვენი აზრით, რატომ მოხდა საარჩევნო პროცესში გიგი უგულავას დაპატიმრება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო?

 

- იმიტომ, რომ ის ქვეყნიდან გარბოდა და უკან დაბრუნებას არ აპირებდა. მას სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით ჰქონდა ბილეთი აღებული, „ნაციონალური მოძრაობის" მთელი საარჩევნო კამპანია აწყობილია დამნაშავეების გაპარვაზე, ისინი ყველაფერს ცდილობენ, რომ ციხეში არ მოხვდნენ. ვინ ვინ და ყველაზე უკეთ თავად იციან, რა დანაშაულიც აქვთ ჩადენილი. ერთადერთი ამოცანა, რაც მათ წინაშე დგას, არის ის, რომ რამენაირად გადაურჩნენ იმ სასჯელს, რომელიც მათ ელოდება, დაწყებული ონიანიდან, დამთავრებული უგულავათი და უამრავი სხვა დასაჭერი კანდიდატისთვის საარჩევნო პერიოდი იყო გამოყენებული იმისთვის, რომ ისინი ასცდენოდნენ მართლმსაჯულებას. ეს ჩანს და ცალსახაა. უბრალოდ, ქართული ბრმა, ყრუ და თვითმგვემი პრესა ვერ ხედავს ამას. მწვალებლობაშია გადავარდნილი ქართული სატელევიზიო სივრცე, აღარაფერს ვლაპარაკობ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც „ნაცმოძრაობის" ადვოკატებად მოგვევლინენ.  მათ ე.წ. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებიც ადვოკატობენ. მოკლედ, საქართველოში დიდი თვითგვემაა გამოცხადებული, ვფიქრობ, ყველას დაავიწყდა ცოცხები, ის სულიერი და ხორციელი გაუპატიურებები, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" ქართველი ხალხის მიმართ ახორციელებდა. ამას აკეთებენ ქართული ტელევიზიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გაყიდულები არიან. ესენი არიან პირდაპირი წარმომადგენლები ევროპის სახალხო პარტიისა, კარლ ბილდტისნაირი მოღვაწეებისა, რომლებიც წლების მანძილზე ჯიბეში ეჯდა „ნაცმოძრაობას" და პირდაპირ მათი ქრთამებით არიან გაზულუქებულები. ამ მოქრთამულებს აჰყვა ქართული პრესის დიდი ნაწილი და არის წიოკი. მე რაღაც არ მახსოვს, რომ როცა ჩვენ გვარბევდნენ, გვკლავდნენ, მომწამლავი გაზით გვხუთავდნენ, მართლსაწინააღმდეგოდ ქონებებს გვართმევდნენ, ფარულად გვისმენდნენ და გვითვალთვალებდნენ, კოჟორიძეს, ლომჯარიას და სხვებს არასამთავრობო სტრუქტურებიდან, ამაზე ხმა ამოეღოთ და ეს ფაქტი გაეპროტესტებინათ. დღეს ესენი პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობენ. რაღაც არ მახსენდება ეს ტერმინი ჩვენთან მიმართებაში გამოეყენებინათ, როცა 35 ათასი კაცი იჯდა ქართულ ციხეებში, როცა ოპოზიციაზე ნამდვილი დევნა მიმდინარეობდა, ღია და დაუფარავი, მაშინ რატომღაც პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკი საერთოდ არ იყო და ეს ქურდბაცაცა უგულავა, რომელმაც თავისი მერობის პირველ წელიწადს 102 მილიონი გაფლანგა, ვის შესახებაც წლების მნძილზე ვლაპარაკობ და პირადად თქვენთან ინტერვიუში მითითებული მაქვს დოკუმენტები, სადაც ამის ნახვა შეიძლება, მასზე, ჩემდა სამწუხაროდ, რეაგირება არ არის. ამ ქურდბაცაცას, ამ ყაჩაღს, როგორც კი ხელი მოჰკიდეს, აკივლდა. ქვეყანას „ნაციონალური" რეჟიმის დროს 200 პოლიტპატიმარი ჰყავდა, ამაზე არც ერთ არასამთავრობო სტრუქტურას ხმა არ ამოუღია და დღეს გიგი უგულავა გაჰყავთ პოლიტპატიმრის სტასტუში, ეს არის სამარცხვინო, დღეს მიმდინარეობს ქართველი საზოგადოების ლუსტრაცია, კერძოდ, ქართული ტელევიზიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების. პირდაპირ ნათლად ჩანს, ვინ ვის სამსახურშია, ვინ საიდან იღებს გასამრჯელოს. თუ  ფიქრობენ, რომ დეზინფორმაციით პოლიტიკურ ამინდს ქმნიან, ცდებიან. ამინდს ისინი იმ კოლბაში ქმნიან, სადაც თვითონ სხედან. რაც ხდება, ეს ძალიან კარგია, საზოგადოება დაინახავს, ვინ ვინ არის. მე ვფიქრობ, ძალიან დიდი ცვლილებები ელოდება ამ ქვეყანას, ვფიქრობ, ეს ცვლილება გატარდება ქართულ მედიაში და არასამთავრობო ორგანიზაციებში. რაც აქამდე, ასე თუ ისე, დაფარული იყო, ყველამ ნიღაბი ჩამოიხსნა. ტერორისტული ორგანიზაციის დაცვაში კრიჭა შეეკრათ.


- „რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა სააკაშვილის ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა, რომ ივანიშვილსა და ღარიბაშვილზე 100%-იანი დასაჭერი საქმე ჰქონდა, კერძოდ, ღარიბაშვილი რამდენიმე ათეულ მილიონს ათეთრებდა საკრედიტო ბარათებით, თუმცა ჩვენ მაშინ არ დავიჭირეთო... კი მაგრამ, მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა? სააკაშვილის პირადი დავალებით ღარიბაშვილის სიმამრს ციხეში კლავდა და ყოველი მისი გამოსვლა თამაზაშვილის დისკრედიტაციით იწყებოდა. თანაც, სააკაშვილი ვერ ხვდება, რომ მის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს?

 

- ეს კაცი არის შიზოფრენიკი, რომლითაც უნდა დაინტერესდნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მისი ყოფნა საზოგადოებაში არის საშიში, მეცოდება ჩვენი მეგობარი ქვეყანა - უკრაინა, სადაც ეს შიზოფრენიკია, იმ ქვეყანას კარგი დღე არ დაადგება. მე  ძალიან მიკვირს, რამდენად დეგრადირებულია საერთაშორისო საზოგადოება, რამდენად გამოიფიტა პოლიტიკური სპექტრი, რომ ამ ბოგანოს, ამ ტაკიმასხარას აძლევენ შესაძლებლობას, რომ კიდევ პოლიტიკურ არენაზე ჩანდეს. უკრაინაში არალეგალური საქმიანობის ბუდე აქვთ გახსნილი „ნაციონალებს", რომელიც მიმართულია ამ ქვეყნის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მათ ჯერ კიდევ ჰყავთ მხარდამჭერები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. საერთოდ, ამ არჩევნებმა აჩვენა,რომ კომუნისტური მონობიდან ვერ გამოვედით.


- პრემიერმა გიგი უგულავას დაპატიმრებას მართლმსაჯულების ზეიმი უწოდა. ის არ აპირებს უკან დახევას და არჩევნების შემდეგ იწყებს დიდ რეპრესიებს პრინციპით, - კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს. თქვენი აზრით, ვინ იქნება შემდეგი?

 

- იქ არის დამნაშავეების მთელი „ბუკეტი", შემდეგი, ალბათ, იქნება გიგა ბოკერია - ერთ-ერთი იდეოლოგი ამ ბოროტების რეჟიმის, გია ბარამიძე, უშუალო შემსრულებელი სისხლიანი ოპერაციების, გივი თარგამაძე, იგივე ვასილიჩი... ეს არ იყო პარტია, ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია. ეს ტერორისტები კორუფციასა და ყაჩაღობაზე იყვნენ დაფუძნებული, ყაჩაღობაზე, ბანდიტობაზე, მკვლელობაზე... საერთოდ, იცით, რა მიკვირს?.. იმ ფონზე, რა ჩვენებებსაც იძლევა ბიბილურიძე და ამ ფონზე წიოკი, თუ რატომ აპატიმრებენ გიგი უგულავას, გასარკვევია, აქამდე გარეთ როგორ ჰყავდათ უგულავა? ბიბილურიძის ჩვენებას ქართული მედია საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, თუ რა თქვა მან სასამართლოზე. ამ დროს ბიბილურიძემ პირდაპირ ხელი დაადო და უმძიმეს დანაშაულში ამხილა როგორც გიგა ბოკერია, ისე უგულავა, თავისთავად მერაბიშვილი, ადეიშვილი და მთლიანად „ნაცრეჟიმი". ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ რეჟიმი არ გავასამართლეთ. პარლამენტის დანაშაულია, რომ არ არის ვერდიქტი გამოტანილი, ამ დანაშაულებრივ რეჟიმთან დაკავშირებით. იმიტომ არის, რომ დარჩიაშვილი, წიკლაური და მსგავსი ძუკნები ამდენს ბედავენ. ონიანს,  რომელიც ჩამოყალიბებული კრიმინალია, დღეს ადვოკატის მანდატი აქვს,სისხლის სამართლის დამნაშავეებს პარლამენტის მანდატი აქვთ, იმის მაგივრად, რომ ვირის აბანოში ისხდნენ, ქადაგებენ დემოკრატიას. მე ვფიქრობ, ქართველ საზოგადოებას ცოტა სიმტკიცე დააკლდა „ნაცმოძრაობასთან" დაპრისპირების პროცესში.


- მთავარი დამნაშავე დაუსჯელად დადის, თუ მიხეილ სააკაშვილი შეძლებს და უკრაინაში წარმატებულ რეფორმას გაატარებს, მიიღებს თუ არა დასავლეთისგან საბოლოოდ ხელშეუხებლობის გარანტიას?

 

- უკრაინაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი და რით დამთავრდება, კაცმა არ იცის. იქ საერთოდ ქვეყანა დაშლის პირასაა, ჩვენ უკვე ვიწვნიეთ, რა რეფორმის გამტარებელია სააკაშვილი... მერწმუნეთ, სააკაშვილის დღეები დათვლილია. სადაც არის არეულობა, შეიძლება იმ ქვეყანაში ისაზრდოოს, ცივილიზებულ ქვეყანაში სააკაშვილს ახლოს არავინ გაიკარებს. ის ლობისტები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებიდან ფინანსდებოდნენ და ასიათასობით ფუნტს იღებდნენ, ეს მექრთამეები, ყველანაირად შეეცდებიან სააკაშვილის დაცვას. თუმცა ვფიქრობ, პოლიტიკური ისტებლიშმენტი მიხვდა, ვისთან აქვთ საქმე და საბოლოოდ სააკაშვილისგან განზე გადგებიან, ისედაც ყველა ერიდება მასთან ამა თუ იმ ფორმით გაიგივებას. ამიტოს სააკაშვილი დამთავრებულია როგორც აქ, ისე დასავლეთში, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა", ხოლო ეს მაზოხიზმი და თვითგვემა, რაშიც ქართული ტელევიზიები და არასამთავრობო ორგანიზაციებია გადავარდნილი, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ ილუზიას ქმნის , რომ „ნაცმოძრაობა" კიდევ არსებობს, თითქოს რაღაც პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, სინამდვილეში, ეს არის კრიმინალების ერთობა, რომელიც ყველაფერზე მიდის , რომ არ მიეზღოს  რაც დაიმსახურა. ჩვენ ვხედავთ, რომ სამართალი შეიძლება ძალიან მძიმედ, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც სწორი გზით მიდის. შეიძლება ეს ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ქართველ ხალხს უნდა, თუმცა მერწმუნეთ, ადრე თუ გვიან, კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს.


- როგორ ფიქრობთ, გასამართლდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი?

 

- ამ საკითხში ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, თუ ამას ეს ხელისუფლება არ გააკეთებს, მაშინ სააკაშვილს გაასამართლებს შემდეგი ხელისუფლება. სააკაშვილი აუცილებლად გასამართლდება და არა მარტო ის, ასევე გასამართლდება ბოკერია, რამიშვილი, თარგამაძე, ბარამიძე, ყველა, ვინც ამ დანაშაულებრივი რეჟიმის შემქმნელი და წევრი იყო.  ფაშიზმს ფაშიზმი დაერქმევა, კრიმინალს - კრიმინალი. სათავისოდ ძალიან კარგი ტერმინი „კოაბიტაცია" მოიგონეს, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხის კოაბიტაცია დამნაშავეებთან არ შედგება. კოაბიტაცია შეიძლება შედეგს პოლიტიკურ ძალებთან, მაგარმ ქართველი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ შეურიგდება კოაბიტაციას „ნაციონალური მოძრაობასთან". „ოცნების" ხელისუფლებას რეალურად ორი წელი აქვს იმისთვის, რომ აღადგინოს სამართალი ამ ქვეყანაში, თუ ამას ვერ შეძლებს, მაშინ მოვა სხვა ხელისუფლება, რომელიც ამას განახორციელებს. რომელი დადგება, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივი ორგანიზაციისა და მისი კრიმინალი წევრების გასამართლება. ეს დღის წესრიგიდან არ მოიხსნება, ამ კრიმინალებს ამის იმედი ნუ ექნებათ, რადგან ქართველ საზოგადოებას არასოდეს დაავიწყდება ის აღვირახსნილი კრიმინალი, რომელსაც სააკაშვილი და მისი ბანდა სჩადიოდა.


- თქვენი აზრით, რისთვის შეიძლება მოემზადოს „ნაციონალური მოძრაობა", რა რესურსი აქვთ იმისთვის, რომ საქართველოში თბილისური მაიდანი დაატრიალონ? გახდება კი ამის მიზეზი უგულავა?

 

- ამ კრიმინალებს არანაირი რესურსი არ აქვთ, ის, ვინც ამ თემებზე ლაპარაკობს ან უგუნურია, ან პოლიტიკური სპეკულანტი, ვინც გაუთავებლად აშინებს ქართველ საზოგადოებას, რომ მათ აქვთ დაბრუნების გეგმა... ისე დაბრუნდა პაპაჩემის პაპა, როგორც „ნაციონალები" ხელისუფლების სათავეში დაბრუნდებიან! ქართველი ხალხი მათ საბოლოოდ განდევნის პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან. სამწუხაროდ, მსოფლიო პოლიტიკაში არალეგალური ბერკეტები ჯერ კიდევ მუშაობს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ტივტივი პოლიტიკურ ზედაპირზე, სამწუხაროდ, ეს არის დიდი ფული, კრიმინალური მხარდაჭერა, რომლებიც „ნაციონალებს" აქვთ სხვადასხვა მხარდამჭერებისგან, ვინც ჩართული იყო იმ ბოროტმოქმედებაში, რაშიც ჩართული იყო სააკაშვილი და მისი გუნდი. 12 ივლისის შემდეგ „ნაციონალების" „დუხი" აღარ იქნება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურად ბეწვის ხიდზე გავიარეთ, ძალიან დიდი საფრთხის მატარებელია ის ვითარება, რომელიც მსოფლიოში შეიქმნა. პირველ რიგში, ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც ჩვენნაირი ტიპის რეგიონში არსებობენ, ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ვხედავთ, რომ მსოფლიო მშვიდობა ნამდვილად ბეწვის ხიდზეა. ჩვენ ვხედავთ რა ხდება მეზობელ უკრაინაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაბიჯი, რაც საქართველომ გადადგა და რომ ხელი მოვაწერეთ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას. მინდა გითხრათ, რომ უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი ფეხებზე ჰკიდია და მისთვის უკრაინის პრეზიდენტს ნამდვილად არ სცალია. ამ ჭორებსა და მითებს საკუთარ თავზე „ნაციონალები" თვითონ ავრცელებენ, რაც შემდეგ ქართულ მედიაში ხდება სენსაციის საგნად...


- კი მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, რომ სააკაშვილი ძალიან დიდ დროს ატარებს კლიჩკოსთან, ამის დასადასტურებლად სააკაშვილი ფოტოებსაც კი აქვეყნებს.

 

- კლიჩკოსთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, ხომ არ გამოაგდებს, ასე ეტენებოდა სააკაშვილი მსოფლიოს, ხან ტუალეტთან ელოდებოდა ობამას, ხან მანქანასთან, ახლა დავიდა კლიჩკომდე და კლიჩკოს ეტენება. არსად რომ არ პატიჟებენ და ჩვენ ვხედავდით, მიუნხენიდან დაწყებული, ვაშინგტონით დამთავრებული, კამერებით რომ დარაჯობდა,ოღონდ აქ საქართველოს ტელევიზიებს ეჩვენებინათ კადრი, როგორ ართმევს ხელს დასავლელი პოლიტიკოსი, იგივე ხდება უკრაინაში, ოღონდ სრული დეკვალიფიკაცია მოხდა და კლიჩკოს დონემდე დავიდა. ჯერ საკითხავია, ვისი მერია კლიჩკო იმ ფონზე, რაც დღეს უკრაინაში ხდება, იქ ბევრი რამ არის გასარკვევი და კაცმა არ იცის, რა როგორ დამთავრდება... უკრაინაში ბრძოლები მიდის ავიაციის გამოყენებით, ამიტომ სააკაშვილისთვის უკრაინაში ნამდვილად არ სცალიათ, ესენი კი ცდილობენ, მღვრიე წყალში იტივტივონ. ისე არიან გათავხედებულები, რომ აქეთ მორალს გვიკითხავენ. მე ვფიქრობ, რომ ბოკერიასთან და გიგი უგულავასთან დაკავშირებით, წესით, კითხვები უნდა იყოს 2008 წლის ამ სამარცხვინო ომთან მიმართებაშიც, ვფიქრობ, თავდაცვის სამინისტრო და ის კომისია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის ვითარებას იკვლევს, რეალურ დასკვნას თუ არ დადებს ამ ომთან დაკავშირებით, რა დანაშაულის შედეგად მიიღო ის უბედურება და ის ძალიან დიდი ზარალი საქართველომ, რაც მიიღო, ძალიან დიდი შეცდომა იქნება და ბევრ კითხვის ნიშანს გააჩენს გარკვეული პერსონების პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით.


- საინტერესო მინიშნებას აკეთებთ. საუბარია, რომ დღემდე მეგობრობენ ალასანია და ბოკერია, არის ვარაუდი, რომ ბოკერიას  არ გაწირავს ალასანია. ამ შემთხვევაში რამდენად სწორი იქნება თავდაცვის სამინისტროს გამოტანილი ვერდიქტი აგვისტოს ომთან დაკავშირებით?

 

- ეს იქნება პოლიტიკური სიგიჟე ალასანიას მხრიდან, თუ ის ბოკერიას ხელს დააფარებს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ალასანია ასეთ სისულელეს არ გააკეთებს. „ნაციონალების" მიერ ჩადენილი დანაშაული 2008 წლის ომში მთელი საქართველოსთვის ცნობილი უნდა იყოს, ეს არ არის უწყებრივი მასალა, ეს მასალა  ეკუთვნის საქართველოს და მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ის დანაშაული, რომელიც „ნაციონალებს" აქვთ ჩადენილი აგვისტოს ომის დროს, ამიტომ ამ მასალებით მანიპულირება და დანაშაულის დაფარვა,  იქნება უპატიებელი დანაშაული. მთელი მსოფლიოს დასანახად უნდა დაისაჯონ „ნაცმოძრაობის" ის ლიდერები, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომში ჩაიდინეს დანაშაული და ვინც ამდენად აზარალა ეს ქვეყანა. სერიოზულად უნდა დაფიქსირდეს ყველა, რომ გამოძიება იყოს ობიექტური და ვინც გაბედავს, უხეშად ჩაერიოს, მისთვის ეს საქმე ძალიან ცუდად დამთავრდება და მიჰყვება „ნაცმოძრაობის" დამნაშავე ფიგურანტებს.


- და ბოლოს, თქვენ გაქვთ მოლოდინი, რომ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რაც ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტიდან განდევნას?..

 

- გამორიცხულია, არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ესეც პოლიტიკური სპეკულაციაა, როცა ადამიანებს არ რჩებათ სხვა შესაძლებლობა, რომ დაუმტკიცონ თავისი პოლიტიკური საჭიროება ამომრჩეველს, იწყებენ ლაპარაკს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. ამის რეალობას დღეს მე ვერ ვხედავ...


ნინო სამხარაძე

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016