reportiori.ge - რა შეცდომა დაუშვა გიგი უგულავამ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:42
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რა შეცდომა დაუშვა გიგი უგულავამ?
ავტორი:
09 ივლისი, 2014. 17:38


გიგი  უგულავას სირბილს პროკურატურასა და ფინანსურ პოლიციაში წერტილი დაესვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გოგინაშვილმა,  თბილისის ყოფილ მერს, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხვათა შორის, სწორედ გიორგი გოგინაშვილმა გაისტუმრა ციხეში უგულავას ქვისლი, გიორგი ღონიაშვილი და მასაც წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. გიგი უგულავა 3 ივლისს, დილის 7 საათზე აეროპორტში დააკავეს. წინა დღეს, 2 ივლისს, „სითი პარკის" საქმეზე ბრალდებულ უგულავას სასამართლომ არც აღმკვეთ ღონისძიებად შეუფარდა 50 000 დოლარი და არც პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩამოართვა. არადა მთავარმა პროკურატურამ სასამართლოში უტყუარი მტკიცებულება წარადგინა, რომ უგულავა საქართველოდან წასვლასა და უცხოეთში დარჩენას აპირებდა. ამის კიდევ ერთი დასტური ის გახლავთ, რომ გიგი უგულავას მეუღლე, ლელა კილაძე საზღვარგარეთ იყო და, პროკურატურის მტკიცებით, ქმარს იქ ელოდებოდა... კოტე კუბლაშვილის „ნაციონალურმა" სასამართლომ, როგორც მოგახსენეთ, არც ეს და არც სხვა ფაქტები არ გაიზიარა და გირაოც კი არ შეუფარდა უგულავას. ის იყო, „ნაცებმა" ყიჟინა დასცხეს, გიგი თავისუფალიაო და მთავარმა პროკურორმა, გიორგი ბადაშვილმა ეგრევე წაუხდინა საქციელი - გიგი უგულავა თბილისის აეროპორტში გასკვანჩეს. ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავალ, უგულავას ერთ განცხადებაზე მინდა მკითხველის ყურადღება შევაჩერო. დაკავებული უგულავა აეროპორტიშივე არწმუნებდა ჟურნალისტებს, რომ ის კიევის გავლით, მოლდოვაში, კიშინიოვში მიდიოდა პოლიტიკურ ღონისძიებაზე - კონფერენციაზე დასასწრებად და კიევიდან უკან დასაბრუნებელი ბილეთიც აღებული ჰქონდა - ღამის 11 საათზე. უგულავას ეს ტყუილი, რატომღაც, ყველა მედიასაშუალებას გამორჩა. ტყუილიცაა და ტყუილიც - გიგიმ ისეთი დააბრეხვა, ბარონ მიუნჰაუზენსაც გაუჭირდებოდა ამგვარის მოფიქრება. მოკლედ, უგულავა 8 საათზე თბილისიდან კიევში უნდა ჩაფრენილიყო, იქიდან - კიშინიოვში. მოლდოვის დედაქალაქში ღონისძიებას უნდა დასწრებოდა, მერე კიშინიოვიდან ისევ კიევში უნდა ჩაფრენილიყო და ღამის 11 საათზე, კიევიდან, თბილისში უნდა გადმოფრენილიყო. ეს ყველაფერი რომ წარმოვიდგინე, ჟიულ ვერნი და მისი ფანტასტიკური ჟანრის რომანი „80 დღე დედამიწის გარშემო" გამახსენდა. ამ თხზულების მთავარი გმირი, ინგლისელი ჯენტლმენი ფილეას ფოგი სანაძლეოს დებს, რომ დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ 80 დღე ეყოფა და ამ უცნაურ მოგზაურობაში გაემგზავრება. ჟიულ ვერნს ჩვენს დროში რომ ეცხოვრა, ეჭვი არ მეპარება, მისი რომანის მთავარი გმირის პროტოტიპი გიგი უგულავა იქნებოდა. მიმიქარავს ფილეას ფოგი! უგულავა უფრო წარმოუდგენელ მოგზაურობას აპირებდა, 15 საათში თვითმფრინავით 4 რეისი უნდა განეხორციელებინა და თანაც, კიშინიოვში კონფერენციას უნდა დასწრებოდა. ახლა ეს ოხერი თვითმფრინავი, კიშინიოვში ზუსტად იმ სასტუმროს წინ ხომ არ დაფრინდებოდა, სადაც კონფერენცია ტარდებოდა, არა? აეროპორტიდან სასტუმრომდე და უკან ხომ მანქანით უნდა გაევლო გზა ამ ჩვენს ყოფილ მერს. კონფერენცია რის კონფერენციაა, მინიმუმ, 2-3 საათი რომ არ გაგრძელდეს? თვითმფრინავის 4 რეისს ესე 3 საათიც მიათვალეთ და ისიც გაითვალისწინეთ, რომ რეისებს შორის, მინიმუმ, ერთსაათიანი სხვაობა იქნებოდა საბაჟო-სასაზღვრო კონტროლითა და თვითმფრინავში ჩასხდომით. ახლა თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ გიგი უგულავა 15 საათში ამ ყველაფერს მოასწრებდა და 3 ივლისს, 23 საათზე თბილისშიც დაბრუნდებოდა, „ქრონიკის" შემდეგ ნომერში ბოდიშს მოვუხდი თბილისის დაპატიმრებულ მერს.



ვიდრე გიგი უგულავას სხვა ბრალეულობებზე გადავალ, ჯერ იმას შეგახსენებთ, რის გამო დაიჭირეს. ყველას გეხსომებათ, რომ უგულავას ქვისლი, გიორგი ღონიაშვილი ციხეში ზის და მას „ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ ფულის გათეთრება ედება ბრალად. ღონიაშვილი „ფეროს" ერთ-ერთმა მეპატრონემ, ბიზნესმენმა გიორგი კაპანაძემ დააჭერინა. ამ კაცს და მის ბიზნესპარტნიორებს „ნაცებმა" და პირადად უგულავამ სული ამოხადეს, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ქონება თუ ნაღდი ფული გამოსძალეს, ამასთანავე, ისიც დაიჭირეს და მისი სიმამრიც. მოკლედ, გიორგი კაპანაძეს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს და როცა „ნაცებმა" გავლენა და ხელისუფლება დაკარგეს, მანაც შური იძია თავის მწამებლებზე. ზედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დააჭერინა გიორგი ღონიაშვილი. გიორგი კაპანაძემ უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საქმეშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა. მართალია, პროკურატურას ჰქონდა მტკიცებულება, რომ უგულავა საქართველოს დატოვებას აპირებდა და ამის საფუძველზეც მოითხოვდა მისთვის წინასწარ პატიმრობას, მაგრამ კაპანაძემ პროკურატურას კიდევ ერთი იარაღი მისცა. მან გამოძიებას წარუდგინა მყარი მტკიცებულება, რომ უგულავა მასზე ზეწოლას ახორციელებდა და ემუქრებოდა, რომ ის ბრალდებები, რაც მის წინააღმდეგ მისცა გამოძიებას, უკან წაეღო. ამის შემდეგ სასამართლოს სხვა გზა მართლა აღარ დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ უგულავა ციხეში გაეშვა. 4 ივლისს, როცა უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი იხილებოდა სასამართლოში, ფინანსურმა პოლიციამ გაასაჯაროვა გიორგი კაპანაძისა და გიორგი ღონიაშვილის შეხვედრის ფარული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ღონიაშვილი მართლა ათეთრებდა ფულს და ეს ფული „ნაცმოძრაობის" არჩევნების დაფინანსებას უნდა მოხმარებოდა. ამავე ჩანაწერში ჩანს, რომ ამ საქმის სათავეში გიგი უგულავა დგას. ამ საქმეში დავით კეზერაშვილი და მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორი ალექსანდრე გოგოხია არიან გარეულნი. ფულს თბილისში, გოგოხიას კეზერაშვილი ურიცხავდა ოფშორში დარეგისტრირებული ერთ-ერთი ფირმიდან.



სქემა ძალიან მარტივი იყო. ალექსანდრე გოგოხიას ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანია BROOKTRADE-სა და კეზერაშვილის ასევე ოფშორში, ვირჯინიის კუნძულებზე EQSIMUS HOLDING-ს შორის ფიქციური ხელშეკრულება გაფორმდა, ვითომ გოგოხიას კომპანიას კეზერაშვილის კომპანიისთვის კონსულტაციები უნდა გაეწია. ეს „კონსულტაციები" კასპიის ზღვის ქვეყნებში ენერგომატარებლებით ვაჭრობას შეეხებოდა. „კონსულტაციების" საფასურად კეზერაშვილმა-ს 1.0 მილიონი დოლარი ჩაურიცხა. ამ თანხის ნაწილი, 760 ათასი დოლარი გოგოხიამ ნაღდი ფულით გამოიტანა ბანკიდან და გიორგი ღონიაშვილს მისცა. ეს ფული ღონიაშვილს „ნაცმოძრაობის" დასაფინანსებლად უნდა გამოეყენებინა. ალექსანდრე გოგოხია ამ სქემაში „გამტარი" იყო, სქემის თავსა და ბოლოში კეზერაშვილი და ღონიაშვილი იდგნენ. მოგეხსენებათ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიორგი ღონიაშვილი იმ 760 ათას დოლართან ერთად დაიჭირა, ეს ფული მანქანაში ედო. გიორგი ღონიაშვილს ამ საქმის გაჩარხვის დროს, გიორგი კაპანაძე არ სცილდებოდა, ის ფარულ აუდიო-ვიდეო გადაღებებს აწარმოებდა და პროკურატურა უტყუარი მტკიცებულებებით მოამარაგა. მეტიც, კაპანაძემ მთელი ეს სქემა გაშიფრა და პროკურატურას შეუძლია, ამ საქმეში მშვიდად იყოს - უგულავასაც და ღონიაშვილსაც უპრობლემოდ დაუმტკიცებენ დანაშაულს, რადგან მეტად მყარი მტკიცებულებები აქვს. მეტიც, გამოძიება უკვე დავით კეზერაშვილზეც გავიდა და მალე თბილისში მისი ექსტრადირების საკითხი კიდევ ერთხელ დადგება.



ამბობენ, რომ გიორგი ღონიაშვილი ერთხანს ვაჟკაცურად უძლებდა ციხის ცივ და ნესტიან კედლებს, მაგრამ ბოლოს გატყდა და გიგი უგულავას დაადო ხელი - ეგ იდგა ამ საქმის სათავეში და მე მისი დავალებით ვმოქმედებდიო. პრინციპში, ეგრეც იყო. უგულავა რომ ამ საქმის სათავეში იყო, ეს კაპანაძის მიერ პროკურატურისთვის მიწოდებული მტკიცებულებებითაც დასტურდება, მაგრამ ქვისლის მიერ უგულავას „ჩაშვება" კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულებაა. გარდა ამისა, ღონიაშვილი კეზერაშვილსაც ადებს ხელს და სხვა გზა არც აქვს. ერთი, რომ ფარული ჩანაწერებით მტკიცდება კეზერაშვილის ამ საქმეში მონაწილეობა. მეორეც, გამოძიების „ოქროს მოწმემ" გიორგი კაპანაძემ ზუსტად იცის საქმეში მისი მონაწილეობის დეტალები და ეს ყველაფერი გამოძიებას უკვე მოუყვა.



გიგი უგულავას წინააღმდეგ წაყენებული ერთ-ერთი ბრალი, მარნეულში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას მის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კაბინეტში შეჭრა და საარჩევნო ოქმის დახევა იყო. „შვიდი ბრალი მაქვს წაყენებული და მერვესაც დავიმატებ", - გაჰყვიროდა მაშინ მარნეულში გულმოსული უგულავა. პროკურატურამაც არ აწყენინა, ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მერვე არა, მაგრამ მეექვსე ბრალი კი დაუმატა. სხვა მრავალ დანაშაულთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და საარჩევნო დოკუმენტაციის განადგურების გამოც მოუწევს პასუხისგება უგულავას. თუმცა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მთლიანობაში გამოძიება ედავება ექსმერს.



გიგი უგულავას თბილისის ბიუჯეტი საკუთარ საკრედიტო ბარათად მიაჩნდა და ხსნიდა და ხსნიდა იქიდან მილიონებს. მას ამ ორი ბრალის გარდა (ფულის გათეთრება და მარნეულის ინციდენტი) კიდევ 4 ბრალი აქვს წაყენებული. მკითხველს მოკლედ შევახსენებ იმ დანაშაულებს, რის გამოც ახლო მომავალში უგულავას გაასამართლებენ.



თბილისელი მძღოლების გამღლეტი კომპანია „სითი პარკის" საქმე ერთ-ერთია უგულავას კრიმინალურ საქმიანობაში. თბილისის მერიამ „სითი პარკთან" 2007 წელს გააფორმა ხელშეკრულება. მერმა თბილისელები მოატყუა, ვითომ უცხოური კომპანია შემოიყვანა. თბილისში პარკინგის პრობლემის მოსაგვარებლად, რეალურად კი თავად იყო ამ კომპანიის მმართველი და „სითი პარკის" ებრაელი დამფუძნებლები მის ნებას ემორჩილებოდნენ. ამას ყოფილი „ნაციონალი" დეპუტატი, კობა ბექაური ადასტურებს. გამოძიების ინფორმაციით, გიგი უგულავამ, 2009 წლის 11 თებერვალს გამოცემულ ბრძანებაში, განზრახ მიუთითა არასწორი სახაზინო კოდი და თბილისელი ავტომფლობელებისგან ამოღებული თანხის 40 %, ბიუჯეტის ნაცვლად, „სითი პარკის" ანგარიშზე დაჯდა. მოკლედ, „სითი პარკმა" ამ ჯარიმებიდან თავისი წილი, 60 % ხომ წაიღო და უგულავამ დანარჩენი 40 % კიდევ უფეშქაშა. საბოლოო ჯამში, თანხამ 1 მილიონ 86 ათასი ლარი შეადგინა. თუმცა, ეს მილიონი არ არის ყველაფერი. გიგი უგულავამ „სითი პარკს" ხუთჯერ შეუცვალა ხელშეკრულება და მეხუთე ჩოხა-ახალუხივით მოარგო ამ კომპანიას - ყოველგვარი ვალდებულება მოუხსნა და მხოლოდ თბილისელი მძღოლების გატყავების უფლება დაუკანონა. გარდა ამისა,  ამ ხელშეკრულების თანახმად, თუ თბილისის მერია „სითი პარკთან" ცალმხრივად გაწყვეტს კონტრაქტს, მას კომპენსაციად 60 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. თუ მერია ასე არ მოიქცევა, საქმე ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში გაირჩევა და არა ქართულ საკანონმდებლო სივრცეში. გესმით, „სითი პარკმა" ხომ იშოვა მილიონები და ესეც არ აკმარა უგულავამ ამ მძღოლთა სულთამხუთავ კომპანიას, 60 მილიონი თუ არ გადაუხადე, ისე კონტრაქტს ვერ შეუწყვეტ.



გიგი უგულავას კიდევ ორ საქმეს ედავება გამოძიება - „ტელეიმედისა" და რიყის პარკის საქმე. გავიხსენოთ, რა პრეტენზიები აქვს გამოძიებას თბილისის ექსმერთან.



2008 წელს, „იმედის" საკონტროლო პაკეტის მფლობელს, ჯოზეფ ქეის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი შეხვდა და მუქარით დაიყოლია, დაეთმო ტელეკომპანია. ამ დროს ქეის „იმედში" 10 მილიონი დოლარი ჰქონდა გადახდილი. კეზერაშვილი დაჰპირდა ქეის, რომ ამ 10 მილიონს გიგი უგულავა გადაუხდიდა. მართლაც, უგულავას მითითებით, ჯოზეფ ქეიმ „იმედში" თავისი წილი გადასცა კეზერაშვილის კონტროლს დაქვემდებარებულ, პანამაში რეგისტრირებულ კომპანია „ბორდეხ ლიმიტედ"-ს, ხოლო ქეისთვის თანხის გადახდა განხორციელდა შემდეგი გეგმით: გიგი უგულავა მოელაპარაკა შპს „ახალი რიყის" მესაკუთრეებს, რომ მათ მიერ 2006 წელს 7 მილიონ დოლარად შეძენილ რიყის ტერიტორიას მერია 17 მილიონ დოლარად უკან გამოისყიდდა, საიდანაც 10 მილიონი გათვალისწინებული იყო ჯოზეფ ქეისთვის გადასაცემად. ეს ოპერაცია წარმატებით განახორციელა უგულავამ - 7 მილიონად გაყიდული თბილისის ქონება, უკან 17 მილიონად გამოისყიდა. ანუ, 10 მილიონით აზარალა თბილისის ბიუჯეტი. ამის შემდეგ, შპს „ახალმა რიყემ" ჯოზეფ ქეის კომპანიას ჩაურიცხა 8 811 189 აშშ დოლარი, ანუ ტელეკომპანია „იმედი" „ნაციონალებმა" ბიუჯეტის ფულით იყიდეს, ჯოზეფ ქეის თბილისის ბიუჯეტიდან გადაუხადეს. ქეის არასრული 9 მილიონი დოლარი მისცეს, დანარჩენი თანხა აღარ გადაუხდიათ - 1 მილიონ დოლარზე მეტი „მოუტეხეს". ქეიც სწორედ შელახული ღირსებისა და შურისძიების გამო, დღეს ამ საქმეში გამოძიების მოწმეა. „იმედისა" და „რიყის პარკის" საქმეებს ცალ-ცალკე იძიებს პროკურატურა და შესაბამისად, ამ საქმეებზე ორი ბრალი აქვს უგულავას წარდგენილი.



ეს ყველაფერი არ არის, გიგი უგულავას კიდევ ერთი ბრალი აქვს წაყენებული, „თბილისის განვითარების ფონდისთვის"  გიგი უგულავამ, მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა, „თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი თანხებით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის" დასაფინანსებლად. 2011 წლის ნოემბერში, გიგი უგულავას დავალებით, „თბილისის განვითარების ფონდში" ფიქციურად გაფორმებული 719 შენობის კვლევის სპეციალისტებისთვის დამზადდა პლასტიკური სახელფასო ბარათები, რომლებიც რეალურად წარმოადგენდნენ არა ფონდის თანამშრომლებს, არამედ „ნაცმოძრაობის" აქტივისტებს. პლასტიკურ ბარათებზე უკანონოდ ირიცხებოდა „თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი თანხები, რომლებიც წინასაარჩევნოდ გაწეული პარტიული საქმიანობის სანაცვლოდ ხელფასის სახით ურიგდებოდათ ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ აქტივისტებს - უბნის უფროსებსა და მიკროკოორდინატორებს. ამ გზით, 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ივნისის ჩათვლით, პარტიული ინტერესებისთვის, გაიფლანგა „თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი 13 მილიონ 852 ათასი ლარი. მოგვიანებით, 2012 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით, 34 მილიონ 328 ათასი ლარი. გიგი უგულავასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების მიერ, მთლიანობაში, „თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი 48 180 960 ლარი მოხმარდა არა თბილისის განვითარებასა და რეაბილიტაციას, არამედ „ნაცმოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას. ამავე დანაშაულის ჩადენისთვის, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ თბილისის მერის ყოფილი მოადგილე დავით ალავიძე, „თბილისის განვითარების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე, მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსანდრე თაბუაშვილი, ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი დავით ავალიანი და მისი მოადგილე დიმიტრი ჩხაიძე...

 




ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016