მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ბრაზილიის ქალაქ რიოში მიმდინარეობდა, საქართველოს ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში, ქართველ ძიუდოისტთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრებს 3-2 მოუგო.
ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში რუსეთის ნაკრების წევრ ალიმ გადანოვთან დამარცხდა, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ზებედა რეხვიაშვილს მურატ კოდზოკოვმა მოუგო და რუსეთის გუნდი 0-2 დააწინაურა.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ავთო ჭრიკიშვილმა მაგომედოვი დაამარცხა, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ვარლამ ლიპარტელიანმა კირილ დენისოვს სძლია და ანგარიში 2-2 გახდა.
გადამწყვეტი მეხუთე მატჩი მძიმე წონით კატეგორიაში გაიმართა, რომელშიც ადამ ოქრუაშვილი რუსეთის ნაკრების წევრ ალექსანდრე მიხაილინს ხვდებოდა და ოქრუაშვილმა საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუპოვა.
ქართველმა ძიუდოისტებმა მანამდე საფრანგეთის, მონღოლეთის და უზბეკეთის გუნდები დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრებმა გუნდურ გათამაშებაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული უკვე მესამედ მოიპოვა.