გუშინ თელავში, ე.წ. ზუზუმბოს მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმოდ გახსნილი სტალინის ძეგლი გვიან ღამით აგურისფრად შეღებეს და გაურკევევლი წარწერები და ნახატები გაუკეტეს. თუ ვინ და რატომ შეღება ახლად დადგმული ძეგლი, ჯერჯერობით უცნობია.
სტალინის ძეგლი, მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან საერთაშორისო ორგანიზაცია "სტალინელისა" და ვეტერანთა კავშირის ორგანიზებით თელავში გუშინ გაიხსნა. მონუმენტი ვეტერანებმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს და გვირგვინებით შეამკეს.
აღსანიშნავია, რომ გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თელავში საზეიმო ვითარებაში დადგმული სტალინის ძეგლი შესაძლოა 2 სექტემბერს უკვე აეღოთ. ამ საკითხით ზედამხედველობის სამსახური დაინტერესდება. ამის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დიმა ბოჭორიძემ განაცხადა და განმარტა, რომ სტალინის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში ოფიციალური განხილვა არ შემდგარა და შესაბამისად, ნებართვაც არ გაცემულა.