საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, იაშვილის კლინიკაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ "სკანდალებზე" ინფორმირებულია. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა აღნიშნა კლინიკა მფლობელებმა რამდენიმე დღის წინ ყველასგან დაუკითხავად გაყიდეს.
"ბოლო ხუთი დღის განმავლობაში კლინიკაში მომხდარ სკანდალებზე ჩვენთვის ცნობილია და მინისტრის პირველი მოადგილე დღეს ადგილზე იმყოფება. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს კლინიკის ახალი მფლობელი თურქია თუ სხვა ეროვნების, რადგან კანონის წინაშე ყველას თანაბრად მოუწევს პასუხისგება", - განაცხადა სერგეენკომ და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო საქმის კურსში არც კლინიკის ახალ მფლობელს ჩაუყენებია.
იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმების ნაწილი საავადმყოფოს წინ საპროტესტო აქციას მართავს. ისინი აპროტესტებენ საავადმყოფოს ინვესტორის " უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის " წარმომადგენლის თექინ ატიკის საქციელს.
როგორც ექიმები აცხადებენ, მას შემდეგ რაც " უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპმა " იაშვილის კლინიკასთან ერთად კიდევ ოთხი კლინიკა შეიძინა, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. კერძოდ, იაშვილის კლინიკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თექინ ატიკი კლინიკაში, ღამით, ნასვამ მდგომარეობაში მიდის. ექიმები იმასაც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, თექინ ატიკი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშაც არის და ამიტომ მედპერსონალის მიმართ არაადეკვატურია.