იაშვილის კლინიკის ახალი თურქი მეპატრონე, თექინ ატიკი ჟურნალსტებთან საუბარში ყველა ბრალდებას უარყოფს.
მისი თქმით, ის 31 აგვისტოს კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში არც ნასვამ მდგომარეობაში და არც ნარკოტიკული საშუალებების თრობის ქვეშ არ ყოფილა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია.
როგორც თექინ ატიკი აცხადებს, იმ პერიოდში როდესაც ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, გორიდან მიიყვანეს მძიმე ავადმყოფი, რომლის ახლობლებსაც თან ჰქონდათ კომპიუტერული დისკი, სადაც ჩაწერილი იყო ავადმყოფის მონაცემები, თუმცა აღნიშნული დისკი არ ჩაირთო და მისი გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.
რაც შეეხება აღნიშნული კლინიკის პალატებსა და კაბინეტებში ხატების ჩამოხსნის ფაქტს, თექინ ატიკმა განმარტა, რომ კაბინეტებსა და პალატებში ხატების ჩამოხსნის გადაწყვეტილება სტამბოლში იქნა მიღებული. როგორც თექინ ატიკმა განაცხადა, სამლოცველოების მოწყობას კლინიკის თითოეულ სართულზე აპირებს, თუმცა ხატები და ჯვრები კაბინეტებში არ იქნება გამოფენილი.
თექინ ატიკმა ჟურნალისტებს თავის კაბინეტიც დაათვალიერებინა და ის კედლები აჩვენა, სადაც ხატებია გამოფენილი.
მედპერსონალი, თურქ ინვესტორს უნდობლობას უცხადებს და კლინიკაში ძველი დირექტორის დაბრუნებას ითხოვენ.
ამასთან, იაშვილის კლინიკაში გამოკრულია განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 2 სექტემბრიდან თანამშრომლებისთვის იხსნება თურქული ენის შემსწავლელი უფასო კურსები. იუწყება „ინტერპრესნიუსი".
შეგახსენებთ, რომ იაშვილის კლინიკის მედპერსონალსა და " უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის " წარმომადგენელს თექინ ატიკს შორის სიტყვიერი დაპირსპირება მოხდა.