"ბათუმობა 2013"-ის ღონისძიებების ფარგლებში, მემედ აბაშიძის ძეგლი დღეს გაიხსნა. ძეგლი ევროპის მოედანზე ზუსტად იმ ადგილზე განთავსდა, სადაც აბაშიძეების საცხოვრებელი სახლი მდებარეობდა.
როგორც მემედ აბაშიძის შვილიშვილი ნარგიზა აბაშიძე აცხადებს, აღნიშნულ ადგილზე ძეგლის განთავსებით მემედ აბაშიძის ღვაწლი კიდევ ერთხელ დაფასდა.
"მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მთავრობას და ქალაქის თვითმმართველობას მემედ აბაშიძის ღვაწლის დაფასებისთვის. ის იბრძოდა თავისი ხალხისთვის, კუთხისთვის და სრულიად საქართველოსთვის. ბრწყინვალე ადგილი შეირჩა ძეგლისთვის, რაც შეესაბამება მემედ აბაშიძის პიროვნებას", - აღნიშნა ნარგიზა აბაშიძემ.
მემედ აბაშიძის ძეგლის გახსნა უამინდობის გამო გუშინ ვერ მოხერხდა.
როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილმა აღნიშნა, მემედ აბაშიძის დამსახურებაა, რომ აჭარა დღეს საქართველოს შემადგენლობაშია.
მემედ აბაშიძის ძეგლს წლების განმავლობაში სამჯერ შეუცვალეს ადგილი. თავდაპირველად, ძეგლი ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან იყო განთავსებული. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ძეგლის დემონტაჟი და აბაშიძის სახელობის ქუჩაზე გადატანა მოხდა.