reportiori.ge - „for.ge“ ეროსი კიწმარიშვილის სკანდალური მემუარების პირველ ნაწილს აქვეყნებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:58
პრეს-დაიჯესტი
„for.ge“ ეროსი კიწმარიშვილის სკანდალური მემუარების პირველ ნაწილს აქვეყნებს!
ავტორი:
16 ივლისი, 2014. 10:58



ეს მხოლოდ მცირეოდენი ნაწილია მემუარების, რომელიც სიკვდილამდე ერთი თვით ადრე მოგვაწოდა ეროსი კიწმარიშვილმა. თავისთავად საინტერესო იყო „ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი შემოქმედის მოგონებები რევოლუციაზე, რომელმაც ქვეყნის განვითარება სხვა მიმართულებით წაიყვანა. Fორ.გე ეტაპობრივად აპირებდა მემუარების გამოქვეყნებას, თუმცა ეროსი კიწმარიშვილზე უკვე წარსულში მოგვიწევს საუბარი...
Fორ.გე-ს რედაქცია სამძიმარს უცხადებს ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს და ვაქვეყნებთ მის მოგონებებს, რომელსაც სამწუხაროდ გაგრძელება არ ექნება. 


მე და „რევოლუციის პირმშოები"


ნინო ბურჯანაძის როლი 2003 წლის ნოემბრის მოვლენებში, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, უმნიშვნელოვანესი იყო. ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ის პარლამენტის თავმჯდომარედ და სახელმწიფოში მე-2 უმაღლესი თანამდებობის პირად რჩებოდა, ხოლო შევარდნაძის გადადგომის შემთხვევაში, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე, ნინო ბურჯანაძე შეასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას. ეს კი ოპოზიციას საშუალებას მისცემდა გარდამავალ პერიოდში აღმასრულებელი ხელისუფლება კონტროლის ქვეშ ყოლოდა და არჩევნები ხელსაყრელ გარემოში ჩაეტარებინა. რაც გამარჯვების შანსებს ძალიან მაღალს გახდიდა.
22 ნოემბერს, ახალი პარლამენტის დამტკიცების შემთხვევაში, სპიკერი, უდიდესი ალბათობით, შევარდნაძის სიის პირველი ნომერი და ბადრი პატარკაციშვილის უახლოესი მოკავშირე, ვაჟა ლორთქიფანიძე გახდებოდა და თუნდაც იმავე დღეს, ხალხის ზეწოლის შედეგად, შევარდნაძის გადადგომაც კი სააკაშვილს დიდად ვერ წაადგებოდა - რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ყველა პოლიტიკური ძალა მის წინააღმდეგ გაერთიანდებოდა.
ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილება, პარლამენტის სხდომა არ გამართულიყო, ერთი მხრივ, მისი პრაგმატულობის დემონსტრირება იყო - ის იბრძოდა პროცესებში საკუთარი მნიშვნელობის მაქსიმალური გამოყენებისათვის, მაგრამ მეორე მხრივ, მიუთითებდა შევარდნაძე-პატარკაციშვილის ალიანსის სისუსტეზე. მათ ვერ მოახერხეს ბურჯანაძისთვის ისეთი გარანტიების შეთავაზება, რომ სააკაშვილ-ბურჯანაძის პოლიტიკური წყვილი არ ჩამოყალიბებულიყო, წყვილი, რომელმაც საბოლოოდ წერტილი დაუსვა მათ რამდენიმეწლიან მცდელობას, გარიგებების გზით მომხდარიყო შევარდნაძის მემკვიდრის მოძებნა და მისი გაპრეზიდენტება.



22 ნოემბერს კი გამოჩნდა, რომ ბურჯანაძეზე გავლენა დაკარგა ზურაბ ჟვანიამაც, რომელმაც ნინო 2001 წელს, ოქტომბერ-ნოემბრის პოლიტიკური კრიზისის დროს, დიდი ძალისხმევით პარლამენტის თავმჯდომარედ გაიყვანა (მაშინაც მათი მთავარი კონკურენტი ამ პოსტზე ვაჟა ლორთქიფანიძე იყო), მოგვიანებით, უკვე, 2003 წელს, თავისი პოლიტიკური ძალის - დემოკრატების ლიდერად და საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი პოლიტიკური გაერთიანების ლოკომოტივად დააყენა. ფაქტია, რომ ნინო ბურჯანაძე და მიხეილ სააკაშვილი დაიძრნენ პარლამენტისკენ, იმ დროს, როცა ზურაბ ჟვანია ამის წინააღმდეგი იყო.



საინტერესო იყო როგორ მოახერხა სააკაშვილმა ნინოსთან ჟვანიას ზურგს უკან სეპარატული ალიანსის შეკვრა, როცა ამ გაერთიანებით, პრეზიდენტი 100% ალბათობით, სააკაშვილი ხდებოდა, რაც რა თქმა უნდა, ნინო ბურჯანაძის გეგმებში თავდაპირველად არ იყო და ის და მიშა, 22 ნოემბრამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე, უმწვავეს პოლიტიკურ დაპირისპირების რეჟიმში აწარმოებდნენ საარჩევნო კამპანიას.
ჩემი აზრით, გარდა ობიექტური მიზეზებისა, რაც ნინოს შევარდნაძე-პატარკაციშვილთან გარიგების შესაძლებლობას ართულებდა, მათ შორის, საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით, ამ ნაბიჯის არაპოპულარობისა, იყო მინიმუმ ორი სუბიექტური მომენტიც: 1. წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას კარგად ჩანდა ბურჯანაძე-დემოკრატების ალიანსის ხელოვნურობა, ჟვანიას გუნდის მხრიდან ბურჯანაძის მიმართ არსებული ზოგადი უნდობლობა და მიუღებლობა, რასაც არ შეიძლებოდა ნინოს მხრიდან, გრძელვადიან პერსპექტივაში, საპასუხო გაღიზიანება არ გამოეწვია.
2. მიხეილ სააკაშვილთან ბურჯანაძის მეუღლის, ბადრი ბიწაძის ნათესაური კავშირი. წლების შემდეგ, ბადრი ბიწაძე მიყვებოდა, ჭიათურის რაიონში, მათ სოფელში, ბავშვობაში, მიშა მდინარეში იხრჩობოდა და გადავარჩინეო.



ნათესაური კავშირზე დამყარებული ნდობა, დიდი ალბათობით, გახდა მათი პოლიტიკური გარიგების საფუძველი და რომელიც, როგორც ბევრი სხვა შეთანხმება, სხვა პარტნიორებთან მიმართებაში, სააკშვილმა 2008 წელს დაარღვია და ყველაზე თანმიმდევრული და ერთგული უკანასკნელი პარტნიორი გადააგდო. გადააგდო ის პარტნიორი, რომელიც 2007 წელს თანამდებობიდან იძულებით გადამდგარ სააკაშვილს, ნოემბრის აქციებსა თუ ტელეკომპანია „იმედის" მიმართ მის მოქმედებაზე კატეგორიულად განსხვავებული პოზიციისა, ყველა მონაცემებით, მაღალი საპრეზიდენტო შანსების მიუხედავად, მეორედ დაეხმარა გაპრეზიდენტებაში. პარტნიორი, რომელთანაც მიშას რევოლუციის დროს აღებული ვალდებულებების გარდა, თითქმის 15 წლიანი პოლიტიკური თანამშრომლობა აკავშირებდა. ვალდებულება კი ის იყო ალბათ, რომ თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, სააკაშვილს მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატად ნინო ბურჯანაძისთვის უნდა დაეჭირა მხარი, მანამდე კი ნინო პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დარჩებოდა.
ეს მოხდება 2008 წლის აპრილში, 2003 წლის 22 ნოემბრის 17 საათზე კი სააკაშვილი და ბურჯანაძე, მომხრეებთან ერთად, პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.



აი, როგორ იგონებს ამას, 2008 წელს, რუს ჟურნალისტ პაველ შერემეტთან საუბრისას, ნინო ბურჯანაძე:
„პარლამენტისკენ წასვლის და სხდომათა დარბაზში შესვლის გადაწყვეტილება ბოლო წუთს, მას შემდეგ მივიღეთ, როცა ტელევიზიით დავინახეთ, რომ შევარდნაძეს ქვორუმი უჩნდება და ის პარლამენტის სხდომას ხსნის. ჩვენ გადავწყვიტეთ, პარლამენტში ჯგროდ არ შევვარდნილიყავით, სწრაფად გამოვყავით ხალხი, რომლებმაც ოფიციალური მონაცემებით მიიღეს პარლამენტის მანდატები და ისინი წინ გავუშვით". სააკაშვილის ვერსია იგივე პავლე შერემეტთან 2008 წელს მიცემულ ინტერვიუში ზუსტად ემთხვევა ჩემს ზემოთ ნათქვამს, რევოლუციის სამზადისთან დაკავშირებით:
„რაც შეეხება სააკაშვილს", - წერს შერემეტი თავის წიგნში, - „ის დღეს 2003 წლის ნოემბრის მოვლენებს მშვიდად იხსენებს. მას უნდა დამარწმუნოს, რომ რევოლუციის არანაირი გააზრებული ჩანაფიქრი და დამუშავებული გეგმა არ არსებობდა და ყველაფერი სპონტანურად გამოვიდა: „მე საერთოდ არ მესმის, როგორ გაძლო შევარდნაძემ ამდენ ხანს", - ამბობს სააკშვილი (ე.კ). მას არ შეეძლო გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს სახელით არ შეეძლო რისკის გაწევა. ბევრი რამ, რასაც ის აკეთებდა, მხოლოდ შიშით შეიძლება აიხსნას, შიში კი ნებისმიერ საქმიანობაში ყველაზე ცუდი მრჩეველია, მითუმეტეს პოლიტიკაში".



მოგვიანებით, სააკაშვილს ბევრი რამე „აღარ ახსოვს". მაგალითად ვინ დაარქვა ნოემბრის მოვლენებს სახელი -„ვარდების რევოლუცია", 2008 წელს მიშა რუს ჟურნალისტს ეუბნება, რომ ეს სახელი ამერიკულმა ტელევიზიამ ჩNN გამოიყენა პირველად. სინამდვილეში, ეს მომენტი ზუსტად მახსოვს, ჩვენმა, „რუსთავი2"-ის ჟურნალისტმა ნათია ზამბახიძემ ჩართვის დროს, 1990-იანების დასაწყისში, ჩეხოსლოვაკიის არაძალადობრივი რევოლუციის ანალოგიით, „ხავერდოვანი, „ვარდების რევოლუცია" მოხდა"-ო, - ასეთი ფრაზა იხმარა. ვარდებით პარლამენტში შესვლის იდეა სააკშვილის ერთ-ერთ თანაპარტიელს, შემდგომში იმერეთის გუბერნატორს, დავით მუმლაძეს ეკუთვნის, რადგანაც პარლამენტში და პარლამენტის წინ ბევრი შეიარაღებული ადამიანი იმყოფებოდა, დიდი იყო საფრთხე შეიარაღებული პროვოკაციისა, იმის სადემონსტრაციოდ, რომ ოპოზიცია შეუარაღებელი იყო, მაღლა აწეულ ხელში ვარდის დაკავება მიშასაც მოეწონა და დათომ იქვე ახლოს მეყვავილისაგან დიდი შეკვრა ვარდი შეიძინა, რომელიც ამ გააფთრებული მამაკაცების ხელში ძალიან კომიკურად გამოიყურებოდა, მაგრამ თავისი საქმე გააკეთა და რევოლუციას სახელი დაუმკვიდრა.


დღეს სააკაშვილს ასევე არ ახსოვს, როგორ მიიღო პარლამენტში წასვლის გადაწყვეტილება, თურმე „იჯდა, იჯდა და მერე წავიდა".
ისევ მიშა შერემტთან:


და ვინ გადაგაწყვეტინათ სხდომათა დარბაზში წასვლა?


- მე თვითონ გადავწყვიტე


ეს როგორ? იჯექით, იჯექით, გადაწყვიტეთ და წახვედით?
- ... ჩვენ ვცდილობდით მოლაპარაკებას. მისი გადაყენების საკითხი ბოლო წამს დადგა, როცა მას არ სურდა ელემენტარულის შემჩნევა - რომ, ჩვენ, უბრალოდ, გვქონდა უფლება იმაზე, რაც ამომრჩეველებმა მოგვცეს. მეტს ჩვენ არ ვითხოვდით- მხოლოდ იმას, რაც დავიმსახურეთ. მოეცათ ჩვენთვის პირველი ადგილი და ის კიდევ წელიწადნახევარი იქნებოდა ხელისუფლებაში, ალბათ, საკუთარ მემკვიდრესაც გაიყვანდა პრეზიდენტად".
კანცელარიასთან ოპოზიციონერთა დაბანაკების იდეა, აშკარად, შევარდნაძის ბანაკში მომზადებული სვლა იყო, თუმცა ამით მან მხოლოდ 1 საათი მოიგო, შემდგომი წარმატება რასაც შევარდნაძემ მიაღწია „ახლების" სესიაზე მისვლა და პარლამენტის სხდომის გახსნა იყო, რასაც წესით, რამდენიმე ფორმალობის დაცვის შემდგომ ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა უნდა მოჰყოლოდა და დღის კულმინაცია პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევა იქნებოდა - ვაჟა ლორთქიფანიძე უპრობლემოდ ხდებოდა საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის სპიკერი.
შევარდნაძემ სესია გახსნა, რეგლამენტის შესაბამისად, პრეზიდიუმში მიიწვია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი და უხუცესი პარლამენტარი ბორის სალარიძე და ამის შემდგომ ტრიბუნასთან გადაინაცვლა. და დაიწყო პრეზიდენტის რანგში თავისი უკანასკნელი ოფიციალური, როგორც მანამდე დაანონსა „10 წუთიანი" მიმართვის კითხვა, მიმართვის, რომლის ბოლომდე დამთავრება მან უკვე ვეღარ შეძლო...
დღეს უაპელაციო საზოგადოებრივი აზრია, რომ „ვარდების რევოლუცია" ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მხარდაჭერით და მონაწილეობით დაიგეგმა და ეს რევოლუცია კავკასიის რეგიონში რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ განახორციელეს ზოგადად ამერიკელებმა, ასევე, ჯორჯ სოროსმა და საქართველოში მათგან მხარდაჭერილმა პოლიტიკურმა ძალებმა. ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და პროდასავლური განწყობების ფორმირებაში, რა თქმა უნდა, უდიდესი იყო. 1993 წლიდან მოყოლებული ამერიკის საელჩოს, ასევე UშAID თუ სხვა ინსტიტუტების ამ მიმართულებით გაწეული ხარჯები და აქტივობები ნამდვილად შთამბეჭდავი იყო და შედეგიც მოჰქონდა, ასევე დიდი მხარდაჭერა განახორციელა ჯორჯ სოროსმა, თავისი ფონდის „ღია საზოგადოება საქართველოს" საშუალებით, რომელსაც ხალხში „სოროსის ფონდს" ეძახდნენ. ამ ფონდის დაფინანსებამ, 1991-94 წლების სამოქალაქო ომის შემდგომ, ულუკმაპუროდ დარჩენილი უამრავი გამოჩენილი მეცნიერი, ჟურნალისტი თუ კულტურის მოღვაწე ელემენტარული, მცირე, მაგრამ აუცილებელი შემოსავლით უზრუნველყო, განახორციელა ბევრი მნიშვნელოვანი სამეცნიერო, კულტურული თუ მედია პროექტის დაფინანსება. რამაც საერთო ჯამში, საზოგადოების განწყობების ფორმირებაში დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ აი, რევოლუციის „მთავარი გმირი" სააკაშვილი 2003 წლის 24 ნოემბერს, რევოლუციიდან მეორე დღეს, „რუსთავი2"-ის ეთერში გამოსვლისას აცხადებს, რომ მადლობელია იგორ ივანოვის (იმ დროს რუსეთის საგარეო მინისტრი) და ზოგადად, რუსეთის, ოპოზიციასა და შევარდნაძეს შორის დაპირისპირების მშვიდობიანი დარეგულირებისათვის. ის აღნიშნავს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საპროტესტო მიტინგზე მისვლით პრაქტიკულად მხარი დაუჭირა შევარდნაძის მოწინააღმდეგეებს, იყო ოპოზიციის უსაფრთხოების გარანტი, მხარების მოლაპარაკების დროს. სააკაშვილმა განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ საქართველოში მომხდარ რევოლუციაში რუსეთმა უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ვიდრე ამერიკამ.



და ეს ნამდვილად ასე იყო, ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი და მთელი ამერიკული დიპლომატია, 2003 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით კი ნოემბრის მოვლენებში, ყველანაირად ცდილობდნენ კრიზისის განმუხტვას და ღიად უჭერდნენ მხარს ედუარდ შევარდნაძეს. ბეიკერის შევარდნაძესთან შეხვედრაც და ამ პერიოდის სხვა ამერიკული აქტივობები, მიზნად არ ისახავდა ე.წ. „რეჟიმის შეცვლას", არამედ მიმართული იყო მშვიდობიანი, ევოლუციური, საარჩევნო გზით პოლიტიკური პროცესის შემდგომი განვითარებისკენ. ამიტომ ეს რევოლუცია მათთვის სრულიად მოულოდნელი და დაუგეგმავი რისკი აღმოჩნდა, თუმცა შემდგომი ნაბიჯებით, მათ უსწრაფესად მოახერხეს სიტუაციის თავის სასარგებლოდ შემობრუნება, ახალ ხელისუფლებაზე სასურველი ზემოქმედება და გავლენის მოპოვება, და საბოლოოდ რუსეთს წარმატების შემდგომი განვითარების საშუალება აღარ მისცეს.


ძალაუფლების დანაწილება, ანუ ბრძოლა პირველობისთვის


24 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში ზურა ჟვანია მირეკავს და სასწრაფოდ პარლამენტში გამოსვლას მთხოვს, უნდა შევიკრიბოთ და დავილაპარაკოთ, რას ვაკეთებთ შემდგომო. გზაში ისევ მირეკავს და მე-2 სართულზე შემოდი, გიგის (გიგი წერეთელი, 2003 წელს პარლამენტის ვიცე სპიკერი) კაბინეტში, იქ ვართო. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი მე-3 სართულზე იყო განთავსებული, მაგრამ როგორც აღმოჩნდა იქ უკვე არა თუ საიდუმლო შეხვედრა, მუშაობაც კი შეუძლებელი იყო, მისაღები, სათათბირო ოთახი სავსე იყო ხალხით, გამარჯვებულ ლიდერთა თანამებრძოლები, ახლობელები, ყოფილი მთავრობის მაღალჩინოსნები, მომავალი პრივილეგიების მაძიებლები, კარიერისტები, მთხოვნელები, მლიქვნელები, ავანტურისტები, ჟურნალისტები - ასეთ რამეს, ჩემს ცხოვრებაში, უკვე მე-3-დ ვუყურებდი. პირველად, ზვიად გამსახურდიას ბლოკის გამარჯვების შემდგომ, შემდეგ, როცა ზვიადი დაამხეს და შევარდნაძე დაბრუნდა საქართველოში.



მოვლენების შუაგულში რომ ვიყავი, ამაზე ქართული პოლიტიკის ერთი, გამორჩეულად კოლორიტული ფიგურის მხრიდან მაშინდელ ჩემს და „რუსთავი2"-ის შეფასებას მოვიტან, რომელიც ამ მოგონებებისათვის მასალების მოგროვების დროს აღმოვაჩინე:
ვახტანგ რჩეულიშვილი (სახელისუფლებო საპარლამენტო სიის მე-3 ნომერი 2003 წლის არჩევნებში) - „ერთია, რომ ეს გადატრიალება (იგულისხმება „ვარდების რევოლუცია") უსისხლოდდასრულდა... ერთი რამ მაინც ცხადია, ეს არის „რუსთავი2"-ის მიერ მოწყობილიგადატრიალება. მე ამას, როგორც პოლიტოლოგი ვაფასებ, რომ პირველად მსოფლიოშიგადატრიალება მოაწყო ტელეკომპანიამ, რასაკვირველია პოლიტიკოსების დახმარებით,ბურჯანაძის, ჟვანიას და სააკაშვილის აქტიური მონაწილეობით, მაგრამ მთავარიორგანიზატორი იყო „რუსთავი2" და ფართო მასებისთვის უცნობი ეროსი კიწმარიშვილი...(გაზეთი „რეზონანსი" 2003 წლის 25 ნოემბერი)


...შევდივარ ოთახში, რომელიც ზუსტად პარლამენტის თავმჯდომარის იმ სამუშაო ოთახის ქვემოთ მდებარეობს, რომელშიც ზურაბ ჟვანიას თუ ნინო ბურჯანაძის თავმჯდომარეობის დროს ხშირად მიწევდა სტუმრობა. ოთახში, ჩემი მისვლისას, იმყოფებოდნენ ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე, გიგი წერეთელი და ბადრი ბიწაძე. უსაგნო საუბარი სააკაშვილის მოლოდინში დიდხანს გაგრძელდა, პუნქტუალობა მიშას საუკეთესო თვისება არასოდეს იყო და მითუმეტეს მისი პოპულარობის ზენიტში, თუმცა, ამჯერად, ვფიქრობ, ის დროს გააზრებულად ჭიმავდა, თავისი დომინანტური როლის სადემონსტრაციოდ, ზურა ყველაზე მეტად ნერვიულობდა, რამდენიმეჯერ დაურეკა მიშას, მერე მეც მითხრა სადაა ეს დეგენერატი, შენ მაინც შეუფუცხუნე, გადაყვა ინტერვიუების მიცემასო. საზოგადოდ, ჟვანიას საჯაროდ უცენზურო ლანძღვა არ ახასიათებდა, მის ლექსიკონში გინების ინტელიგენტური მანერა უფრო იყო - დეგენერატო ან „შენ გიჟი ხარ?", კმაყოფილი კი, მითუმეტეს, თუ ახლობელ ადამიანად გთვლიდათ, „ხუნხუზიკ" გეტყოდა ფამილიარულად.
თითქმის ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ ოთახში გაბადრული სახით მიშა შემოვარდა. მოსვლის მიუხედავად, ის რაღაც დრო ტელეფონზე საუბრით იყო დაკავებული, რასაც ზურა წონასწორობიდან გამოყავდა.



მისთვის მიშას დემონსტრატიული უპატივცემულობა მრავალმხრივ იყო მტკივნეული. ჟვანიამ, რომელსაც შევარდნაძემ 1995 წელს, ერთ-ერთი სახელისუფლებო პარტიის, „მოქალაქეთა კავშირის", საარჩევნო კამპანიის წარმართვა ჩააბარა და რომლიც ზურამ ბრწყინვალედ ჩაატარა,( იმ წელს შევარდნაძის საჯარო მხარდაჭერა 2 პარტიას ქონდა წინასაარჩევნოდ, მეორე, ვახტანგ რჩეულიშვილის სოციალისტური პარტია იყო) ე.წ. ახალი სახეების კამპანიის ფარგლებში, ამერიკიდან ჩამოიყვანა რამდენიმე იქაურ უნივერსტეტდამთავრებული ახალგაზრდა ქართველი, მათ შორის 27 წლის სააკაშვილი,რომელიც შემდგომში საქართველოში გაპიარებული ნიუ-იორკული „სუპერ სამსახურის" - იურიდიულ ფირმა „პატერსონი, ბელკნაფი, ვები და ტაილერში"( Pატტერსონ, Bელკნაპ, ჭებბ & თყლერ LLP) „მაღალანაზღაურებადი იურისტობის" მაგივრად, სინამდვილეში, ბიძამის თემურ ალასანიას თხოვნით, ცნობილმა ქართული წარმოშობის ამერიკელმა მეცენატმა და ემიგრანტი ქართველების დიდმა ხელშემწყობმა, კონი ერისთავმა (კონსტანტინე სიდამონ ერისთავი), 1995 წელს, საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე, სტაჟორად მოაწყო. მის ფუნქციებში სხვა, დაბალანაზღაურებად კლერკების მსგავსად შედიოდა კომპანიის კორესპოდენციის გაგაგზავნა, კლიენტების სატელეფონო ზარებზე პასუხები და სხვა. მისი ხელფასიც ნამდვილად არ იყო ათეულობით ათასი დოლარი, რაზეც მოგვიანებით სააკაშვილი საუბრობდა, არამედ ზუსტად იმდენი, რამდენიცაა კლერკის ხელფასი ნიუ იორკში.
ზურამ, მიშას, თავის პირველ პარლამენტში, ყველაზე დიდი და გავლენიანი საპარლამენტო კომიტეტი ჩააბარა, მას თავის გუნდის წევრად განიხილავდა, სააკაშვილი კი ერთ წელიწადში საკუთარ პოლიტიკურ თამაშს იწყებს. 1995 წლის მოწვევის პარლამენტარებს და „საპარლამენტო" ჟურნალისტებს კარგად ახსოვთ მიშა, მთელი დღე ძირითადად იმით იყო დაკავებული, რომ ხვდებოდა სხვადასხვა გამოცემის ჟურნალისტებს, არიგებდა ინტერვიუებს, ხოლო მეორე დღეს დასდევდა თავის კოლეგებს პარლამენტში, აბეზარი კითხვით - წაიკითხე ჩემი ინტერვიუ „ალიაში", ან „ახალ თაობაში", ან „რეზონანსში"? და ა.შ. და ასე ყოველდღე. პიარი იყო მისი ერთადერთი მიზანი, ყველაფერი რასაც აკეთებდა, ემსახურებოდა ერთ მიზანს, მის პოზიტიურ გამოჩენას. ეს აქტივობა, სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა შევარდნაძის მრავალწლიან მმართველობაში დამკვიდრებულ სტილთან, რაც კულუარულ მოქმედებებში და თავისუფალ პრესასთან ცივ, ოფიციალურ ურთიერთობაში გამოიხატებოდა. ამ განსხვავებულობით, ჟურნალისტებთან ფამილარული ურთიერთობებით, მათთან სადილ-ვახშმებით, მეგობობით სააკაშვილი ერთ წელიწადში ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი და ცნობადი სახე ხდება.
ნოემბრის პროცესები ზურაბ ჟვანიასთვის არასახარბიელო სცენარით განვითარდა, მისმა საარჩევნო ბლოკმა ბარიერი ძლივს გადალახა და მისი როლი და მნიშვნელობა 24 ნოემბრისათვის საკმაოდ შესუსტებული იყო, ამიტომ ეს შეხვედრა მის ინიცირებულს გავდა და მიზნად ისახავდა გამარჯვებულთა შორის გავლენების და ძალაუფლების გადანაწილებაზე შეთანხმებას, სააკშვილი კი თავისი მოქმედებით აღნიშნულისადმი სრულ უინტერესობას დემონსტრატიულად გამოხატავდა.



სიტუაციის უხერხულობას კიდევ ისიც განსზღვრავდა, რომ ჩვენ გიგი წერეთლის კაბინეტში ვიყავით შეკრებილი და გიგი, როგორც იმერელ თავადიშვილს შეეფერება, მასპინძლის პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენს მარტო დატოვებას არანაირად გეგმავდა. ბოლოს, ისევ მე ავიღე ჩემს თავზე, ვითავხედე და გიგის ვთხოვე ოთახში მარტო დავეტოვებინეთ, სალაპარკო გვაქვს-თქო. კაბინეტში დავრჩით სააკშვილი, ჟვანია, ბურჯანაძე, ბიწაძე და მე.
აქვე მინდა დავაზუსტო, რომ იმ მომენტში, ბადრი ბიწაძე ოთახში სრულუფლებიანი სტატუსით იყო და ეს, არ იყო მარტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მეუღლის სტატუსი, ბადრი როგორც ყოფილი სამხედრო პროკურორი, თავისი კავშირებით, ოპოზიციის მხრიდან იმ მომენტში, ფაქტიურად, პოლიციისა და შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნებთან კონტაქტს ახორციელებდა. მომენტში, როცა ქვეყანაში რეალურად უხელისუფლებობა იყო, დიდწილად, მასზე იყო დამოკიდებული „რევოლუციის მამების" უსაფრთხოება.
საუბარი ზურა ჟვანიამ დაიწყო:
„რა ვქნათ, არ ჩამოვყალიბდეთ, ვინ სად იქნება და რას გააკეთებს?" - კითხვა მინიმუმ სააკაშვილთან მიმართებაში რიტორიკულად გაისმა - მიშა პრეზიდენტობის არავისთვის დათმობას აპირებდა და ეს ყველას კარგად გვესმოდა. თუმცა, ამავე დროს, წინა დღეს, 23 ნოემბერს, „ნიუ იორკ ტაიმსის" ჟურნალისტის კითხვაზე - აპირებს თუ არა პრეზიდენტობაზე კენჭისყრას, ნინო ბურჯანაძემ უპასუხა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია.
სააკაშვილი ხმას არ იღებს, თავის განუყრელ „ნოკიას" მობილურზე ვიღაცას სმს-ებს უგზავნის.
მე დავიძაბე, პირველად ბოლო კვირების განმავლობაში, სიტუაციის სირთულემ დაძალაუფლების ასეთმა „ახლოდან შეხებამ" დამაბნია. გულწრფელად ვამბობ, მანამდეარასოდეს მეგონა ასე, ერთ ოთახში, 4-5 ადამიანის საუბარი და შეთანხმება ქვეყნისყველაზე მაღალ თანამდებობებთან დაკავშირებით, თანამედროვე პოლიტიკურისისტემის პირობებში, თუ ასეთი რეალურად განხორციელებადი შეიძლებოდა ყოფილიყო.იმ ადამიანების საუბარი, რომელებიც ჯერ კიდევ გუშინ შესაძლებელია ისტორიის სანაგვეზე ან ციხეში აღმოჩენილიყვნენ, ან სულაც ქილერის მსხვერპლი გამხდარიყვნენ. ამ დაბნეულობის გამო, ცოტა ხანს ხმას ვერ ვიღებდი, რაც, ვინც მიცნობს იცის - რა არაბუნებრივია ეს ჩემი მხრიდან.
ნინო, პაუზის შემდეგ:
- მე ვფიქრობ, რომ დავრჩები იქ, სადაც ვიყავი აქამდე, საპრეზიდენტო არჩევნებს როცა ჩავატარებთ, იანვრიდან, ისევ პარლამენტის თავმჯდომარედ.
ამის შემდეგ ისევ ზურა აქტიურდება და თავის პოზიციას აფიქსირებს:
„ათი წელზე მეტია რაც პარლამენტში ვარ, მართალი გითხრათ დავიღალე პოლიტიკით. ძალიან მინდა პრაქტიკული საქმიანობა დავიწყო, ავაშენო, რეალურად გავაკეთო კონკრეტული პროექტები", - აშკარად იგრძნობა, რომ ბევრი აქვს სათქმელი, - „მაგრამ, დღევანდელი სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება ამ მხრივ, რა თქმა უნდა ძალიან სუსტია, ამიტომ კონსტიტუციაში იქნება შესწორებები შესატანი, ძლიერი პრემიერის ინსტიტუტია შემოსაღები", - ამთავრებს ზურა და თვალებს აცეცებს - ხან მე მიყურებს, ხან მიშას, ხან ბადრის. ეს ჩვევა, ეს გამოხედვა, რამდენიმეჯერ მანამდე შემიმჩნევია და ყოველთვის დიდი ნერვიულობის, კრიტიკული სიტუაცის დროს ახასიათებდა. აშკარად დაძაბული ელოდება რეაქციას.
სააკაშვილი მოულოდნელად „ფხიზლდება", მობილურზე „ჩხიკინს" წყვეტს და დამტკბარი ხმით:
„რა პრობლემაა ზურიკო, ადეიშვილს ვეტყვი და გაამზადებს შესწორებების პროექტს, ისედაც რაღაც თემები, ახალი რეალობის შესაბამისად, ჩასასწორებელი გვექნება, პრემიერის ინსტიტუტი კი მაქსიმალურად ძლიერი იქნება გასაკეთებელი, მაგაში მართალი ხარ", - ზურა ცოტა მშვიდდება.
მე ვერაფერს ვხვდები, როგორ იქნება ძლიერი პრემიერის და ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთდროულად, ერთ სახელწიფო მოწყობაში დაბალანსებული, მაგრამ ხმას არ ვიღებ, ალბათ - შეიძლება, - ვფიქრობ ჩემთვის, კოლუმბიის და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსტეტების კურსდამთავრებული, იურისტი სააკაშვილი, ასევე იურისტი, სამეცნიერო ხარისხის მქონე ბურჯანაძე, თავად ზურა, რომელი 9 წელი მთავარი კანონშემოქმედი და რეფორმატორული პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ბადრი ბიწაძე, პროკურორი, ანუ იურისტი - რადგან არავინ აპროტესტებს, ე.ი. შესაძლებელია. აქ, ამ შეხვედრაზე, ამ საბაბით პირველად დაიგეგმა ის, რასაც შემდგომ, 4-5 წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციის მრავალჯერადი გადაწერ-შესწორება მოჰყვა, რასაც სააკაშვილის ოპონენტი კონსტიტუციონალისტები შემდგომში „გაუგონარს" თუ „გამაუპატიურებელს"" უწოდებდნენ.
„ჯორბენაძემ ( 2003 წელს შევარდნაძის მთავრობის მეთაური, სახელმწიფო მინისტრი - ე.კ.) გააკეთა გადადგომის განცხადება?" - კითხულობს ჟვანია. ნინო პასუხობს, რომ არა და არც უშიშროების საბჭოზე მისულა.
მე ვინტერესდები: - რა, მოხსნა არ შეიძლება?,- რაზეც ვიღებ განმარტებას ნინოსგან, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს არც სახელმწიფო და არც შინაგან საქმეთა და არც სხვა ძალოვანი მინისტრების მოხსნა კონსტუტუციით არ შეუძლია. და საერთოდ, დღევანდელ უშიშროების საბჭოზე არავის ეტყობოდა, რომ სახლში წასვლას აპირებენ, დაამატა ბურჯანაძემ.
ისევ შეხვედრის თემას, ძალაუფლების გადანაწილებას დავუბრუნდით.
შენ, შენ რა გინდა ? - მეკითხება ბადრი ბიწაძე,
რას აპირებ?- და ისევ ვგრძნობ, რომ ამ კითხვისთვის და ამ სიტუაციისთვის სრულიად მოუმზადებელი ვარ.
იცი რა? - ვიწყებ საუბარს და ვცდილობ აზრი დავალაგო, კორექტული და დამაჯერებელი რომ იყოს,
- მე ერთი მეგობარი პრეზიდენტი მეყოლება, მეორე პრემიერი და მესამე პარლამენტის თავმჯდომარე, - მეტი რა უნდა მინდოდეს? წავალ და რასაც ვაკეთებდი, იმის კეთებას გავაგრძელებ. ვგულისხმობ ბიზნესის კეთებას, მაგრამ წინადადების დამთავრებისას ვხვდები, რომ მათ სხვაგვარად გაიგეს - ტელევიზიააას!!! - ანუ ეროსი გააგრძელებს იმის კეთებას რასაც აქამდე აკეთებდა, „რუსთავი2"-ს, თავისი უზარმაზარი გავლენით საზოგადოებრივ აზრზე და პოლიტიკაზე.
მე კი ვგულისხმობდი ბიზნესს, „ჯორჯია ონლაინი"-ს, სატელეკომუნიკაციო კომპანიის შემდგომ განვითარებას, მობილურ თუ ფიქსირებულ ტელეფონს, ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელებს, ინტერაქტიულ საკაბელო მაუწყებლობას - ყველაფერ იმას, რის გაკეთებასაც, შევარდნაძის პრეზიდენტობის პირობებში, სრულიად უკანონოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, არ გვაკარებდა ხელისუფლება და რაზეც პარტნიორებთან ერთად ვოცნებობით. მოკლედ, მე ვთქვი ის, რასაც ვფიქრობდი, მათ გაიგეს ის და ისე როგორც უნდოდათ.
შემდგომში, როცა 2012 წლის ზაფხულში ბიძინა ივანიშვილმა, სატელევიზიო ინტერვიუში, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად და ერთი შეხედვით, სრულიად უადგილოდ, 2004 წელს ჩემთან შეხვედრა გაიხსენა და თქვა:
„ეროსი... სულ ამას მეუბნებოდა: ბერლუსკონი ხომ არა ვარ, ბერლუსკონი ხომ არა ვარო, - და ვერ გავიგე რა უნდოდა ამ კაცს, მერე ვიკითხე და გამიშიფრეს, ამას პრემიერ მინისტრობა უნდაო, როგორ ჟვანია არაა პრემიერ მინისტრი-თქო? და კიო, მაგრამ ამას უნდაო და სააკაშვილს აწუხებსო", ასე „ადვილად გაშიფრა" ივანიშვილმა, „ორ წუთში", ჩემთან საუბარი, რომელიც თუ რომლებიც, (ის აღნიშნულ ინტერვიუში ამბობს, რომ ერთხელ, ისიც სააკაშვილის დაჟინებული თხოვნით შემხვდა) სააკაშვილს „დაუძალებია მისთვის". სინამდვილეში, იმ პერიოდში, ბიძინა ივანიშვილთან და „ქართუ ჯგუფის" მაშინდელ ხელმძღვანელ გია ლომაიასთან („სოროსის ფონდის" მაშინდელი დირექტორის, შემდგომში სააკაშვილის ხელისუფლების პირველი განათლების მინისტრის, 2008 წლის ომის დროს უშიშროების საბჭოს მდივანის, კახა ლომაიას ძმა) 2004 წლის დასაწყისში რეგულარულ შეხვედრებს ჰქონდა ადგილი. ამ ამბავსაც მოგვიანებით დავუბრუნდებით. ასევე, მოგვიანებით, როდესაც დეტალურად დავალაგებ მრავალ ფაქტს, მოვლენას, რაც გასაგებს გახდის ჩემს მოტივაციას, დავუბრუნდები ამ შეხვედრაზე გამოთქმულ პოზიციას და შევეცდები გულწრფელად გავაანალიზეო ამ ნაბიჯის, ანუ პოლიტიკურ ამბიციაზე უარის თქმის მიზეზები და შედეგები.


ბზარი


ჩემ ნათქვამზე, ყველაზე სწრაფად სააკაშვილმა ირეაგირა:
„ეროსი იყოს ჩვენი პოლიტიკური შეთანხმების შესრულების გარანტორი და თუ რომელიმე ჩვენთაგანი დაარღვევს ამ შეთანხმებას, ეროსიმ მოთხოვოს პასუხი" - მიშა, რა თქმა უნდა „რუსთავი2"-ის გამოყენებას გულისხმობს, ზურას გადავხედე, ის უსიამოვნოდ შეიშმუშნა, ჩვენს მეგობრულ ურთიერთობაში დიდი ბზარებია, რაც ორივემ ვიცით, მაგრამ ახლა გამარჯვებულები არ ვიმჩნევთ. სააკაშვილის წინადადება ზურასთვის კიდევ ერთი მესიჯია, რომ მე მიშასკენ „დრეიფი" მაქვს დაწყებული და ის ამას იმახსოვრებს. აქ, ამ შეხვედრაზე იკვრება დიდი კვანძი, ერთი მხრივჟვანია უკვე თვლის, რომ მე და სააკაშვილი ერთი მხარე ვხვდებით, ამიტომ ის იწყებსბრძოლას დამარცხებული პატარკაციშვილის, როგორც ჩემი საპირწონის პოზიციებისგასაძლიერებლად, ზურა არ აპირებს ასე ადვილად შეეგუოს მეორე თუ მესამე როლსქვეყანაში. ამიტომ, ის ახალ ბრძოლას აპირებს, მეორე მხრივ მთავარ პოლიტიკურსაკითხებზე შეთანხმების გაფორმება და ბურჯანაძის, როგორც საკვანძო მოთამაშისმნიშვნელობის დაკარგვა, ერთდროულად, იმავე წამს, იმავე ოთახში ხდება. უკვე ყველაფერი ნათელია - ჟვანია და სააკაშვილი, როგორც უფრო გამოცდილი პოლიტიკური მოთამაშეები, საკუთარი გარანტიების მიღებისთანავე, ნინოს, როგორც რაიმე სახის ინტერესების მქონე პარტნიორს, სერიოზულად აღარ განიხილავენ, „მავრმა გააკეთა საქმე, მავრს შეუძლია წავიდეს" - ბურჯანაძემ, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაზე დათანხმებით, უზრუნველყო „ვარდების რევოლუციის" მონაპოვარის, ოპოზიციის ხელში გადასული ძალაუფლების, ლეგალიზაცია. საკუთარი საპრეზიდენტო ამბიციების უკან წაღებით კი, გზა გაუხსნა სააკაშვილს პრეზიდენტობისაკენ, ამავე დროს საკონსტუტიციო ცვლილებებზე დათანხმებით, ჟვანიას ახალ, გავლენიან თანამდებობას, როგორც მომავალმა სპიკერმა, მწვანე შუქი აუნთო. ვინც ნინოს იცნობს, იცის, რომ ის ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობს შეთანხმება შეასრულოს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამაში აზრი, ან პოლიტიკური მიზანშეწონილობა. საერთოდ ბურჯანაძის პოლიტიკურ ცხოვრებას ახასიათებს სწორხაზოვნება და მოუქნელობა, რაც მისი მხრიდან მრავალი გამოუყენებელი შანსის მიზეზი გამხდარა. ზურა ჟვანია, პოლიტიკაში ასეთი ტიპის აზროვნებას, ჩემთან და ჩემ პარტნიორთან, დავით დვალთან მიმართებაში, ხატოვნად ასე აღწერდა:


„თქვენ,ორ ჰიპოპოტამს გავხართ, რომლებიც წყურვილის მოსაკლავად აფრიკის სავანაში მიჯლიგინობენ ტბა „ლიმპოპოსკენ", ოდნავ თუ მიზანს ვერ მოარტყეს, მოხვევა არ იციან და ჩაუქროლებენ ტბას გვერდზე, მერე უკან გამოჯლიგინდებიან და ასე ირბენენ უაზროდ დიდხანს, სანამ ბოლოს ტბას არ დაეჯახებიან"-დაგვცინოდა ზურა, რაღაც თემაზე ჩვენი ხისტი პოზიციის გამო.

ჟვანიაც და სააკაშვილიც, რომლის მოადგილე იყო ბურჯანაძე 1995 წლის მოწვევის პარლამენტში, ნინოს ძალიან კარგად იცნობდნენ, ზემოთაღნიშნული დაპირებით უკვე დაზღვეულები იყვნენ.


ამ მომენტიდან, 2007 წლის ნოემბრამდე, ჯერ სააკაშვილი-ჟვანიასთვის, ხოლო ზურას დაღუპვის შემდეგ, მიშა-მისი უახლოესი გარემოცვისთვის, ნინოს ადგილი და მნიშვნელობა ინგლისის დედოფლის როლივითაა, ცერემონიალური. მას „იტანენ", უსმენენ, მაგრამ პრინციპულ საკითხებში მის აზრს აღარ ითვალისწინებენ.


პარალელურად, მთელი ეს წლები ბადრი ბიწაძის, ასევე ნინოს მამის, ანზორ ბურჯანაძის წინააღმდეგ შავი პიარი და „დემონიზაციის" პერმანენტული კამპანია აღარ შეწყვეტილა. უშუალოდ ნინო ბურჯანაძეს, 2008 წლამდე, სააკშვილის გარემოცვაში, მხოლოდ ზურგსუკან დასცინიან, თუმცა მედიაში ნელ-ნელა ამკვიდრებენ სხვადასხვა შეურაცხმყოფელ კლიშეებს და ზედმეტსახელებს, რომელთაგან ყველაზე უცოდველი „ფქვილის პრინცესა" იყო.


2007 წელს, სააკშვილის პოლიტიკური გადარჩენა, ისტორიამ კვლავ ნინოს ხელში აღმოაჩინა. ამ დროისათვის, ბურჯანაძის საპრეზიდენტო შანსები, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, მისი მხრიდან კენჭისყრის შემთხვევაში, საკმარისი იყო არჩევნების მოსაგებად, მაგრამ მიუხედავად მრავალი ადამიანის, მათ შორის ჩემი მცდელობისა, ის შეუვალი აღმოჩნდა და პრეზიდენტის მოვალეობის მე-2 ჯერ შესრულებით, სააკაშვილი კვლავ დააბრუნა პრეზიდენტის რანგში.


თუმცა, ამჯერად, 2007 ში, ნინო შეეცადა მომავლისათვის, საკუთარი საპრეზიდენტო შანსების დასაზღვევად, გარანტიები მოეთხოვა სააკაშვილისაგან, რასაც მიშა ადვილად დათანხმდა (სხვა არჩევანი მას არც ქონდა - ე.კ.). კერძოდ, ბურჯანაძემ პრეზიდენტად კანდიდატურის არწამოყენების და მომავალში საკუთარი პოლიტიკური ძალის არშექმნის სანაცვლოდ თანხმობა მიიღო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის" სია საკუთარი შეხედულებით დაეკომპლექტებინა.


როგორი სიტყვის კაცია სააკაშვილი, ეს, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბურჯანაძემ საბოლოოდ გაიგო და შეთანხმების დარღვევაზე პროტესტის ნიშნად, კიდევ უფრო დიდი შეცდომა დაუშვა, უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე და გაემიჯნა სააკაშვილს, რითაც, საბოლოო ჯამში, ხელ-ფეხი გაუხსნა მას ცხინვალის 2008 წლის ავანტურისკენ.


რევოლუცია საკუთარი შვილების ჭამას იწყებს


გიგი წერეთლის კაბინეტში შეხვედრა დამთავრდა.


ოთახიდან გამოსულები, რა თქმა უნდა, ვერ ვხედავდით მომავალს, როცა ზუსტად, ერთი წლის შემდეგ მე ქვეყნიდან გადავიხვეწებოდი, კიდევ რამდენიმე თვეში ზურაბ ჟვანიას ცხედარს საბურთალოს ქუჩაზე იპოვიდნენ და რომლის საფლავზე, ზურას დაბადების თუ გარდაცვალების დღეს, არც სააკშვილი და არც ბურჯანაძე აღარ ივლიდნენ. ნინო ბურჯანაძე 2008 წელს ღიად დაუპირისპირდებოდა სააკაშვილს, ხოლო სააკაშვილი, როგორც პრეზიდენტი, 2007 წელს უმწვავეს კრიზისს გადაურჩებოდა, 2008 წელს აგვისტოს სამხედრო ავანტურას წამოიწყებდა და სრულიად გაკოტრებული, წკიპზე ეკიდებოდა განადგურებისაგან. მისი სახელი, ერთ დროს აღტაცებით გარემოსილი, ბოლო წლებში საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან სიძულვილის და ლანძღვის მთავარი ობიექტი გახდებოდა, მაგრამ თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე მიიყვანდა.


ამ შეხვედრიდან სასტუმრო „მერიოტ თბილისის" რესტორანში შეხვედრაზე მისული, მოულოდნელად, ვანო ჩხარტიშვილს შევეჩეხე. ადამიანს, რომელიც ბადრი პატარკაციშვილთან ერთად, ნოემბრის დაპირისპირების დროს ბარიკადების მეორე მხარეს იდგა და რომლებსაც, 2003 წლის 24 ნოემბერს პოლიტიკურად განადგურებულებად ვთვლიდი.


შენ კიდევ აქ ხარ, თავისუფლად დადიხარ? - გაოცებული ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად ვეკითხები ბადრი პატარკაციშვილის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ და ბიზნესპარტნიორს საქართველოში - იმის შემდეგ რაც მოხდა, შენ ისევ ფეხზე დგახარ და არაფერზე ნერვიულობ?


რატომ უნდა ვნერვიულობდე, ჩემი მეგობრები მოვიდნენ ხელისუფლებაში - მპასუხობს ვანო და ამ ნათქვამით კიდევ უფრო გაოცებულს მტოვებს. სანამ გონზე მოსვლას მოვასწრებ დარბაზში გიგა ბოკერია და ნიკა რურუა შემოდიან. ბოკერია მობილურზე ლაპარაკობს, ვიღაცას ეუბნება


 - აი, აგერააო - და ტელეფონს მაწვდის, - მიშაა.


კობა ნარჩემაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრობიდან წასვლას არ აპირებს, ახლა გამოაცხადა, - მეუბნება სააკაშვილი.


- ეს უკვე საბოტირებაა - ამატებს.


- მიშა, ვანოს შევხვდი ჩხარტიშვილს,- მე ჩემს „შოკს" ვერ ვინელებ, - ჰოდა, მეუბნება, რომ მისი და პატარკაციშვილის მეგობრები მოსულან ხელისუფლებაში, - ვუყვები მიშას და ველოდები მის აღშფოთებას, ვინაა მაგათი მეგობარი, მინიმუმ იმას, რომ ზურა ჟვანიას შეაგინებს, მაგათ ეგ იცავსო, და ამ დროს ჩემდა გასაოცრად, მიშა გაურკვეველ, გრძელ მონოლოგს იწყებს, რომლის აზრი ისაა, რომ არაა ბადრი ცუდი ტიპი და ახლა, როცა ხელისუფლება ჩვენ ვართ, მაგას ზიანის კი არა სარგებლის მოტანა შეუძლია და ასეთები. მე გაოგნებული ვარ, ბადრი და ვანომ ერთ დღეში დაალაგეს თავიანთი პრობლემები.


ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. „ვარდების რევოლუციით", პატარკაციშვილის მიერ, კულუარული გარიგებების და ფინანსური რესურსების ფარული თუ ღია გამოყენების გზით, საქართველოში ხელისუფლების ხელში ჩაგდება იქნა შეჩერებული. ბადრის გამარჯვებას კი, დიდი ალბათობით მიშას, როგორც შალვა ნათელაშვილი იტყოდა, „უბნის კოლორიტად" გადაქცევა მოყვებოდა. ესეც რომ არ ყოფილიყო , ტელეკომპანია „იმედის" და ტელეკომპანია „მზის", რომლის მფლობელებიც ბადრი და ვანო იყვნენ, ერთი მხრივ ღია ბრძოლა სააკშვილის წინააღმდეგ და მეორეს მხრივ პროშევარდნაძისტული ძალების ასევე ღია მხარდაჭერა, მთელი ნოემბრის კრიზისის დროს, საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ პატარკაციშვილ-ჩხარტიშვილი 2003 წლის 24 ნოემბერს მინიმუმ, არაკომფორტულად ყოფილიყვნენ. ამის მაგივრად, ვანო ჩხარტიშვილის ნათქვამი ხელისუფლებაში მეგობრების შესახებ, რაც მე მისი მხრიდან ბლეფი მეგონა, სინამდვილე აღმოჩნდა.


მიშაზე, ზურაზე, ვანოზე და ამ ყველაფერზე გაცოფებულმა, ჯავრი კობა ნარჩემაშვილზე ვიყარე და გაკვირვებული ნიკა რურუას და ბოკერიას თვალწინ დავურეკე:


კობა, - ვეუბნები აღშფოთებისაგან შეცვლილი ხმით - ეროსი ვარ. ახლა მომისმინე, ზუსტად 15 წუთს გაძლევ, რომ ჩაატარო პრესკონფერენცია და გადადგე თანამდებობიდან, თორემ 20 წუთში მოვალ და ჩემი ხელით ჩაგიყვან მაგ შენს მე-5 იზოლატორში (მე-5 იზოლატორი შევარდნაძის პერიოდის ყველაზე ცნობილი, ადამიანის უფლებათა დამცველების მხრიდან ყველაზე გახმაურებული, ოდიოზური იზოლატორი იყო, სადაც ენჯეოშნიკების ცნობებით, ხშირი იყო დაკავებულთა წამების ფაქტები - ე.კ.) - აღარ ვისმენ რას მპასუხობს და ვუთიშავ. - ეს ერთ-ერთი იმ მომენტთაგანია, წლების შემდეგაც, როცა ვიხსენებ მრცხვენია - რა მინდოდა ადამიანისგან, რომელიც მანამდე 2 ჯერ მყავდა ნანახი, რა ჩემი საქმე იყო გადადგებოდა თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი, მითუმეტეს, როცა 20 წუთის წინ მე უკვე ვთქვი, რომ აღარ ვიქნებოდი პოლიტიკური პროცესში. თუმცა, ჩემს აგრესიას ნარჩემაშვილის მიმართ, ქონდა მეორე, უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი, შევარდნაძის მხარდამჭერების მხრიდან რევანშის საფრთხე, რისი ალბათობაც იმ მომენტში მაღალი მეჩვენებოდა.

ნარჩემაშვილმა, ჩემთან საუბრიდან ერთ საათში გადადგომის განცხადება გააკეთა და თქვა, რომ „ის არ აპირებდა თანამდებობიდან წასვლას... და, რომ მას სრულიად გასაგებად უთხრეს, რომ უნდა წასულიყო". ნოემბრის მოვლენებს დეტალურად კიდევ დავუბრუნდები, კრიზისის დასაწყისიდან შემდგომ საკადრო თუ სხვა ცვლილებებამდე. ახლა კი, კიდევ ერთი, 2003 წლის ნოემბრის უკანასკნელი დღე - 30 ნოემბერი. დღე, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა პირადად ჩემი, „რუსთავი2"-ის და საქართველოში ბევრის ადგილი და მომავალი. ნაშუადღევს ტელევიზიაში სააკშვილი მირეკავს - ჩამოდი, მე და ზურა დაბლა გელოდებითო. ქუჩაში გასულს, მიშას დაცვა მანქანებიდენ ერთ-ერთზე, მერსედესზე მანიშნებს. კარს ვაღებ, მიშა და ზურა უკანა სავარძელზე სხედან, მე წინ, მძღოლის გვერდით ვჯდები,


- წავედითო, - მიშა მძღოლს ეუბნება.


ვიძვრებით.


 - სად მივდივართ? - ვკითხულობ, ასეთი შემადგენლობით ჩვენ დიდი ხანია არ შევკრებილვართ, მგონია სადმე უნდათ ჩემთან მოთათბირება.


- პატარკაციშვილთან, - მეუბნება მიშა - რიტუალების სასახლეში.
ზურა ჩუმადაა.




(წყარო: for.ge)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016