მუნიციპალური განვითარების ფონდი ილია ჭავჭავაძის ძეგლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებს. ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ძეგლის აღდგენასთან ერთად მიმდებარე ტერიტორიაც კეთილმოეწყობა.
„ილია ჭავჭავაძის ძეგლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მიმდინარე წლის აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებს. ამჟამად, ფონდის დაკვეთით საპროექტო კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში მდებარე ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობს. პროექტირება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რათა მოხდეს სწორი პროექტის შემუშავება. საპროექტო კომპანიამ უკვე წარმოადგინა ვიზუალური მასალა - "რენდერები", თუ როგორი იქნება ილია ჭავჭავაძის ძეგლი რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, რომელსაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აღნიშნულ განცხადებასთან ერთად ვავრცელებთ.
საპროექტო კომპანიას პროექტირებისთვის 75 დღიანი ვადა აქვს. კომპანია ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტზე 2 თვეზე მეტია მუშაობს. ხელშეკრულების მიხედვით 27 ივლისს საპროექტო კომპანია ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტზე მუშაობას დაასრულებს. საბოლოო პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეათანხმებს, აგვისტოს პირველ ნახევარში კი უკვე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრლის # 649 განკარგულებით, პროექტირების დასრულების შემდეგ, პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა გამარტივებული საშუალებით განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება კვარცხლბეკს, მოხდება მისასვლელი კიბეების რეკონსტრუქცია და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. საქართველოს მთავრობისთვის ილია ჭავჭავაძის ძეგლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად და ხარისხიანად განხორციელება პრიორიტეტული საკითხია. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მცხეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი, საზოგადოებრივი და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას", - ნათქვამია განცხადებაში.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)