საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მრჩეველთა ჯგუფი შექმნა. მრჩეველთა ჯგუფი მუშაობას დღეიდან იწყებს. საბჭოს წევრები საზოგადოების სხვადასხვა სფეროდან არიან წარმოდგენილნი და შესაბამისად, მაუწყებელს მრავალი მიმართულებით გაუწევენ კონსულტაციას. „რეპორტიორი" საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარეს, ემზარ გოგოუაძეს ესაუბრა. როგორც გოგოუაძე აცხადებს, მრჩეველთა ჯგუფი საზოგადოებისთვის სანდო ადამიანებით არის დაკომპლექტებული. ბორდის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ჯერ ჯერობით არ არის დაზუსტებული თუ რა ფუნქციები ექნებათ საბჭოს წევრებს. ემზარ გოგუაძე მათთან შეხვედრას ხვალ გეგმავს.
მრჩეველთა ჯგუფი დააკვირდება და შეისწავლის მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს. მრჩეველთა ჯგუფი იქნება პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი.
ჯგუფის წევრები არიან პოეტი დავით მაღრაძე, ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის დირექტორი მარინე მუსხელიშვილი, იურისტი; მართვის სპეციალისტი გრიგოლ გოგელია, ლიტერატორი ირაკლი ლომოური და სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი ნათელა სახოკია.