საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და რეჟისორ თემურ ჩხეიძის ინიციატივით, 2014 წლის ოქტომბრიდან თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი გაიხსნება, რომელსაც რეჟისორი თავად უხელმძღვანელებს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრი სახელოსნოს პრინციპით იმუშავებს, სადაც თეატრის რეჟისორები, დრამატურგები და თეატრმცოდნეები ორი სასწავლო წლის განმავლობაში, სამეფო უბნის თეატრის ბაზაზე თავიანთ პროფესიულ უნარებს სრულყოფენ და შესაბამისი სპეციალობების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს დაეუფლებიან.
ცენტრის მიზანია, ქართული სასცენო ხელოვნების განვითარება, საერთაშორისო ტენდენციების გაცნობა, თეატრის ახალგაზრდა სპეციალისტთა დაოსტატება და მაღალმხატვრული თეატრალური პროდუქციის შექმნა.
სასწავლო პროცესი უშუალოდ თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობით წარიმართება.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)