"საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" (GDI) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ 2013 წლის პირველი ნახევრის ანგარიში წარმოადგინა. ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ტუღუშის ინფორმაციით, ანგარიშში ასახულია ადამიანის უფლებათა კუთხით საქართველოში განვითარებული ყველა ის მოვლენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა წლის პირველ ნახევარში. ანგარიში თავებად არის დაყოფილი და მოიცავს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს, ასევე 17 მაისსა და 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს. მაღალჩინოსნებისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკავების საკითხებს. ანგარიშში რელიგიის თავისუფლებისა და უმცირესობის უფლებებზეც არის საუბარი. "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" მიერ მომზადებული ანგარიში 48- გვერდიანია. გიორგი ტუღუშის განცხადებით, 17 მაისს და 8 თებერვალს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენები დეტალურად შეისწავლა მისმა ორგანიზაციამ და აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება როგორც ადგილზე, ასევე მას შემდეგ ადეკვატური არ იყო. მისივე განცხადებით, 8 თებერვალს, რამდენიმე პირი დააკავეს, თუმცა ის ზომები, რომლებიც გამოიყენა, როგორც სამართალდამცავმა ორგანოებმა, ასევე სასამართლომ, საბოლოო ჯამში, ადეკვატური არ იყო. "რაც შეეხება 17 მაისის მოვლენებს, აქაც ვნახეთ გარკვეულწილად პოლიციის არაადეკვატური რეაგირება. პოლიცია გარდა იმისა, რომ მოუმზადებელი იყო, შემოიფარგლა მხოლოდ განმმუხტველის და გამშველებლის როლით. ასევე შემდგომი რეაგირება ადეკვატური არ იყო", - აღნიშნა გიორგი ტუღუშმა. მისივე განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მსგავსი ქმედებები არ ემსახურება პრევენციას და როდესაც არ ხდება დამნაშავეების ადეკვატური დასჯა, ეს ხელს უწყობს შემდგომში მსავსი მოვლენების განმეორებას. გიორგი ტუღუშის განცხადებით, წლის პირველ ნახევარში გადადგმული იყო რიგი პოზიტიური ნაბიჯები, რაც კანონმდებლობაში ცვლილებებს ეხება. აღსანიშნავია პატიმრების რაოდენობის კლება, თუმცა რიგ მიმართულებებში მდგომარეობა უცვლელი დარჩა. რელიგიური თავისუფლების კუთხით კი გაუარესება შეინიშნება. "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ 2013 წლის პირველი ნახევრის ანგარიშს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნის. ანგარიში ასევე გაეგზავნება იმ სახელისუფლებო სტრუქტურებს, რომელთა მიმართაც ანგარიშში შენიშვნებია გამოთქმული. ახალ კვლევას ორგანიზაცია წლის ბოლოს გამოაქვეყნებს.