17 ივლისს კონსტანტინე გამსახურდია გარდაიცვალა.
ქართველი მწერალი, კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1893 წლის 15 მაისს სოფელ ძველ აბაშაში.
პატარაობისას ფეხშიშველმა დედამ გელათში წაიყვანა. გაოცებული შეჰყურებდა ბავშვი ტაძარს, დავითის ფრესკას. ასე გაიცნო თავისი ეპოპეის "დავით აღმაშენებლის" მთავარი გმირი. ასევე პორტრეტიდან გაიცნო ილია ჭავჭავაძე. მისი მკვლელეობა რომ შეიტყო, ფიცი დადო, მთელი სიცოცხლე ებრძოლა ილიას მკვლელების წინააღმდეგ.
კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.
კონსტანტინე გამსახურდიამ ჯერ კიდევ გიმნაზიელობისას ჩამოაყალიბა პატრიოტული ორგანიზაცია "ცხრა მუხა", რის გამოც მალევე დააპატიმრეს ჟანდარმებმა. "ჩემთვის ეს პირველი პატიმრობა იყო, უბედნიერესი მომენტი ჩემი ცხოვრებისა. ბედნიერი გრძნობისაგან შეპყრობილი ვიმეორებდი ამ ბრწყინვალე სიტყვებს: "ნეტარ იყვნეთ თქვენ, რამეთუ გდევნონ ჩემი სახელით" (ავტობიოგრაფიული მოთხრობა "ლანდებთან ლაციცი").
აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი", თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი.
1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, კონსტანტინემ ლენინს მისწერა პროტესტის წერილი "ღია წერილი ულიანოვ-ლენინისადმი". ამავე წელს გამოქვეყნდა მისი "სიტყვები ქართველი ერისადმი 26 მაისს". ეს ორი დოკუმენტი დარჩება ქართული მწელობის ისტორიაში პრინციპულობისა და თავგანწირული გმირობის მაგალითად.
1923 წელს კონსტანტინე გამსახურდია ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა. მან კარგად იცოდა, რაც მოელოდა, (გამომგზავრების წინ უთხრეს კიდევაც "ჩასვლისთანავე დაგაპატიმრებენ და დაგხვრეტენო") მაგრამ ემიგრანტობა მაინც არ ისურვა და საქართველოში დაბრუნდა.
1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო "ჩეკამ" დააპატიმრა.
კონსტანტინე გამსახურდია 1927 წელს საქართველოს ცაკ-ის შუამდგომლობით გაათავისუფლეს - ჯაშუშობის დამადასტურებელი მასალა არ არისო.
20-იანი წლების თბილისის ქუჩებში კონსტანტინე და მისი მეგობრები შავი ჩოხით დადიოდნენ ეროვნული გლოვისა და პროტესტის ნიშნად. ორჯონიკიძეს კონსტანტინესთვის მუქარით შემოუთვლია "შავი ჩოხით სიარულს თავი დაანებეო" კონსტანტინეს კი უპასუხია: "ჩემს ჩოხასთან შენ რა გესაქმება, ჩემი ქამარი შენ ხომ არ გიჭერსო წელზე" (იხ. მერაბ კოსტავა, "გამოსათხოვარი" 1977წ.) ამის შემდეგ ცხენზე ამხედრებული, შავჩოხიანი კონსტანტინე ხშირად დემონსტრატიულად ჩაუქროლებდა ხოლმე ცეკას შენობას. სხვათა შორის, სხვები აიძულეს, რომ შავი ჩოხით აღარ ევლოთ, კონსტანტინე გამსახურდია კი სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს შავჩოხიან ჭირისუფლად და რაინდად დარჩა...
1931 წელს მწერალთა ფედერაციამ კონსტანტინე გამსახურდია თავისი ორგანიზაციის რიგებიდან ერთხმად გარიცხა.
კონსტანტინე გამსახურდია ხმას იმაღლებდა ქართველი ერის დაქუცმაცების, სეპარატიზმის წინააღმდეგ.
გამსახურდიამ პირველი ლექსი 1909 წელს გამოაქვეყნა, კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის კურსდამთავრებული, 1911-ში ევროპაში გაემგზავრა, იქ გაეცნო მოდერნისტული სკოლების ნაირსახეობას და მათი შემოქმედებითი პრინციპები გაიზიარა. გერმანიაში მყოფმა ორი ნოველა გამოაქვეყნა: "ფოტოგრაფი" და "ნაპოლეონი". შემდეგ დედის გარდაცვალებამ "დამსხვერული ჩონგური" დააწერინა. საავადმყოფოში მომაკვდავ ძმას ედგა თავზე და იმ საშინელ ღამეს დაწერა "ზარები გრიგალში".
1919 წელს ბერლინის უნივერსიტეტიდან ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დააარსა ჟურნალი "პრომეთე", გაზეთი "საქართველოს სამრეკლო", ჟურნალი "ილიონი", ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ კავშირს.
სამწერლო დიდება და სახალხო აღიარება ისტორიულმა რომანებმა მოუტანა. მწერლის ნიჭი და ფანტაზია განსაკუთრებული სილაღით 1939 წელს დაწერილ "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენში" გამოვლინდა. მწირი ისტორიული ცნობების მიუხედავად გამსახურდიამ სისხლსავსე პერსონაჟები შექმნა და ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლის იდეა გააცოცხლა.
თანდათნ მკითხველთან ერთად ხელისუფლებამაც აღიარა ცოცხალ კლასიკოსად. 1944 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს.
ჩოხაში გამოწყობილი, მუდამ წელგამართული, ამაყი მზერითა და ღირსებით სავსე დააბიჯებდა ყოფილ გოლოვინის ქუჩაზე, რომელსაც რუსთაველის სახელი მისი ინიციატივით დაარქვეს.
კონსტანტინე გამსახურიას თავისი დაბადების 80 წლისთავზე უთქვამს: არც დიდხანს სიცოცხლე ვარგებულაო.
გარდაიცვალა 1975 წლის 17 ივლისს. უკანასკნელ განსასვენებელადაც გამორჩეული ადგილი მონახა: საკუთარი სახლის, კოლხური კოშკის ეზოში დაკრძალეს.
(მოამზადა ანა ნოდიამ)