reportiori.ge - ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ყოფილ აგენტს შეუნდო?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:54
პრეს-დაიჯესტი
ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ყოფილ აგენტს შეუნდო?
17 ივლისი, 2014. 13:01


«საქართველო და მსოფლიოს» 24-ნომერში გამოქვეყნდა ზურაბ ჯორბენაძის ღია წერილი, რომლითაც მან მიმართა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. გულახდილად გეტყვით, ვერ გავიგე, აღსარება იყო ეს პუბლიკაცია, აღიარებითი ჩვენება თუ შეცვლილ გარემოში გმირად არა, მაგრამ მენტორად, საზოგადოებისთვის ჭკუის დამრიგებლად რეინკარნირების მცდელობა. ამის გასარკვევად შეხვედრა ვთხოვე სქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს _ არჩილ კბილაშვილს, ჯორბენაძის ოპუსის მთავარ მოქმედ პირს, ავტორის მიერ «ბრალდებულ» პიროვნებას.

 

 

_ ბატონო არჩილ, ზურაბ ჯორბენაძე წერს, რომ ის არ არის «ქართული ოცნების»მტერი, მაგრამ, «რა ვქნა, არ შემიძლია, სიმართლე რომ არ გითხრათ, არ შემიძლია,ხალხის გულისტკივილი რომ არ მოვიტანო თქვენამდე».

 

 

ამ კეთილშობილურ მისიას კისრულობს ადამიანი, რომელიც, მისივე აღიარებით, როგორც აგენტი, შეგზავნილი იყო «ქართულ ოცნებაში», სათვალთვალოდ, ჯაშუშობის მიზნით.

 

 

ასეთნი, უპირველესად, ხალხის თვალში რეაბილიტაციას ცდილობენ, თავისმართლებას. ჯორბენაძე გაკვრით შენიშნავს, რომ «2010 წლის 10 ოქტომბერსაღკვეთის ღონისძიება შემიცვალეს თანამშრომლობის ხელწერილის დაწერისშემდეგ».

 

 

ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი მისი აგენტი ხდება.

 

 

შემდეგ «მოახერხებს» და დაგიახლოვდებათ და იწყებს თვალთვალს.

 

 

პირველი შეკითხვა ასეთია: რისთვის იყო დაპატიმრებული ზურაბ ჯორბენაძე?




_ კარგად არ მახსოვს, რისთვის იყო დაპატიმრებული, თუმცა თავის დროზე შემხვდა და მომიყვა. ადვოკატი იყო და, როგორც მახსოვს, რაღაც ფინანსურ მაქინაციაში დადეს ბრალი. თაღლითობისთვის იყო მიცემული პასუხისგებაში, თუ არ ვცდები.



_ ყოფილი ხელისუფლების «უსამართლობისა და ტერორის» წინააღმდეგ«დაუფარავად მებრძოლი» მისი სპეცსამსახურის აგენტი რომ ხდება, ამ ორ,ურთიერთგამომრიცხავ რეალობას რით ახსნით, ბატონო არჩილ?



_ გვინახავს ადამიანები, რომლებიც იძულების გამო აკეთებენ იმას, რისი სურვილიც არ აქვთ, ამიტომ შეიძლება, რომ ეს ორი, ურთიერთგამომრიცხავი ქმედება თავსებადი იყოს: გძულდეს ვინმე, მაგრამ ემსახურებოდე მას.


 

_ და ეს არის ყოფილი ხელისუფლების ხელწერა, რომელიც აღვიძებდა და აღვივებდა ადამიანში დაბუდებულ, დაფარულ ინსტინქტებს, მაგრამ ვინც თავგადადებულია სიკეთისთვის, ბოროტს რომ «არ შეეკვრის ზავითა», ამას რა ვუყოთ?



_ ცნობილია, რომ განსაცდელის დროს ადამიანი ავლენს ისეთ თვისებებს, რომლებიც ზოგჯერ სტერილურ ზნეობრივ კანონებს არ შეესაბამება. როცა ადამიანს ემუქრება საფრთხე _ დაკარგოს სიცოცხლე, თავისუფლება, ქონება, ან როცა ასეთი საშიშროება მის ახლობელს დაემუქრება, იგი არცთუ იშვიათად ჩადის ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება ზნეობის კანონებს.




როცა ხელისუფლება ქმნის ისეთ პირობებს, რომ ადამიანი წავიდეს კომპრომისზე საკუთარ სინდისთან, ეს, უწინარესად, ხელისუფლების პრობლემაა, ასეთი ხელისუფლება ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს.



საყოველთაოდ ცნობილია, რომ ხელისუფლება ადამიანს უნდა ემსახურებოდეს და არა აიძულებდეს მას, იმოქმედოს ადამიანურობის წინააღმდეგ.



ამიტომ კონკრეტულად ამ შემთხვევაზეც და განზოგადოებულადაც ვიტყვი, რომ მკაცრი და კრიტიკული არ ვარ ასეთ მსხვერპლთა მიმართ. ისინი, ვინც უძლებენ ასეთ განსაცდელს, არ მიდიან კომპრომისზე, ვიტყოდი, რომ გმირობას ჩადიან.



გმირობა კი ერთეულების ხვედრია.



ჩვეულებრივ ადამიანურ განზომილებაში მაინცდამაინც ვერ ვკიცხავ ასეთ მსხვერპლს.



_ უნდა შევუნდოთ?



_ დიახ. რადგან ადამიანი საკმაოდ სუსტი არსებაა, როცა მის წინააღმდეგ სახელმწიფო აპარატი დგას, მით უფრო მაშინ, როცა ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს. ყველა ავტორიტარული თუ დიქტატორული რეჟიმი სწორედ ამის ხარჯზე არის ძლიერი. არ შეიძლება, რომ ამ რეჟიმის პირობებში მცხოვრები მოქალაქეები მხოლოდ გავკიცხოთ. მათ გაგებაც სჭირდებათ და თანაგრძნობაც.



_ ამ კონკრეტულ ჯორბენაძესაც?



_ დიახ, მე ასე აღვიქვამ. ზურაბ ჯორბენაძე სტუდენტობისას გავიცანი, ერთი პერიოდი სტუდქალაქში ერთადაც ვცხოვრობდით. ლექსებს წერს. წამიკითხავს. ავტორის დიდი გრძნობა გამოსჭვივის მის ლექსებში, რომლებიც ადამიანის შინაგან ბუნებას წარმოაჩენს. ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ იგი გარემოების მსხვერპლია. სხვა შეიძლება თამაშობდეს, სხვა შეიძლება სიამოვნებით ასრულებდა კიდეც დაკისრებულ მსგავს ქმედებას. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მსხვერპლთან გვაქვს საქმე. როცა მთავარი პროკურორი გავხდი, მოვიდა და ყველაფერი გულახდილად მიამბო. მეწყინა, მაგრამ დასჯა არც მიფიქრია.



_ მიმტევებელი ყოფილხართ... მაგრამ ის თქვენი სტუდენტობის დროინდელიამხანაგი თქვენ წინააღმდეგ აგროვებდა მაკომპრომენტირებელ მასალებს. იგი წერს:

 

«მოვახერხე და დავუახლოვდი არჩილ კბილაშვილს, ვუსმენდი დავუთვალთვალებდი მას... აუდიო და ვიდეოჩანაწერები მიმქონდა კუდში და სადაზვერვო სამმართველოში».

 

გაგწირათ. იძულებით თუ სიხარულით აკეთებდა ამას, ვერ განვსჯი, მაგრამ,რომ აკეთებდა, ფაქტია.

ვერაფერს ამჩნევდით?



_ 2011 წლის ზაფხულში ჩამრთეს საარჩევნო კამპანიაში «ქართული ოცნების» ეგიდით და გავმწესდი, ასე ვთქვათ, ბაღდადში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭის საყრელად. მაშინ გამოჩნდა ზურაბი, რომელთანაც სტუდენტობის შემდეგ, 20 წლის განმავლობაში  ურთიერთობა არ მქონია. გამანდო თავისი სურვილი, ყოფილიყო ჩემ გვერდით და დამხმარებოდა პოლიტიკურ ბრძოლაში. ბუნებრივია, არაფერი მქონდა ამის საწინააღმდეგო ან როგორ და რატომ უნდა დამეშალა?! რამდენიმეჯერ თავისი სურვილით ჩამოვიდა ბაღდათში, საარჩევნო შტაბშიც იმყოფებოდა, ღამითაც კი დარჩენილა და მისთვის ტრადიციული მასპინძლობაც გამიწევია. ღია და გამჭვირვალე ურთიერთობები მქონდა ყველასთან _ დაგეგმვა იყო საარჩევნო კამპანიის, შეხვედრები, გეგმები და ა. შ. არაფერი კანონგარეშე იქ არ ხდებოდა. ფიქრადაც არ მომსვლია, ვინმესთვის რამე დამემალა. ათეულობით ადამიანი ესწრებოდა ყველა ჩემს შეხვედრას, მათ შორის _ ისიც. ყოველთვის ღიად ვსაუბრობდი. ვისაც აინტერესებდა, დაზვერვის სამსახური იქნებოდა თუ სხვა, პრობლემა არ იყო იმის გაგება, რას და როგორ ვლაპარაკობდი. ეს არის და ეს.



მას თავისი დავალება ჰქონდა.



არც კი მიფიქრია, ვინმესთვის იქით მეთვალთვალა. რასაც ვაკეთებდი, როგორც ვთქვი, იყო კანონიერი, სწორი და დამალვა არ სჭირდებოდა.



_ ციტატას წაგიკითხავთ, ბატონო არჩილ, საგაზეთო პუბლიკაციიდან: «რამდენიმეჯერ შევხვდი არჩილ კბილაშვილს და ვთხოვე, მოეხერხებინა ჩემიშეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, რათა მისთვის სიმართლე მეთქვა».



გთხოვათ?



_ ასე სპეციალურად, ვერ ვიხსენებ. რაღაც იდეები ჰქონდა. წარმოშობით აჭარიდან არის და თავის აზრს მიზიარებდა, რომ, თუ მას დაასახელებდნენ დეპუტატობის კანდიდატად თავის რეგიონში, გაცილებით ეფექტიანად წარმართავდა საარჩევნო კამპანიას და ყველა შემთხვევაში გაიმარჯვებდა.




შეიძლება მთხოვა კიდეც ივანიშვილთან შეხვედრა, მაგრამ ამას არასერიოზულად აღვიქვამდი, რადგან კანდიდატად შერჩევა ასე, ვიღაცის სურვილით არ ხდებოდა, იქ სხვა, შიდა მექანიზმები მუშაობდა და არც მიფიქრია, ეს ინფორმაცია ვინმესთვის გამეზიარებინა.



_ მაგრამ პუბლიკაციის ავტორი დეპუტატობის კანდიდატად წამოყენებას არცახსენებს, სხვა მიზნით უნდოდა თურმე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, სურდა,ემხილებინა იმდროინდელი ხელისუფლების დამქაშები, რომლებიც ფერ დანირშეცვლილები მის გარშემო შეკრებას ცდილობდნენ.



ჯორბენაძე თქვენც და სხვებსაც, ვისაც იგივე თხოვნით მიმართა, ბრალს გდებთ,რომ მისი კეთილშობილური განზრახვის რეალიზაციაში შეგნებულად არდაეხმარეთ: «ახლა ვხვდები, რომ მათ არ აძლევდათ ხელს ჩემი შეხვედრა ბატონბიძინასთან... რადგან ვეტყოდი, ვინ ვისთან არის შეკრული».



_ ვერ ვიხსენებ, რომ ამ ჩანაფიქრზე ღიად ესაუბროს ჩემთან და ამიტომ ეთხოვა შეხვედრა ბატონ ბიძინასთან.



წინასაარჩევნო პერიოდში უამრავ ადამიანს ვხვდებოდი, მათ შორის, ჯორბენაძესაც, რომელსაც არ აღვიქვამდი, როგორც აგენტს, და არ ვიმახსოვრებდი მის ნათქვამს, რათა შემდეგ რაღაც მნიშვნელობა მიმენიჭებინა ამ ნათქვამისთვის. სხვებიც მთხოვდნენ ბატონ ბიძინასთან შეხვედრაში დახმარებას. ზურაბის თხოვნა ვერაფრით იქნებოდა განსაკუთრებული და გამორჩეული.



რაც მახსოვს, უკვე გითხარით, დანარჩენი ღმერთმა განსაჯოს.



_ გადავიდეთ «ბრალდების შემდეგ ეტაპზე». მთავარ პროკურორად თქვენიდანიშვნის შემდეგ მას თქვენთვის მოუწოდებია «მნიშვნელოვანი ინფორმაცია»,რომლის საფუძველზეც დაგიწყიათ გამოძიება გრიფით «საიდუმლო», მაგრამ «არცარავის აინტერესებდა გამოძიება»...

 

ამიხსენით, თუ შეიძლება, ეს წინააღმდეგობრივი სიტუაცია: თუ დაიწყეთ, რატომაღარ გაინტერესებდათ?

 

ხომ არ ჩაერია მთავარი პროკურატურის საქმიანობაში ყბადაღებულიკოაბიტაციის პრინციპი, რომლის ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეშიგანხორციელებამ ჯერ შოკიდან გამოიყვანა «ნაციონალური მოძრაობა» და შემდეგხელისუფლებაში წამყვან ძალად დაბრუნების სურვილი გაუჩინა?



_ როგორც მახსოვს, მან განაცხადა, რომ ფლობდა მნიშვნელოვან ინფორმაციას და, შესაბამისად, დაჰკითხა კიდეც გამომძიებელმა. ამით ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაფიქსირდა.



ეს ინფორმაცია მე პირადად არ მიმიღია. შემდგომ როგორი მსვლელობა მიეცა მას, წმინდა საგამოძიებო საკითხია და ახლა საჯარო საუბრისთვის მიზანშეწონილი არ არის. შემიძლია გითხრათ, რომ მისი ინფორმაცია მიღებული იქნა კანონით დადგენილი წესით.



_ გამოძიება არ დაწყებულა?




_ რახან დაიკითხა, მაშასადამე, გამოძიება დაიწყო კიდეც. ადამიანი ვერ დაიკითხება, თუ გამოძიება არ მიმდინარეობს.



მაგრამ ერთი წყაროსგან ინფორმაციას რომ იღებ, საჭიროა იმ ჩვენებაში ასახულ გარემოებათა თანხვედრა სხვა გარემოებებთან, რათა რაღაც დამტკიცდეს. მთელი რიგი სამუშაოებისაა ჩასატარებელი. ეს პროცესი მიმდინარეობდა ჩემი პროკურორობის პერიოდში. ამის თქმა შემიძლია.



_ კოაბიტაცია და სამართალი, გამოძიება რა კავშირში შეიძლება იყოსერთმანეთთან?



_ მე ყოველთვის თავს ვარიდებდი პოლიტიკურ შეფასებებს. პროკურორი ვალდებულია, იყოს არაპოლიტიკური, არ უნდა დაექვემდებაროს საზოგადოების პოლიტიკურ განწყობილებას. ასეთია წესი და ასეთია მისი მოვალეობა.



ამიტომ თქვენი შეკითხვის მხოლოდ სამართლებრივ ნაწილს შევეხები, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პროკურორი აღარ ვარ.



სამართალდამცავმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ სამართლის ნორმებით თუ ანგარიში უნდა გაუწიოს საზოგადოებრიობაში არსებულ მოთხოვნებსაც? დავსვათ ეს შეკითხვა.



ჩემი პასუხი ზოგადად ასეთი იქნება:



სამართალდამცავი ორგანოს უპირველესი ვალდებულებაა, მისდიოს კანონს, სამართალს და, მიუხედავად იმისა, ვინ რომელ პარტიაშია გაერთიანებული, აღასრულოს სამართალი.



ასეთია ფორმულა.



მაგრამ ამ ამოცანის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანო ანგარიშს უწევს საზოგადოებაში არსებულ მდგომარეობას, ანუ საჯარო ინტერესს. ეს კანონითაც არის აღიარებული. კანონი ამბობს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა, შესაძლოა, არ დაიწყოს, თუ ის სისხლის სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგებაო, რაც ნიშნავს, რომ დევნა შეიძლება არ დაიწყოს, თუ მისი დაწყება საჯარო ინტერესს ეწინააღმდეგება. თუ რა არის საჯარო ინტერესი, ეს პროკურორის შესაფასებელი და გადასაწყვეტია.



მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში ისეთი დანაშაულების შემთხვევაში, რომელთა გამოძიება შეიძლება არ დაზარალდეს დაყოვნებით, პასუხისგებაში შეიძლება არ მიეცეს პირი, რომელმაც, შესაძლოა, ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობს. ეს ხდება იმიტომ, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა არ დადგეს ეჭვქვეშ.



ერთი მხრივ, კანონის შესაბამისად ასეთი დაყოვნება არ უნდა მოხდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, არჩევნების სანდოობის თვალსაზრისით, ალბათ, გამართლებულია გარკვეული თავშეკავება.



ამიტომ სამართალდამცავმა ორგანომ, პროკურატურამ უნდა იმოქმედოს კანონის მიხედვით, მაგრამ ანგარიში უნდა გაუწიოს საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებს ისე, რომ არ იქნეს ხელყოფილი საზოგადოების ინტერესები.



თუ ჩავთვლით, რომ საზოგადოების ინტერესი სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებაა, ამ ღირებულებას კი კონკრეტულ დროში კონკრეტული პირის პასუხისგებაში მიცემაზე მაღლა დავაყენებთ, როცა, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება ამ ოპერაციის ისე განხორციელება, რომ არ შეილახოს სამართლიანი არჩევნების პრინციპები, რომლებიც ქვეყნის განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ, რა თქმა უნდა, უპირატესობას ვანიჭებთ ამგვარ ღირებულებას და გარკვეულ პირთა პასუხისგებლობის საკითხი მაინცდამაინც იმ დროში არ დგება.



სამართლებრივი ურთიერთობისა და საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენების ასეთი დოზით თანხვედრა და ჰარმონია ნორმალურად მიმაჩნია. პროკურატურა და, თუ გნებავთ, პოლიცია, ვერ იქნება იზოლირებული საზოგადოებაში არსებული განწყობისგან. ოღონდ აქ გამოყენებული უნდა იყოს ისეთი დოზა, რომელიც კანონითაც დაშვებულია და ზნეობრივადაც გამართლებული.



წყალგამყოფი ზუსტად არ არის დადგენილი, უფრო შეფასების საგანია.



აქედან გამომდინარე, სამართლიანობის აღსრულება, კანონის მიდევნება, უნდა განხორციელდეს საჯარო ინტერესების გათვალისწინებით.



_ არჩევნები არ დაზარალდება, მაგრამ საზოგადოებაში ხომ უკმაყოფილებადაიბუდებს და გაძლიერდება?

 

 

სამართლიანობის აღდგენა რომ გვიანდება?



_ მე ის კი არ მითქვამს, რომ მუდამ უნდა იყოს იგნორირებული კანონიერი ინტერესების განხორციელება. ვთქვი მხოლოდ ის, რომ გარკვეულ ვითარებაში, გარკვეული დროით ტემპი და სიჩქარე შეიძლება განსხვავებული იყოს, ისე, როგორც ეს ავტომანქანის მართვის დროს ხდება. თორემ ის, რომ სამართლიანობის აღდგენა არ ხორციელდება იმ ტემპით, რომელიც არა მხოლოდ საზოგადოების მოლოდინია, არამედ მისი ინტერესებიდან გამომდინარეობს, ჩემი პოზიციაცაა.



გადადგომის შესახებ განცხადება რომ გავაკეთე, ერთ-ერთ გარემოებად დავასახელე, რომ აუცილებელია უკანონოდ ქონებაჩამორთმეულთა და უკანონო განაჩენის მსხვერპლთა საქმეების სასწრაფოდ შესწავლა. ეს აწუხებდა ქართველ საზოგადოებას. სხვათა შორის, საერთაშორისო ექსპერტი თომას ჰამერბერგიც იძლევა რეკომენდაციას, რომ მოხდეს ქონების ჩამორთმევის საქმეთა შესწავლა.



ერთი შეხედვით, ვინმემ ეს შეიძლება მხოლოდ პროკურატურის ამოცანად ჩათვალოს. პროკურატურას ევალება ამ ამოცანის შესრულება, მაგრამ ამისთვის საჭიროა შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობა.



პროკურატურა არ არის ის ინსტრუმენტი, რომელიც პოლიტიკურ ნებას განსაზღვრავს. ეს მთავრობის ან პარლამენტის დასადგენია. ასეთი ნება არა მარტო მაშინ არ იყო განსაზღვრული, როცა მე პროკურორის თანამდებობაზე ვმუშაობდი, არამედ დღესაც არ არის ჩამოყალიბებული; ნება, რომელიც უკანონოდ ქონებაწართმეულთა საკითხების შესწავლას და განაჩენის მსხვერპლთა საქმეების გადასინჯვას გაითვალისწინებდა. ამის გარეშე პროკურატურა ვერაფერს შეძლებს.



ამიტომ ვფიქრობდი და დღესაც იმ აზრზე ვდგავარ, რომ საჭიროა გაჭიანურებისა და დაყოვნების გარეშე, სწრაფად და დროულად მოხდეს ამ თემაზე შესაბამისი ნორმატიული ბაზის შექმნა, რომელშიც ხელისუფლების ნება გამოვლინდება.



აქ უამრავი თემა წამოიჭრება: ქონებრივი საკითხები, რომლებიც გამოძიებას შედეგად მოჰყვება, დროისა და ადამიანური რესურსების საკითხები _ ათიათასობით საქმის შესწავლას, გადახედვას ადამიანური რესურსები, მატერიალური ბაზა სჭირდება და ა. შ.



ამ ამოცანის განსახორციელებლად აუცილებელია ზუსტად ჩამოყალიბებული, დროში გაწერილი ქცევის წესი (რა და როგორ უნდა მოხდეს), რომლის აღსრულებაში ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა ითამაშოს პროკურატურამ.



ესაა ამოცანა.



ვფიქრობ, რომ დროც დამდგარია (საკმაოდ დაგვიანებულიცაა), რომ ხელისუფლებამ ეს საკითხი გადაწყვიტოს.



_ სამართლიანობის აღდგენა ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომლითაცწინასაარჩევნო პერიოდში «ქართული ოცნება» გვაიმედებდა. გარეშე ძალებმა ხომარ აიძულეს ახალი ხელისუფლება, უკან დაეხია?

 


_ სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, ჩემი პირადი აღქმა ოთხ ელემენტს მოიცავს.



პირველი, ქონების უკანონო ჩამორთმევის გამოძიებაა.



მეორე, უკანონოდ მსჯავრდებულთა საქმეების გადასინჯვაა.


მესამე, ამ უკანონობათა ჩამდენი ადამიანების პასუხისგებაში მიცემაა (აქ, უპირატესად, მხედველობაში უკანონობათა გენერატორები და არა რიგითი ამსრულებლები მყავს).



მეოთხე, როგორც მინიმუმ, _ მსგავსი უკანონობის არგამეორება.



რეალობამ გვაჩვენა, რომ პირველი ორი ელემენტი (ქონების და განაჩენების ნაწილში) შეჩერებული იქნა.



_ დღესაც შეჩერებულია.



_ დიახ. რეალურად ასეა. თუმცა გარკვეული პროგრესი ფიქსირდება იმ პირთა დასჯის თვალსაზრისით, რომლებიც ამ უკანონობებს გენერირებდნენ და ჩადიოდნენ. ხაზს ვუსვამ _ გარკვეული პროგრესი, მაგრამ არა სრული, ალბათ, დამეთანხმებით.  დღეს მსგავსი მეთოდებით ქონების წართმევა და უკანონო განაჩენების გამოტანა რომ არ ხდება, ესეც ფაქტია.



მაგრამ დასახული ამოცანის შესასრულებლად ეს საკმარისი არ არის.



_ რატომ, ბატონო არჩილ, რა უშლის ხელს?



_ რაც აქამდე ხელისუფლების მიერ მიზეზად სახელდება, არის ეკონომიკური ასპექტი: ქონებრივი საკითხების გადასინჯვა და განაჩენების გაუქმება სახელმწიფოს დიდ ეკონომიკურ პრობლემას შეუქმნის.


ეკონომიკური პრობლემა, რა თქმა უნდა, შეიქმნება, მაგრამ მე იმ აზრზე ვდგავარ, რომ იგი დაუძლეველი არ არის. ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია ისეთი წესის ჩამოყალიბება, რომელიც ამ პრობლემის რაც შეიძლება ჰარმონიულ მოგვარებას გაითვალისწინებს: დროში განწილვადების სახით, მაგალითად,  უკანონო განაჩენის მსხვერპლი ადამიანებისთვის კომპენსაციის მიცემით, რომელიც, მორალური ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით, სიმბოლურიც კი შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში ადამიანებს უსამართლოდ დასჯილის განცდა მოეხსნებათ, რაც დღეს, სამწუხაროდ, არსებობს.



მიმაჩნია, რომ ხელისუფლებას ევალება, სრულად შეასრულოს ის ამოცანები, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას კომპლექსურად შეძლებს.




_ დასასრულ, ადამიანმა დაძალებით თუ ნებით აგენტობა იკისრა. მის მიერმიწოდებული პატაკების საფუძველზე, სავარაუდოა, დაზარალდნენ ჩვენითანამოქალაქეები.

 

 

უნდა გაირკვეს თუ არა ასეთი გადაბირებული კაცის «საქმენი საგმირონი» თუ იგითავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რახან აღიარა აგენტობა?



_ სამართალდამცავი ორგანოს აგენტობა, თუ ის ნებაყოფლობითია (და არა შანტაჟის ნაყოფი) და თუ ის სახელმწიფოს ნამდვილ ინტერესს ემსახურება (მაგალითად, ნარკოტიკული დანაშაულის გახსნას), სწორი მოქალქეობრივი საქციელია. თუ პირი იძულებით ხდება აგენტი, მაშინ ის მსხვერპლია და პასუხი უნდა აგოს მან, ვინც ადამიანი მსხვერპლად აქცია. ძირითადი პასუხისმგებლობა კი იმას ეკისრება, ვინც სამართალდამცავ ორგანოს პოლიტიკური ჟანდარმის ფუნქცია დააკისრა. ფორმალური თვალსაზრისით, «აგენტი მსხვერპლიც» დამნაშავეა, თუმცა, მე რომ პროკურორი ვიყო, «აგენტ მსხვერპლს» (ცალკეული სპეციფიკის გათვალისწინებით) ყველაზე ნაკლებ პასუხისმგებლობას დავაკისრებდი.






(საქართველო და მსოფლიო)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016