ვეტერანთა კავშირი თელავში სტალინის ძეგლის გახსნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც ვეტერანები „რეპორტირთან" საუბარში აცხადებენ, საინფორმაციო სააგენტოებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. რეალურად, თელავში მოხდა არათუ სტალინის ძეგლის გახსნა, არამედ, ომში დაღუპულთა მემორიალური კომპლექსის რეაბილიტაცია.
„მემორიალური კომპლექსის აღდგენასთან ერთად, მთავარი მოვლენა არის ის, რომ იქვე დავამონტაჟეთ და მემორიალის მთლიან კომპლექსში ჩავსვით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გარდაცვლილი მეომრების მემორიალური დაფა. ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ სანამ რეაბილიტაცია დაიწყებოდა, მივმართეთ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას. ოფიციალური ნებართვის მიღების შემდეგ დავიწყეთ რეაბილიტაცია და მათ შორის სტალინის ძეგლის მონტაჟი, რადგან ეს არის მთლიანი კომპლექსის ნაწილი. აქ საკითხი არ დგას ისე, თითქოს ვიღაც სტალინის იდეების მიმდევარია, ეს არის ჩვენი ისტორია - ასე უნდა შევხედოთ. მეორე ის არის, რომ დღემდე ქალაქს არა აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გარდაცვლილთა მემორიალი, ეს სირცხვილი არ არის? ახლა რომ გამოდის საკრებულოს თავმჯდომარე და საუბრობს უკანონოდ და თვითნებურად დაამონტაჟესო, გვიპასუხოს, ამდენი ხნის განმავლობაში თელავში არ უნდა იყოს ადგილი, სადაც შეიძლება ამ ადამიანებს პატივი მივაგოთ? მაგრამ როგორც ძველი ხელისუფლების წარმომადგენელი, იმ ძველ პოლიტიკას აგრძელებს, რომელმაც 9 წლის მანძილზე მიიყვანა ქვეყანა.
სანამ ღონისძიება დაიწყებოდა, ჟურნალისტები მანამდე წავიდნენ, შემდეგ კი სიცრუის ტირაჟირება მოახდინეს, რომელიც სოციალურ ქსელებში ლამის დღის თემა გახდა. ღონისძიებაზე ბავშვები გამოვიდნენ და სამშობლოზე ლექსები წაიკითხეს, რა შუაში იყო სტალინი. ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი რომ გაიხსნა, იმას რატომ არ ამბობენ? 9 წელია ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთი ქვა რომ ვერ გააკეთა და ახლა ბრტყელ-ბრტყელებს ლაპარაკობენ, ამაზე რატომ არ ამახვილებენ ყურადღებას? ამ კომპლექსის აღდგენა არ ყოფილა ცალკეული ადამიანების სურვილი, ეს იყო საზოგადოებრივი დაკვეთა და უამრავი მოქალაქე თუ ორგანიზაცია მონაწილეობდა, რომლებიც გამოირჩევიან აქტიური საქმიანობით ქალაქისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბარში ვეტერანმა ალიკა ტალიურმა.
შეგახსენებთ, რომ 1 სექტემბერს თელავის ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „სტალინელის" ორგანიზებით, რეაბილიტირებული მემორიალური კომპლექსის გახსნა საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. კომპლესის ნაწილს წარმოადგენს სტალინის ძეგლი, რომელიც დღეს დილით ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ვარდისფრად შეღებეს.