„იაშვილის სახელობის კლინიკა და დანარჩენი 4 პედიატრიული ცენტრი როგორც ლუდხანა, ისე გაიყიდა"- ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა. დავით სერგეენკო აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდება იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკასა და ჰოლდინგში შემავალ სხვა პედიატრიულ ცენტრებში იძულებითი მმართველი შევა.
"მთავრობა სახელმწიფო ინტერესს არ დათმობს არანაირი კერძო ინტერესების სასარგებლოდ. ეს არის მსხვილი პედიატრიული ჰოლდინგი, ალოგიკურია იქ განვითარებული მოვლენები. ეს შეიძლება გააკეთოს მხოლოდ შეურაცხადმა ადამიანმა და გაყიდოს კლინიკები, როგორც ლუდხანა. უცხოელი ინვესტორები ეძებენ მყარ ლობისტებს სახელმწიფოსთან, მაგრამ ამ ინვესტორებმა ავნეს ამ კლინიკებს. თუ საჭირო გახდება სახელმწიფო ლეგალურად და სტრატეგიულად გამოიყენებს კანონს სტრატეგიული ობიექტების შესახებ. ვინაიდან, ეს პედიატრიული ცენტრები სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულებებია", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მას ამ დრომდე ეგონა, "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" წარმომადგენელმა თექინ ატიკმა კლინიკების მართვა არ იცოდა, თუმცა მან რელიგიური ინტერესები გამოავლინა ხატებისა და ჯვრების ჩამოხსნასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის მინისტრმა სისტემაში არსებული სიტუაცია სოფელ ჭელაში მიმდინარე მოვლენებს შეადარა.
"მეგონა ამ უცხოელმა ინვესტორმა არ იცის სისტემის მართვა, მაგრამ აქ სხვა სიმპტომატიკა გამოიკვეთა რელიგიურ თემებთან დაკავშირებით და სიტუაცია მართვადი გამოდგა. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს სოფელ ჭელას მოვლენებს",-განაცხადა დავით სერგეენკომ.
დავით სერგეენკოს ინფორმაციით, თუ ვითარება არ დარეგულირდება "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" წარმომადგენლებსა და მედპერსონალს შორის, შესაძლოა კლინიკებში იძულებითი მმართველი შევიდეს.