ნანი ბრეგვაძე დაიბადა 1936 წლის 21 ივლისს, თბილისში. მამა - გიორგი ეფრემის ძე ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა - ოლგა ალექსანდრეს ასული მიქელაძე ცნობილ დიდგვაროვანთა ოჯახიდან.
ნანი ბრეგვაძის ოჯახში ყველა მღეროდა. ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში ნანი ძველ რუსულ სიმღერებს და რომანსებს, გიტარის თანხლებით ასრულებდა.
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს მოსკოვში, "ახალგაზრდობის და სტუდენტთა VI საერთაშორისო ფესტივალზე" შედგა მისი პირველი გამოსვლა, მომღერლის რანგში, სიმღერით "ჩავაქრე სანთელი" ნანი გრეგვაძემ ლაურეტის წოდება მოიპოვა.
1959-1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს" სოლისტი.
პირველი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება - 1964 წლის გასტროლი მოსკოვის მიუზიქ-ჰოლთან ერთად პარიზში. მაშინ ნანი პირველად გამოვიდა მსოფლიო მნიშვნელობის დარბაზ ‘ოლიმპიაში', სადაც ორი თვის განმავლობაში მღეროდა. ამ მოვლენამ საბოლოოდ განსაზღვრა ნანი ბრეგვაძის, როგორც მომღერლის ბედი. პარიზიდან დაბრუნებული ნანი მიიწვიეს ანსამბლ "ორერაში", სადაც 15 წელი ითანამშრომლა. 1980 წლიდან ნანი ბრეგვაძე სოლო კარიერას იწყებს. ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოგზაურობს.
ნანის სიმღერებზე არა ერთი თაობა აღიზარდა და მრავალი ადამიანისთვის გახდა შთაგონების წყარო. ნანი ბრეგვაძის ხმა მრავალ ქართულ ფილმში ჟღერს, ამ მხრივ აღსანიშნავია: "ვერის უბნის მელოდიები", "შეხვედრა მთაში", "დათა თუთაშხია", ‘საბუდარელი ჭაბუკი", "განგაში" და სხვა. ახალგაზრდობაში ოცნებობდა მსახიობობაზე, ითამაშა კიდეც ორ ფილმში "სამკაული სატრფოსატვის" და "ბულოჩნიცა".
უსაზღვრო ნიჭი, საოცარი სინაზე, დამახასიათებელი არტისტიზმი, ხელოვნებისადმი სიყვარული და, რაც მთავარია, კაცთმოყვარეობა, რომელიც მის თითოეულ სიმღერაში იგრძნობა, დღესაც იპყრობს მილიონობით ადამიანის გულს. ნანი ბრეგვაძე წარმატებით გამოდის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 1974 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.
„რეპორტიორი" ნანი ბრეგვაძეს ულოცავს დაბადების დღეს. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.
(მოამზადა ანა ნოდიამ)