reportiori.ge - 22 ივლისს პაოლო იაშვილი გარდაიცვალა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:20
კულტურა
22 ივლისს პაოლო იაშვილი გარდაიცვალა
ავტორი:
22 ივლისი, 2014. 15:10


პაოლო იაშვილი დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში. პოეტის დაბადების ზუსტი თარიღი სადაოა, მაგრამ მიჩნეულია, რომ იგი დაიბადა 1894 წლის 29 ივნისს.

 

 

1900 წლის 1 სექტემბრიდან პაოლო იაშვილი მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ "ცისფერყანწელთა" მომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები: ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე. კლასიკური გიმნაზიის მოწაფეთა ისედაც მძლავრი ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდა 1905 წლის რევოლუციის მოახლოების შედეგად. 1911 წლიდან პოეტმა სწავლა განაგრძო ანაპაში- კერძო გიმნაზიაში.

 

 

პაოლო იაშვილი მოწოდებით მხატვარი იყო და ამ მიზნით გაემგზავრა 1913 წელს პარიზში, ლუვრთან არსებული ხელოვნების ინსტიტუტში სასწავლებლად, მაგრამ მოგვიანებით პოეზიით გატაცებამ ხელი ააღებინა ფერწერაზე. პოეტი ახლოს გაეცნო ფრანგი სიმბოლისტების შემოქმედებას. პარიზში გატარებულმა დრომ, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი შეასრულა პ. იაშვილის ლიტერატურულ მისწრაფებათა გამოკვეთის საქმეში.

 

 

1915 წელს მსოფლიო ომის ქარცეცხლსა და "ევროპის" ქაოსს გამოქცეული პოეტი ქუთაისში მკვიდრდება და აქტიურად ებმება ლიტერატურულ ცხოვრებაში.

 

პაოლო აქტიურ მონაწილეობას იღებდა მწერალთა კავშირის საქმიანობაში, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები".

 

 

პაოლო იაშვილი აღტაცებით შეეგება 1921 წლის 25 თებერვალს -საქართველოს გასაბჭოების დღეს და იმავე საღამოს დაწერა ამ ფაქტისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი - "ახალ საქართველოს".  ხელისუფლება და მისი გარკვეული წევრები ცდილობდნენ  შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს პოეტი აქტიურად იბრძოდა საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად. ეს ფაქტი დღევანდელი გადასახედიდან არარეალურია, რადგან სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლო კაცი შეგნებულად არ მოხვდებოდა მათ ბანაკში, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობას სისხლში ახშობდა.

 

 

1924 წლის ტრაგიკულმა მოვლენებმა მათ ოჯახს თავზარი დასცა. პოეტის ძმა 22 წლის  ვასილი სახალხო აჯანყებაში მონაწილეობისათვის შორაპანში დახვრიტეს. 1922-25 წლებში თითქმის 1934 წლამდე პაოლო იაშვილის შემოქმედებითი მუშაობის ინტენსიობა შენელებული ჩანდა.

 

 

მისი პირველი ლექსი "ღმერთო, ღმერთო" გაზეთ "კოლხეთში" 1911 წელს გამოქვეყნდა. პ. იაშვილის პირველი წიგნი 1955 წელს გამოიცა, ვრცელი კრებული 1959 წელს. პ. იაშვილის ტრიოლეტებისა და სონეტების გარდა ოსტატურად იყო დაუფლებული თავისუფალ ლექსსაც. მის შემოქმედებაში მარგალიტებივითაა გაბნეული მოთხრებები "ფერადი ბუშტები", "სამი ტკივილი". სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო დამთავრება პოემისა "გზა მშვიდობისა" (1936-1937 წლები). იგი მუშაობდა პუბლიცისტიკაში და ეწეოდა მთარგმენლობით საქმიანობასაც. მან ბავშვებისთვის დაწერა რამდენიმე ლექსი: "მედეას ლეკვი", "შემოდგომის დღე ფოთი", "ოთარ შოფერი" და სხვა.

 

 

პაოლო იაშვილი  აქტიურად მონაწილეობდა ხალხის კულტურის განვითარებაში. მნიშვნელოვანია პ. იაშვილის წვლილი ქართული თეატრის შექმნის საქმეში. იგი კოტე მარჯანიშვილთან ერთად აქტიურად ჩაება ქართული თეატრის აღორძინებისათვის ბრძოლაში. იყო სცენისმოყვარე, მონაწილეობდა ქუთაისის თეატრში დადგმულ სპექტაკლ "ღალატში".

 

 

პ. იაშვილი სულხან-საბა ორბელიანის დიდი თაყვანისმცემელი იყო. მას უნდოდა ს.ს ორბელიანის ნეშტის პოვნა ვსევსიატკოეში და გადმოსვენება.

პაოლო იაშვილზე ძლიერ იმოქმედა 1931-32 წლებში "ცისფერყანწელების" ჯგუფის გაუქმებამ.

პირველი დიდი მსხვერპლი, რომელიც 1937 წლის რეპრესიებმა შეიწირეს  პაოლო იაშვილი იყო.

 

 

პოეტი ვაჟკაცურად შეხვდა მოახლოებულ ტრაგედიას, რომელიც დიდიხანია მზადდებოდა და მოულოდნელი არ ყოფილა მისთვის. მან დაასწრო საბედისწერო განაჩენს, როცა ხალხისა და სამშობლოს მტრად შერაცხეს და ამისათვის ტყვია უნდა დაეხალათ.

 

 

გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელიც ბოლო ხანს პაოლოს უმართავდნენ ხოლმე "იდეოლოგიური მავნებლობის" გამო, მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისათვის "ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან": ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის მიერ "ჩადენილ მოღალატებრივ საქმიანობაზე".

ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ "ხალხის მტრისა და დივერსანტის" საქციელს და კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ მართალი ხარ დაგვიმტკიცეო. ასე თანდათანობით მზადდება საფუძველი პაოლო იაშვილის ტრაგედიისათვის.

 

 

მწერალთა კავშირის ოქმებში ხშირად მოიძებნებოდა  ხალხისა და ქვეყნის მტრებად გამოცხადებულ მწერალთა ,  დასჯილთა  თუ  დასასჯელად გამზადებულთა  სიები.

 

 

მეწყერივით თავს დამტყდარმა ბედისწერამ პაოლო ტრაგიკული არჩევანის წინაშე დააყენა: ან დალოდებოდა კარს მომდგარ უმკაცრეს განაჩენს, ან ნიშნად, პროტესტისა და უმწეობისა, თავად უნდა დაესწრო და თვითმკვლელობით აღდგომოდა წინ მოზღვავებულ ბოროტებას. როგორც ცნობილია, პოეტმა მეორე გზა აირჩია...

 

 

უკანასკნელი წერილი მან საყვარელ მედეას გაუგზავნა. მისი სიყვარულითა და უკურნებელი დარდით გაშორდა იგი ამ ქვეყანას. პატარა გოგონას სიყვარულმა ვერ შეაცვლევინა გადაწყვეტილება.

მწერალთა სასახლეში დატრიალებული ტრაგედიით სულშეძრულ მიხეილ ჯავახიშვილს ცრემლმოერვით უთქვამს: "ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა"-ო.

 

 

თვითმკვლელობის შემაძრწუნებელ ამ ფაქტს მეტ ტრაგიზმს სძენს ის მოვლენაც, რომ  პოეტმა ეს საბედისწერო ნაბიჯი სწორედ იმ წუთებში გადადგა, როდესაც პრეზიდიუმის სხდომაზე მისი განაჩენი გამოჰქონდათ". მან მწერალთა სასახლის კედლები საკუთარი თავისთვის ნასროლი ტყვიის გრიალით შეაზანზარა.

 

 

სისხლით შეიღება კაბინეტი, ჭერი და კედლები. სამწუხაროდ ამ ფაქტმა შედეგი ვერ გამოიღო და ჯერ კიდევ გაუცივებელი და სისხლშეუმშრალი პოეტის გვამს საბჭოთა იდეოლოგიის მონებმა თუ კარიერის მაძიებელმა ზიზღისა და ცილისწამების ახალი რისხვა დაატეხეს.

 

 

1937 წლის ტრაგედიიდან მოყოლებული პაოლო იაშვილის, როგორც რეპრესირებული მწერლის, სახელის ხსენებაც კი აიკრძალა.

 

პაოლო იაშვილი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

ის თითქოს გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას.....

 

"ღმერთო! აპატიე,-

მე თუ ვერ მიშველი-

დედას, რომ დაგინთო ჩემ სიგრძე სანთელი,

მისთვის, რომ ჩემს გულში

დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი".






(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016