კულტურის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, აღნიშნული თანამდებობის დაკავებაზე შეთავაზება გუშინ მიიღო. მან „იმედთან" საუბარში განაცხადა, რომ კონკრეტული გეგმების დასახელებამდე დრო 26 ივლისამდე აქვს, მანამდე კი საკუთარი ხედვის ჩამოყალიბებას შეძლებს.
„შეთავაზება გუშინ მივიღე. მე და პრემიერმა კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებით ზოგადად ვისაუბრეთ. კონკრეტულ გეგმებზე რომ ვისაუბრო, ალბათ არასერიოზული იქნება. სტრუქტურაში უნდა ჩავიხედო, ჩვენი ხედვა წარმოვადგინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება კონკრეტულ საქმეებზე საუბარი", - განაცხადა გიორგაძემ.
მისივე თქმით, შესაძლოა, სამომავლო გეგმების განსახორციელებლად სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდეს.
„სიურპრიზი არავისთვის იქნება, რომ უფრო კომფორტულად და წარმატებით განხორციელდება არსებული გეგმები იმ გუნდთან ერთად, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში მოვდივარ. უამრავი დიდი პროექტი გვაქვს ერთად განხორციელებული, ერთი მსოფლმხედველობის ხალხი ვართ, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩემს გვერდზე ჩემი გუნდი უნდა იყოს", - განაცხადა გიორგაძემ.
მინისტრობის კანდიდატს მიაჩნია, რომ კულტურის სამინისტრო საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც უნდა აქტიურობდეს, რაც აქამდე არ ხდებოდა.