reportiori.ge - პეტრე მამრაძე: გარიგება შედგა - ხელს მოგიწერ, მაგრამ ჩემს კანდიდატურას ხელი არ მოჰკიდოო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:11
პრეს-დაიჯესტი
პეტრე მამრაძე: გარიგება შედგა - ხელს მოგიწერ, მაგრამ ჩემს კანდიდატურას ხელი არ მოჰკიდოო
ავტორი:
24 ივლისი, 2014. 16:17

 

 

სააკაშვილ-კუბლაშვილის ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილებებმა ჩვენთვის ფარსად, ტაკიმასხრობად აქცია სამართლიანობის პროცესი. როგორი მართალიც არ უნდა იყოს, სასამართლო სპექტაკლებში მონაწილეობის შედეგი ისევ უსამართლობა იქნება, აზრს კარგავს ამ ჯამბაზობაში, თუ უარესი არა - აღვირახსნილ, უზნეო, ამორალურ შურისმაძიებელ სპექტაკლებში მონაწილეობა. გაზეთები „ალია" და „კვირის ქრონიკა", პროტესტის ნიშნად, აცილებას აძლევენ სასამართლო ხელისუფლებას და არანაირ მონაწილეობას აღარ მიიღებენ სააკაშვილ-კუბლაშვილის უზნეო, უსამართლო ე.წ. სასამართლო პროცესში, სანამ სასამართლო სისტემა არ შეიცვლება და არ გაიწმინდება უზნეო მონა მოსამართლეებისგან, რადგან ახლა აზრი არ აქვს, რა მტკიცებულებებს დადებ და ვის წარადგენ მოწმეებად პროცესზე. „ოცნების" ხელისუფლება საზოგადოებას დაჰპირდა, რომ არჩევნების შემდეგ დაამთავრებდა „ნაცმოძრაობას". დაიწყეთ ეს ბოროტების იმ ბუდიდან, რომელსაც „ნაციონალი" სააკაშვილ-კუბლაშვილის სასამართლო ჰქვია.

 

 

რა პრინციპით აარჩია ახალი მინისტრთა კაბინეტი პრემიერმა და რატომ დატოვა კაბინეტში ადამიანები, ვის მოხსნასაც საზოგადოება ელოდებოდა? ვისი ზურგი აქვთ „ნაციონალებს" და რატომ ჩააყენეს უმრავლესობა „ბოდიშის" მდგომარეობაში?

 

 

„ალიას" პეტრე მამრაძე ესაუბრა:

 

 

- ბატონო პეტრე, ექსპერტების ნაწილი უცხოელი პროკურორების ჩამოყვანას, სააკაშვილის დაპატიმრებისთვის მზადებას უკავშირებენ. როგორც ჩანს, ჩვენი სამართალდამცავები ამ საქმეს ვერ ართმევენ თავს. პირად საუბარში მითხარით, რომ მიშას არ დაიჭერენ. რატომ ფიქრობთ ასე?

 

 

- არ დაიჭერენ სააკაშვილს. ყველას გვახსოვს ლევან ბერძენიშვილისა და სხვების რიტორიკა, რომ თურმე „ქოცები" კი არა, საქართველოა არჩევნების წინაშე, რომ ან დავიჭერთ მიშას და მაშინ ჩაიკეტება ჩვენთვის გზა დასავლეთისკენ, რომელთანაც უნდა დავივიწყოთ ევროინტეგრაცია, ან არ დავიჭერთ მას და ეს იქნება ის ფაქტორი, რომელიც სხვა ფაქტორებთან ერთად უზრუნველყოფს ჩვენს ევროინტეგრაციასო. ამას დაამატა, რა ვქნათ, სააკაშვილის რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოსიო.

 

 

- ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უცხოელი პროკურორები გახმაურებული საქმეების გამოძიებას გაუწევენ ზედამხედველობას. ცოტა გახმაურებულ დანაშაულშია სააკაშვილი გარეული? თან ხალხი ითხოვს სააკაშვილის გასამართლებას.

 

 

- დიახ, არა მხოლოდ სააკაშვილის დაჭერა სურს ხალხს, არამედ სხვებისაც, კეზერაშვილის ექსტრადიციაც კი ვერ მოახერხეს, ადეიშვილზე ლაპარაკი საერთოდ დამთავრდა, სხვები გაქცეულები არიან. ამ ფონზე, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ სწორად გადადგეს ნაბიჯი, რომ მოიწვიეს ეს სახელგანთქმული პროკურორები. მათ შორის ისეთებიც არიან, რომელთაც მსოფლიოში გახმაურებული საქმეები წაუყვანიათ, მე როგორც ვიცი, ყოფილი პოლიტიკური პირების მიმართაც. ეს ემსახურება ასეთ რამეს: ჯერ ერთი, ხელისუფლება ეცდება, აჩვენოს, რომ პროკურატურას აქვს მასალები შეგროვებული იმაზე, რომ კონკრეტულ დანაშაულს, რომელიც ამ პირების მიერ არის ჩადენილი, არანაირი საერთო არ აქვს ამ ადამიანების პოლიტიკურ დევნასთან. ანუ ის, რაც დასავლეთში ხდება რეგულარულად, არის ჩვეულებრივი მოვლენა. გავიხსენოთ ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის დაჭერა, შირაქი გასამართლებულია, ბერლუსკონის მიესაჯა, სარკოზი დაკავებული იყო, ხორვატიის პრემიერ მინისტრს 9 წელი მიესაჯა და ა.შ. ხელისუფლება ყველგან და ყოველთვის მაცდურია, ამიტომ ის უბიძგებს ადამიანებს ძალაუფლების გადაჭარბებისკენ. ესენი კი, როგორც კი ხელს მოკიდებენ, მაშინვე ყვირიან, პოლიტიკური ზეწოლააო, სწორედ ამის გასაბათილებლად მოიწვიეს ეს პროკურორები.

 

 

- როცა ამბობთ, სააკაშვილს არ დაიჭერენო, აქვე გკითხავთ, თუ მას დაუმტკიცებენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, კითხვების ნიშნები მოიხსნება და დასავლეთთან რა პრობლემები გვექნება?

 

 

- ახლა მათ უნდა დაამტკიცონ ეს, რადგან „ქოცების" რეიტინგი ყოველდღე ეცემა, არჩევნებზეც ხალხმა მათ სილა გააწნა და გააფრთხილა თავისი პროტესტით, თქვენი მანდატის ლეგიტიმურობა თავდებაო. ამ ფონზე, შეიძლება საქმე აღძრა, მაგრამ სად საქმის აღძვრა და სად - დაპატიმრება. ასე კეზერაშვილის მიმართაც არის საქმე აღძრული და ამბობდნენ, რომ უფრო დიდი უსუსურობა, რაც პროკურორის წარმომადგენლის მხრიდან მოდიოდა პროცესის დროს, წარმოუდგენელი იყო. ამიტომ ყველაზე დიდი, რასაც ამ პროცესებისგან ველოდები, არის ის, რომ მაქსიმ უმ საქმეს აღძრავენ სააკაშვილის წინააღმდეგ. სხვა მხრივ, „ქოცების" უნიათობა მეტს ვერ შეძლებს. მოწმის სახით უკვე დაბარებული იყო, ახლა საქმეს აღრავენ, მაგრამ ექსტრადიცია და გასამართლება არ მოხდება. სააკაშვილს კი არა, კეზერაშვილს, თოფურიძესა და ახალაიას არავინ ახლო ხელი. ამ პროკურორების ვიზიტს აქვს მიზანი, რომ მოხდეს გამჭვირვალობის დემონსტრირება, არა იმიტომ, რომ ვინმეს დასამალი აქვს რამე, არამედ პირიქით, არის თუ არა საკმარისი საფუძველი სააკაშვილის წინააღმდეგ. მოკლედ, ეს დადებითი მომენტია, მაგრამ კბილაშვილის დროს რომ მოეწვიათ, კიდევ უკეთესი იქნებოდა. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ „ოცნებას" რომ გამოეჩინა პოლიტიკური ნება, ქვეყანაში ყოფილიყო კანონის უზენაესობა და სამართალდამცავებს ემუშავათ სხვა შტოებისგან დამოუკიდებლად, მაშინ საქმე აუცილებლად აღიძვრებოდა. მაგალითად, გეტყვით, პრესა გამუდმებით წერდა, რომ სააკაშვილმა დახარჯა თანხები ბიუჯეტიდან, საკუთარი ვაჟების სწავლის დასაფინანსებლად, ფავორიტი ქალებისთვის სამკაულების შესაძენად და ა.შ. საქმე არ აღიძრა, გადის წელიწადი და ამ საქმეზე იბარებენ მოწმის სახით. არადა, აშკარად მთავარი ფიგურანტი უნდა ყოფილიყო. მაშინ აღეძრათ, სანამ პრეზიდენტი იყო, მხოლოდ მისი კი არა, უამრავი ხელმოწერა იყო იმ გადარიცხვის ფურცელზე. მე კანცელარიაში ვმუშაობდი და კარგად ვიცი, როგორ ირიცხება თანხები ბიუჯეტიდან, რა ხელმოწერებია საჭირო. როცა გამოქვეყნდა დოკუმენტები, უშიშროების საბჭოს აპარატიდან ამხელა თანხები რომ გამოიყო ლობისტურ კომპანიებზე, ეს რატომ არ იქნა გამოძიებული? ლობისტურ კომპანიებთან უშიშროების მდივანს რა საქმე ჰქონდა? ბოკერიამ რომ ნაღდი ფული წაიღო, ეს რატომ არ გამოიძიეს?

 

 

- ხელისუფლება ხომ არ ცდილობს ამ გახმაურებულ საქმეებზე აჟიოტაჟის ატეხით დროის გაყვანას, რადგან მას ჩვენი ხმები ისევ დასჭირდება მომავალ არჩევნებზე?

 

 

- ეს არისპიარაქცია, რომლის დადებითი ისაა, რომ ყვირილი პოლიტიკურ დევნაზე უნდა დასრულდეს და ამისთვის სჭირდებათ დამტკიცება საკუთარი გადაწყვეტილების, რომელსაც განამტკიცებენ უცხოელი პროკურორები. როცა ლაფანყურის ოპერაციას არ იძიებ და ყოფილ მერს ხელს კიდებ, მაშინ არც უნდა გიკვირდეს, რომ თუნდაც ფეხებამდე დანაშაულში იყოს ჩაფლული, ადამიანებს მაინც უტოვებ წარმოდგენას, რომ არ არის ეს მართლმსაჯულება. ეს არის წვეთ-წვეთად წყლის გამოშვება ონკანიდან, როცა გინდა, მაშინ რომ ხსნი ონკანს. თორემ უგულავა შარშან რომ დაეპატიმრებინათ, ეს არავის გაუკვირდებოდა თბილისში, რადგან ყველამ კარგად იცოდა თბილისის მერიაში დარღვევების შესახებ. გამოაცხადეს მორატორიუმი, რომელიც ჩემი აზრით, მარაზმი იყო, რადგან კონსტიტუციის 44-ე მუხლის დროებითი გაჩერების ტოლფასია, ასეთ დროს აპატიმრებენ ყოფილ მერს. როცა სასამართლო აძლევს უგულავას ქვეყნიდან გასვლის უფლებას, მერე აკავებენ. არ მოჰყვებოდა ამას ყვირილი? ან მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა არ გამჟღავნდებოდა?

 

 

- ბატონო პეტრე, პრემიერმა ახალი მინისტრები წარადგინა, უფრო ეფექტურად იმუშავებენო. ზოგიერთებმა თქვეს, „უპატრონო" მინისტრები გაუშვა ღარიბაშვილმაო. თქვენ როგორ ფიქრობთ?

 

 

- ჩემთვის ეს ყველაფერი კარგად გასაგები იყო. ამ დროის განმავლობაში სამინისტროებთან კარგი კონტაქტი მქონდა, სადაც არაერთი პატიოსანი ადამიანი მუშაობდა. მართლაც თვალშისაცემია,რომ არსად მოკიდეს ხელი მინისტრს, რომლის უკანაც კოალიციაში შემავალი რაიმე პოლიტიკური ძალა იდგა. უფრო მეტიც, განათლების მინისტრს არ შეეხნენ. სანიკიძე მარგველაშვილის პროტეჟე იყო, რომლის უკანაც არავინ დგას, მაგრამ პირადად ივანიშვილის შერჩეული კადრი იყო.  სწორედ პრეზიდენტი წარადგენს პარლამენტში მინისტრებს, ამიტომ აქ გარიგება შედგა, რომ ხელს მოგიწერ, მაგრამ ჩემს კანდიდატურას ხელი არ მოკიდოო. არაერთი ჩემი ახლობლისგან მომისმენია, რომელიც განათლების სამინისტროსთან კონტაქტშია, რომ სანიკიძის განთავისუფლების მოლოდინი იყო, რადგან ის არ ფლობდა პროფესიონალისთვის საჭირო თვისებებს. ჭიკაიძე საერთოდ ოდიშვილის მუდმივ საქილიკო თემად იქცა, რა ხდება ეკონომიკაში, ესეც ყველასთვის ცნობილია, სად არის სასიკეთო ძვრა საერთოდ? შესაბამისად, ხადურიც. ღარიბაშვილი მოერიდა პოლიტიკური ძალების გაღიზიანებას, მაგრამ შიგნიდან გამოვიდა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილი ითხოვს მინისტრებისგან სრულ მორჩილებას და მიიღებენ თუ არა რაიმე ბრძანებას, შეასრულონ ულაპარაკოდ და სწრაფად. ეს არ არის დემოკრატიული მმართველობა და არც კანონითაა განსაზღვრული, თუ როგორ უნდა იმუშაოს მინისტრთა კაბინეტმა. გავიხსენოთ ხათუნა გოგალაძე, რომელიც სპეციალისტია და ვერ დაუკარგავ, მაგრამ, როგორც კი ნარჩენების შესახებ კანონპროექტი იხილებოდა პარლამენტში, რაც სააკაშვილის დროსაც აკრძალული იყო, აღმოჩნდა, რომ საქართველო მისთვის ასეთ ძვირფას ვალუტას ხარჯავს ნარჩენების შემოტანაზე. ამიტომ ვამბობ, რომ ყველა მინისტრი სრული მორჩილების ნიშნით დაინიშნა. როგორც ნარმანია შეარჩიეს მერად, ამ ნიშნით და ყველა ბრძანებას დაემორჩილება, რასაც პრემიერი იტყვის, ამიტომაა, რომ საინტერესო პიროვნებები კი არ არიან, არამედ სისტემა. ნაცვლად სტრუქტურის ოპტიმიზაციისა, ასეთ ფაქტებს ვხედავთ. ჩვენნაირი ქვეყნისთვის 20 მინისტრი საჭირო არაა, 14-იც საკმარისია, მაგრამ ხელს არ კიდებენ, რადგან აწყობთ ეს სავარძლები თავის ხელფასიან-პრემიებიანად.

 

 

- ამის ფონზე „ნაციონალები" დიდ ჰონორზე არიან, თითქოს მხარდაჭერასა და ზურგს გრძნობენო. ვისგან იგრძნობენ, როცა თავად სააკაშვილია დასაჭერთა სიაში?

 

 

- ყველაზე დიდი ზურგი „ნაციონალებისთვის" არის „ქართული ოცნება". მისი უნიათობა, არაპროფესიონალიზმი, დაყოფა და ეკლექტიზმი. კიდევ ის, რომ შიგნით ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ, არის იმის საფუძველი ,რომ მათ ზურგი მიეცათ. „რემენას" ტესტს რომ ვერ გაივლის ხელისუფლება და ოპონენტთან ფრთები ეკვეცება, არ იცის, რა უპასუხოს, უკვე პრობლემაა. მას კი ისღა დარჩენია მერე, მოუწოდოს ოპოზიციას, ნუღარ საუბრობთ ამ თემაზეო. როცა ამ თემაზე არ გაქვს პასუხი, ძალიან რთულია, სხვა თემებზე გასცე პასუხი ოპონენტს.

 

 

- „ბოინგის" ჩამოგდებასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი რეზოლუციის ტექსტის მიღება მოითხოვეს „ნაციონალებმა". როცა რუსეთის გაღიზიანება არ უნდოდათ, არც თავად იღებდნენ მსგავს რეზოლუციებს. კარგად იცნობთ „ნაციონალებს" და რისი ჩვენება უნდოდათ ამით, ხელისუფლება მშიშარააო, თუ რუსეთთან შეკრულიო.

 

 

- ესენი არიან წვრილი პროვოკატორები. მოგეხსენებათ, სააკაშვილმა შეასრულა პუტინის ყველა დავალება. ამერიკელი პოლიტოლოგები მეუბნებოდნენ ამას ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ. რუსებთან შეგნებულად შეგდებული იყო ბიძამისი და უამრავი ვინმე იყო შეუგნებლად. ახლა ამათ უნდათ, ხელისუფლებამ ისეთი რამ მოიმოქმედოს,რომ მერე იყვირონ, აი, ხომ ხედავთ, ესენი ცდილობდნენ რუსეთის გულის მოგებასო. მათ ასევე უნდათ, რომ წაუგებელი თამაში ითამაშონ და აქვთ კომპლექსი, რომ დაამტკიცონ, თითქოსდა საქართველოს ხელისუფლება მეხუთე კოლონაა. რის ფონზე ახერხებენ ამას? მხოლოდ იმით, რომ თავის დროზე „ოცნებამ" არ მისცა ზუსტი პოლიტიკური შეფასება სააკაშვილისა და მისი ხროვის მოქმედებას. როცა სააკაშვილს ეტყოდნენ, რომ არის მოღალატე და შესაბამის გამოძიებას დაიწყებდნენ, დღეს არ მოუწევდა გია ვოლსკის თავის მართლება. შეტევაზე მაშინ არის ხალხის მტერი, როცა გაალაღებ, სამწუხაროდ, „ქოცებმა" გაალაღეს „ნაცები".


 

 


(ჟანა ასანიძე, გაზეთი „ალია")


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016