ცოტა შორიდან დავიწყებ: ამ გუნდების ბურსაში გამართული შეხვედრის ყურებისას, ძალიან ემოციურ თურქ კომენტატორს, პირზე ორი გვარი ეკერა, ქვილითაია - რეხვიაშვილი; მართლაც, ეს ორი ფეხბურთელი ხშირად ხვდებოდა მოვლენათა ეპიცენტრში, რადგან ძირითადად „ბურსა" უტევდა და მათ ჩაშლაში ყველაზე მეტად ეს ორი ფეხბურთელი მონაწილეობდა.
სხვათა შორის, ეს ის რეხვიაშვილია, სეზონის დაწყების წინ თბილისის „დინამოში", უკვე მეორედ რომ დაიწუნეს და მას ტლანქი ჩეხი დოსოუდილი ამჯობინეს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ საპასუხო შეხვედრაშიც ორივე მათგანი უაღრესად საიმედო იყო, თუმცა ისევე, როგორც დანარჩენი ცხრა საჩხერელი.
დაცვის ცენტრში პრაქტიკულად შეუცდომლად მოქმედებდა კაშია, სხვათა შორის, ეს ის კაშიაა, რომელიც წლების მანძილზე „დინამოს" ღირსებას იცავდა და შემდეგ უპრობლემოდ შეელიენ. ნახევარდაცვაში, ძალიან პროდუქტიული დათუნაიშვილისა და ენერგიული დეკანოიძის გვერდით უზარმაზარი სამუშაო გასწია ძალიან ნიჭიერმა ახალგაზრდა ჯაბა ჯიღაურმა, რომელიც შეხვედრის 120-ე წუთზეც კი მოედნის ყველა კუთხეში ასწრებდა ყოფნას. სხვათა შორის, ეს ის ჯაბა ჯიღაურია, რომელიც თბილისის „დინამოდან" ორჯერ გაანათხოვრეს საჩხერეში. თურქული „ბურსა" გაცილებით უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე „აქტობე", რომელმაც ასე შეარცხვინა ჩვენი მარადმწვანე ჩემპიონი.
თავის მხრივ „დინამო" საშინაო ჩემპიონატში იოლად უსწორდება „ჩიხურას". და რა გამოდის? არაფერი ბატონებო. საჩხერლები ფეხბურთს თამაშობენ, თამაშობენ გულიანად, ჯიგრიანად და რაც მთავარია,გუშინ, იცოდნენ რას აკეთებდნენ. მათ კარგად უწყოდათ მოწინააღმდეგის ძალა და ალბათ ერთადერთი სწორი ტაქტიკა აირჩიეს: ბრძოლა მოედნის ყველა მონაკვეთზე, სივრცეების გადაკეტვა, საკუთარი კარის მისადგომების საიმედოდ ჩარაზვა და მწვავე კონტრშეტევები. ბრავო სოსო ფრუიძეს, მან ლამის ლუის ვან გაალივით გამოიცნო სამივე შეცვლა, რადგან სწორედ მოედანზე შემოსულმა კორიფაძემ და მუმლაძემ გაიტანეს გადამწყვეტი პენალტები. გვერდს ვერ ავუვლი კუჭუხიძე-გაბედავას დუეტს, რომელთაც პირდაპირ გატანჯეს თურქი მცველები.
მართალია, გოლი არ გაუტანიათ, მაგრამ „ბურსას" დაცვის ხაზი საიმედოდ იყო მიჯაჭვული საკუთარ ნახევარს და შეტევებში მასირებულად გადასვლას ვერ ბედავდა. მოკლედ დიდი გამარჯვება მოპოვებულია. წინ ბაქოს „ნეფთჩისთან" დაპირისპირებაა. გაისვრიან ფრუიძის შეგირდები კიდევ ერთხელ? ამას ერთ კვირაში ვნახავთ.
P.S. თბილისის „დინამოში" კიდევ ორი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი „არ სჭირდებათ": პაპუნაშვილი და ცინცაძე. იქნებ „ჩიხურასთვის" ეთხოვებინათ?