ბიძინა კვერნაძე დაიბადა 1928 წლის 29 ივლისს. მამა - ალექსანდრე კვერნაძე - ქ. სიღნაღის აფთიაქის გამგე იყო. დედა - ნინო ნადირაშვილი, მუსიკის მასწავლებელი. ერთხანს თბილისში, ზაქარია ფალიაშვილთან მეცადინეობდა, შემდეგ სწავლა გერმანიაში განაგრძო.
5 წლის იყო ბიძინა, როდესაც დედა გარდაეცვალა. სწორედ მისი სურვილი იყო, რომ ის მუსიკოსი გამხდარიყო. 17 წლის ბიძინა კვერნაძე ნიჭიერთა ათწლედის ბაზაზე გახსნილ სკოლა-ინტერნატში ჩაირიცხა. მას ინსტრუმენტად - კონტრაბასი ერგო. მის მუსიკალურ ბიოგრაფიაში გადამწყვეტი როლი, ქალბატონმა- ტერეზა არონიშიძე შეასრულა.
1953 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია.
მისი სადიპლიმო ნაწარმოები, სიმფონიური პოემა „შემოღამება მთაწმინდაზე" (ნიკოლოზ ბარათაშვილის მიხედვით) შესრულდა საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მიერ.
1959 წელს ჩატარდა „ამიერკავკასიის მუსიკალური გაზაფხული", რომელიც არამ ხაჩატურიანის რეკომენდაციით გაიგზავნა ვენაში ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალზე. ავტორი ბიძინა კვერნაძე სამახსოვრო მედლით დაჯილდოვდა.
1963 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. იყო საქართველოს სახალხო არტისტი.
ბ. კვერნაძეს შექმნილი აქვს მუსიკა ოცდაათზე მეტი ფილმისათვის, მათ შორის მრავალსერიანი ფილმისათვის „დათა თუთაშხია" (ჯ. კახიძესთან ერთად). მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები: „ჭინჭრაქა", „ყვარყვარე", „ზაფხულის ღამის სიზმარი", „მე ვხედავ მზეს".
1981 წელს მიენიჭა ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემია.
1985 წელს ბ. კვერნაძეს ოპერისათვის „იყო მერვესა წელსა" და უკანასკნელი წლების კინომუსიკისათვის მიენიჭა შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
1996 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
2003 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ საზეიმოდ გაიხსნა ბიძინა კვერნაძის სახელობის ვარსკვლავი.
(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)