საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლებას ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი სამართლიანობის აღდგენას ავალდებულებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობა ობიექტურ გამოძიებას მიესალმება, ამასთან სამართლებრივი პროცესები გამჭვირვალეა და დაინტერესებულ პირებს მტკიცებულებების გააანალიზების შესაძლებლობა ექნება.
„2012 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ ხალხისგან მიიღო მკაფიო დავალება, რომ შეექმნა ისეთი სამართლებრივი სისტემა, როგორსაც იმსახურებდა, და ეს, პირველ რიგში, გულისხმობდა სამართლიანი სისტემის შექმნას. ჩვენ ხალხისგან მივიღეთ მანდატი, რომელიც ამ დავალებას ზედმიწევნით შესრულების ვალდებულებას გვაკისრებს.
ქართველ ხალხს სურს, რომ საბოლოოდ დაესვას წერტილი დაუსჯელობას, რომელიც წლების განმავლობაში იყო გაბატონებული ჩვენს ქვეყანაში. ქართველი ხალხი მის მიერ არჩეული ხელისუფლებისგან მოითხოვს ისეთ სისტემას, სადაც ჩადენილი დანაშაულისთვის კანონის წინაშე პასუხს აგებს საქართველოს თითოეული მოქალაქე და სადაც თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენმა მთავრობამ, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, მაქსიმალურად შეუწყო ხელი ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებას. სასამართლო აღარ განიცდის ხელისუფლების გავლენას, მთავარი პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფით, პოლიტიკა განდევნილია სასამართლო სისტემიდან, სამართალდამცავი ორგანოები და ჯარი სრულად დეპოლიტიზირებულია, დაცულია ბიზნესი და კერძო საკუთრება, უზრუნველყოფილია მედიის თავისუფლება, მოქალაქეთა ყველა ძირითადი უფლება სრულად დაცულია, დასრულდა ადამიანთა წამება ციხეებში, გაიზარდა მსჯავრდებულთა უფლებები.
დღეს, ყოველგვარი პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე, მთავარმა პროკურორმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და პასუხისგებაში მისცა ისინი, ვინც, სავარაუდოდ, დაარღვია კანონი. პროცესი აბსოლუტურად ღიაა - ქართველ ხალხს და მთელ მსოფლიოს, ყველა ჩვენს პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოს, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა სრულად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გააანალიზოს ამ მნიშვნელოვან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
საქართველოს მთავრობა მიესალმება ობიექტურ გამოძიებას, რადგან სწორედ ამ გზით შევძლებთ ჩვენ, რომ საქართველოს სამართლებრივი სისტემა გახდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. ჩვენი საბოლოო მიზანია ავაშენოთ ჭეშმარიტად დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონის წინაშე ყველა მოქალაქე იქნება თანასწორი და კანონზე მაღლა არავინ იდგება", - ნათქვამია განცხადებაში.