„საჯარო სამსახურის შესახებ"კანონში ცვლილებია დაგეგმილი, რომლის დამტკიცების შემდეგ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები პრემიას ვეღარ აიღებენ. ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში თანამდებობის პირებს შორის საბიუჯეტო წესრიგის არსებობა აუცილებელია.
"ყველა, ვისაც ხალხი საკრებულოში ირჩევს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, საქართველოს პარლამენტში და ასევე ამ არჩეული ადამიანების მიერ არჩეული და დამტკიცებული პირები პრემიას ვერ მიიღებენ. არც ერთი ადამიანის ზნეობასა და მორალზე არ უნდა იყოს დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტი. უნდა არსებობდეს საბიუჯეტო წესრიგი პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის. ეს საბიუჯეტო წესრიგი მოითხოვს, რომ საქართველოს მოსახლეობამ, ამომრჩეველმა იცოდეს, რაში იხარჯება ბიუჯეტი და ფული. ეს არ არის არავის კეთილ ნებაზე დამოკიდებული", - განაცხადა ხიდაშელმა.
ხიდაშელი საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისინი პრემიების თემით სპეკულირებენ.
"საქართველოს პარლამენტში უმცირესობის წარმომადგენლებს ვუპასუხებდი, რომ ყოველი მათგანი არის აბსოლუტურად უზნეო მათივე ლოგიკით, რადგან, ისინი, საქართველოს პარლამენტის წევრები მუდმივად, 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ იღებდნენ პრემიებს", - განაცხადა ხიდაშელმა.