reportiori.ge - როგორ იკერებოდა გიორგი სანაიას საქმე?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:16
პრეს-დაიჯესტი
როგორ იკერებოდა გიორგი სანაიას საქმე?
ავტორი:
29 ივლისი, 2014. 18:41


საქმე, რომელმაც უკვე მესამე ხელისუფლება შეიცვალა და კვლავაც ბურუსითაა მოცული... საზოგადოება დღემდე, ამაოდ ელის პასუხს კითხვაზე: ვინ და რა მოტივით მოკლა ჟურნალისტი გიორგი სანაია? გიორგის მკვლელობიდან 13 წელი შესრულდა და ეს საქმე ისეთივე ბურუსითაა მოცული, როგორც 13 წლის წინ. პროკურატურამ ოჯახის არაერთი განცხადება ხელახალი გამოძიების ჩატარების თაობაზე, რეაგირების გარეშე დატოვა. ამ დღეებში გარდაცვლილის ძმა, ჟურნალისტი ვახო სანაია კიდევ ერთხელ მიმართავს საგამოძიებო უწყებას, მანამდე კი „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში დეტალურად ყვება, როგორ იკერებოდა გიორგი სანაიას გახმაურებული საქმე.


რა საიდუმლო წაიღო იმ ქვეყნად ეროსი კიწმარიშვილმა? ვის აწყობდა ჟურნალისტის ლიკვიდაცია? როგორ აიძულებდნენ მოწმეებს, ჩვენებების შეცვლას და რატომ ააგორეს გარდაცვლილი ჟურნალისტის ირგვლით ბინძური ჭორები? ამ თემებზე „პრაიმტაიმის" კითხვებს ჟურნალისტი ვახო სანაია უპასუხებს, თუმცა მანამდე ჩვენს მკითხველს საქმის მასალებიდან რამდენიმე საინტერესო დეტალს შევახსენებთ, დასკვნები კი თქვენთვის მოგვინდია.


ცნობილია, რომ იმ დღეს გიორგი სანაიას ოჯახი სახლში არ იმყოფებოდა. მეუღლე და ბავშვი დასასვენებლად ჰყავდა გაგზავნილი. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, გიორგი გვიან ღამით ბინაში გრიგოლ ხურცილავასთან ერთად დაბრუნდა, რომელმაც მოგვიანებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჟურნალისტს საკუთარ ბინაში სასიკვხილო ჭრილობა მიაყენა. ერთი შეხედვით გამოძიებას ყველაფერი „დალაგებული" ჰქონდა. დამუშავებული მოწმეები, რომლებიც ოფიციალურ ვერსიას ამყარებდნენ, შემთხვევის ადგილზე წაშლილი დანაშაულის კვალი და დამნაშავის აღიარება... ეს სცენარი თავდაყირა დააყენა ქალბატონის ჩვენებამ, რომელიც გიორგის ბინის მოპირდაპირე მხარეს წლების განმავლობაში პურს ყიდდა. ამ ქალბატონის ჩვენებით ირკვევა, რომ მაშინ, როცა გიორგი სანაია სამსახურში იყო და ეთერში გასასვლელად ემზადებოდა, მის ბინაში ვიღაც იმყოფებოდა. ამ ვერსიით, ჟურნალისტს მკვლელი სახლში ელოდებოდა.


„უკვე საღამო იყო, გასაყიდი კიდევ ბევრი პური მქონდა დარჩენილი. ასეთ შემთხვევაში მე პურს ზესტაფონის ქუჩაზე მდებარე № 4 ქარანაში ვაბრუნებდი ხოლმე, ამიტომ შევხედე საათს, მოვასწრებდი თუ არა ქარხანაში მისვლას მეტროთი, რომელიც 24:00 საათამდე მუშაობს, თორემ მერე ფეხით მექნებოდა წასასვლელი. საათს რომ შევხედე, იყო 22:10 საათი. ამის შემდეგ გამოვიხედე პირდაპირ და დავინახე, რომ გიორგი სანაიას ბინაში სამზარეულოში შუქი ენთო, შემდეგ შუქი აინთო აივნის ამოშენებულ ნაწილში, სადაც ის 5-10 წუთი ენთო, რის შემდეგ აივნის ამოშენებულ ნაწილში შუქი ჩაქრა, ხოლო სამზარეულოში კვლავ ენთო. შემდეგ რამდენიმე ხანი გავიდა და მე კვლავ შევხედე საათს, მოვასწრებდი თუ არა მეტროთი წასვლას. ამ დროს იყო 23:15 საათი. პირდაპირ, რომ გავიხედე, გიორგი სანაიას ბინაში - არც სამზარეულოში, არც აივნის ამოშენებულ ნაწილში და არც სხვაგან - შუქი აღარ ენთო", - წერს გამყიდველი ქალბატონი საკუთარ ჩვენებაში.


არც გამოძიება და არც სასამართლო არ დაინტერესებულა, ვინ და რას ეძებდა გიორგი სანაიას ბინაში მაშინ, როცა ის ფიზიკურად სამსახურში იმყოფებოდა? ამ კითხვისთვის გამოძიებას პასუხი არ გაუცია და შესაბამისად, მოწმის ჩვენებაც მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდზე დარჩა.


სამაგიეროდ გამოძიება ძალ-ღონეს არ იშურებდა იმ ვერსიის გასამყარებლად, რომლის თანახმადაც გიორგი სანაია დაახლოებით ღამის 03:30 საათზე გმირთა მოედნის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, სადაც გრიგოლ ხურცილავას შეხვდა, რომელიც საკუთარ ბინაში თავადვე დაპატიჟა. ამ მიზნით გამოძიებას იმ მოწმეებზე ზემოქმედებაც დასჭირდა, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ ხსენებულ დროს სანაია სახლში საკუთარი ავტომობილით, მარტო დაბრუნდა. „პრაიმტაიმი" გთავაზობთ ამონარიდს ავტოსადგომის დარაჯის ჩვენებიდან, სადაც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად იკითხება გამოძიების მიერ მოწმეზე ზეწოლის ფაქტი. ჩვენების დასაწყისში დარაჯი ყვება:


„იქნებოდა დაახლოებით ღამის 3 საათი და 25 წუთი, როდესაც გიორგი მოვიდა თავის ბადრიჯნისფერი „ნივით", სახელმწიფო ნომრით MUR-905 და დახლების წინ, თავისუფალ ადგილზე გააჩერა მანქანა. მე მივედი მასთან, მივესალმე და გიორგიმ მომცა თავისი მანქანის გასაღები. ის მარტო იყო. რა ეცვა, არ მახსოვს და თუ რამე ეკავა ხელში, არც ეს მახსოვს. მანქანა რომ დააყენა, ფეხით წავიდა თავის სახლისკენ", - წერს ჩვენების დასაწყისში სანაიას სახლთან მდებარე ავტოსადგომის დარაჯი.


თუმცა იმავე ჩვენების დასასრულ, მოწმემ მთლიანად უარყო ზემოთ ნათქვამი. ეს მას შემდეგ, რაც გამომძიებელმა მიანიშნა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, კერძოდ:


„დაკითხვის წინ თქვენ გაფრთხილებული იყავით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის. გაქვთ თუ არა გაცნობიერებული ეს პასუხისმგებლობა და თქვენს ჩვენებაში ხომ არ არის ისეთი პუნქტები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება?" - გამომძიებლის ამ გაფრთხილების შემდეგ, მოწმემ უარყო საკუთარი ჩვენება და განაცხადა:


„ახლა, როცა დავფიქრდი, რომ საჭიროა ყველაფრის გულახდილად თქმა, მინდა შევცვალო ჩემს ჩვენებაში ის, თითქოს მე შევესწარი გიორგის მოსვლას ბოლო ღამეს. გთხოვთ, მაპატიოთ და ამჟამად სიმართლეს გეტყვით იმის შესახებ, რომ მე გიორგის მოსვლა საერთოდ არ გამიგია, რადგან, როცა საჭმელი ვჭამე, დაახლოებით ღამის 2 საათზე, ისე ძალიან ვიყავი დაღლილი, რომ წამოვწექი და დავიძინე. ამიტომ არც გიორგის მოსვლა მინახავს და არც ის ვიცი, რომელ საათზე მოვიდა ".


ეს არ არის ერთადერთი შეუსაბამობა... ურთიერთგამომრიცხავი და შეცვლილი ჩვენებები გიორგი სანაიას საქმეში საკმაოდ უხვად მოიპოვება, თუმცა ამაზე უკვე გიორგი სანაიას ძმა, ჟურნალისტი ვახო სანაია გვესაუბრება.


- ვახო, პირველ რიგში, მინდა გაკითხო ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების შესახებ... ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში შენ აღნიშნე,რომ ეროსიმ თან გაიყოლა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გიორგი სანაიას მკვლელობის შესახებ... რა ინფორმაციას ფლობდა ის ამ საქმეზე?

 

- ეროსი იყო ძალიან გავლენიანი ადამიანი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის იყო ტელევიზიის ხელმძღვანელი და სწორედ იმ პერიოდში მოხდა გიორგის მკვლელობა. ყველამ და, მათ შორის ეროსიმ ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა. მას შემდეგ, რაც შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვალა, ეროსი შედიოდა იმ ოთხეულში, რომელიც ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი იყო. შესაბამისად, მას ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეროსიმ, სავარაუდოდ, გადაწყვიტა, რომ ამ საქმეზე არ ესაუბრა გაზეთის ფურცლებიდან, ან ტელეეთერით. საჭირო იყო ხელახალი და ობიექტური გამოძიება, რომლის ფარგლებში, ბევრ სხვა ადამიანთან ერთად, დაიკითხებოდა ეროსი კიწმარიშვილიც, რომელიც დარწმუნებული ვარ, მის ხელთ არსებულ ინფორმაციას გამოძიებას მიაწვდიდა. მე ვარ, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი, მაგრამ ვერსად ნახავთ, რომ ვინმეს ბრალი დავდე პრესის ფურცლებიდან. ამას ვაკეთებ სრულიად შეგნებულად, რადგან იმედი გვაქვს, რომ, ადრე თუ გვიან, მოხდება რეალური გამოძიება, ჩატარდება სასამართლო პროცესი და ყველაფერი გაირკვევა. სასამართლო, რომელიც მაშინ გაიმართა, იყო დადგმული სპექტაკლი. ალბათ, გახსოვთ, მას პირდაპირ ეთერში გადასცემდა სახელმწიფო ტელევიზია და ცდილობდნენ, იმ ვერსიის საზოგადოებაში დამკვიდრებას, რომელიც მაშინდელმა გამოძიებამ შემოგვთავაზა. იმ სასამართლოზე საერთოდ არ განხილულა მკვლელობის პოლიტიკური მოტივი, მეტიც, მოსამართლემ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და თქვა, რომ ეს იყო მკვლელობა მოტივის გარეშე. ხვდებით, ალბათ, რამხელა აბსურდთან გვქონდა საქმე. ამიტომაც დროა, ჩატარდეს ობიექტური სასამართლო, რომელსაც წინ უნდა უძღოდეს, ასევე, ობიექტური გამოძიება. ბოლოს კბილაშვილის დროს შევიტანე პროკურატურაში განცხადება, საიდანაც მივიღეთ პასუხი, რომ ჩვენ საქმეს ვერ გამოვიძიებთო. არადა ბოლო ინსტანციის, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ხელახალი გამოძიების სრულ შესაძლებლობას იძლევა.


- რა არის ის ხელჩასაჭიდი, რომლის საფუძველზე შესაძლოა, ხელახალი გამოძიება დაიწყოს... არსებობს თუ არა რაიმე ახალი გარემოება?

 

- უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის ერთი საინტერესო ჩანაწერი, სადაც მოსამართლე ამბობს, მე მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ პროკურატურამ უნდა გააგრძელოს მუშაობა, რადგან ეს საქმე ბოლომდე გარკვეული არ არისო. მოსამართლემ გარკვეულწილად აირიდა პასუხისმგებლობა და ეს ფანჯარა დატოვა. ამიტომაც ეს ჩანაწერი პროკურატურას აძლევს შესაძლებლობას, ძიება თავიდან დაიწყოს, რასაც უკვე 13 წელია ვითხოვთ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. დღესაც არაფერს აკეთებს პროკურატურა.  საქმე არის სამივე მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.


- ჩავთვალოთ, რომ შევარდნაძის მთავრობა დაინტერესებული იყო ამ საქმის ჩაფარცხვით... საინტერესოა, რატომ თქვა უარი სააკაშვილის ხელისუფლებამ, ფარდა აეხადა ამ მკვლელობისთვის, ან რატომ არ არის დაინტერესებული დღევანდელი ხელისუფლება გამოძიების თავიდან დაწყებით?

 

- ეს არის ის იშვიათი საქმე, რომელიც ყველა მთავრობას აშინებს, რადგან ძალიან სერიოზულ თემებზე და გავლენიან პერსონებზეა საუბარი. ამ დღეებში კიდევ ერთხელ მივმართავ პროკურატურას, ძალიან მაინტერესებს არა მხოლოდ პროკურატურის, არამედ იმ პოლიტიკური პერსონების პასუხი, რომლებიც ახლა მმართველობაში არიან, თავის დროზე კი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა. შევარდნაძის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა , რომ ეს საქმე არასწორად წასულიყო, სააკაშვილის მთავრობამ, საერთოდ, არაფერი გააკეთა, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში კი პროკურატურამ ერთხელ უკვე გვითხრა უარი, ახლა კიდევ ერთხელ მივმართავ და ვნახოთ, რა პასუხი იქნება.


- როგორ ფიქრობ, რატომ არ აწყობთ ამ საქმის გახსნა?

 

- მე ერთი რამ ვიცი: ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ, ძალიან გავლენიანები იყვნენ. ეს ადამიანები არსად არ გამქრალან. შემიძლია, ქრონოლოგიურად მოვყვე, როგორ ყალიბდებოდა საქმე. მაგალითად, ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ქალბატონმა ნათელა ქართველიშვილმა, რომელიც გიორგის სახლის მიმდებარედ პურს ყიდდა, თავდაყირა დააყენა გამოძიების ვერსია. ეს ქალბატონი, ჩვენი თხოვნით, ინარჩუნებდა დუმილს, სანამ გამოძიება არ დასრულდებოდა. როდესაც გამოძიებამ სრულიად აბსურდული ვერსია დადო, სწორედ მაშინ მისცა ჩვენება და ყველაფერი ამოატრიალა. ამ ქალბატონმა დაინახა, როგორ ინთებოდა ოთახებში შუქი გიორგის არყოფნის დროს. ანუ სახლში გიორგის მისვლამდე შესული იყო დაქირავებული ქილერი. ეს გამოძიებამ, უბრალოდ, გაატარა. როგორ შეიძლება ეს საკითხი გამომძიებელსა და მოსამართლეს არ აინტერესებდეს. როგორ შეიძლება ყურადღების გარეშე დატოვო ის ფაქტი, რომ იმ დღეს გიორგიმ სახლის გასაღები დაკარგა. მკვლელი, სავარაუდოდ, სწორედ იმ გასაღებით შევიდა ბინაში, თავად გიორგიმ კი თავის სიდედრს მეორე გასაღები გამოართვა, სახლში რომ შესულიყო.


გიორგი იმ დღეს, რა თქმა უნდა, მარტო მივიდა სახლში, ამას ადასტურებენ მოწმეებიც, რომლებსაც მოგვიანებით ჩვენებები შეაცვლევინეს. ერთ-ერთი ავტოსადგომის დარაჯი მალევე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მეორე დარაჯი ადასტურებს, რომ გიორგი ნამდვილად მარტო მივიდა სახლში, მაგრამ მას იქვე შეაცვლევინეს ჩვენება და დააწერინეს, რომ თურმე ეძინა და არაფერი გაუგია.


გიორგის მკვლელობიდან მალევე პოლიტიკური პროცესი წარიმართა ისე, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე და გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი თანამდებობებიდან გადადგნენ, თუმცა მანამდე კახა თარგამაძე ამბობდა, რომ სანაიას საქმე პრაქტიკულად გახსნილია და გაჩვენებთ, სინამდვილეში რა მოხდაო. გადადგომის დღეს გია მეფარიშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, „მე ახლა გეტყვით, რა კავშირია გიორგი სანაიას მკვლელობასა და „რუსთავი 2"-ში ახლა მიმდინარე პროცესებს შორისო" (ეს ის პერიოდია, როცა უშიშროების სამსახური „რუსთავი 2"-ში შევიდა). ეს თქვა გენერალურმა პროკურორმა პირდაპირ ეთერში და ამ დროს რა მოხდა? პირდაპირი ეთერი ანძიდან გათიშეს და ეს გადაცემა საერთოდ ჩაშალეს. მეფარიშვილმა იქვე თქვა, მე არ მომეცა სანაიაზე საუბრის საშუალება, ამიტომ რისი თქმაც მინდოდა, პრესაში გამოვაქვეყნებო. პრესაში მოგვიანებით მართლაც გამოქვეყნდა მისი წერილი, მაგრამ გიორგის საქმის შესახებ იქ უკვე ერთი სიტყვაც  არ არის ნათქვამი. სასამართლოს ერთხელაც არ გასჩენია სურვილი, გენერალური პროკურორი დაეკითხა, რომელმაც პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა.


- როგორც ცნობილია, გიორგის საქმეზე თავდაპირველად სხვა პიროვნება, ვინმე გელაშვილი ჰყავდათ დაკავებული... რას ისახავდა მიზნად მისი დაკავება?

 

- დიახ, პირველად დააკავეს დავით გელაშვილი, რომელთან ინტერვიუს ჩაწერაც მოხერხდა საპატიმროში. მან პირდაპირ თქვა, რომ მე დამიჭირეს სულ სხვა საქმეზე, მაგრამ მეუბნებიან, - შენ თავზე უნდა აიღო გიორგი სანაიას მკველობაო. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, გამოძიება ჩატარდება და ყველა მისცემს ჩვენებას. მათ შორის კახა თარგამაძე, რომელიც დღეს თავისუფლად დადის საქართველოში, აძლევს ინტერვიუებს და მიდი-მოდის. ეს ხალხი უნდა დაიკითხოს სასამართლოში. სასამართლოზე დაიკითხებოდა სწორედ ეროსი კიწმარიშვილიც. გაირკვევა, რატომ არ დაინტერესდა გამოძიება კასეტით, რომელსაც პარლამენტის წევრი ელენე თევდორაძე ახსენებდა? რატომ ააფეთქეს გიორგის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში ვეფხია მარგოშვილი და ა.შ. ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. თუ ობიექტური გამოძიება ჩატარდება, მოწმეები მზად არიან, მისცენ რეალური ჩვენებები. ისინი მზად არიან, მოყვნენ, ვინ მიდიოდა მათთან და ვინ აიძულებდათ ჩვენების შეცვლას. ჩემთვის ეს ყველაფერი ცნობილია და არც ეს ხალხი აპირებს დამალვას.


გრიგოლ ხურცილავა, რომელიც გიორგის მკვლელობისთვის გაასამართლეს, საკუთარ ჩვენებაში ამბობს, რომ როდესაც გიორგის ბინა დატოვა, გასაღები წამოიღო და ბუჩქებში გადააგდო. ის მკვლელობიდან ხუთი თვის შემდეგ დააკავეს და როდესაც ეს გასაღები ამოიღეს, აღმოჩნდა, რომ გასაღები აბსოლუტურად გაპრიალებული იყო. შეგიძლიათ, ექსპერიმენტი ჩატაროთ, გასაღები სადმე გარეთ დააგდოთ და 10 დღის შემდეგ მიაკითხოთ, წვიმაც კი არ არის საჭირო იმისთვის, რომ გარეთ დაგდებული გასაღები ჟანგს მოიკიდებს. წარმოიდგინეთ, ხუთი თვის განმავლობაში გარეთ ნაგდები გასაღები როგორ შეიძლებოდა, გაპრიალებული ყოფილიყო? ცხადია, გასაღები ვიღაცის სეიფში ინახებოდა და როცა დასჭირდათ, გამოაჩინეს.


- გრიგოლ ხურცილავა პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის კანონის საფუძველზე ცოტა ხნის წინ, ვადაზე ადრე განთავისუფლდა... როგორ შეხვდა შენი ოჯახი ამ ფაქტს და ზოგადად, რას იტყვი ამ საქმეში მისი როლის შესახებ?

 

- ჩვენს მაგალითზე მინდა ვთქვა, რომ ამნისტია განხორციელდა ხარვეზებით. არ შეიძლება ასე მასობრივად გამოუშვა საეჭვო ადამიანები, რაც შეეხება უშუალოდ გრიგოლ ხურცილავას, მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართო გრიგოლ ხურცილავას. დარწმუნებული ვარ, ის ამ ინტერვიუს წაიკითხავს - მისი განთავისუფლებით საქმე არ დასრულებულა, პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება. მას მოუწევს სულ სხვა სასამართლო პროცესზე მოსვლა, ილაპარაკოს სიმართლე და პასუხი გასცეს სხვა შეკითხვებს, მაგალითად, იმას, რა ბედი ეწია მის ვალებს? რატომ შეცვალა გამოძიების პროცესში რამდენჯერმე ჩვენება? რა თემაზე მივიდა მისი მეგობარი ხვედელიანი „რუსთავი 2"-ში მოლაპარაკებაზე. ხვედელიანი, რომელიც ტელეკომპანიას სთავაზობდა, რომ მზად არის, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მეგობარი „ჩაუშვას" და დაასახელოს ის, როგორც რეალური მკვლელი. არავინ დაინტერესებულა ასლან აბაშიძის განცხადებით, მკვლელობამდე რა ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა გიორგი სანაიას მიმართო?


- რას გულისხმობდა ასლან აბაშიძე?

 

- ასეთი ანგარიშსწორება მართლაც იყო. ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანის დაცვის წევრებთან მოუხდა უთანხმოება. ამ ყველაფერს, კონკრეტული გვარებითა და სახელებით ვიტყვი, ოღონდ ეს იქნება სასამართლოში, რომელიც აუცილებლად ჩატარდება.


- გამოძიება ამტკიცებდა, რომ იმ ღამეს გიორგი გმირთა მოედანზე შენიშნეს...

 

- კი და უკვე გასაგები იყო, საითკენაც მიჰყავდათ საქმე. არსებობს აშშ-ში ჩატარებული ნიადაგმცოდნეობის ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც გიორგის იმ ტერიტორიაზე საერთოდ არ გაუვლია. ეს დასკვნა გაკეთდა ნიადაგიდან და ფეხსაცმლიდან აღებული სინჯების საშუალებით შეერთებულ შტატებში. ამ ვერსიის გავრცელება და ბინძური ჭორების აგორება მიზანმიმართულად ხდებოდა, რათა საზოგადოებაში ჩაეკლათ ის მუხტი, რომელიც გიორგის მკვლელობამ გამოიწვია. ამ ვერსიას ავითარებდნენ გიორგის მკვლელობამდე, მის შესახებ წინასწარვე ავრცელებდნენ ათას სიბინძურეს. ესეც სასამართლოს განხილვის თემა იქნება, რადგან აშკარაა, რომ წინასწარვე ამზადებდნენ საფუძველს ამ ვერსიის გასამყარებლად.


მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016