reportiori.ge - საქართველო უცხოურ მედიაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:52
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
საქართველო უცხოურ მედიაში
ავტორი:
29 ივლისი, 2014. 18:56


„ბი-ბი-სი" (დიდი ბრიტანეთი),  „რადიო სვობოდა//ეხო კავკაზა" (აშშ),  „ნიუ-იორკ თაიმსი" (აშშ): „უოლ სტრიტ ჯორნელი" (აშშ),  „ნეზავისიმაია გაზეტა" (რუსეთი), „სვობოდნაია პრესა" (რუსეთი) - საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აშუქებს.


--------------------------------------------



„ბი-ბი-სი" (დიდი ბრიტანეთი), 29 ივლისი, 2014 წელი

http://www.bbc.co.uk/russian/international/2014/07/140721_saakashvili_prosecution_akhmeteli.shtml

მიხეილ სააკაშვილის გასამართლება თბილისში მიტინგის დარბევის გამო სურთ

დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია „ბი-ბი-სი"-ს რუსულენოვანი სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალა (ავტორი ნინა ახმეტელი) ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მიღებულ დადგენილებას - რადგანაც აღიძრას სისხლის სამართლის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.



პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული დადგენილების შინაარსი: ჩამოთვლილია ის ბრალდებები, რომლებიც ოფიციალურად მიხეილ სააკაშვილს 24 საათის განმავლობაში უნდა წაუყენონ: 2007 წლის ნოემბრის მასობრივი მიტინგის დარბევა, ტელეკომპანია „იმედში" უკანონო შეჭრა და კანონიერი მფლობელის ქონების სხვა პირისადმი უკანონო გადაცემა. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ამ ბრალდებებით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.



მიხეილ სააკაშვილის გარდა, ბრალდებებს წაუყენებენ აგრეთვე მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ივანე მერაბიშვილს (პატიმრობაშია სხვა ბრალდებით), ექს-გენპროკურორს ზურაბ ადეიშვილს (იმყოფება საზღვარგარეთ), თავდაცვის ექს-მინისტრს დავით კეზერაშვილს (იმყოფება საზღვარგარეთ) და თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას (პატიმრობაშია სხვა ბრალდებით).



აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ ეს დადგენილება გამოიტანა იმის შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა სამართალდამცველ სტრუქტურაში მოწმის სახით გამოცხადებაზე. თვითონ ექს-პრეზიდენტი ზემოთ ჩამოთვლილ ბრალდებებს „სუფთა პოლიტიკურად" მიიჩნევს (მასალაში ვრცლადაა გადმოცემული მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერი ფეისბუქში ბრალდებებთან დაკავშირებით).



„რადიო სვობოდა//ეხო კავკაზა" (აშშ), 24 ივლისი, 2014 წელი

http://www.ekhokavkaza.com/content/article/25473312.html

კახი კახიშვილი: „პროკურატურამ სერიოზული მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს"

რადიოეთერში გადაცემულ აუდიოსიუჟეტში განხილულია საქართველოს მთვარის პროკურატურის გადაწყვეტილება ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებების შესახებ. ამ თემაზე კორესპონდენტი ქეთი ბოჭორიშვილი პრაღიდან ტელეფონით ესაუბრება თბილისში მყოფ პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორს კახი კახიშვილს.

კახი კახიშვილის აზრით, საქართველოს პროკურატურამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ინტერპოლის მეშვეობით ძებნა უნდა გამოაცხადოს, თუმცა, რადგანაც იგი რიგითი მოქალაქე არ არის და მას დასავლეთში მფარველები ჰყავს, ამიტომ წაყენებული ბრალდებები ძალიან მტკიცე და სერიოზული უნდა იყოს. „ალბათ, პროკურატურამ გაითვალისწინა ეს ყველაფერი და მას მართლაც აქვს ძალიან სერიოზული მტკიცებულებები მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულზე. ალბათ, პროკურატურამ მოწვეული სპეციალისტების რჩევები გაითვალისწინა. მოწვეულ სპეციალისტებს შორის სლობოდან მილოშევიჩის პროკურორიც არის, მაგრამ აქ განსხვავება ისაა, რომ მილოშევიჩი დასავლეთს სძულდა, სააკაშვილს კი მფარველობენ... ამიტომ მტკიცებულებები მყარი უნდა იყოს.

თუ საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას მიაღწევს, მაშინ აშკარაა, რომ ეს ყველაფერი მართლაც სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის  მიზნით კეთდება, მაგრამ თუ ვნახავთ, რომ ხელისუფლება მაინც და მაინც თავს არ იწუხებს მისი ექსრადიციისათვის, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ მთავრობის მიზანი 2016 წლის არჩევნებისაგან მისი პოლიტიკური იზოლირებაა", - ამბობს ინტერვიუში კახი კახიშვილი.



„ნიუ-იორკ თაიმსი" (აშშ), 29 ივლისი, 2014 წელი

http://www.nytimes.com/2014/07/29/world/europe/georgia-files-criminal-charges-against-ex-president.html?_r=0

სისხლის სამართლის ბრალდებები ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ

დევიდ ჰერშენჰორნი

(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ორშაბათს ყოფილ პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის ბრალდებები გამოაცხადა. ბრალდებები ითვალისწინებს ხელისუფლების ბოროტად გამოყენებას, რომელიც ძირითადად მის მიერ 2007 წლის ნოემბრის პროტესტების დარბევაში გამოიხატა.


მიხეილ სააკაშვილმა რიგი რადიკალური პოლიტიკური ცვლილებები გაატარა 2004-2012 წლებში, მაგრამ ორვადიანი მმართველობის შემდეგ პრეზიდენტის პოპულარობა დაეცა და შესაბამისად, მისი მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა არჩევნები წააგო.


ბატონ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული ბრალდება, როგორც ჩანს, ყველაზე მნიშვნელოვანი და პოლიტიკურად მოტივირებულია იმ ბრალდებებს შორის, რომელიც მისი ადმინისტრაციის ჩინოვნიკების მიმართ არსებობს. უკვე მსჯავრდებულია მიხეილ სააკაშვილის ყველაზე ახლო მოკავშირე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც კორუფციის გამო თებერვალში გაასამართლეს, აგრეთვე თბილისის მერი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც მიმდინარე თვეში დააპატიმრეს.


იმ მიზეზით, რომ შეიძლებოდა თავისი პოლიტიკური კონკურენტების სამიზნე გამხდარიყო, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ვადის დასრულებისთანავე საქართველო დატოვა. ამჟამად იგი აშშ-ში და ევროპაში ცხოვრობს და მუშაობს.


დასავლელმა ჩინოვნიკებმა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ქეთრინ ეშტონისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის ჩათვლით, შეშფოთება გამოხატეს ყოფილი ჩინოვნიკების სამართლებრივი დევნის გამო, რომელშიც პოლიტიკური მოტივები იკვეთება.


საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისი დასავლური დემოკრატიის ნორმების ერთგული მხარდამჭერია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარყო რაიმე პოლიტიკური მიზნების არსებობა  სამართლებრივ დევნის განხორციელების დროს და ამის სამაგალითოდ საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის დაკავების ფაქტი გაიხსენა.


ბატონი მიხეილ სააკაშვილი ცნობილი გახდა მას შემდეგ, როცა საქართველოში მისი ლიდერობით „ვარდების რევოლუცია" მოხდა და ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება დაემხო. მოგვიანებით, 2007 წელს, სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგაც ქუჩის მრავალრიცხოვანი გამოსვლები მოეწყო. პროტესტები იმდენად ძლიერი იყო, რომ პოლიციამ მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და ბრანდსპოიტები გამოიყენა. ბატონმა სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, დახურა ორი სატელევიზიო კომპანია, მათ შორის „იმედი", რომელიც ძირითადი ოპოზიციური სამაუწყებლო ტელეარხი იყო.


მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის ის ბრალდებები, რომელიც პროკურატურამ ორშაბათს გამოაცხადა, გულისხმობს სწორედ ხელისუფლების ბოროტად სარგებლობას ძალის გამოყენებით, მიტინგების უკანონოდ დარბევას, აგრეთვე ტელეკომპანიის უკანონოდ ჩამორთმევას [მიტაცებას] მფლობელისათვის.


სახალხო პროტესტების პასუხად მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის იანვარში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, რომელშიც თვითონ გაიმარჯვა.


პროკურატურამ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე არ გამოცხადდა. ექს-პრეზიდენტთან ერთად ბრალდებაში მისი ადმინისტრაციის ოთხი სხვა მაღალჩინოსანიც ფიგურირებს.


„დემონტრანტების ულმობელი დარბევა, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში, - მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე მოხდა".


მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა უარყვეს პროკურატურის ბრალდებები, „უსაფუძვლოდ" მიიჩნიეს და თქვეს, რომ ამომრჩეველმა პროტესტების დარბევას ვერდიქტი იმით გამოუტანა, რომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად ახალი ვადით აირჩია.



„უოლ სტრიტ ჯორნელი" (აშშ), 29 ივლისი, 2014 წელი

http://online.wsj.com/articles/what-a-georgian-shame-1406589952

საქართველოს სირცხვილი

პოლიტიკური შურისძიება საფრთხეს უქმნის იშვიათ პოსტსაბჭოთა წარმატებას

(თავისუფალი თარგმანი, შემოკლებით)

დემოკრატია მთელ მსოფლიოში უკან იხევს და ამ ფონზე იოლია ყურადღებიდან კავკასიის უკანასკნელი [„ცოდვილი"] ლიდერის ბედი გამოგვეპაროს, მაგრამ ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო - იმედია, შეერთებული შტატები თავის სიტყვას იტყვის. მიხეილ სააკაშვილმა 2003 წელს ვარდების რევოლუცია განახორციელა, იგი პრეზიდენტად იქნა არჩეული, გახდა აშშ-ის მოკავშირე და ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგე. რუსები საქართველოში 2008 წელს შეიჭრნენ, მოგვიანებით მოსკოვმა იგივე გაიმეორა უკრაინის მიმართ. 2012 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება ღირსეულად გადააბარა.


მაგრამ მისი მემკვიდრეები წინამორბედისაგან დანატოვარს ფანტავენ. გამარჯვებისთანავე „ქართულმა ოცნებამ", რომელიც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დააარსა, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების წინააღმდეგ საეჭვო სისხლის სამართლის საქმეები წამოიწყო, ხოლო ორშაბათს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება უკვე თვით ბატონ მიხეილ სააკაშვილს წაუყენა, თუმცა მასში უფრო მეტად პოლიტიკური შურისძიების მოტივები ჩანს.


ბრალმდებლებს თვეები დასჭირდათ იმისათვის, რომ სააკაშვილისათვის ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რაღაც საბრალდებო აქტი შეედგინათ. ყველაზე უკეთესი, რაც პროკურატურამ მოიფიქრა, არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი თურმე თავის თანამდებობით ბოროტად სარგებლობდა და პოლიციას წესრიგის დაცვისათვის იყენებდა ანტისამთავრობო პროტესტების დროს, აგრეთვე თურმე მას ოპოზიციური ტელეკომპანია დაუხურავს.



ბატონი მიხეილ სააკაშვილი დღეს აშშ-ში ლექციებს კითხულობს და უკრაინის ახალ პროდასავლურ მთავრობას კონსულტაციებს უწევს. ამავე დროს პოლიტიკურ ვენდეტის (შურისძიების) მთელი სიმძიმე მისი მხარდამჭერების ზურგზე გადადის - 3 ივლისს დააპატიმრეს თბილისის მერი, რომელიც ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა ადგილობრივი არჩევნების დროს. ამ ფაქტის გამო ევროკავშირმა განაცხადა, რომ „ყურადღებით ადევნებს თვალს" საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, აშშ-ის ელჩმა კი დედაქალაქის მერის დაკავება „სერიოზულ საკითხად" მიიჩნია. ახლა მათ ბევრად მეტი უნდა გააკეთონ და უფრო უკეთესად.



გასულ თვეში საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, ქართველ ხალხს ასევე სურს ნატოში გაწევრიანება და დასავლურ სამყაროში თავისი ადგილის უზრუნველყოფა. დასავლეთს თბილისზე გავლენა აქვს და ჩვენ ამით უნდა ვისარგებლოთ.



„ნეზავისიმაია გაზეტა" (რუსეთი), 29 ივლისი, 2014 წელი

http://www.ng.ru/cis/2014-07-29/2_saakashvili.html

მიხეილ სააკაშვილისათვის საკანი უკვე მომზადებულია

სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები," ნაციონალების" მიერ გამოხატული ნეგატიური რეაქცია და სხვა მომენტები (ავტორი - იური როქსი).

პუბლიკაციის დასასრულს ნათქვამია:

„საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გადადგმული მკვეთრი ნაბიჯი ორი შესაძლებელი ფაქტორით აიხსნება და არა ამარტო იმით, რომ „სააკაშვილი ყელში ამოგვივიდა თავისი დაუსჯელობით".



პირველი - მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, კიევში სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა „საქართველოს გადამრჩენი კომიტეტის" მსგავსი რაღაც ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს. ამ „კომიტეტს" რევანშისტული მიზნები აქვს და თბილისმა გადაწყვიტა მისთვის პრევენციული დარტყმა მიეყენებინა მანამ, სანამ „ნაციონალები" ქართულ „მაიდანს" მოაწყობენ.



მეორე - ექს-პრეზიდენტს დანაშაულებანი მართლაც აქვს ჩადენილი და კანონის თანახმად მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. ამ ცოტა ხნის წინათ თბილისში დასავლელი ცნობილი იურისტები ჩავიდნენ, რომლებთაც მსგავსი საქმეების წარმოებაში გამოცდილება აქვთ. პროკურატურამ მათ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები გააცნო, არგუმენტები აჩვენა და შესაბამისად, დასავლეთმა, რომელიც ქართულ სამართალდამცველებს უკან ექაჩებოდა, ამჯერად უკან დაიხია".



„სვობოდნაია პრესა" (რუსეთი), 29 ივლისი, 2014 წელი

http://svpressa.ru/politic/article/93756/

სააკაშვილის წაგებული ბრძოლა

რისთვის აპირებენ საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და კიევის ამჟამინდელი კონსულტანტის გასამართლებას?


რუსულმა გამოცემამ „სვობოდნაია პრესამ" გამოაქვეყნა სტატია მიხეილ სააკაშვილისადმი ბრალდებების წაყენებასთან დაკავშირებით (ავტორი ანტონ მარდასოვი).

გთავაზობთ კომენტარებს პუბლიკაციიდან:

ვლადიმერ ხომერიკი, ქართველი და რუსი ხალხების ერთობის ფონდის პრეზიდენტი: „მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული რომ შევკრიბოთ, ერთობლიობაში მას სამუდამო პატიმრობა რამდეჯერმე უწევს. დღეს საქართველოს ხელისუფლება ექს-პრეზიდენტის დაკითხვას ცდილობს, მაგრამ მას ნამდვილად ძლიერი უცხოელი მფარველები ჰყავს, რომელიც ხელს უშლიან მართლმსაჯულების აღსრულებას. ამიტომაც სააკაშვილი სულ იმას გაიძახის, რომ „ვლადიმერ პუტინს და ბიძინა ივანიშვილს სიხარულის საფუძველს არ მივცემ - საქართველოში ჩასვლას არ ვაპირებო". მოკლედ, იგი ყველანაირად ცდილობს თავისი ოკეანისიქითა მფარველ-კურატორების ზურგს ამოეფაროს.



ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უცხოელი ექსპერტები მიიწვია იმ ქვეყნებიდან, სადაც სააკაშვილი გარკვეული პოპულარობით სარგებლობს, აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილებაა: დღეს თბილისის ორიენტაცია იგივეა, რაც სააკაშვილის დროს იყო - ევროპა და ამერიკა, ამიტომაც გამოძიების შედეგიც იგივე იქნება.დასავლეთი იპოვის მიზეზებს, რათა ყველაფერი „რუსულ ხელს" მიაწეროს. გარდა ამისა, ის ბრალდებები, რომლებიც ექს-პრეზიდენტს უნდა წაუყენონ, ხოლო მცირე ნაწილია იმ ბოროტებისა, რაც მან ჩაიდინა.



სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არაერთგვაროვანია, რომელშიც ძალიან ბევრია მიხეილ სააკაშვილის შენიღბული მხარდამჭერი. ნამდვილ პროქართველ ჩინოვნიკებს ორ ფრონტზე ბრძოლა უხდებათ - მათზე ზეწოლაა როგორც შიგნიდან, ასევე გარედან: ერთი მხრივ, დასავლეთი მიხეილ სააკაშვილს მფარველობს, მეორე მხრივ - ქართველ ხალხს ექს-პრეზიდენტის დასჯა სურს და ხელისუფლებისაგან სამართლიანობის აღდგენას ელოდება. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის უკეთესობისაკენ შეცვლა, ხალხი კი შედეგებს ითხოვს, ახლა ხელისუფლებას მოუწევს იმის თქმა, რომ „აი, ჩვენ ვცდილობთ, მაგრამ მას ძალიან ძლიერი მფარველები ჰყავს, რომლებთანაც ვერაფერს გავაწყობთ...". ანუ რაღაცნაირი პოლიტიკური თამაშია: ხელისუფლების წარმომადგენლებს მისი გასამართლება სურთ, მაგრამ იციან, რომ ამას ვერ მიაღწევენ, მაგრამ ხალხის თვალში ქულებს იწერენ.



ანდრეი არეშევი, სტრატეგიული კულტურის ფონდის გენდირექტორის მოადგილე: „მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებების ინიცირება, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია საქართველოში შექმნილი რთული საშინაოპოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციით. ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ მმართველი კოალიციის მიმართ მოსახლეობის ნდობის დონე მცირდება. ხელისუფლება ერთი მხრივ, ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ კი დასავლეთთან ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის. ეს ურთიერთსაწინააღმდეგო ნაბიჯები იმის ნიშანია, რომ საქართველოს ხელისუფლება გადარჩენას ცდილობს: მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალდებების წაყენებამ ამ კონტექსტში უნდა ვიგულისხმოთ.... ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ დასავლელი სპეციალისტები მიიწვია, იმის სიგნალია, რომ სამართლადმაცველები დასავლურ ფარვატერში იმყოფებიან და შესაბამისად, არავითარი ცვლილებები არ იქნება. ხელისუფლება ექს-პრეზიდენტისადმი აღძრულ ბრალდებებს [თავისი მმართველობის გასაგრძელებლად] და საგარეოპოლიტიკური რესურსების მოსაძიებლად გამოიყენებს.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016