სტატიაში გაანალიზებულია მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში არსებული პოლიტიკური სისტემები, რომლებიც ხელისუფლებას დემოკრატიული არჩევნების გზით ეუფლებიან, შემდეგ კი დიქტატორულ რეჟიმად იქცევიან ხოლმე (ავტორი მელიქ კაილანი).
პუბლიკაციის შინაარსი:
„მიმდინარე ფეთქებადი ახალი ამბების ფონზე ჩვენ ვეღარ ვამჩნევთ უფრო შემაშფოთებელ ტენდენციას - მსოფლიოში არჩეული დიქტატურების ტრიუმფს. ამ ათიოდე წლის წინათ მსოფლიოს ქვეყნები ძირითადად ორ ტიპად იყვნენ დაყოფილი - დემოკრატიულებად და არადემოკრატიულებად, დღეს კი გამოიკვეთა ქვეყნების მესამე ტიპი, რაღაც ჰიბრიდი, რომელთაც შეიძლება „არადემოკრატიული დემოკრატიული“ სახელმწიფოები ვუწოდოთ: რუსეთი, ირანი, ერაყი, ვენესუელა, ეგვიპტე, თურქეთი, უკრაინა, საქართველო - აი, ამგვარი ქვეყნების კონკრეტული მაგალითები. რა აქვთ აქაურ რეჟიმებს და მათ ლიდერებს საერთო? პირველი - ისინი დემოკრატიულად არიან არჩეულები და მეორე - მათი მმართველობის სტილი ავტორიტარულია.
მოდით ჩამოვთვალოთ „არადემოკრატიულ დემოკრატიული“ სახელმწიფოებში არსებულ რეჟიმთა მეტ-ნაკლებად საერთო ნიშნების სია: ა) მასმედიის საშუალებებს ლიდერის მეგობრები ფლობენ; ბ) ეკონომიკაც მათ ხელშია; გ) ოპოზიციური პოლიტიკოსები სამართლებრივ დევნას განიცდიან; დ) სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთთანაა შეზრდილი; ე) სასამართლო ხელისუფლებაზეა დამოკიდებული; ვ) კორუფცია სახელმწიფო სტრუქტურებში; ზ) თავისუფალი ბაზარი პოლიტიკური კონიუნქტურის მსხვერპლი ხდება; თ) არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა იზღუდება... და კინაღამ დამავიწყდა - ქვეყნის პრობლემებში დამნაშავედ ყოველთვის საგარეო მტრები სახელდებიან, უმეტესად აშშ. აი, ასეთი სურათს ვხედავთ.
საქართველოში ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და მისი ხელისუფლების მინისტრებს, მის თანაპარტიელებს ყალბი და შეთითხნილი ბრალდებები წაუყენეს; თურქეთში მასობრივი ინფორმაციის თითქმის ყველა საშუალებას პრემიერ-მინისტრ ერდოგანის ახლო მეგობრები ფლობენ, პროკურატურამ კი მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები შეთქმულებაში „ამხილა“ და კორუმპირებულობა დააბრალა; რუსეთში (ნაწილობრივ საქართველოშიც) სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთთან ფინანსურ კავშირში არიან. ეკლესია სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკას მორალურ მფარველობას უწევს; ეგვიპტეში პრესის თავისუფლება თითქმის სრულიად შეიზღუდა ინტელიგენციის წინააღმდეგ მიმართული დევნის პროცესში; ირანში ასევე არაა პრესის თავისუფლება, სასამართლოც ხელისუფლების ნებას ასრულებს“, - ნათქვამია სტატიაში.