„რა გვეშველებოდა, ამდენი ქართველი რომ გაიხვეწა უცხოეთში, ისინი ხომ გადაგვარდებოდნენ უეკლესიოდ," - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.
"ის, რაც ხდება ჩვენს თავს, ეს ამდენი მღვდელმთავრები, ამდენი სამღვდელოება, ამდენი მონასტერი, ტაძრები, სამების ტაძარი, ეს ყველაფერი სასწაულია. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. მაგრამ ჩვენ უნდა დაგვაფიქროს ამან, ჩვენ უნდა გვაფიქრებინოს ამ მოვლენამ ის, რომ არის წინასწარმეტყველება, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს. აი, ამიტომ, ეკლესია, ჩვენი სამღვდელოება, მღვდელმთავრები და ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ უფლის შესახვედრად, უფლის თაყვანისსაცემად", - აღნიშნა ილია მეორემ.
უწმინდესმა სვეტიცხოველში დღეს სინოდის მიერ ახლად არჩეული მღვდელმთავარი, არქიმანდრიტი საბა ინწკირველი ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად აკურთხა.
უწმინდესმა არქიმანდრიტ საბა ინწკირველსაც მიმართა:
"თქვენ არჩეული ხართ ასეთი რთული ეპარქიის მღვდელმთავრად. სადაც მრავალი რელიგია და მრავალი ერის წარმომადგენელია, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად. მე ბევრი მიფიქრია იმის შესახებ, თუ რა გვეშველებოდა ჩვენ ამდენი ხალხი, ამდენი ქართველი ხალხი რომ გაიხვეწა უცხოეთში და ისინი ხომ გადაგვარდებოდნენ უეკლესიოდ და აი უფალმა გამოგვიგზავნა ჩვენ ის მადლი და ის წყალობა, რომ უცხოეთის ქვეყნებში დადგინდა მრავალი სამღვდელოება და მღვდელმთავარი", - ბრძანა პატრიარქმა.