„37 წელია ჩვენ ერთად ვართ და ამ წლების მანძილზე თქვენი სიყვარული მამხნევებდა," - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.
"ყოვლად სამღვდელონო, მღვდელმთავარნო, მამანო, ძმანო და დანო, სული წმინდა მოვიდეს თქვენზე და ძალი მაღლისა გფარვიდეთ თქვენ. უპირველეს უყოვლისა მე ვმადლობ ღმერთსა და ჩვენს ხალხს სიყვარულისათვის, იმ თავდადებული მოღვაწეობისათვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ახლა თქვენ რომ მითხრათ, რომ მე ძალიან გიყვარვართ, ეს არ არის საჭირო, იმიტომ რომ მე ისედაც ვიცი და მე რომ გითხრათ თქვენ, რომ თქვენ ძალიან მიყვარხართ, ესეც თქვენ იცით. სიყვარული მარადიულია, სიყვარულს არ აქვს საზღვარი, ასე რომ, ეს თვისება, სულიერი სიყვარული არის ღვთისგან მოვლენილი და თვითონ ღმერთი არის სიყვარული.
მე მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, 37 წელია ჩვენ ერთად ვართ და ამ წლების მანძილზე თქვენი სიყვარული მამხნევებდა. მართლაც ძნელია ეს ჯვარი, მაგრამ უფალი, რომელიც ჯვარს აძლევს, იგივე უფალი ეხმარება ადამიანს, ამიტომ როცა განსაცდელი მოგივათ, არ შეუშინდეთ განსაცდელს, ყველაზე ახლოს უფალია თქვენთან იმ დროს, განსაცდელის დროს. წმინდა ილია წინასწარმატყველის ლოცვით, წმინდა ილია მართლის ლოცვით და წმინდა ილია პირველის ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მთელი მსოფლიო." - ბრძანა უწმინდესმა.
დღეს 19:30 საათზე მრევლს შესაძლებობა ექნება საპატრიარქოში მივიდეს და უწმინდესს ანგელოზის დღე მიულოცოს.