reportiori.ge - რას შეცვლის "ალიას" ინიციატივით გარემოს დაცვის სამინისტრო მონადირეებისთვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:04
პრეს-დაიჯესტი
რას შეცვლის "ალიას" ინიციატივით გარემოს დაცვის სამინისტრო მონადირეებისთვის
ავტორი:
08 აგვისტო, 2014. 18:50


უკვე ცნობილია, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 16 აგვისტოს დაიწყება. ნადირობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის, 10 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში იმოქმედებს. მოსაკრებლის გადახდა საქართველოს ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი. ასევე, უნდა იქონიონ საქართველოს შსს-ს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი საბუთი. გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში, ასევე მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში და საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში ნადირობა იკრძალება და ამ წესის დამრღვევი 100-დან 500 ლარამდე დაჯარიმდება, ნანადირევის ჩამორთმევითა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე.



დეტალების დასაზუსტებლად "ალია" გარემოს დაცვის სამინისტროს ბოიმრავალფეროვნების დეპარტამენტის უფროსს, სოსო ქარცივაძეს დაუკავშირდა:


- ბატონო სოსო როდემდე გაგრძელდება ნადირობის სეზონი?


- 16 აგვისტოს დაიწყება და 2015 წლის 15 თებერვლამდე გაგრძელდება. ეს პერიოდი გადამფრენ ფრინველებს ეხება. 1-ელ მარტამდე გაგრძელდება წყალმცურავებზე და სხვა სახის ფრინველებზე ნადირობის სეზონი, თუმცა მათ შესახებ, უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.


- მათზე სანადიროდაც 10-ლარიანი გადასახადია დაწესებული?


- კი, 10 ლარს გადაიხდიან და ამ ქვითრის ვადა 1-ელ მარტამდე იმოქმედებს.


- თითოეული სახეობის ფრინველის მონადირებაზე გარკვეული ლიმიტია დაწესებული. თუ მონადირემ ლიმიტს გადააჭარბა, დადგენილზე მეტი ფრინველი მოკლა, ამ სხვა დადგენილი ნორმა დაარღვია, კონკრეტულად რა სანქციები დაეკისრება მას? ცოტა ბუნდოვანი განმარტებაა, რომ კანონის დამრღვევი 100-დან 500 ლარამდე დაჯარიმდება.


- გააჩნია, ვინ რა წესსა და კანონს დაარღვევს, ჯარიმაც იმის მიხედვით დადგინდება. თუ, დავუშვათ, ვინმემ 20-ის ნაცვლად 30 მწყერი მოკლა, დაანგარიშდება ეს ზედმეტი, არალიმიტირებული 10 მოკლული მწყერი, ამისთვის არსებობს სპეციალური რეგულაციები, ეს კანონშია გაწერილი. ამის მიხედვით  დადგინდება რამხელა ჯარიმა ეკუთვნის. გარდა ამისა, კანონის ასეთ დამრღვევს, ნანადირევიც ჩამოერთმევა. ჩვენი სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტი არსებული კოდექსის მიხედვით განსაზღვრავს, რომელი კატეგორიის კანონდამრღვევმა რა ოდენობის ჯარიმა უნდა გადაიხადოს, შემდეგ მიმართავს სასამართლოს და სწორედ სასამართლო გადაწყვეტს, ვის რა ოდენობის ჯარიმა უნდა დაეკისროს.


- ანუ თქვენი სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტი ერთპიროვნულად ვერ დააჯარიმებს კანონდამრღვევს?


- ვერა, ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ დანაშაული აღვკვეთოთ, მერე კი სასამართლოს მივმართოთ, კანონდამრღვევი რომ დააჯარიმოს. გადაწყვეტილება საბოლოოდ სასამართლომ უნდა გამოიტანოს, მან უნდა განსაზღვროს, კონკრეტული კანონდამრღვევი, რა სახის ჯარიმას იმსახურებს. ჩვენ შეიძლება ვინმესთვის 500-ლარიანი ჯარიმა და თოფის ჩამორთმევა მოვითხოვთ, მაგრამ სასამართლომ მხოლოდ ჯარიმა აკმაროს და ისიც 500 ლარზე ნაკლები. მოკლედ, ბოლო სიტყვა სასამართლოზეა.


- რა შემთხვევაში ჩამოერთმევა მონადირეს თოფი ან სხვა სანადირო მოწყობილობა?


- ამასაც სასამართლო გადაწყვეტს. ცხადია, თუ ბრაკონიერთან გვაქვს საქმე, ჩვენ მოვითხოვთ, მისი სანადირო საშუალებების კონფისკაციას, მაგრამ საბოლოოდ, სასამართლოს გადასაწყვეტია, ჩამოართმევს თუ არა.

 

- ადრე დასახლებული პუნქტიდან 5 კილომეტრის რადიუსში იკრძალებოდა ნადირობა. ამ მხრივ ხომ არაფერი შეცვლილა?


- არა, ეს წესი ძალაში დარჩა. მინდა გითხრათ, რომ რაც იყო, თითქმის ყველა წესი და კანონი ძალაშია ნადირობასთან დაკავშირებით, კანონი არ გამკაცრებულა და მონადირეებს წელს არანაირი უსიამოვნო სიურპრიზი არ ელოდებათ.


- ბატონო სოსო, ნადირობის მსურველმა ბანკში უნდა აიღოს 10-ლარიანი ქვითარი, რომელიც მთელი სეზონის მანძილზე ნადირობის ნებართვაა. ბანკს ამ 10 ლარის გადახდის შემთხვევაში პროცენტი მიაქვს, უმეტესობას 1 ლარი. გარდა ამისა, ნადირობის მოყვარულები ბანკში მისვლით, იქ რიგში დგომით დროსაც კარგავენ. უმჯობესი არ იქნება, ახალი სერვისი დანერგოთ და ამ 10 ლარის გადახდა ე.წ. სწრაფი გადახდის აპარატებით იყოს შესაძლებელი? ხალხი ფულსაც დაზოგავს, დროსაც და მადლიერიც ბევრი დაგრჩებათ.


- სიმართლე გითხრათ, მაგაზე არ გვიფიქრია. დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ ეს იდეა მოგვაწოდეთ. ამაზე აუცილებლად ვიმუშავებთ ბანკებთან ერთად და იმედია, მომავალში ამ სწრაფი გადახდის აპარატებით გადახდასაც დავნერგავთ. მართლა ძალიან კარგი იდეაა.



"ალია" ექსკლუზიურად გთავაზობთ კონკრეტული სახეობის ფრინველებზე ნადირობის სეზონის ვადებსა და კონკრეტული სახეობის ფრინველების  მონადირების ნებადართულ, დღიურ ლიმიტს.


გადამფრენ ფრინველზე ნადირობის სეზონის ვადები: 16 აგვისტო - 15 თებერვალი.


დღიური ლიმიტი. ჩუბუხა - 5 ცალი, მწყერი - 20, ქედანი - 10, გარეული მტრედი - 10, გულიო - 10, ჩვეულებრივი გვრიტი - 10.


ტყის ქათამზე ნადირობის სეზონი: 15 ოქტომბერი-1 მარტი. დღიური ლიმიტი - 10 ცალი.


წყალმცურავეებზე ნადირობის სეზონის ვადები და ნანადირევის დღიური ლიმიტი (აღნიშნული ლიმიტი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, წალკის, დმანისისა და ნინოწმინდის რაიონებისა. ამ რაიონების ტბებსა და წყალსაცავებზე, ზუსტად იმავე სახეობის წყალმცურავებზე, ნადირობის სეზონი და ნანადირევის დღიური ლიმიტიც განსხვავებულია).


ნადირობის სეზონი: 1 ნოემბერი-1 მარტი. 


დღიური ლიმიტი: რუხი ბატი - 5 ცალი, რუხი იხვი - 3, ჭიკვარა (სტვენია) - 5, გარეული იხვი - 6, იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) - 3, ფართოცხვირა (განიერნისკარტა) - 6, კუდსადგისა (ბოლოსადგისა) - 3, მელოტა - 5, თეთრშუბლა იხვი - 6, დიდი თეთრშუბლა ბატი - 5, წითელთავა ყვინთია - 3, ქოჩორა ყვინთია - 5.


ახალქალაქის, წალკის, დმანისისა და ნინოწმინდის რაიონები. ნადირობის სეზონი: 1 სექტემბერი-1 ნოემბერი. 


დღიური ლიმიტი: რუხი ბატი - 3 ცალი, რუხი იხვი - 2, ჭიკვარა (სტვენია) - 3, გარეული იხვი - 5, იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) _ 2, ფართოცხვირა (განიერნისკარტა) - 2, კუდსადგისა (ბოლოსადგისა) - 2, მელოტა - 5, თეთრშუბლა იხვი - 3, დიდი თეთრშუბლა ბატი - 3, წითელთავა ყვინთია - 2, ქოჩორა ყვინთია - 3.

ახალქალაქის, წალკის, დმანისისა და ნინოწმინდის რაიონებში, ნანადირევის დღიური ლიმიტი, შესაძლოა, შეიცვალოს. სოსო ქარცივაძის განმარტებით, ამ დროისთვის, ჯავახეთის ზეგანზე გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის ექსპერტები არიან წასული და ადგილზე სწავლობენ ვითარებას. თუ რაიმე შეიცვალა, სამინისტრო ამის შესახებ სპეციალურ განმარტებას გააკეთებს.



გაზეთი "ალია", ლევან ჯავახიშვილი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016