სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში, პროექტის- "წიგნი ყველა სოფელს" დალოცვის დროს წიგნის მნიშვნელობაზე იქადაგა.
"წიგნი მიყვარდა იმ დროს, როცა კითხვა არ ვიცოდი, ჯერ არ ვსწავლობდი და მელნით ვიჭუჭყიანებდი თითებს. მახსოვს, პირველ კლასში ვიყავი და მესმოდა სახლში, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს წიგნი ნაყიდი. შევაგროვე ფული, წავედი მაღაზიაში წიგნის საყიდლად. პირველი წიგნი, რომელიც ვიყიდე იყო ფერადი გარეკანით. ბიბლია და სახარება იყო ჩემს სახლში. ასე დაიწყო ჩემი წიგნთან ურთიერთობა.
წიგნის კითხვაში რატომღაც გვიჭირს. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვებმა შეიყვარონ წიგნი - მთავარია მას შევუქმნათ განწყობა, თავიდან უნდა განვაწყოთ ბავშვი წიგნის მიმართ, კითხვა დავუწყოთ ზღაპრებით. ყველა მშობელმა თავის შვილს უნდა უკითხოს წიგნი და ზღაპრები, არა ტრაქტორებზე, მანქანებზე, თვითმფრინავებზე, არამედ ბუნების შესახებ. ზღაპარმა უნდა დაახლოვოს ბავშვი ბუნებასთან, უნდა შეაყვაროს წიგნი", - ბრძანა უწმინდესმა.