reportiori.ge - საქართველო უცხოურ მედიაში - 12 აგვისტო, 2014 წელი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:01
პრეს-დაიჯესტი
საქართველო უცხოურ მედიაში - 12 აგვისტო, 2014 წელი
ავტორი:
12 აგვისტო, 2014. 11:03


„კომერსანტი" (რუსეთი), 12 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.kommersant.ru/doc/2543189

 

 

 

საქართველო ავღანეთში რჩება: 750 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ბაგრამსა და მაზარი-შარიფში განლაგდებიან

 

 

 

პუბლიკაცია ეხება ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პერსპექტივას - დარჩებიან თუ არა ისინი ამ ქვეყანაში მას შემდეგ, როცა ნატოს ძალებს ევაკუაცია მოხდება (ავტორი გიორგი დვალი).



„ავღანეთში ვიზიტით ჩასული საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მოელაპარაკა ამ ქვეყნის ხელისუფლებას, რომ ნატოს ჯარების გაყვანის შემდეგ, რაც 2014 წლის ბოლოს უნდა განხორციელდეს, იქ საქართველოს შეიარაღებული ძალების შეზღუდული კონტინგენტი და სამხედრო ინსტრუქტორები დარჩებიან. „კომერსანტის" წყაროების თქმით, ავღანეთში კვლავ გააგრძელებს სამსახურს დაახლოებით 750 ქართველი ჯარისკაცი. თბილისში ამბობენ, რომ საქართველომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის თხოვნით მიიღო.



ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმებას ქაბულში ირაკლი ალასანიასა და მისი ავღანელი კოლეგის ბისმილ-ხამ მოჰამედის ორსაათნახევრიანი მოლაპარაკების შემდეგ მიაღწიეს: მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს „სამხედრო სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის შესახებ". „ამით ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ  სამხედრო თანამშრომლობას ავღანეთსა და საქართველოს შორის", - განაცხადა ქართველმა სტუმარმა ქაბულში და მასპინძლებს გაახსენა, რომ ქართველი ინსტრუქტორები ყანდაარში „ავღანელ არტილერისტებს ამზადებენ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით და მათ შესაბამის სერტიფიკატებს აძლევენ".



რამდენი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დარჩება ავღანეთში 2015 წლის პირველი იანვრის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის უწყება ამაზე არაფერს აცხადებს. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის მონაცემებით, ავღანურ მხარესთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, „მათი რაოდენობა 750-ზე ნაკლები არ იქნება და ისინი ბაგრამისა და მაზარი-შარიფის ბაზებზე განლაგდებიან".

თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ „კომერსანტს" განუმარტა, რომ ქართული სამხედრო კონტინგენტის ავღანეთში დატოვების ფაქტი გამომდინარეობს  აშშ-ის ახალი ტაქტიკიდან - მთლიანად არ მიატოვოს ეს ქვეყანა 2014 წლის შემდეგ: „გადამწყვეტი აღმოჩნდა ამერიკელების თხოვნა, - ამბობს „კომერსანტთან" მოსაუბრე, - მათ ხომ ერაყში გაკვეთილი მიიღეს, როცა იქიდან მთლიანად გამოვიდნენ თავიანთი მოკავშირეების ჩათვლით, დღეს კი იძულებულნი არიან ერაყში ხელახლა დაბრუნდნენ".





„დელფი" (ლიტვა), 12 აგვისტო, 2014 წელი

 

 

 

http://ru.delfi.lt/news/politics/v-litve-rasshifrovali-zayavlenie-zhirinovskogo.d?id=65527368#ixzz3A9USpmJk

 

 

 

ლაურინას კაშიუნასი: „როგორც ჩანს, რუსეთმა საქართველოსთან მიმართებით ვეტოს დადებაზე არაფორმალური უფლება მიიღო"

 

 

 

გუშინ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერი ვლადიმერ ჟირინოვსკი პოლონეთსა და ბალტიისპირეთს დაბომბვით დაემუქრა, თუ ევროპა და ამერიკა რუსეთის მიმართ თავიანთ პოლიტიკას არ შეცვლიან და უკრაინას მოსკოვს არ დაუთმობენ.



ვლადიმერ ჟირინოვსკის განცხადებას კომენტარი გაუკეთა ლიტველმა პოლიტოლოგმა ლაურინას კაშიუნასმა: „მას ამით იმის თქმა სურს, რომ ამიერიდან ევროპის უსაფრთხოების სისტემაში გადამწყვეტი ხმა რუსეთს ეკუთვნისო. ნატო ყველაფერს გააკეთებს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების განმტკიცებისათვის, რათა ისინი ბუფერულ ზონად კი არ იქცნენ, არამედ თავდაცვის სისტემის სრულუფლებიანი წევრები იყვნენ... სამწუხაროდ, საქართველოს ნაკლებად გაუმართლა. საქართველოს „მაპ"-ში ჩართვის იმედი ჰქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთმა საქართველოსთან მიმართებით ვეტოს დადებაზე არაფორმალური უფლება მიიღო".




„კავკაზსკიი უზელ" (რუსეთი), 12 აგვისტო, 2014 წელი

 

 

 

http://www.kavkaz-uzel.ru/articles/247324/

 

 

 

უნდა დაუახლოვდნენ თუ არა ერთმანეთს თბილისი და ცხინვალი? „პრო" და „კონტრა"

 

 

 

სტატიაში გადმოცემულია ცხინვალში 9 აგვისტოს გამართული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალები, რომელზეც პოლიტოლოგებმა „სამხრეთ ოსეთის" პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს (ავტორი მარია კოტაევა).



რუსი პოლიტოლოგის ანდრეი ეპიფანცევის თქმით, დროა სამხრეთ ოსეთმა საქართველოსთან ჰუმანიტარულ დონეზე კავშირები დაამყაროს: „მე ამ ორი კვირის წინ საქართველოში გახლდით და მინდა გითხრათ, რომ თბილისში ყურადღებით ადევნებენ თვალს უკრაინის მოვლენებს. თუ რუსეთი ლუგანსკს და დონეცკს წააგებს, მაშინ საქართველო ამერიკას   რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას და იგივე ნაბიჯების გადადგმას მოსთხოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ. ვიცით, რომ საქართველო ნატოსაკენ ისწრაფვის და რევანში სწყურია, მაგრამ დროა საქართველოსთან ლაპარაკის დაწყება არა პოლიტიკური წყობის შეცვლის მიზნით, არამედ უბრალოდ, ჰუმანიტარულ დონეზე. მე მესმის, რომ თქვენ გსურთ საქართველოს ოფიციალური აღიარება აგრესორად, თქვენს სურვილს ღრმა ფესვები აქვს, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში ასეთი მოთხოვნის პერსპექტივა სუსტია. საქართველოში დარწმუნებულნი არიან, რომ სამხრეთ ოსეთში სიღატაკე მეფობს, ხოლო საშუალოდ თითოეული ადამიანი წელიწადში 60 დოლარს ღებულობს. ამ ფონზე ქართული საზოგადოება დარწმუნებულია, რომ სამხრეთ ოსეთს  გაევროპელებულ საქართველოსთან დაახლოება უნდა, მაგრამ „საზიზღარი" რუსეთი ცხინვალს ამის უფლებას არ აძლევს. ამიტომაც იქნებ ჯობდეს მოიწვიოთ აქ ქართველები... თუ სამი წლის არ შეიძლებოდა, ახლა რა გიშლით ხელს? რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის შესვლას რუსეთის შემადგენლობაში, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენს მიერ დაშვებული ყოველი შეცდომა რუსეთთან ინტეგრაციაში ხელს შეგიშლით და უკან დაგწევთ... გარდა ამისა, მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ მიღებული სანქციები თქვენს შეერთებას რუსეთთან გაურკვეველს ხდის: ყურს ნუ უგდებთ იმას, რასაც ჩვენი „პირველი არხი" გადმოსცემს, რომ რუსეთი ამ სანქციებს გაუძლებსო. სინამდვილეში ვხედავთ, რომ სანქციები რუსეთს ზიანს აყენებს. გინდათ იმ რუსეთისადმი მიერთება, რომელიც სუსტი იქნება? ამაში დარწმუნებული არ ვარ. რუსეთთან შეერთება თქვენ მხოლოდ მორალურ კმაყოფილებას მოგიტანთ. გასაგებია, რომ ყირიმის მიერთებამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის პრეცედენტი შექმნა, გასაგებია საკითხის ემოციური მხარეც, მაგრამ რეალური პოლიტიკა ემოციებზე არაა აგებული".



ოსმა პოლიტოლოგმა ვლადიკავკაზიდან ვალერი ძიძოევმა საქართველოს პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თბილისის ინტერესები არ შეიცვლება: „ეს უნდა გვახსოვდეს, რადგან გამორიცხული არაა, გამოჩნდებიან ახალი პოლიტიკოსები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის საქართველოში შეყვანას შეეცდებიან ისევე, როგორც ეს 1922 წელს მოხდა. ქართული მადა არასოდეს არ შესუსტდება. ყოველი ქართველი, ცალკე აღებული, ხელგაშლილი და პურ-მარილიანი ადამიანია, მაგრამ როცა ისინი ერთად იკრიბებიან და იწყებენ სამხრეთ ოსეთის საკითხის გადაჭრას საქართველოს შემადგენლობაში, აი, ამ დროს ყველაზე ზრდილობიანი, ყველაზე დელიკატური და ყველაზე განათლებული ქართველები შოვინისტებად გადაიქცევიან ხოლმე. წარსულში მომხდარი კონფლიქტების გამეორების თავიდან ასაცილებლად ორი ოსეთი უნდა გაერთიანდეს. ამით ჩვენ სიკეთეს მივიღებთ, განვითარდება ეკონომიკა, ამჟამად ცარიელ ჩვენს მიწებზე კი სხვა ხალხებსაც - ებრაელებს, სომხებს დავასახლებთ, როგორც ეს საბჭოთა პერიოდში იყო".



ვალერი ძიძოევს არ დაეთანხმა სამხრეთ ოსეთის ინფორემაციისა და ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ვიაჩესლავ გობოზოვი: „ასეთ შემთხვევაში სამხრეთ ოსეთისაგან მხოლოდ სახელწოდება დარჩება. საქმე განა მარტო ებრაელების და სხვა ხალხების დასახლებაშია? ამაში ჩვენ ახლაც არაფერი გვიშლის ხელს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჩრდილოეთ ოსეთში, რომელიც რუსეთის შემადგენლობაშია, მოსახლეობის იმიგრაცია ძლიერდება? ისე არ გამოვიდეს, რომ სამხრეთ ოსეთი, პირიქით, დაზარალდეს".



რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერ-თანამშრომელმა იანა ამელინამ მხარი დაუჭირა ვალერი ძიძოევის ნათქვამს იმის თაობაზე, რომ საქართველოსთან დიალოგი შეუძლებელია და გააკრიტიკა ანდრეი ეპიფანცევის მიერ გამოთქმული თვალსაზრისი: „კონცეფცია, რომელიც ანდრეი ეპიფანცევმა გააჟღერა, აბსოლუტურად წამგებიანი და დამარცხებული მხარის პოზიციაა. საქართველოსთან ჰუმანიტარული ურთიერთობის განვითარება? რატომ? იმ საქართველოსთან, რომლის სამხედრო დოქტრინაში რუსეთი მტრად არის მიჩნეული? იმ ქართველებთან, რომლებსაც ჯერაც არ მოუნანიებიათ 2008 წლის აგრესია? ქართველებისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ინფრასტრუქტურაა სამხრეთ ოსეთში და რამდენი ხელფასი აქვთ ოსებს წელიწადში".



სერბი ჟურნალისტის, გაზეთ „პოლიტიკის" სამხედრო-პოლიტიკური მიმოხილველის მიროსლავ ლაზანსკის აზრით, რუსეთმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება. „ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსის გაფართოება ანტირუსული ტენდენციაა, რომელიც აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის ინტერესებს ემსახურება. ბრიყვული აზრია ის, რომ ნატოს გაფართოება ვითომდა დემოკრატიის გაფართოების გამოხატულებაა", - აღნიშნა მან.





„პოლიტიკა" (სერბია), 12 აგვისტო, 2014 წელი

 

 

 

http://www.politika.rs/rubrike/Svet/U-Juznu-Osetiju-samo-danju.sr.html

 

 

 

სამხრეთ ოსეთში ჩასვლა მხოლოდ დღისით შეიძლება

 

 

 

            პუბლიკაციაში, რომლის ავტორია სერბი ჟურნალისტი, ბელგრადელი მიროსლავ ლაზანსკი, გადმოცემულია სამხრეთ ოსეთში ყოფნის შთაბეჭდილება. იგი საუბრობს კავკასიის ქედის სამხრეთით მდებარე რესპუბლიკის წარმტაც ბუნებაზე, იქაურ მოსახლეობაზე, ისტორიაზე და ასე შემდეგ. 



„სამხრეთ ოსეთს რუსეთთან მხოლოდ ერთი გზა აკავშირებს - როკის გვირაბი, რომელიც ღამ-ღამობით დიდი რკინის ალაყაფით იკეტება. კარს რუსეთის არმიის ქვედანაყოფების მუზარადიანი ჯარისკაცები იცავენ. ასე რომ, ცხინვალში მხოლოდ დღისით შეიძლება ჩასვლა", - აღნიშნულია სტატიაში.



„სამხრეთ ოსეთში ისტორიულ თემებზე საუბარი ძალიან უყვართ. მითიური მოვლენებზე სასაუბრო მართლაც ბევრია. ამბობენ, რომ ოკულტიზმით გატაცებულ ადოლფ ჰიტლერს სწორედ აქ ეგონა „სამოთხის შესასვლელის" არსებობა, ამიტომაც სურდა კავკასიის დაპყრობაო. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე ბრიტანელები კავკასიაში აჯანყებას ამზადებდნენ. აქ ხომ ნავთობის დიდი საბადოებია...

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ კავკასიას დასავლეთის სტრატეგიაში ამჟამადაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. სამხრეთ ოსეთში ყურადღებით ადევნებენ თვალს იმას, რაც უკრაინაში ხდება. აშკარაა, რომ რუსეთის დამარცხება ლუგანსკსა და დონეცკში აუცილებლად აისახება მოსკო-ვისა და ცხინვალის ურთიერთდამოკიდებულებაზე....



ვზივარ ცხინვალის ერთ-ერთ სახლის აივანზე და საქართველოსკენ ვიყურები, რომლიდანაც მხოლოდ ორი კილომეტრი მაშორებს. საღამოს ბინდ-ბუნდია. ვხედავ ცხინვალის ცაში აჭრილ განათებულ ბურთებს, რითაც მასპინძლები საქართველოსთან ექვსი წლის მომხდარ ომში გამარჯვებას ზეიმობენ. კავკასიის ამ კუთხეში ამჟამად სიმშვიდეა...", - წერს ავტორი სტატიის დასასრულს.




„ვზგლიადი" (რუსეთი), 12 აგვისტო, 2014 წელი

 

 

 

http://www.vz.ru/world/2014/8/11/699773.html

 

 

 

სამუდამოდ ერდოგანთან ერთად...

თურქეთის პრეზიდენტად ისეთი პოლიტიკოსი აირჩიეს, რომელსაც ბევრი დიქტატორად და ისლამისტად მიიჩნევს

 

 

 

სტატიაში გაანალიზებულია თურქეთის დღევანდელი პოლიტიკა, ამას წინათ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და მასში  რეჯებ ერდოგანის გამარჯვების შედეგების მნიშვნელობა როგორც თურქეთისათვის, ასევე რუსეთისთვის (ავტორი სტანისლავ ბორზიაკოვი).



ამონარიდი პუბლიკაციიდან:



„საპრეზიდენტო არჩევნების გეოგრაფიამ გვაჩვენა, რომ რეჯებ ერდოგანს მხარი კონსერვატიულმა ამომრჩეველმა, „სოფლის" თურქეთმა დაუჭირა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასე იქნება დიდი ხნის განმავლობაშიც. მართალია, დღეს თურქეთში პრეზიდენტს მხოლოდ სიმბოლური უფლებები აქვს, მაგრამ რეჯებ ერდოგანს ტყუილად ხომ არ სურდა პრეზიდენტობა? ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც, აშკარაა, კვლავ მისი ზომიერად ისლამური პარტია გაიმარჯვებს, დანარჩენი კი „ტექნიკის საქმეა": იგი კონსტიტუციასაც შეცვლის და ამით დასრულდება ყველაფერი. დღევანდელი თურქეთი ხომ ის თურქეთი აღარ არის, რაც 10 წლის წინ იყო - რეჯებ ერდოგანმა მუსტაფა ქემალის საერო იდეების დამცველ სამხედროებს კისერი მოუგრიხა, ბევრი გენერალი გაათავისუფლა, ბევრი დააპატიმრა.



რუსეთისათვის ერდოგანის გამარჯვება უფრო მეტად კარგი მოვლენაა, ვიდრე ცუდი: თურქი ლიდერი უპირველეს ყოვლისა, პრაგმატიკოსია, მისი პრემიერობის დროს რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობამ უჩვეულო და კოლოსალურ სიმაღლეებს მიაღწია... გავიხსენოთ, რომ რეჯებ ერდოგანი იყო ის თითქმის ერთადერთი კაცი მსოფლიო ლიდერებიდან, რომელმაც პირდაპირ დაუჭირა მხარი რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას საქართველოს წინააღმდეგ, 2008 წლის აგვისტოში. გარდა ამისა, მას არასდროს არ ეშინოდა ვაშინგტონის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმა. რეჯებ ერდოგანი არად დაგიდევთ აგრეთვე „მოსკოვის შესაჩერებლად გამოცხადებულ სანქციებს". მოკლედ, ვლადიმერ პუტინს მრავალი მიზეზი ჰქონდა, როცა თავის თურქ კოლეგას გამარჯვება მხურვალედ მიულოცა", - აღნიშნულია სტატიაში.





 

 

 

(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სიმონ კილაძემ)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016