როგორც ეროვნულ ბანკში ფიქრობენ, ინფლაციის 5%-იანი სამიზნე მაჩვენებელი 2015 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდება.
"ივლისში წლიურმა ინფლაციამ 2.8 პროცენტი შეადგინა", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
მათივე ინფორმაციით, წლის პირველ ნახევარში რეალური მშპ-ს ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, რაშიც მთავარი წვლილი ადგილობრივ მოთხოვნაზე მოდიოდა.
რაც შეეხება საგარეო მოთხოვნას, იგი კვლავ შესუსტებული რჩება, რაზეც ივლისში საქონლის ექსპორტის დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს. რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, საგარეო მოთხოვნა რისკ-ფაქტორად რჩება და შემდგომი შემცირების შემთხვევაში კლების მიმართულებით იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.