პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და პოლონეთში საქართველოს სათვისტომოს ორგანიზებით, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყო.
გამოფენაზე, რომელიც საქართველოს საელჩოში გაიმართა, წარმოდგენილი იყო ქართველი ფოტოგრაფის, გიორგი აბდალაძის თემატური ნამუშევრები, რომლებზეც ასახულია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე განხორციელებული აგრესიის ამსახველი კადრები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქ. ვარშავაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, პოლონეთში ქართული დიასპორის, ასევე, ქართული და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ქეთევან ესიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ანი მიროტაძემ, პოლონეთში საქართველოს სათვისტომოს თავმჯდომარემ ეკატერინე ლოლაძემ. ღონისძიებაზე საქართველოს მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა ცნობილი პოლონელი მსახიობი, კატაჟინა პაკოშინსკა.