პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე დღევანდელ დღეს განსაკუთრებული უწოდა, რადგან როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს თავდაცვის სამინისტროსთან თანადგომისა და თანამშრომლობის დოკუმენტს მოეწერა ხელი. პატრიარქი ქადაგებისას მსოფლიოში არსებულ ვითარებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ის სიტუაცია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია, ძალიან საშიშია.
"ყველაფერი იცვლება და ჩვენც ვიცვლებით; უკეთესობისკენ ვიცვლებით. მე მოხარული ვარ, რომ ჯარის ნაწილი იმყოფება აქ. ხალხი უყურებს მათ, როგორც საკუთარ შვილებს, გაუცხოება რაც იყო, აღარ არის. ეს არის ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება, რომ წირვას ესწრება ჯარის ნაწილი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი უყურებდეს ჩვენს ჯარს, როგორც საკუთარ შვილებს და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მშვიდობიანად გრძნობდეს ჯარი თავს და არასოდეს არ იყოს გამოყენებული. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ თუ გინდა მშვიდობა, უნდა შეიარაღდე და ამიტომ ჯარი უნდა იყოლიო. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მტერმა არ გაბედოს საქართველოში შემოსვლა და გალაშქრება. ჩვენ ვიყავით დიდგორზე და უნდა ითქვას, რომ დიდგორი არ დამთავრებულა. როგორც ადრე ვთქვით, სანამ იქნება დედამიწა, დიდგორი იქნება"-განაცხადა პატრიარქმა.