სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს მცხეთაში , სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვის შემდეგ ტრადიციულად იქადაგა. უწმინდესის თქმით, საქართველო დაეხმარება სხვა ერებსაც ფერიცვალებაში.
საქართველოს პატრიარქის თქმით, სამთავროს დედათა მონასტერი წმინდა ადგილია, სადაც ჩვენი დიდი დედები მოღვაწეობდნენ.
"დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, როდის მოხდება ფერიცვალება საქართველოში და დაწყებულია თუ არა ეს ფერიცვალება? მრავალი განსაცდელის წინაშე დგას კაცობრიობა, კაცობრიობა თანდათან კარგავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, საქართველო კი პირიქით, ძლიერდება ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიაში. ის წინასწარმეტყველება, რომ საქართველოო გაბრწყინდება, პროცესი, ფერიცვალება, ეს გაბრწყინება დაწყებულია. ჩვენ ვმადლობთ უფალს, ამ დიდი წყალობისათვის.
ჩვენში აუცილებლად მოხდება ფერიცვალება, მადლი, რომელიც შეცვლის ჩვენს ფიზიკურ და სულიერ ბუნებას. საქართველო დაეხმარება სხვა ერებსაც ამ ფერიცვალებაში. ღმერთმა დაგლოცოლთ, გაგახაროთ, და ღმერთმა ინებოს წყალობა, მშვიდობა, სიყვარული და სიხარული გაძლიერდეს ჩვენში", - აღნიშნა უწმინდესმა.
(მოამზადა ანა ნოდიამ)