reportiori.ge - „ლრაგირი“: საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შეეშინდათ? საქართველო ნახჭევანში გარანტიებს მოითხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:56
პრეს-დაიჯესტი
„ლრაგირი“: საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შეეშინდათ? საქართველო ნახჭევანში გარანტიებს მოითხოვს
ავტორი:
19 აგვისტო, 2014. 18:07



„ეხო“ (აზერბაიჯანი), 19 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.echo.az/article.php?aid=69282

 

 

აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო: ეს ალიანსი მომავალში შეიძლება გაფართოვდეს

 

 

            ბ.საფაროვი, ნ.აბასოვი

 

(შემოკლებით)

 

გუშინ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა აზერბაიჯანში, [ნახჭევნის ავტონომიურ რესპუბლიკაში] ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიიღო. ქართველი კოლეგის შესახვედრად საპატიო ყარაული მოეწყო. მოლაპარაკების დროს ზაქირ ჰასანოვმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან მოლაპარაკების სტრატეგიულ მნიშვნელობას. როგორც მან აღნიშნა, ორი ქვეყნის სამხედრო ურთიერთობა აღმავალი ხაზით, სწრაფი ტემპით ვითარდება და გამოხატა რწმენა, რომ მომვალშიც ასე გაგრძელდება. თავის მხრივ, ირაკლი ალასანიამ კმაყოფილება გამოხატა ნახჭევანში თავისი პირველი ვიზიტით... მხარეებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ვითარება და სხვა საკითხები.

 

 

 

ავღნიშნავთ, რომ ზაქირ ჰასანოვი და ირაკლი ალასანია ნახჭევანში სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით ჩავიდნენ. გუშინ, 18 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში ნახჭევანში ჩავიდა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ისმეთ ილმაზი, რომელიც თავის აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. დღეს  სამხედრო უწყებათა მეთაურების სამიტის პროგრამაშია სამმხრივი შეხვედრა-მოლაპარაკება, აუდენცია ნახჭევნის ავტონომიის უზენაესი მეჯლისის თავმჯდომარესთან ვასიფ თალიბოვთან, ნახჭევანში დისლოცირებული აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მონახულება, კულტურული პროგრამა და ასე შემდეგ.

 

 

 

აზერბაიჯანელმა ექსპერტებმა კომენტარი გაუკეთეს ამ მოვლენას და სამმხრივი სამიტის პერპსექტივაზე იმსჯელეს.

 

 

 

როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტმა უზეირ ჯაფაროვმა აღნიშნა, „ყველა სახელმწიფო, ცვალებადი პოლიტიკური ვითარების პირობებში, ცდილობს მეტი ყურადღება დაუთმოს თავისი უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის საკითხებს. ასეთი შეხვედრების ფორმატი ჩვენი სამივე ქვეყნის ინტერესებს ყველა პარამეტრით - პოლიტიკურით, ეკონომიკურით და კულტურულით - სრულად აკმაყოფილებს. სამომავლოდ შეგვიძლია სამშვიდობო ძალებიც ჩამოვაყალიბოთ. რა თქმა უნდა, შეხვედრის ფორმატი არავის წინააღმდეგ არაა მიმართული, თუმცა ეს შეიძლება სომხეთის ამბიციების შემკავებელ ფაქტორად იქცეს, რომელიც ჩვენ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულებით და სხვა სტრუქტურებით გვემუქრება“, - აღნიშნა უზეირ ჯაფაროვმა.

 

 

 

ექსპერტმა ელშან მუსტაფაევმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კავკასიის რეგიონში შექმნილი სიტუაცია სამივე სახელმწიფოს ინტერესებშია და აქედან გამომდინარე, სამიტზე ყველაზე მეტ დროს სწორედ რეგიონულ პრობლემატიკას დაუთმობენ, განხილული იქნება აგრეთვე აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სამხედრო ინტეგრაციის საკითხებიც. „სომხეთი რუსეთის ოფიციალური სამხედრო მოკავშირეა, საქართველო და აზერბაიჯანი კი არცერთ სამხედრო ორგანიზაციაში არ შედიან. ორივე სახელმწიფოს ტერიტორია ნაწილობრივ ოკუპირებულია. რუსეთის ფაქტორი საქართველოს და აზერბაიჯანს ნატოსთან პირდაპირი ურთიერთობაში ხელს უშლის, თუმცა თურქეთთან სამხედრო თანამშრომლობის განვიტარება ნატოსთან თანამშრომლობად შეიძლება ჩავთვალოთ“, - აღნიშნა ელშან მუსტაფაევმა.

 

 

 

სომეხი ექსპერტების აზრით, მათი მეზობელი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა შემთხვევითი არ არის.

 

 

 

რუბენ მელქონიანის თქმით, „თურქეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი რეჯებ ერდოღანი ამ სამიტით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი ქვეყნის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში დიფერენცირებული რჩება, ანუ სომხეთის მიმართ მტრობა შენარჩუნდება, იმავდროულად კი საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობა ღრმავდება. არის კიდევ პროპაგანდისტული მხარეც: აი, ჩვენ, ანკარა-თბილისი-ბაქო როგორ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ, ერევანი კი განზე რჩებაო... მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ თავდაცვის მინისტრების სეხვედრას აშკარად ანტისომხური ხასიათი აქვს: თუ სომხეთი უკვე არის ერთი სტრატეგიული ალიანსის წევრი, რატომ არ შეიძლება მეორე ალიანსი ჩამოყალიბდეს? თვით ის, რომ შეხვედრის გეოგრაფიულ ადგილად ნახჭევანია არჩეული, იმაზე მეტყველებს, რომ ესეც პროპაგანდაა“ (ექსპერტს მხედველობაში აქვს ის, რომ ნახჭევანს სომხეთი თავის ისტორიულ ტერიტორიად მიიჩნევს).

 

 

პოლიტოლოგი რუბენ მეღრაბიანი თვლის, რომ სამიტის მონაწილე სამ ქვეყანას საერთო ენერგეტიკული სტრატეგია აერთიანებთ, რადგან მათ ტერიტორიაზე ენერგეტიკული კომუნიკაციები გადის, რაც უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს: „ამიტომაც მათ საინტერესო საკითხების საერთო დღის წესრიგი ყოველთვის ექნებათ, რადგან აუცილებელია სიტუაციის მუდმივი მონიტორინგი. ეს პირველი მომენტი. მეორე მომენტი პროპაგანდისტულია: ანკარას და ბაქოს სურთ, რომ მათი ხმა ისმოდეს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამ თვალსაზრისით საქართველო მათთვის დამაკავშირებელი რგოლის როლს ასრულებს, რომელიც თავის მხრივ, ორივესგან დივიდენდებს ღებულობს. ასე რომ, საქართველოს მონაწილეობა სამიტში სავსებით ლოგიკურია“.

 

 

 

 

 

„ლრაგირი“ (სომხეთი), 19 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.lragir.am/index/rus/0/politics/view/37706

 

 

საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შეეშინდათ? საქართველო ნახჭევანში გარანტიებს მოითხოვს

 

 

ნაირა აირუმიანი

 

აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების ნახჭევნური შეხვედრა, ცოტა არ იყოს, უჩვეულოა - აქ ხომ უფრო მეტად ერთმანეთს თურქი, აზერბაიჯანელი და ირანელი ჩინოვნიკები ხვდებიან ხოლმე. რადგან მათ შორის ირანის თავდაცვის მინისტრი არ ჩანს, ეს ნიშნავს, რომ თურქეთს,რანს და აზერბაიჯანს შორის სამხედრო ალიანსი არ შედგა, სამაგიეროდ, ყალიბდება ახალი ალიანსი საქართველოს მონაწილეობით. გარდა ამისა, ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ ირანი რეგიონის ენერგოკომუნიკაციებისათვის საფრთხეს წარმოადგენს. საქმე იმაშია, რომ ირანი დიდი ხნის განმავლობაში სთავაზობდა თურქეთს და აზერბაიჯანს ნახჭევნის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადებას, მაგრამ რადგანაც ამისათვის სომხეთთან საზღვარიც უნდა გახსნილიყო, ამაზე ანკარა და ბაქო არ დათანხმდნენ: მათთვის საზღვრის გახსნა ხომ სიკვდილის ტოლფასია. არც რუსეთი აღმოჩნდა დაინტერესებული ირანის ინიციატივით და, ცხადია, თეირანის წინადადება ჩაიშალა.

 

 

 

თურქეთს ძალიან სურს, რომ [უკრაინის კრიზისის ფონზე, როცა ევროპისათვის რუსული ენერგოშემცველების მიწოდებას გარკვეული საფრთხე დაემუქრა], ირანულ საექსპორტო კომუნიკაციებს მის ტერიტორიაზე გაევლო, მაგრამ თურქეთი ირანისათვის [და რუსეთისთვისაც] ყველაზე არასასიამოვნო ვარიანტია. როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების ცნობილმა რუსმა ექსპერტმა კონსტანტინ სიმონოვმა აღნიშნა, თურქეთი ევროპისათვის უფრო უარესი ტრანზიტორი იქნება, ვიდრე უკრაინა.

 

 

 

ის, რომ ნახჭევნის შეხვედრა საქართველოს ინიციატივით ტარდება, ნიშნავს, რომ თბილისს განზრახული აქვს ბაქოსა და ანკარის ურთიერთობებში თავისი დამაკავშირებელი როლის განმტკიცება. საქართველო სასიცოცხლოდაა დაინტერესებული   ენერგოშემცველების უსაფრთხოებით აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც: თბილისი ხვდება, რომ სწორედ აზერბაიჯანში შეიძლება მოხდეს „სამხედრო ესკალაცია“... შემთხვევითი არაა, რომ საქართველომ აზერბაიჯანს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით დახმარება აღუთქვა.

 

 

 

რაზე მოილაპარაკებენ მინისტრები? განზრახული აქვს თუ არა საქართველოს დახმარება გაუწიოს აზერბაიჯანს, თუ ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ომი დაიწყება და მილსადენები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება? იმაში, რომ ომის შემთხვევაში სამხედრო მოქმედება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იწარმოებს, ეჭვი არავის ეპარება. საინტერესოა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ბოლოდროინდელი გააქტიურების ფონზე, სომხეთიდან გაისმა ხმები მინგეჩაურის წყალსაცავის თაობაზე. ეს წყალსაცავი აზერბაიჯანისა და საქრთველოს საზღვარზე მდებარეობს. ამასთან დაკავშირებისთ, სამიტზე ბაქო შეეცდება თბილისისგან გარანტიები მიიღოს, რომ წყალსაცავის უსაფრთხოება დაცული იქნება და პროვოკაციებს ადგილი არ ექნება.

 

 

 

შეეცდება თუ არა ქართველი მინისტრი თავისი თურქი და აზერბაიჯანელი კოლგების დარწმუნებას უარი თქვან ანტისომხურ სამხედრო გეგმებზე, რადგანაც ეს საფრთხის ქვეშ აყენებს მათსავე ტერიტორიაზე არსებულ ენერგეტიკულ კომუნიკაციებს? ან თუ თვითონ მიიღებს გარანტიებს იმისას, რომ თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე (ჯავახკში) არეულობის გამოწვევას შეეცდება, ბაქო და ანკარა თბილისს დაეხმარება?

 

 

 

მოკლედ, სამ მინისტრს ერთმანეთისათვის ბევრი რამ აქვთ სათქმელი. რეგიონში დღემდე არსებული სტატუს-ქვო აშკარად იცვლება. შესაბამისად, სიტუაციის განვითარების ვერსიები ძალიან ბევრია, მაგალითად, არის დაუჯერებელი სცენარი, რომ ირანი და სომხეთი ნახჭევანს გააკონტროლებენ, არაა გამორიცხული სხვა სახელმწიფოს ჩარევაც...

 

 

 

 

 

„ტერტი“ (სომხეთი), 19 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.tert.am/ru/news/2014/08/18/khosrovharutyunyan/

 

 

„სომხეთს ევროკავშირთან თავისი ეკონომიკური  ურთიერთობების გაღრმავება საქართველოს გარეშეც შეუძლია“

 

 

სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრმა ხოსროვ არუთინიანმა „ტერტ“-ის ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, რომ სომხეთს სრულებითაც არ სჭირდება ისარგებლოს საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმების შესაძლებლობებით, როგორც ეს საქართველომ აზერბაიჯანს შესთავაზა. „სომხეთს უფრო სერიოზული ინსტრუმენტი გააჩნია იმისთვის, რომ ევროკავშირის შესაძლებლობები გამოიყენოს - ესაა „ჯი-ეს-ფი პლუს“-ის („GSP+“) სისტემა. აზერბაიჯანი და საქართველოც კი ამგვარ უპირატესობას მოკლებულნი არიან“, - ხაზი გაუსვა ხოსროვ არუთინიანმა.

„ვფიქრობ, რომ ევროკავშირის მიდგომები მიგრაციული პოლიტიკის საკითხებში სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთნაირი იქნება, მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას, საქართველოსთან ხელმოწერილ ასოცირების შეთანხმებას, აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველო აზერბაიჯანს უფრო  მგრძნობიარედ და ყურადღებით ექცევა და შესაბამისად,  თბილისი-ბაქოს ურთიერთობა თბილისი-ერევნის ურთიერთობისაგან განსხვავდება“, - თქვა პარლამენტის დეპუტატმა.

 

 

 

ხოსროვ არუთინიანის თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთდამოკიდებულება განპირობებულია ენერგოშემცველებით დაინტერესებაში, აგრეთვე ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი კომუნიკაციებით.: „სწორედ ამ მიზეზით საქართველო, უეჭველია, შეეცდება ჩამოაყალიბოს უფრო ლოიალური და უფრო მომგებიანი ურთიერთობა აზერბაიჯანთან, რამდენადაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველო დამოკიდებულია აზერბაიჯანზე და შესაბამისად, თავის მხრივ, თბილისი ბაქოს სთავაზობს ისარგებლოს მისი ეკონომიკური კავშირებით. რატომ არ სთავაზობს იგივეს ერევანს, ეს არ ვიცი, მაგრამ  ჩვენ გვაქვს „ჯი-ეს-ფი პლუსი“, რაც უპირატესობის სისტემას წარმოადგენს, ანუ, თუ მახსოვრობა არ მღალატობს, ჩვენ შეგვიძლია ევროკავშირის ბაზარზე 7 ათასი დასახელების პროდუქტის გატანა - ყოველგვარი ზედმეტი საბაჟო კონტროლის გარეშე. ამის შესაძლებლობა არ აქვს აზერბაიჯანს და საქართველოსაც კი. რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება საქართველოს ახალ ჰორიზონტს უხსნის, მაგრამ თუ ჩვენი მეზობელი არაფერს გვთავაზობს, ეს ნიშნავს, რომ მას არ აქვს ისეთი რამ, რაც ჩვენ დამატებით შესაძლებლობას ჩამოგვიყალიბებდა“.

 

 

 

 

 

 

„ფორინ ეფეარსი“ (აშშ), 19 აგვისტო, 2014 წელი

 

 

www.foreignaffairs.com/articles/141769/john-j-mearsheimer/why-the-ukraine-crisis-is-the-wests-fault

 

 

უკრაინა, რუსეთი და დასავლეთი: ვინაა დამნაშავე კრიზისში?

 

 

ვრცელ სტატიაში, რომლის ავტორია აშშ-ის ჩიკაგოს უნივერსიტეტის დამსახურებული პოლიტოლოგი ჯონ მირშეიმერი, გაანალიზებულია რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირება უკრაინის მოვლენების გამო და მოცემულია ის მიზეზები, რომლებმაც კონფრონტაციის გამწვავება გამოიწვია. პუბლიკაციაში საქართველოს შესახებაცაა საუბარი.

 

 

გთავაზობთ ამონარიდს:

 

 

ცივი ომის დასრულების ჟამს საბჭოთა ლიდერები იმედოვნებდნენ, რომ რადგანაც გერმანია უკვე გაერთიანებულია, ნატო გაფართოებას აღარ შეეცდებოდა, მაგრამ ბილ კლინტონის ადმინისტრაცია სხვაგვარად ფიქრობდა: 1990-იანი წლების შუახანებში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა აღმოსავლეთის მიმართულებით სწრაფი გაფართოება დაიწყო.

 

 

 

პირველი რაუნდი 1999 წელს დასრულდა - ნატოში ჩეხეთი, უნგრეთი და პოლონეთი გაწევრიანდნენ. 2004 წელს დასრულდა მეორე რაუნდიც - ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა რუმინეთი, სლოვენია და სლოვაკია ალიანსის წევრები გახდნენ. მოსკოვი პროტესტებს გამოთქვამდა ნატოს გაფართოების საწყის ეტაპზევე, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ პირველი - რუსები იმ პერიოდში ძალიან სუსტები იყვნენ; მეორე - ნატოს იმდროინდელი „სვლა აღმოსავლეთისკენ“ მაინც და მაინც ძალიან აგრესიულად არ გამოიყურებოდა; მესამე -  შეიძლება ითქვას, რომ ახლადმიღებულ ქვეყნებს რუსეთთან საერთო საზღვარი არ ჰქონდათ.

 

 

 

აი, იმ დროს კი, როცა ნატომ თავისი აღმოსავლური ვექტორი ძალიან გააქტიურა, წევრად მიიღო ბალტიისპირა მცირე ქვეყნები, რაც მოსკოვს განსაკუთრებით არ სურდა, როცა ბუქარესტის  2008 წლის ალიანსის სამიტზე ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ უკრაინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანება მოისურვა (როგორც ცნობილია, იმ დროს გერმანიამ და საფრანგეთმა ნეგატიური პოზიცია გამოხატეს, საბოლოოდ კი მათ აშშ-სთან თითქოს კომპრომისს მიაღწიეს: „კი, მაგრამ ახლა არა, სამომავლოდ, როდისმე“), როცა ალიანსმა თავისი ცნობილი განცხადება გააკეთა - „ეს ქვეყნები ნატოს წევრები გახდებიანო“, მოსკოვი სერიოზულად შეშფოთდა და ამგვარი სიტუაცია კომპრომისად არ მიიჩნია. გვახსოვს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე გრუშკოს გამონათქვამი - „საქართველოსა და უკრაინის მიღება ალიანსსი უდიდესი სტრატეგიული შეცდომაა“. ვლადიმერ პუტინიც ამტკიცებდა, რომ ამ ორი ქვეყნის ნატოში მიღება რუსეთისათვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. ერთ-ერთი რუსული გაზეთი კი იმასაც წერდა, რომ პუტინმა ბუშთან მოლაპარაკების დროს მიანიშნა, რომ „თუ უკრაინა ნატოს წევრი გახდებოდა, ეს ქვეყანა თავის არსებობას შეწყვეტდა“.

 

 

 

რუსეთის საქართველოში შეჭრას 2008 წლის აგვისტოში თითქოსდა პუტინის გეგმების მიმართ არსებული ყველა ეჭვი უნდა გაეფანტა, რომ კრემლი ყველანაირად წინ აღუდგებოდა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. იმ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ძალიან იყო დაინტერესებული თავისი ქვეყნის ალიანსში მიღებით, ორი სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაკონტროლება გადაწყვიტა. ამასთან, ვლადიმერ პუტინი მიისწრაფოდა, რომ საქართველო სუსტი და დანაწევრებული დარჩენილიყო, რადგან ასეთ მდგომარეობაში მყოფს მას ნატოში არავინ მიიღებდა. სამხრეთ ოსეთში მომხდარი ქართული სამთავრობო ჯარებისა და ოსი სეპარატისტული ძალებს შორის მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თვაის კონტროლქვეშ აიყვანა. ამით მოსკოვმა თავისი პოზიცია გამოხატა. მიუხედავად მოსკოვის ასეთი მკვეთრი გაფრთხილებისა, ნატოს არასდროს საჯაროდ არ განუცხადებია თავისი მიზნის უარყოფა, რომ საქართველოსა და უკრაინას თავის რიგებში აღარ მიიღებს.... და ალიანსის გაფართოება კვლავ გრძელდებოდა: 2009 წელს ნატოს წევრები გახდნენ ალბანეთი და ხორვატია.

 

 

 

ევროკავშირიც აღმოსავლეთისაკენ მიიწევდა: 2008 წლის მაისში მიღებულ იქნა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ინიციატივა - პროგრამა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის ეკონომიკურ განვითარებაში დახმარებასა და ევროკავშირთან ინტეგრაციას ითვალისწინებდა. გასაკვირი არაა, რომ  რუსეთის ხელისუფლება ამ პროგრამას მტრულად შეხვდა - სერგეი ლავროვმა ევროკავშირი აღმოსავლეთ ევროპაში „გავლენის სფეროს“ შექმნაში დაადანაშაულა. რუსი ლიდერების თვალში ევროკავშირის გაფართოება ე.წ.„ტროას ცხენად“ აღიქმება ნატოს გაფართოების შესანიღბავად.

 

 

 

დასავლეთმა უკრაინაში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დემოკრატიის განმტკიცებისა და დასავლური ფასეულობების გავრცელებისათვის გეგმა შეიმუშავა, რომელიც პროდასავლური ორგანიზაციებისაგან და ცალკეული პირებისაგნ დაფინასებას ითვალისწინებს. როცა რუსი ლიდერები უკრაინის გარდაქმნის დასავლურ გეგმებს უყურებენ, ისინი შეშფოთებულები არიან, რომ რუსეთი ამ გეგმებში მომდევნო ქვეყანა იქნება და ასეთი ეჭვები უსაფუძვლო არ არის. ჯერ კიდევ 2013 წლის სექტემბერში წერდა „ვაშინგტონ პოსტი“, რომ „უკრაინის ევროპული არჩევანი რუსული იმპერიალიზმის იდეის დასამარების ტოლფასია - იმ იმპერიალიზმისა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი წარმოადგენს... რუსებიც არჩევანის წინაშე დგანან და პუტინმა შეიძლება არა მხოლოდ ახლო საზღვარგარეთში წააგოს, არამედ თვით რუსეთშიც“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(სპეციალურად „რეპორტიორისთვის“ მოამზადა სიმონ კილაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016