reportiori.ge - „ბი-ბი-სი“: „კაზანტიპი“ საქართველოში: ტესტი ურთიერთშეთავსებულობაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:58
პრეს-დაიჯესტი
„ბი-ბი-სი“: „კაზანტიპი“ საქართველოში: ტესტი ურთიერთშეთავსებულობაზე
ავტორი:
20 აგვისტო, 2014. 20:42


„აბც" (პარაგვაი), 19 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.abc.com.py/edicion-impresa/politica/presentan-a-georgia-como-una-base-posible-para-exportacion-paraguaya-1277010.html

 

 

საქართველო როგორც პარაგვაული პროდუქციის იმპორტიორი ქვეყანა

 

 

(შემოკლებით)



საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, შეიძლება პარაგვაის პროდუქციის გასაღების ბაზარი გახდეს აზიისა და ევროპისათვის, თანაც რეექსპორტისათვის გადასახადის გარეშე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება სხვა დეპუტატებთან ერთად.



ქართველი პარლამენტარი, დედაქალაქის სასტუმროში ჩვენთან საუბრისას ძირითადად თავისი ქვეყნის უპირატესობაზე ლაპარაკობდა - საქართველოს სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე, შავი ზღვის ნაპირებზე, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანზე. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს, რომელიც რუსეთს 1991 წელს ჩამოშორდა და დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გააჩნია ნავსადგურების ინფრასტრუქტურა, სახმელეთო სატრანსპორტო კომუნიკაციები, მილსადენები ენერგოშემცველების ექსპორტისათვის და თან პროდუქციის რეექსპორტისათვის საბაჟო მოსაკრებლებს არ იღებს. დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ შავი ზღვის აუზის ქვეყნების ბაზარზე პროდუქციის შესატანად საქართველოს ტერი-ტორიით სარგებლობა გარდაუვალია.



კიდევ ერთი უპირატესობა, რაც საქართველოს აქვს და რაც მრავალი ქვეყნის ბიზნესმენებისათვის მიმზიდველი ფაქტორია, ესაა ეკონომიკის თავისუფლება და ის შეთანხმება, რომელიც ევროკავშირთან გაფორმდა. საქართველოს თურქეთთანაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აკავშირებს. საქართველოს ტერიტორიის გავლით  პროდუქციის გატანა რუსეთშიც შეიძლება, - აღნიშნა ქართველმა კანონმდებელმა.



ქართველი სტუმრის თქმით, საქართველოში პარაგვაული ხორცისა და სოიოს გადამუშავებაც შეიძლება მისი რეექსპორტის მიზნით.  თბილისი დაინტერესებულია პარაგვაის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით და ამ სფეროში ბიზნესის განვითარებით, თუმცა ეს საკითხი ჯერ-ჯერობით შესწავლას საჭიროებს.



დავით უსუფაშვილს აინტერესებდა აგრეთვე რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული პრობლემატიკა და პარაგვაის პოზიცია. მან განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული: მოსკოვმა ორი სეპარატისტული რეგიონის - აფხზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფსევდო-დამოუკიდებლობა სცნო, თუმცა ისინი, რუსეთის გარდა, მხოლოდ ორ-სამ ქვეყანას ჰყავს აღიარებული, ისიც მხოლოდ ქრთამის მეშვეობით. ორივე სეპარატისტული რეგიონი ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარა.



დავით უსუფაშვილი, რომელიც საქართველოს ოთხკაციან დელეგაციას ხელმძღვანელობს, ჩვენს ქვეყანას კოლეგებთან კონტაქტების გაბმის მიზნით ეწვია. როგორც იუწყებიან, დღეს იგი პრეზიდენტ ორასიო კარტესს შეხვდება.



საქართველო - უძველესი ქვეყანა

 

 

საქართველო ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს, შავი ზღვის ნაპირებზე, მისი ფართობი 70 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, მოსახლეობა - დაახლოებით 5 მილიონი მცხოვრები. საქართველოში კავკასიური უძველესი ცივილიზაციის მქონე ხალხი ცხოვრობს, მის ტერიტორიას უამრავი მომხვდურის შემოსევა განუცდია. საქართველო ცნობილია ღვინის უძველესი კულტურით, რომელიც დაახლოებით 70 თუ 80 საუკუნეს ითვლის.







 

„ნეზავისიმაია გაზეტა" (რუსეთი), 20 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.ng.ru/editorial/2014-08-20/2_red.html

 

 

სავაჭრო პრეფერენციები სავაჭრო ომებზე ეფექტურია: რუსეთ-საქართველოს ვაჭრობის შესახებ

 

 

(შემოკლებით)

 

 

„დღეს რუსეთი თავის ბაზარს დსთ-ის ქვეყნებს თუ გაუხსნის, მოსკოვი ამით იმას მიიღებს, რასაც აკრძალვებით უშედეგოდ ცდილობდა: ერთიანი ეკონომიკური ზონის ჩამოყალიბებას პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც ახალი ინტეგრაციული გაერთიანების საფუძველი გახდება", - ნათქვამია გაზეთის სარედაქციო სტატიაში, - დღევანდელ სიტუაციაში, [როცა სანქციების ომი მიმდინარეობს], ჩვენი პარტნიორებისათვის შიშისმომგვრელი ევრაზიული კავშირი მათთვის უკვე მიმზიდველი შეიძლება გახდეს - თაფლაკვერი ყოველთვის უფრო გემრიელია, ვიდრე მათრახი, მით უმეტეს, რომ ახლომდებარე ქვეყნების ხილ-ბოსტნეული რუსეთის მოსახლეობისათვის უფრო ტრადიციულია, ვიდრე, დავუშვათ, ჰოლანდიური.



გუშინ რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ნიკოლაი ფედოროვმა განაცხადა, რომ გაირკვა იმ დამატებითი ქვეყნების სია, რომლებიც განახორციელებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტს - ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ყირგიზეთი".



რაც შეეხება ევროინტეგრაციის მხარდამჭერ საქართველოს და მოლდოვას, სარედაქციო სტატიაში აღნიშნულია: „საქართველო რუსეთს აწვდის ღვინოს, მინერალურ წყალს და ციტრუსებს, თუმცა შეიძლებოდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება, მით უმეტეს, რომ მთავარი „სავაჭრო" ბარიერი უკვე აღმოფხვრილია: მიხეილ სააკაშვილი, რომელზეც მოსკოვი „ხელს იშვერდა", ქვეყნის პრეზიდენტი უკვე საკმაო ხანია აღარ არის, ახალ ხელისუფლებასთან კი მოლაპარაკებაა საჭირო - ქართველები ხომ ჩვენი უახლოესი მეზობლებია არიან. არ უნდა ვკრათ ხელი მოლდოვას, რომელმაც, მართალია ხელი კი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობა რუსეთს კარგი თვალით უყურებს და კავშირების განვითარება სურს".








„კომერსანტი" (რუსეთი), 20 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.kommersant.ru/doc/2548494

 

 

ქართველი ხელისუფლები გენერალურ შტაბს იყოფენ?!

 

 

საყვედური პრემიერ-მინისტრს უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილების ხელყოფის გამო

 

 

გიორგი დვალი



(შემოკლებით)

 

 

საქართველოში სკანდალია: მასმედიაში გაჟონა ინფორმაციამ, თითქოსდა კანონში „თავდაცვის შესახებ" შესწორებები უნდა შეიტანონო, რომლის თანახმად, გენშტაბის უფროსს დანიშნავს პრემიერ-მინისტრი და არა პრეზიდენტი, ანუ უმაღლესი მთავარსარდალი. მართალია, ირაკლი ღარიბაშვილმა პირადად უარყო ეს ინფორმაცია, მაგრამ ოპოზიცია მაინც თვლის, რომ „გაჟონვა" ადასტურებს ტენედენციას პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცისა და პრემიერ-მინისტრის ძალაუფლების გაზრდის შესახებ.



ქართულ მასმედიაში ამ ინფორმაციამ აჟიოტაჟი გამოიწვია - ყველა ტელეარხი თავის პროგრამებს სწორედ ამ ახალი ამბით იწყებდა.



პრემიერ-მინისტრის კანცელარიამ სწრაფად უარყო ეს სენსაციური ინფორმაცია: „კანონში შესწორების შეტანა პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას არ ეხება", - განაცხადა პრემიერის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ, ხოლო თვითონ მთავრობის მეთაურმა მასმედია „შეგნებულ სპეკულირებაში" დაადანაშაულა და ჟურნალისტებს სთხოვა „სიტუაციას ნუ დაძაბავენ".



თუმცა თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილმა ამ საკითხთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებაში ცოტა სხვაგვარი აქცენტები დასვა: მისი განმარტებით, კანონის ახალი ვერსიის თანახმად, გენერალური შტაბის უფროსი ძველებურად დაექვემდებარება  და ანგარიშვალდებული იქნება პრეზიდენტის წინაშეც". ეს აშკარა მინიშნებაა იმაზე, რომ  გენშტაბის უფროსთან მიმართებით პრემიერ-მინისტრს იგივე უფლებები ექნება, როგორც პრეზიდენტს, მით უმეტეს, რომ თავდაცვის მინისტრის დანიშვნა და გათავისუფლება მთლიანად პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაში შედის.



როგორც პარლამენტის წევრმა ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობიდან" სერგო რატიანმა „კომერსანტს" განუცხადა, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება" თავდაცვის კანონის შეცვლას ცდილობს, რაც სრულიად თავსდება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის ტენდენციაში.



მართალაც, ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ფაქტიურმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტი გიორგი მარგველშვილი საჯაროდ გააკრიტიკა და მისი საქმიანობით უკმაყოფილება გამოხატა, სახელმწიფოს მეთაურსა და პრემიერ-მინისტრს შორის თითქმის ღია ბრძოლა დაიწყო უფლებამოსილების საკითხში. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ზოგიერთმა ძალოვანმა მინისტრმა პრეზიდენტის კრიტიკა დაიწყო.







„ეხო" (აზერბაიჯანი), 20 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://echo.az/article.php?aid=69361

 

 

პანიკა სომხეთში თუ ოვიკ აბრამიანის პიარ-აქცია?

 

სავიზო რეჟიმი: სომხეთი საქართველოს გადაწყვეტილებამ შეაშინა

 

 

 

            ჯამილია ალეკპეროვა

(შემოკლებით)

 

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 21 აგვისტოს სომხეთში იმიტომ ჩადის, რომ აზერბაიჯანს 18 აგვისტოს ქართველი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ეწვია. ამით ქართულ მხარეს იმის თქმა სურს, რომ საქართველოსთვის სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობას სრულიად ერთნაირი მნიშვნელობა აქვს", - განუცხადა „ეხოს" კორესპონდენტს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორმა, აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა მუბარიზ აჰმედოღლუმ.



შეგახსენებთ, რომ ვიზიტის დროს ირაკლი ღარიბაშვილი თავის სომეხ კოლეგასთან, ოვიკ აბრამიანთან მოლაპარაკების ჩარჩოებში სომხეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების საკითხსაც განიხილავს. როგორც ცნობილია, 2014 წლის 1 სექტემბრიდან უცხოელებს, მათი მოქალაქეობის მიუხედავად, თუ საქართველოში ყოფნა 90 დღეზე მეტ ხანს სურთ, ვიზის აღება მოუწევთ. ვიზები გაიცემა მათ სახელმწიფოში არსებულ საქართველოს საელჩოში ან საკონსულოებში. ეს ცვლილებები გათვალისწინებულია ახალი კანონით „უცხოეთის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ", რომელიც საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო და ძალაში პირველი სექტემბრიდან შედის. ეს კანონი და შესაბამისად, სავიზო რეჟიმი საქართველოს ევროასოცირების „საგზაო რუკაში" შედის. პრინციპში, ახალი კანონის მთვარი ცვლილება იმაში მდგომარეობს, რომ ევროკავშირის ქვეყნების, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის და თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში ისევ შეუძლიათ უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა, მაგრამ ადრინდელი 180 დღის ნაცვლად, მხოლოდ 90 დღის განმავლობაში. თუ მათ მეტხანს სურთ დარჩენა,  ამ შემთხვევაში ვიზები უნდა ჰქონდეთ.

საქართველოს გადაწყვეტილებამ პანიკა მხოლოდ სომხეთში გამოიწვია, თანაც ისეთი, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსული დეპარტამენტის უფროსს სომხური სააგენტო „არმენპრესისათვის" სპეციალური განმარტების გაკეთება მოუწია: „ჩვენი საიმიგრაციო პოლიტიკა არცერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ არაა მიმართული. კანონის ცვლილების მიზანია ინტეგრაციული პოლიტიკის განვითარება ყველა ქვეყანასთან და იმის თქმა, რომ სავიზო რეჟიმი მხოლოდ სომხეთთან იქნებაო, არასწორია". მისი თქმით, აღნიშნული სავიზო რეჟიმი თითქმის იდენტურია შენგენის რეჟიმთან, რომელიც ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის მოქმედებს.

თუმცა არსებობს სხვა მოტივებიც, რის გამოც საქართველომ სავიზო სფეროში პოლიტიკა გაამკაცრა: ჯერ იყო და ვაშინგტონმა თბილისს ირანთან მიმართებით უვიზო რეჟიმის გაუქმება მოსთხოვა, მერე ბრიუსელმა გამოხატა უკმაყოფილება საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროკავშირში „მძიმე ნარკოტიკების" კონტრაბანდის შეტანის გამო... უკმაყოფილება იზრდებოდა თვით საქართველოშიც, სადაც ადგილობრივი გლეხობა საყვედურს გამოთქვამდა ინდუსებისა და პაკისტანელების მიერ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების „პრივატიზებასთან" დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯს თურქეთშიც და აზერბაიჯანშიც საპასუხო რეაგირება უნდა გამოეწვია, მაგრამ არც თურქები და არც აზერბაიჯანელები საქართველოში არც სასწავლად, არც სამუშაოდ და მით უმეტეს, არც საცხოვრებლად არ დადიან, პირიქით - სწორედ საქართველოს მოქალაქეები მიდიან თურქეთში და აზერბაიჯანში, რადგან ამ ქვეყნებში ცხოვრების დონე შედარებით მაღალია. მართალია, ბოლო ხანებში საქართველოში ბევრი უცხოელი ჩადის ტურისტის სტატუსით, მაგრამ სომხებს, განსაკუთრებით კი საზღვრის პირა მოსახლეობას, ტურიზმისათვის არ სცხელათ, ისინი მასიურად დადიან საქართველოში სამუშაოსათვის და თუ ისინი სამუშაოს დაკარგავენ, ათასობით სომეხი საკუთარ მთავრობას - ყარაბაღულ ხროვას მიადგება... აი, ეს კი ერევანს არ სურს. სომხეთს ხომ მხოლოდ საქართველოს მეშვეობით აქვს კავშირი გარესამყაროსთან, შესაბამისად, ოფიციალური თბილისის საგარეო პოლიტიკის სულ მცირე ცვლილებასაც კი ერევანში შეშფოთებით უყურებენ - ჩვენს საწინააღმდეგოდ ხომ არ არის მიმართულიო... ამ შემთხვევაში ქართველი პრემიერის სომხეთში ვიზიტი განსაკუთრებულ როლს ასრულებს - მხარეები ყურადღებით განიხილავენ იმ სიტუაციას, რომელიც ერევან-თბილისის ურთიერთობაში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩამოყალიბდა, ხოლო თვითონ სომხეთმა ევრაზიულ კავშირში შესვლა გადაწყვიტა. ალბათ, შეეცდებიან წარმოქმნილი წინააღმდეგობების გადაჭრას და ურთიერთობის მისაღები ფორმატის ძიებას.



აღსანიშნავია, რომ სომხეთში ჩასვლას ოვიკ აბრამიანის მიწვევით რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევიც გეგმავს, ოღონდ 8-9 სექტემბერს.








„ლრაგირი" (სომხეთი), 20 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/37723

 

 

რისთვის მიდიან საქართველოსა და რუსეთის პრემიერ-მინისტრები ერევანში?

 

 

ნაირა აირუმიანი

 

 

(შემოკლებით)

სომხეთი პოლიტიკური ზაფხულის საინტერესო დასასრულის მოლოდინშია - 21-22 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო 8-9 სექტემბერს - რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი. თვითონ სომხეთის პრემიერი ოვიკ აბრამიანი კი 17-18 სექტემბერს ირანს ეწვევა.

ეს ინფორმაციები საინტერესო კითხვებს იწვევს...



ჯერ ჩამოვა საქართველოს პრემიერი, რომელიც, ალბათ, სომხეთს პირობებს წაუყენებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ეს იქნება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაუქმება, მეორე - საბაჟო ტარიფების მომატება, მათ შორის გაზზეც და მესამე - სავიზო რეჟიმის შეცვლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ალბათ, იმასაც იტყვის, რომ ჯავახკში სამხედრო  ბაზა შენდება, რომელსაც, აშკარაა, ერთობლივი ქართულ-ამერიკული დანიშნულება ექნება.



მერე გვეწვევა დიმიტრი მედვედევი, რომელიც შეეცდება სომხეთის დარწმუნებას , რომ ერევანი აუცილებლად უნდა დათანხმდეს საბაჟო ტარიფების მატებას, თანაც ორმაგს - საქართველოსაგან და საბაჟო კავშირისაგან, დაგვპირდება ცოტა ფულს გასესხებთო - ჭამეთ და თან ატომური სადგური არემონტეთო. მედვედევი იმასაც გვეტყვის, რომ სომხეთს ერთგულად დაიცავს და სხვას ცხვირსაც არ შემოაყოფინებს, გინდაც ის კეთილი სურვილებით მოდიოდეს. რუსი პრემიერი თავის სომეხ კოლეგას ირანის ვიზიტის წინ  ვლადიმირ პუტინის მოკითხვასა და „თხოვნას" გადასცემს - შეეშვას ფიქრს ირანული გაზის ევროპაში ტრანზიტთან დაკავშირებით, თორემ რუსული გაზი გაუძვირდება...



აი, ამის შემდეგ კი, თუ ოვიკ აბრამიანს კიდევ ექნება თეირანში ჩასვლის სურვილი, იქაურ პრეზიდენტს ეტყვის, რომ სანამ რუსეთი ძლიერია, „სომხეთი საკუჭნაოში იქნება ჩაკეტილი". საკუჭნაოში ჩაკეტვა კი ვისთვისაა კარგი, ყველამ იცის - [კატებისა და თაგვებისათვის].








„კრიმსკოე ეხო" (რუსეთი/უკრაინა), 20 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.kr-eho.info/index.php?name=News&op=article&sid=12607

 

 

„მშფოთვარე ამიერკავკასია: ასოცირებული ჯორჯია ამერიკის პროტექტორატის ქვეშ"

 

 

„აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის დამოკიდებულება ცხელი ფაზიდან ცივში გადავიდა, გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის ფონზე. სიტუაცია მაინც და მაინც ვერ გააუმჯობესა ოკეანისიქითა პატრონების დანაშაულებრივი ბრძანების შემსრულებელი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური არენიდან წასვლამაც კი. საქართველო როგორც იყო, ისევე რჩება აშშ-ის მმართველობის ქვეშ... იურისტ მიხეილ სააკაშვილის ფილოსოფოს გიორგი მარგველაშვილით შეცვლამ საქართველო იდეალურ სახელმწიფოდ ვერ გადააქცია", - ნათქვამია სიმფეროპოლის გაზეთის სტატიაში.



„მართალია, ბოლო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებმა საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი შეცვალა, „ნაციონალური მოძრაობა" „ქართულმა ოცნებამ" ჩაანაცვლა, მაგრამ „ნაციონალები" ბოლომდე დამარცხებულნი ჯერ არ არიან, მათ საკმაო მხარდამჭერები ჰყავთ. ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებითაც დადასტურდა, როცა „მეოცნებეებმა" პირველსავე ტურში გამარჯვება ვერ მოიპოვეს.



საქართველოში კვლავ სიღარიბეა: ქართული რეფორმების გატარებამ და გამარჯვების შეძახილებმა ქვეყნის ეკონომიკას ვერაფერი უშველა. იმ დროს, როცა ყაზახეთი ინდუსტრიას აშენებს, საქართველოში მხოლოდ მინის ფასადიანი პოლიციის შენობები აშენდა, ევროასოცირება კი თბილისს რას მოუტანს, არავინ იცის... ქვეყანას სისხლის სამართლის საქმეები არყევს. მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად უკვე დაპატიმრებულია, დასწრებულად კი ამერიკაში ცხოვრობს და უკრაინაში მუშაობს. ვაშინგტონი მიხეილ ნიკოლოზოვიჩთან მიმართებით პრეზიდენტ ფრანკლინის გამონათქვამით სარგებლობს: „სომოსა შეიძლება არამზადაა, მაგრამ ის ჩვენი არამზადაა". იგი დღეს კიევის ხელისუფლებას სამომავლოდ ათი ათასობით კილომეტრი ფართობის მქონე ტერიტორიის დაკარგვაში ეხმარება, აშშ კი პერიოდულად თავის სტახანოველს იცავს და საქართველოს ხელისუფლებას ოკეანისიქითელ მაღალ ჩინოვნიკებთან „სწორებაზე" დადგომა უხდება.



მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მარტო არ მუშაობს, მას თან მთელი რევოლუციური გუნდი ჩამოჰყვა, სასახლის მთელი კამარილია, აგრეთვე ლანდსკნეხტები, კონდოტიერები, დაქირავებული პოლიტოლოგები და პოლიტტექნოლოგები. ამაში „ქართული ოცნებისათვის" ერთ-ერთი მთავარი საფრთხე იმალება: ვინ იცის, რა მოხდება, თუ ვაშინგტონი ადრე თუ გვიან საქართველოს ჩამოწერს, ქაოსში ჩაძირავს? ასეთ შემთხვევაში სამშობლოში ყველა სახის ავანტიურისტი დაბრუნდება...", - ნათქვამია პუბლიკაციაში.








„ბი-ბი-სი" (დიდი ბრიტანეთი), 20 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.bbc.co.uk/russian/society/2014/08/140819_georgia_kazantip.shtml

 

 

„კაზანტიპი" საქართველოში: ტესტი ურთიერთშეთავსებულობაზე

 

 

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი"-ს რუსულენოვანმა სამსახურმა მოამზადა ვრცელი ვიდეორეპორტაჟი საქართველოში „კაზანტიპის" მუსიკალური ფესტივალის შესახებ, რომელიც დღეს იწყება შავიზღვისპირა კურორტ ანაკლიაში (ავტორი - ნინა ახმეტელი).

 

 

„ანაკლიასა და განმუხურს შორის, საქართველოსაგან ჩამოშორებულ აფხაზეთთან ახლოს, უზარმაზარი ყვითელი ჩემოდანია დადგმული - ეს გამოგონილი „კაზანტიპის რესპუბლიკის" ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა", - აღნიშნულია ვიდეორეპორტაჟში, - ელექტრონული მუსიკის ლეგენდარული ფესტივალი ადრე ყირიმში, შავიზღვისპირა სოფელ პოპოვკაში ტარდებოდა ხოლმე, ახლა კი, პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, ანაკლიაში გადმოიტანეს".



ვიდეოსიუჟეტში ვრცლადაა გადმოცემული „კაზანტიპის ფესტივალთან" დაკავშირებული პერიპეტიები: საქართველოს ხელისუფლებისა და ეკლესიის ერთმანეთისაგან განსხვავებული წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება, ანაკლიაში გამართული ანტიკაზანტიპური აქციები და სხვა მოვლენები.



ფესტივალის ხელმძღვანელი ნიკიტა მარშუნოკი, რომელიც თავის თავს „კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტს" უწოდებს, ამბობს, რომ „ყირიმში განვითარებულმა მოვლენებმა ფესტივალის ჩატარება საფრთხის წინაშე დააყენა. დღეს ყირიმი ცეკვისა და სიმღერის ადგილი არ არის, ის რთულ ცხელ ადგილად  რჩება და მხოლოდ დრო გვიჩვენებს საკითხის გადაწყვეტას... არ მინდა, რომ ვინმემ ანექსიის მსხვერპლად ჩამთვალოს, მაგრამ რუსეთთან შეერთების შემდეგ შევამჩნიე, რომ იქაურ ხელისუფლებას ფესტივალის პერსპექტივა არ აინტერესებდა, არადა, ამის შანსი ნამდვილად იყო. იქ რომ ვინმეს შემხვედრი ნაბიჯი გადმოედგა, მე ამას აუცილებლად შევნიშნავდი. არჩევანის წინაშე დავდექი: პროექტის გაუარესება მომეხდინა თუ სხვაგვარად, სრულიად ახალი მიდგომით გამეკეთებინა. მე მეორე ავირჩიე".



ნიკიტა მარშუნოკი სწრაფად დაეთანხმა შეთავაზებას ფესტივალის ანაკლიაში ჩატარების შესახებ, მაგრამ მოგვიანებით დარწმუნდა, რომ ეს საქართველოში ყველას არ გახარებია, ამიტომ მისი მოლოდინი ცოტა გაფერმკრთალდა: „მე მაჩვენეს მომღიმარე პოლიციელები, წამაკითხეს შესანიშნავი კანონები, მაგრამ შემდეგ ვნახე, რომ ეს კანონები არ მუშაობენ... არის წესები, მაგრამ არ მოქმედებენ. ყველაფერი მაგრადაა მოფიქრებული, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ამუშავდეს, რადიკალური მოქმედებაა საჭირო. არავინ არ უნდა შეუშალოს ხელი მათ, ვისაც მართლაც სურს მუშაობა და ამ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება".



ვიდეოსიუჟეტში საუბარია აგრეთვე ადგილობრივი ბიზნესმენების პერსპექტივაზე, რომლებიც ათი ათასობით ტურისტს და კლიენტს ელოდებიან. ისინი კმაყოფილნი არიან, რომ ბანკის კრედიტებს გადაიხდიან და მოგება ექნებათ. „კაზანტიპი" უნდა ჩატარდეს. ჩვენ უამრავი ფული ჩავდეთ, ხალხმა რესტორნები და ბარები გახსნა... რას ვეტყვით ჩვენ მათ?", - ამბობს ანაკლიელი დათა შელია.



რაც შეეხება ეკლესიას, მისი პოზიცია რადიკალურად ნეგატიურია: „ეს გარყვნილებაა და ჩვენ სწორედ ამიტომ ვაპროტესტებთ ფესტივალის ჩატარებას", - ამბობს მღვდელი ვასილ იაშაღაშვილი „ბი-ბი-სი"-ს კორესპონდენტთან საუბარში. აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ავრცელებდა, რომელზეც ტექსტთან ერთად მოწოდება იყო დაბეჭდილი: „კაზანტიპი - საქართველოში გარყვნილების იმპორტიორი".



ნიკიტა მარშუნოკი ეკლესიის დამშვიდებას ცდილობს და ამბობს: „ჩვენ ყველა სექსის შედეგად დავიბადეთ. თუ ამ ქვეყანაში სექსთან დაკავშირებით პრობლემებია, ჩვენ მზად ვართ თავი შევიკავოთ - 20-დან 30 აგვისტომდე ერთმანეთთან საერთოდ სექსი არ გვექნება... არადა, რა დიდი პერსპექტივებია წინ! გავიგე, რომ ეკლესიის მოთხოვნით მინისტრი გაუთავისუფლებიათ თანამდებობიდან... მესმის, რომ აქ იმას ვერ გავაკეთებ, რაც მინდა, მაგრამ ბევრი გართობა რომ იქნება, ეს მართალია".



საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა „ბი-ბი-სი"-ს კორესპონდენტთან საუბარში თვლის, რომ 2014 წლის ფესტივალი - ეს მხოლოდ დასაწყისია: „არსებული ინფრასტრუქტურა დაახლოებით 30 ათას ადამიანს მოემსახურება, ასი ათასი ადამიანის მოსვლა კი ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს, მათ ვერსად ვერ განათავსებ. ეს მხოლოდ პირველი მცდელობაა, პირველი ტესტია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე სახელმწიფოსათვის". გიორგი სიგუა ფიქრობს, რომ მომავალში „კაზანტიპი" ასი ათასობით ტურისტს მოიზიდავს: „მე პირადად მოლაპარაკებას ვაწარმოებ ოთხი უდიდესი ფესტივალის ხელმძღვანელობასთან, რომლებიც შეიძლება უკვე გამზადებულ ინფრასტრუტურაზე ჩატარდეს ყოველთვიურად ზაფხულის განმავლობაში".



საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, სამღვდელოების ნეგატიური დამოკიდებულების ფონზე, პროექტის კომენტირებაზე უარს აცხადებენ. შესაბამისად, ნიკიტა მარშუნოკიც ქართულ გეგმებზე არ ჩქარობს: „სამი თვე მქონდა მხოლოდ, თანაც ფინანსებში შეზღუდული ვარ. ისე არ იფიქროთ, რომ ეს საბოლოო პროდუქტია. აქ ენერგიის გამოვლენაა საჭირო, განწყობაა აუცილებელი, უნდა შემოწმდეს კაზანტიპისა და საქართველოს ურთიერთშეთავსებადობა. ეს ერთგვარი ტესტია და თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, მზად ვართ სხვა სიჩქარე ჩავრთოთ ამ შესანიშნავი ადგილის ასათვისებლად".



მოკლედ, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერაზე, რომელიც, ნიკიტა მარშუნოკის თქმით, „პერსპექტივას კი აცნობიერებს, მაგრამ ამის საჯაროდ აღიარებისა რცხვენია და ერიდება".






შენიშვნა: „კაზანტიპის ფესტივალის" შესახებ 19 აგვისტოს რეპორტაჟი გადაიცა აგრეთვე გერმანული რადიოსადგურის „დოიჩლანდრადიოს" ეთერში (ავტორი მარტინა რიზელი).







(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სიმონ კილაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016