reportiori.ge - „ბი-ბი-სი“: ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან: „აფხაზებმა საქართველოს უნდა დაუჯერონ“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:06
პრეს-დაიჯესტი
„ბი-ბი-სი“: ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან: „აფხაზებმა საქართველოს უნდა დაუჯერონ“
ავტორი:
23 აგვისტო, 2014. 19:28


„ეხო" (აზერბაიჯანი), 23 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.echo.az/article.php?aid=69620

 

 

მუბარიზ აჰმედოღლუ: „ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთი საკუთარ ქვეყანაზე უფრო მაღლა დააყენა"

 

 

სტატიაში მიმოხილულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი სომხეთში, გადმოცემულია აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის მუბარიზ აჰმედოღლუს კომენტარი ერევნის შეხვედრებთან დაკავშირებით (ავტორი ჯამილია ალეკპეროვა).



როგორც „ეხოს" კორესპონდენტს პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორმა მუბარიზ აჰმედოღლუმ განუცხადა, „სამწუხაროდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დამოუკიდებელი ფიგურა არ არის - მასზე ზეწოლა ხდება, როგორც ბიძინა ივანისშვილის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისაგან. ვაშინგტონი საქართველოს და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გამოწვევას ცდილობს, სომხეთ-საქართველოს ერთმანეთთან დაახლოების მიზნით. ვაშინგტონი ვერ ურიგდება, რომ სამხრეთ კავკასიის სამი რესპუბლიკიდან აზერბაიჯანი ყველაზე ძლიერია და მათგან გამოირჩევა. ამერიკას სურს, რომ სამივე სახელმწიფო ერთნაირად დასუსტებული იყოს".



მუბარიზ აჰმედოღლუს თქმით, ძალიან საწყენია, რომ რეგიონისთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში საქართველოს არ შეუძლია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, როგორიც თვითონ სურს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თვითონაც მშვენივრად ესმის, როგორ ეხმარება ბაქო ფინანსურად თბილისს. ქართველები თურქეთზეც არიან დამოკიდებულნი, მაგრამ მათ მოგების მიღება სომხეთისგანაც სურთ... არადა, გასაგებია, რომ სომხეთი მათ ძალიან მცირედით თუ დაეხმარება. ასე რომ, ირაკლი ღარიბაშვილმა ერევანში ვიზიტის დროს სომხეთი საქართველოზე უფრო მაღლა დააყენა", - ასკვნის აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი.






„პერვიი არმიანსკიი ინფორმაციონნიი" (სომხეთი), 23 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://ru.1in.am/1058558.html

 

 

უსაფრთხოება - ქართულ-სომხური ურთიერთობის ფუნდამენტი

 

 

მუსა მიქაელიანი

 

 

(ამონარიდი)

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერევანში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ საქართველოს გაწევრიანება სხვადასხვა ორგანიზაციებში არ უნდა გახდეს ხელის შემშლელი ფაქტორი სომხეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებშიო. ერთი მხრივ ეს კარგია, მაგრამ მეორე მხრივ სომხებისათვის მაინც საწყენად რჩება ნახჭევნის შეხვედრა, რომელშიც, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებთან ერთად, საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელიც მონაწილეობდა.

ისიც შესამჩნევია, რომ როცა ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე საუბრობდა, სიტყვა არ დაუძრავს ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე - უსაფრთხოებაზე, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში საკვანძო პრობლემად ითვლება, სადაც საერთაშორისო სამართლის პრინციპები ცინიკურად ირღვევა... აი, ამ ფონზე ნახჭევნის შეხვედრას სომხეთისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.



საქართველოს თავისი უსაფრთხოება სომხეთისგან განსხვავებულად აქვს წარმოდგენილი. არადა, ის პოლიტიკური სიბრტყე, რომელშიც სომხეთი იმყოფება, საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს ნიშნავს: საქმე, რასაკვირველია, რუსეთს ეხება. შესაბამისად, ისმება კითხვა: აქვს კი ქართულ-სომხურ ურთიერთობებს დღეს რაიმე ფუნდამენტი? განა  იმ ეჭვებს, რომ ეს ურთიერთობები საფრთხის ქვეშ იმყოფება და ეს ორი ქვეყნისათვის კატასტროფა გახდება, ნამდვილად აქვთ საფუძველი?






„ლრაგირი" (სომხეთი), 23 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/37777

 

 

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ევრაზიულ კავშირში სავარაუდო მიღებით მოსკოვი სომხეთის სტატუსს აქვეითებს

 

 

აკოფ ბადალიანი, მიმომხილველი

 

(შემოკლებით)

 

 

აფხაზეთმა ბელარუსს და ყაზახეთს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართა, რათა შემდეგ ევრაზიულ კავშირს შეუერთდეს. აშკარაა, რომ სოხუმის კარდაკარ სიარული უშედეგო იქნება. პირველ რიგში იმიტომ, რომ არც მინსკი და არც ასტანა დაინტერესებულნი არ არიან თბილისთან ურთიერთობების გაუარესებით. ეს თხოვნა აფხაზებისათვის ბოლო გაბრძოლებაა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის წინ. ამის შემდეგ ჩვენ ალბათ უკვე რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების თხოვნას მოვისმენთ. მოსკოვისათვის აფხაზეთის ევრაზიულ კავშირში მიღება მნიშვნელოვანია, ამ რესპუბლიკაში არსებული ტენდენციების ფონზე.



საქმე იმაშია, რომ აფხზეთში თურქეთის გავლენა მატულობს, მრავარიცხოვანი აფხაზური დიასპოსრის წყალობით. აფხაზეთში შედის თურქული ინვესტიციები, რომლის შედეგად ანკარის პოლიტიკური გავლენა ძლიერდება. კიდევ ცოტაც და თურქეთს აფხაზეთზე უფრო მეტი კონტროლი ექნება, ვიდრე რუსეთს. მოსკოვს ამ გამოწვევის იგნორირება არ შეუძლია.



თურქული ექსპანსიის შეჩერების საუკეთესო საშუალებაა აფხაზეთის ოფიციალური ჩართვა ევრაზიულ სივრცეში და მისთვის გარკვეული სტატუსის მინიჭება, რაც რუსეთს სიტუაციის უკეთესად მართვის საშუალებას მისცემს.



მაგრამ რადგანაც ბელარუსი და ყაზახეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ, მაშიმ სჯობს, რომ აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს. არის აზრი, რომ მაისის ბოლოს სოხუმში მოწყობილი „გადატრიალება" სწორედ ამ მიზნის რეალიზებას ემსახურება. აშკარაა, რომ წინა ხელისუფლება  მოსკოვს წინააღმდეგობას უწევდა და რუსეთთან შეერთება არ სურდა. თუმცა ახლებსაც რაღაც ეჭვები გაუჩნდათ და ალბათ, ამიტომაც შეფიქრიანდნენ და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება მოისურვეს.

გასაგებია, რომ აფხაზეთი ბელარუსისა და ყაზახეთისაგან ვერც აღიარებასა და ვერც ევრაზიულ კავშირში შესვლის თანხმობას ვერ მიიღებს, მაგრამ რას იზამს სომხეთი, თუ მსგავსი თხოვნა იქნება? აფხაზეთი თუ ევრაზიული კავშირის წევრი გახდება, ისე გამოვა, რომ მას და სომხეთს ერთნაირი სტატუსი ექნებათ?



რუსეთი პირველად არ ტოვებს სომხეთს არაღიარებულ რესპუბლიკებთან პირისპირ. გავიხსენოთ დიმიტრი მედვედევის მიერ ორგანიზებული ცხენების დოღი მოსკოვში, რომელსაც სომხეთის გარდა დსთ-ის არცერთი ლიდერი არ ესწრებოდა და სერჟ სარქისიანი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტების კამპანიაში აღმოჩნდა.






„ბი-ბი-სი" (დიდი ბრიტანეთი), 23 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.bbc.co.uk/russian/international/2014/08/140822_georgia_abkhazia_interview.shtml

 

 

ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან: „აფხაზებმა საქართველოს უნდა დაუჯერონ"

 

 

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი"-ს კორესპონდენტი ოლეგ ბოლდირევი „რეინტეგრაციის საკითხებში" საქართველოს სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.

 

 

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან;



„საქართველოს ხელისუფლება თვლის, რომ აფხაზეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოა, შესაბამისად, საქართველო ამ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. თუმცა ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანია მისი მშვიდობიანი ჩატარება და ვიმედოვნებთ, რამე დაძაბულობა და მისი ესკალაცია არ მოხდება. ამასთან, ვინც არ უნდა იყოს აფხაზეთის ლიდერი, ჩვენ მასთან საერთო ენის გამონახვა დაგვჭირდება. ჩვენ უნდა შევურიგდეთ აფხაზებს, აფხაზ ხალხს, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა ვეცადოთ პრობლემების გადაჭრას.



რაც შეეხება რუსეთს, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და რაც ამ ტერიტორიებზე ხდება, ყველაფერი საოკუპაციო რეჟიმთანაა დაკავშირებული. სამწუხაროდ, რუსეთი არ ასრულებს სარკოზ-მედვედევის შეთანხმებას და ჯარებს 2008 წლის ივლისის დროს არსებულ პოზიციებზე უკან არ სწევს. საქართველომ დიდი ხანია აღებული ვალდებულება სრული სახით შეასრულა... ჩვენ ველოდებით, რომ რუსეთი იგივეს გააკეთებს. ასე რომ, სანამ რუსეთთან არ მოვძებნით საერთო ენას ამ საკითხში,  აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე ფიქრი შეუძლებელია... და საერთოდ, რაზე უნდა მოველაპარაკოთ აფხაზურ და ოსურ მხარეებს, რომლებთაც საკუთარი არმიები არ ჰყავთ? ფორმალურად რაღაც სამხედრო ქვედანაყოფები არის, მაგრამ ისინი ფაქტიურად რუსეთის საოკუპაციო ჯარებს ექვემდებარებიან. მოკლედ, ქაღალდზე თამაშები მიდის.



კონფლიქტები ერთი დღის განმავლობაში არ მოგვარდება. ჩვენ დასავლური ვექტორი გვაქვს და ვცდილობთ პრობლემა ევროპული ინტეგრაციის პირობებში გადავჭრათ, ამ ვექტორის ყველა უპირატესობით. ეს რეალობაა და ვფიქრობ, ის აფხაზური საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობს. ვგრძნობთ, რომ საქართველოს მეშვეობით ევროპისადმი აფხაზეთის ინტერესი იზრდება. მართალია, შეიძლება ის ამჟამად თვალშისაცემი იმდენად არ არის, მაგრამ მე როგორც ამ სფეროს სპეციალისტი და კიდევ სხვა ექსპერტები, ვხედავთ, რომ აფხაზები რუსულ და ევროპულ პერსპექტივას აწონილ-დაწონილად უყურებენ. აშკარაა, რომ  არავინ არაა დაინტერესებული კავკასიაში კიდევ ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობით. ეს აბსურდია. ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს რუსეთი უკრაინის კონტექსტში. აფხაზეთშიც მშვენივრად ესმით, რომ რეალური, ნამდვილი დამოუკიდებლობის პერსპექტივა არ აქვთ. მით უმეტეს, რომ საქართველო ამას არასადროს არ აღიარებს.



ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არამედ შერიგებაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ საქართველოს განზრახვა დაიჯეროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, მაგრამ ამისთვის დროა საჭირო.



ჩვენ პარლამენტში კანონპროექტი შევიტანეთ, რომელშიც შერბილებულია სანქციები  საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის კრასნოდარის მხარის მონაკვეთის უნებართვოდ გადასვლის გამო. ის აღარ იქნება სისხლის სამართლებრივად დასჯადი. მე მიმაჩნია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის გამო ადამიანის დასასჯელად ჯარიმა საკმარისია. იმედი მაქვს, რომ შემოდგომაზე კანონს მივიღებთ. ეს ვალდებულება ჩვენ ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმებითაც ავიღეთ. მასში ნათლადაა აღნიშნული, რომ საქართველომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სწორედ ამ მიმართულებით უნდა შეცვალოს".






 

„ფიგარო" (საფრანგეთი), 22 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.lefigaro.fr/musique/2014/08/21/03006-20140821ARTFIG00020-kazantip-les-ruses-d-un-festival-russe.php

 

 

„კაზანტიპი": რუსული ფესტივალის ეშმაკობანი

 

 

სტატია ეხება საქართველოში, კურორტ ანაკლიაში გახსნილ „კაზანტიპის ფესტივალს" და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს (ავტორი ვიოლენ მორინი).

გთავაზობთ შემოკლებით:



„22 წლის განმავლობაში „კაზანტიპის ფესტივალის" მონაწილეები ყირიმში, სოფელ პოპოვკაში  იკრიბებოდნენ, მაგრამ რუსეთის მიერ ამ რეგიონის ანექსიის შემდეგ მათ გასართობად ქართული სოფელი აირჩიეს. ადგილობრივ მოსახლეობას ეს ფესტივალი ციური მანანასავით მოევლინა. საქართველო შეიძლება იბიცად იქცეს (იბიცა - ესპანეთის ბალეარის კუნძულებიდან ერთ-ერთი, სადაც ელექტრონული მუსიკის უამრავი კლუბი მოქმედებს).



ნიკიტა მარშუნოკმა, ფესტივალის ორგანიზატორმა, მისი ჩატარების ადგილად ანაკლია აირჩია. რუსეთმა ტურისტული შემოსავლების ამ მნიშვნელოვან წყაროს ყურადღება არ მიაქცია, ქართველები კი „ოქროსკვერცხმდებელი ქათმით" დაინტერესდნენ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი დირექტორი გიორგი სიგუა ორი თვის წინათ მოსკოვში გაემგზავრა, იქ ნიკიტა მარშუნოკს შეხვდა და დაარწმუნა ფესტივალი ანაკლიაში გადმოეტანა.



მოსალოდნელია, რომ ათდღიანი ფესტივალის დასასრულს ქართველები 25-30 ათას ევროს მიითვლიან, რასაც 35 ათასამდე მონაწილე დახარჯავს. ეს საკმაოდ მიმზიდველ პერსპექტივად ჩანს. გიორგი სიგუამ ამაში ღარიბი ანაკლიის 2500 მცხოვრებისათვის შემოსავლების წყარო დაინახა - სასტუმროების, რესტორნებისა და ბარების მფლობელები წელში გაიმართებოდნენ. მისი მტკიცებით, სასტუმროებში უკვე 25 ათასი ადგილია დაჯავშნული.



თავდაპირველად ეს ფესტივალი რუსებმა რუსებისათვის შექმნეს უტოპიური სახელწოდებით - „კაზანტიპის რესპუბლიკა", შემდეგ მას მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდანაც ბევრი  შეუერთდა. როგორც ბელარუსიდან ჩამოსული 30 წლის მარინა ამბობს, იგი კაზანტიპის ფესტივალში 2005 წლიდან მონაწილეობს: „აქ ადამიანები სტრესიდან თავისუფლდებიან".



კაზანტიპზე ნატურიზმი მეფობს, ამიტომაც განა სჭირდება ასეთი ფესტივალი საქართველოს? ტურისტთა რაოდენობა ისედაც მატულობს - მიმდინარე წლის პირველი ნახევრის შედეგებით, ქვეყანას 11%-ით მეტი ტურისტი ეწვია. ქართული სამღვდელოება კაზანტიპის ფესტივალისადმი უარყოფითადაა განწყობილი - რელიგიის მსახურებმა 14 აგვისტოს ანაკლიაში ანტიკაზანტიპური მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყეს", - ნათქვამია პუბლიკაციაში.



სტატიის ავტორი ეხება აგრეთვე ფესტივალთან დაკავშირებით მომხდარ სკანდალურ ფაქტებს, მაგალითად, თუ როგორ განიზრახა ერთ-ერთმა აქტივისტმა-პლაგიატორმა როლანდ სტახმა პორტუგალიაში 2012 წელს ანალოგიური ფესტივალის მოწყობა, რომელიც საბოლოოდ პოლიციამ დააკავა. გარდა ამისა, პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ანაკლიაში ფესტივალის გახსნის დღეს მოსკოვის ღამის კლუბ „არმა-17"-ში ელექტრონული მუსიკის საღამო მოეწყო.








 

(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სიმონ კილაძემ)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016