reportiori.ge - ამბავი ”მასტერას” უხეირობისა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:02
პრეს-დაიჯესტი
ამბავი ”მასტერას” უხეირობისა
ავტორი:
25 აგვისტო, 2014. 19:53


 

"...ყველანი მუჭში მყავხართ, ხელი რომ გაგიშვათ, იცოდეთ, უფსკრულში წახვალთ, წარმოდგენა არ გაქვთ, ვის ხელში ხართ"..."
გია დგებუაძე - "მასტერა"


"
სულ ერთია, რა თანამდებობაზე იქნება "მასტერა", მისი ფუნქცია აქ (Nთავდაცვის სამინისტრო, - ავტ.) ერთია: დააშინოს ავღანეთში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები, ასევე იძულებით დაითანხმოს სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში წასვლაზე, რადგან კატასტროფულად ცოტაა იქ წასვლის მსურველი."


სამხედრო მაღალჩინოსნის საუბრიდან, 2012 წლის იანვარი



"...
ვთქვათ, გადატრიალდა ქვეყანა, მაშინ შენ ვის გაახსენდები! დასჯას მერაბიშვილისგან, ახალაიებისგან დაიწყებენ და მეც მიმაყოლებენ, "იმენნა" გამატყავებენ, თან რაზე? ხელი დაადე დათას (ახალაიას, - ავტ.), ასეთ რაღაცებს რომ აკეთებდაო. გასაქცევად მექნება საქმე და სადაც წავალ, შენც წაგიყოლებ"..."


"
მასტერას" და პლატონ მამარდაშვილის სატელეფონო საუბრიდან, 2006 .



2014 წლის 19 ივნისს ჰოლანდიელმა სამართალდამცავებმა დააკავეს უცხოეთის მოქალაქე, რომელიც ნიდერლანდების სამეფოსგან კარგა ხანს ითხოვდა პოლიტიკურ თავშესაფარს... სამართალდამცავებმა დაკავებულს განუცხადეს, მართალია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიზე რაიმე უკანონო ქმედებაში შემჩნეული არ ხართ, მაგრამ საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი უამრავი დანაშაულისთვის თქვენივე ქვეყანა გითხოვთო.


დაკავებული 2013 წლის 22 აპრილიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გია დგებუაძე, იგივე "მასტერა" აღმოჩნდა. პროკურატურა სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ადამიანის წამებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.



როგორც ქართული მხარე აცხადებს, ექსტრადიციის პროცედურა დაწყებულია და "მასტერას" მალე შინ ვიხილავთ. თუმცა, რახან "მასტერას" ჰოლანდიაში კომპრომატებით (მათ შორის ახალი ხელისუფლების წარმომადგნელებზეც) სავსე სკივრი აქვს (დრო და დრო ამას ყველას ახსენებდა), შესაძლოა, მისი საქართველოში ჩამოყვანა გაურკვეველი ვადით გადაიდოს.


ჰოლანდიაში დღეს "მასტერას" სასამართლო პროცესი გაიმართება, იუსტიციის სამინისტრო საქართველოში მის ექსტრადირებას, დაცვის მხარე კი პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებას მოითხოვს.



"ვარდების ხელისუფლების" ჯალათად წოდებულ პოლიციელზე საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის. როგორც ცნობილია, მის ბიოგრაფიას გრიფი "საიდუმლო" ადევს, მედიაში პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გია დგებუაძე, იგივე "მასტერა" გასული საუკუნის 90-იან წლებში ცნობილი "იოსებიძელების" საძმოს წევრი იყო (საძმო მეტწილად იოსებიძისა და მისი მეზობელი ქუჩების მცხოვრები ახალგაზრდებისგან შედგებოდა, რომელსაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული იმხანად ყველაზე თავზეხელაღებულ "კულინარიელებთან". იმდროინდელი განგსტერული ქრონიკების გმირები "მასტერას" ვერ იხსენებენ, თუმცა, ამბობენ, რომ ზუგდიდელი კანონიერი ქურდის, ზურაბ დგებუაძის (ზუგდიდსკის) ნათესავია. სავარაუდოდ, კრიმინალურ სამყაროსთან მისი ურთიერთობაც აქედან მოდისო.


"ვარდების რევოლუციის" შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ კანონიერი ქურდების ინსტიტუტს შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა, პოლიციის რიგებში ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებსაც ქურდები თვალში ჯერ კიდევ 90-იან წლებშიც არ მოსდიოდათ. ასეთი აღმოჩნდა "მასტერაც", რომელიც მეგობრების წყალობით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლად მოგვევლინა. მას სხვადასხვა დროს ძალოვან სტრუქტურებთან "ურთიერთობაში" მყოფი კრიმინალური ავტორიტეტების თუ ცნობილი ბანდიტების "მეურვეობა" ჩააბარეს. 



გია დგებუაძის სახელმა საქვეყნოდ 2007 წლის მარტში გაიჟღერა, როდესაც ცნობილი გახდა მისი და ყოფილი კანონიერი ქურდის, პლატონ მამარდაშვილის სატელეფონო საუბრების შინაარსი, საქმე ეხებოდა სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან, ციხის ბუნტის"საქმეს (ბუნტის ჩახშობის დროს დაიღუპა და დასახიჩრდა ათეულობით პატიმარი). სწორედ ამ საუბრებიდან გახდა ცნობილი, რომ ე.წ. "რეზბალნიცაზე" მომხდარი ინციდენტი - კანონიერი ქურდებისა და კრიმინალური ავტორიტეტების უმოწყალო ცემა (რომელსაც შემდეგ პატიმართა ბუნტი მოჰყვა "გუბერნსკსა" და სხვა კოლონიებში) დაგეგმილი იყო სწორედ "მასტერასა" და ბაჩა ახალაიას მიერ. მათი გეგმის განხორცილებისთვის "მასტერა" მოკავშირეს პატიმარ კანონიერ ქურდებში ეძებდა. შესაფერისი კანდიდატურა უკურნებელი სენით დაავადებული პლატონ მამარდაშვილი აღმოჩნდა, რომელიც მზად იყო, მკურნალობისთვის კანონიერი ქურდის სახელიც კი დაეთმო. "მასტერა" და მისი მეინახენი ვერც კი წამოიდგენდნენ, რომ კანონიერი ქურდი სატელეფონო საუბრებს ჩაიწერდა და მას ერთი წლის თავზე საჯაროს გახდიდა... 


დგებუაძე მამარდაშვილთან"ჩავარდნის შემდეგაც ტრაბახობდა, - "შემსრულებელში" არასდროს ვცდებიო, თუმცა კიდევ ერთხელ გახდა მათი მსხვერპლი. ამჯერად უვაის ახმადოვმა გადააგდო.

2007 წელს ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვამ იმდროინდელ ხელისულებას მოსვენება დაუკარგა. ქართველმა სპეცსამსახურებმა გადაწყვიტეს, თავიდან მოეშორებინათ აბეზარი ბიზნესმენი. საქმეში გარკვევა და ბოლომდე მიყვანა, ამჯერადაც "მასტერას" მიანდეს. მან მსგავსი საქმეების უბადლო ოსტატი უვაის ახმადოვი გაიხსენა... ისინი ერთმანეთს სავარაუდოდ, დუბაიში შეხვდნენ.



ცხრა ძმა ახმადოვს ჩეჩნეთში ყველა იცნობდა. ომის დროს საველე მეთაურები იყვნენ, მშვიდობიანობის დროს კი ადამიანების გატაცებაში ბადალი არ ჰყავდათ. დადიოდა ლეგენდები, რომ მათ შეეძლოთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გაეტაცებინათ ნებისმიერი რაოდენობის ადამიანი. ომსა და კრიმინალურ გარჩევებს ცოცხალი ორი ძმა გადაურჩა. ისინი 2001-2003 წლებში პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ცენტრის ქოლგის ქვეშ მშვიდად აგრძელებდნენ ჩვეულ საქმიანობას.



"მასტერა"-ახმადოვის მოლაპარაკებებისას დასახელდა კიდეც პატარკაციშვილის კილერის კონკრეტული გვარი - ეს რუსლან პაპასკირი (ზოონი) უნდა ყოფილიყო, რომელიც იმხანად სტამბოლში დოკუ უმაროვის თანამოაზრეებზე ნადირობდა. შესაჯერებელი იყო მკვლელობის დეტალები, აჯობებდა, მკვლელობა ჰაერში მომხდარიყო... თითქოს ყველაფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ მოულოდნელად ახმადოვმა საქმეზე უარი თქვა...



თუმცა ჩეჩენი ავტორიტეტი ხელცარიელი მაინც არ დარჩენილა. მან კარგად იცოდა, რომ ქართველი სპეცსამსახურების ნდობა არ შეიძლებოდა და "მასტერასთან" ყველა საუბარს იწერდა. ბერეზოვსკის ჩანაწერები 1.500 000 დოლარად მიყიდა, ბერეზოვსკიმ კი პატარკაციშვილს მისცა. 2007 წლის დეკემბერში ეს ჩანაწერები ქართული საზოგადოებისთვისაც გახდა ცნობილი. როცა 2012 წლის ნოემბერში სტამბოლში რუსლან პაპასკირი დააკავეს, "მასტერას" სახელი თურქი სამართალდამცავებისთვისაც გახდა ცნობილი.



ასეთი ხმაურიანი ჩავარდნების შემდეგ გია დგებუაძეს მსგავს საქმეებს აღარ ანდობდნენ. ხელმოცარული "მასტერა" თავად გახდა "შემსრულებელი" და კონსტიტუციური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ადგილობრივი მნიშვნელობის ჯალათად მოგვევლინა. მას ჭკუაზე მოჰყავდა ბევრი ურჩი ბიზნესმენი, რომლებიც უარს ამბობდნენ გაეღოთ გროშები "ნაციონალური მოძრაობისთვის". "მასტერას" სახელმა კიდევე ერთ ბიზნესგარჩევაში გაიჟღერა. 2008 წელს კომპანია"მაქსტოპის" მეპატრონეს, ბიძინა ქაშიბაძეს თავისივე პარტნიორი ავთო ("ჭუტა")"წერეთელი აუმხედრდა და კომპანიაში წილების გადაფორმება მოსთხოვა ("ჭუტა" წერეთლისთვის ეს უცხო ხილი არ არის, საზოგადოებას კარგად ახსოვს წლების წინ ანალოგიური პროცესები თამბაქოს ფაბრიკასთან დაკავშირებით). როდესაც ტკბილი სიტყვით ვერაფერი გააწყო, საქმეში მისი ვაჟის მეჯვარე მეგის ქარდავა ჩართო, რომელმაც დახმარება გია დგებუაძეს სთხოვა. ბიზნესმენი ქაშიბაძე მოდულის შენობაში "მასტერამ" გვარიანად აწამა, ამჯერად "ნაციონალური მოძრაობისთვის" 100 000 ლარის "შეწირვას" ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო... საბოლოოდ, ქაშიბაძეს ფულის გადახდა მაინც მოუწია, რადგან მოულოდნელად მისი კომპანია ვითომდაც საბაჟო პროცედურის დარღვევის გამო 300 000 ლარით დააჯარიმეს. ოსლოში მყოფი ქაშიბაძე შიშით საქართველოში აღარ დაბრუნებულა.


2012 წლის იანვარში "მასტერას" პროფილი კიდევ ერთხელ შეიცვალა, ის ბაჩანა ახალაიამ თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანა, განუყრელ მეგობრებთან მეგის ქარდავასა და ალექსანდრე მუხაძესთან ერთად. სამხედრო მოსამსახურეებთან "მუშაობის" გამოცდილება "მასტერას" 2008 წლიდან ჰქონდა. 2008 წლის 16 აგვისტოს სპეცრაზმის თანამშრომლებს აჭარიდან თბილისში გადმოჰყავდათ დღემდე დაუდგენელი მოტივით დაკავებული სამხედრო მზვერავი როინ შავაძე, რომელიც იმ დროს რატომღაც სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს. გზაში ის უამრავი თვითმხილველის წინ დახვრიტეს (მოკლულს 28 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი). ოფიციალური ვერსიით, შავაძემ გაქცევა სცადა. მზვერავის ქვრივი დღემდე აცხადებს, რომ მისი მეუღლის მკვლელობაში გარეულია "კუდ"-ის იმდროინდელი ხელმძღვანელობა - დათა ახალია, გია დგებუაძე და აჭარის "კუდ"-ის უფროსი თემურ პატარიძე.
2009 წლის 21 მაისს "კუდ"-მა მუხროვანის მეამბოხეებს - კობა ოთანაძეს და გია კრიალაშვილს უამრავი თვიმხილველის თვალწინ, ყოველგვარი გასამართლების გარეშე ტრასაზე მოუღო ბოლო - სპეცრაზმელებმა ისინი მიკროავტობუსში ჩაცხრილეს (ოთანაძე სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა). ერთი ვერსიით, კრიალაშვილის სიკვდილი გია დგებუაძესაც ხელს აძლევდა, რათა მისი კვალი იარაღით უკანონო ვაჭრობაში გამქრალიყო.



თავდაცვის სამინისტროში გია დგებუაძემ სამხედრო მოსამსახურეებს თავი იმით დაამახსოვრა, რომ ხელქვეითებს ხშირად გზავნიდა როენას ცნობილ საუნაში... მისაყურადებლად(?!), ხოლო როცა სამხედრო პოლიციის უფროსის მანტია მოისხა მხრებზე, ურჩი სამხედრო მოსამსახურეების ჭკუაზე მოყვანას შეუდგა აპრობირებული მეთოდებით... 2012 წლის სექტემბერში, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, "მასტერა" მიხვდა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში არც მას დაადგებოდა კარგი დღე და გაქცევით უშველა თავს, თან შავი დღისთვის"გადანახული უამრავი კომპრომატი გაიყოლა და ჰოლანდიიდან დრო და დრო შეგვახსენებდა, კომპრომატებს ვყიდიო. შესაძლოა, "მასტერას""ამჯერად მისი გაცვლა მოუწიოს... თავისუფლებაზე.






(წყარო: „კვირის პალიტრა", ნინო ბურჭულაძე)




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016