ბერლინის ევროპული კულტურების მუზეუმში ხვალ ფოლკლორულ ანსამბლ "სულიკოს" კონცერტით ქართული კულტურის დღეები გაიხსნება.
ანსამბლ "სულიკოს" კონცერტი საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კომპანია „ბაგრატიონის" მხარდაჭერით იმართება.
კონცერტის ორგანიზატორების ინფორმაციით შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია მიმართავს.
„საღამოზე წარმოდგენილი იქნება ასევე იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ორი ქართული ძეგლი - ქართული პოლიფონიური სიმღერა და ღვინის დამზადების უნიკალური მეთოდისათვის საჭირო თიხის ტრადიციული ჭურჭელი - ქვევრი. ქართულ ფოლკლორულ მუსიკასთან ერთად, საზოგადოებას საშუალება ექნება გაეცნოს ეროვნული მუზეუმის მიერ მიწოდებულ ვერცხლისა და კერამიკულ ნაკეთობებსა და დიმიტრი ერმაკოვის ფოტოებზე მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში აღბეჭდილ, ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს. გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართება ბერლინში მოღვაწე მოქანდაკე ბესიკ მაზიაშვილის მიერ სპეციალურად მუზეუმისთვის, ქართული ტრადიციული მეთოდების დაცვით შექმნილი ქვევრის პრეზენტაცია." _ აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
გამოფენა 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება.