დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველო არამარტო გადარჩება, არამედ იქნება სიკეთისა და ჭეშმარიტების მქადაგებელი
კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა.
"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა განსაკუთრებით მფარველობს საქართველოს და ამას ჩვენ ვხედავთ ჩვენი წარსულით. რამდენი სისხლი და ცრემლი უნახავს სიონის საკათედრო ტაძარს და რამდენი ბედნიერი დღეები", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
მან თბილისში ჯალალ-ედ-დინის შემოსევა გაიხსენა, რომელმაც სიონის საკათედრო ტაძარს გუმბათი მოხსნა, იქ ტახტი დაიდგა და 100 000 ქართველის წამებას იქიდან უყურებდა.
"იმათი რწმენა გვაძლიერებს ჩვენ. ჩვენ არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს. მსოფლიოს განსაცდელები ექნება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გადააფარებს კალთას და საქართველო გაბრწყინდება. არა მარტო გადარჩება, მქადაგებელი იქნება სიკეთისა და ჭეშმარიტების", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
უწმინდესმა ასევე გაიხსენა ის დღე, როდესაც სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო და სიონში ყოფნისას დიდი მადლის მიღება იგრძნო.
"ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი, ისეთი მადლი ტრიალებდა, რომ ტაძრიდან წასვლა არ მინდოდა. ყველაფერთან ერთად კანდელის ზეთი გადმომესხა და ეს იყო კიდევ ერთი დიდი ნიშანი ღვთის მადლისა. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როდესაც სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს. უფრო სწორედ ბოროტება ებრძვის სიკეთეს, მაგრამ სულ ამაოა ეს ბრძოლა. "კეთილმა სძლია ბოროტსა, არსება მისი გრძელია". დაგლოცოთ და გაგახაროთ უფალმა. სიონის მადლი გეწეოდეთ თქვენ ყველას", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.