reportiori.ge - „ლიგა.ნოვოსტი: რით ჰგავს დონბასში შექმნილი ვითარება აფხაზეთს და როგორ შეიძლება სიტუაციაში გარდატეხვის შეტანა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 21:08
პრეს-დაიჯესტი
„ლიგა.ნოვოსტი: რით ჰგავს დონბასში შექმნილი ვითარება აფხაზეთს და როგორ შეიძლება სიტუაციაში გარდატეხვის შეტანა
ავტორი:
29 აგვისტო, 2014. 13:35


„კომერსანტი" (რუსეთი), 29 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.kommersant.ru/doc/2554598

 

 

პრეზიდენტს ბოლო ფუნქციებსაც ართმევენ: გიორგი მარგველაშვილი თურქი კოლეგის ინაუგურაციაზე არ გაუშვეს

 

 

„საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის მზარდი დაპირისპირების მორიგ დადასტურებად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ერდოღანის ინაუგურაციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი არ წავიდა, არამედ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. არადა, ქვეყნის კონსტიტუციით, შესაბამისი უფლებამოსილება სწორედ პრეზიდენტს აქვს", - აღნიშნულია სტატიაში (ავტორი გიორგი დვალი).



საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ჩანაცვლება პრემიერით ასე განუმარტა: „მარგველაშვილი უკვე იყო თურქეთში ვიზიტით, იგი ასევე შეხვდა თბილისში ჩამოსულ თურქეთის წინა პრეზიდენტს აბდულა გიულს. ამიტომაც ახლა უფრო უკეთესი თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის წასვლა იქნება, რომელიც ჯერ-ჯერობით იქ ნამყოფი არ არისო". სამთავრობო არგუმენტაცია თურქეთში საქართველოს ელჩმა ლევან ცინცაძემაც თავისებურად გააძლიერა: „ინაუგურაციის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებას გამართავსო".



თუმცა, როგორც „კომერსანტთან" საუბარში ქართული ყოველკვირეული გაზეთის „პრემიერის" მიმომხილველმა ზურაბ ღოღობერიძემ აღნიშნა, „ცერემონიალური ღონისძიებების დროს სერიოზული მოლაპარაკებები არ იმართება", ხოლო სიმბოლური შეხვედრისათვის სახელმწიფოს მეთაური უფრო გამოდგებოდა, ვიდრე პრემიერ-მინისტრი: „ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ერთაერთი, რაც რჩებოდა მისი უფლებამოსილებების პერმანენტული შეკვეცის შემდეგ, ეს წარმომადგენლობითი ფუნქციები იყო", - აღნიშნა „კომერსანტთან" მოსაუბრემ, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა პრეზიდენტისა და პრემიერის კონფლიქტი ეროვნული უშიშროების საბჭოს სტატუსის, გენშტაბის უფროსის დანიშვნის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.



თბილისში თვლიან, რომ უთანხმოება გიორგი მარგვეაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის განსაკუთრებით გაძლიერდა იმ დოკუმენტების განსაიდუმლოების (განსაჯაროების) შემდეგ, რომლებიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხარჯებს ეხება. ბატონ ზურაბ ღოღობერიძის აზრით, „წითელი ხაზი" მაშინ გადაიკვეთა, როცა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უარი განაცხადა მოეხსნა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დოკუმენტებზე დადებული „საიდუმლო" გრიფი. სწორედ ამ დოკუმენტებით დასტურდებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფო სახსრებს პირადი ხარჯებისათვის იყენებდა, მათ შორის ძვირფასი საჩუქრების შესაძენად მასტან ახლოს მყოფი პირებისათვის.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის აზრით კი, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის მიმდინარე მუდმივი [კონფლიქტი] „უკვე პათოლოგიურ ხასიათს ღებულობს". მისი თქმით, „ამის მიზეზია მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ იგი იმედგაცრუებულია გიორგი მარგველაშვილის მოქმედებით, რომელიც თვით მან წარადგინა პრეზიდენტის პოსტზე".



საკითხი, თუ ვინ უნდა წარმოადგენდეს საქართველოს მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებზე, პირველად არ დება დღის წესრიგში. დიპლომატიური აკადემიის რექტორმა იოსებ ცინცაძემ „კომერსანტთან" საუბარში გაიხსენა, თუ როგორ აუკრძალა პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა და შემდეგ ბრიუსელში ამ [მნიშვნელოვანი] დოკუმენტის გასაფორმებლად თვითონ გაემგზავრა: „მაგრამ როცა საქმე ეხება ნატოს სამიტს, რომელიც საქართველოსთვის ფაქტიურად არაფრის მომტანია, სადაც ჩვენ უარს გვეტყვიან ალიანში გაწევრიანების „სამოქმედო გეგმაში" ჩართვაზე, იქ პრეზიდენტს გზავნიან", - დაიჩივლა პოლიტოლოგმა.






„არგუმენტი ი ფაკტი" (რუსეთი), 29 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.aif.ru/dontknows/actual/1326356

 

 

რატომ ცხოვრობს მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში?

 

 

გაზეთის რუბრიკაში „კითხვები და პასუხები" გამოქვეყნებულია შეკითხვა „რატომ ცხოვრობს მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში?", რომელზეც რედაქცია რუსი პოლიტოლოგის მიხეილ ლეონტიევის პასუხს აქვეყნებს:



„ამერიკის შეერთებული შტატები ერტაერთი ადგილია, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავს მშვიდად და კარგად გრძნობს... ამ კაცმა საქართველოში იმდენი [ცუდი] საქმე გააკეთა, რომ იგი ქართველებს არ უყვართ, ამერიკაში კი პატრონებმა შეიფარეს და მფარველობენ. თავის დროზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, როცა მას ადამიანის უფლებების დარღვევის სფეროში მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი ამბები მოუყვნენ, ასე განაცხადა: „მიხეილ სააკაშვილს ხელი არ ახლოთ, ის ჩვენი „ოქროს ბიჭიაო". დიახ, ამერიკისათვის იგი ოქროსია, დანარჩენებისთვის კი ცუდი.



ისიც სათქმელია, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად არა მხოლოდ ამერიკაში გრძნობს, სადაც იგი რამდენიმე წელი სწავლობდა სტიპენდიას სახელმწიფო დეპარტამენტიდან იღებდა, ახლა კი ტაფტის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს, არამედ უკრაინაშიც: საქართველოს ექს-პრეზიდენტი კიევშიც ხშირად დადის, „ევრომაიდანშიც" მონაწილეობდა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც მიღებული პიროვნებაა. ამჟამად „სააკაშვილის გუნდის" წევრები უკრაინის ახალი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩევლებად მუშაობენ... მე მხოლოდ მინდა უკრაინელებს მივუსამძიმრო - განა მათ თავიანთი სულელები ცოტა ჰყავთ? ეტყობა, კიევში ჰგონიათ, რომ სააკაშვილისა და პოროშენკოს ხალხის „ინტელექტის", „ეფექტურობისა" და „წარმატებულობის" შეთავსება უკრაინას მართლაც ფანტასტიკურ შედეგებს მოუტანს".





 

„ლიგა.ნოვოსტი" (უკრაინა), 29 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://news.liga.net/articles/politics/3081645-chem_donbass_pokhozh_na_abkhaziyu_i_kak_perelomit_situatsiyu.htm

 

 

რით ჰგავს დონბასში შექმნილი ვითარება აფხაზეთს და როგორ შეიძლება სიტუაციაში გარდატეხვის შეტანა

 

 

„დონბასში რუსეთის შეჭრის ტექნოლოგიამ ბევრს 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ მომხდარი კრემლის ომი გაახსენა", - იუწყება უკრაინული გამოცემა და ამასთან დაკავშირებით უკრაინაში მყოფი ქართველი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების კომენტარებს აქვეყნებს (ავტორი რომან ჩერნიშევი).



ბაჩო ქორჩილავა, უკრაინაში საქართველოს საელჩოს ყოფილი პრეს-მდივანი: „ის, რაც დღეს დონბასში ხდება, უფრო შენიღბული ფორმაა იმისა, რაც აფხაზეთში ხდებოდა. ჩვენ რომ აფხაზებთან პირისპირ ვიყავით, წარმატებებს ვაღწევდით, აფხაზეთის მთელ ტერიტორიას ვაკონტროლებდით, გუდაუთისა და ტყვარჩელის რაიონების გამოკლებით. ომის დასაწყისში სპეციალურად დავიკავეთ გაგრა და გაგრის რაიონი, რადგან იქ რუსეთთან საზღვარი გადიოდა. ამით ჩვენ პრაქტიკულად მთლიანად წავართვით ჩვენს მოწინააღმდეგეს რუსეთიდან იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდების საშუალება. აი, როცა ედუარდ შევარდნაძე ბორის ელცინთან მოსალაპარაკებლად გაფრინდა, გაგრაში ორივე მხრიდან დაგვარტყეს. აფხაზების მიერ გაგრის დაკავების შემდეგ შევარდნაძე კიდევ რამდენჯერმე იყო ელცინთან ჩასული, ჩვენც თანდათანობით აფხაზეთს ვკარგავდით. მოგვიანებით რუსეთმა აფხაზეთში შეყვანილი ქვედანაყოფები, რომელიც მთლიანად რუსი მედესანტეებისაგან შედგებოდა, სამშვიდობო კონტინგენტად მონათლა... დონბასშიც რუსები იგივე თარგით მოქმედებენ: ისინი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს არ გასცდებიან, უბრალოდ, ტერორისტებს უკრაინის ამ ნაწილის გაკონტროლებაში დაეხმარებიან. ამის შემდეგ კი, როგორც კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, აუცილებელი იქნება ვლადიმერ პუტინისა და პეტრო პოროშენკოს შეხვედრა, რომლის დროსაც უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლა მოხდება - მას „მხარეთა დაშორებასა და დემილიტარიზებული ზონის შექმნას" მოსთხოვენ.  ანუ ისევე როგორც აფხაზეთში მოხდა...



გიორგი ვაშაძე, იუსტიციის ექს-მინისტრი, პარლამენტის წევრი: „დონბასში მიმდინარე მოვლენები ძალიან ჰგავს იმ კონფლიქტებს, რომელთა ინიცირება რუსეთმა ბევრჯერ მოახდინა. საქართველომ ეს საკუთარ თავზე გამოსცადა 1990-იან წლებში და 2008 წელს, ცხინვალის რეგიონში, როცა მოსკოვი ცდილობდა ომი საქართველოს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის კონფლიქტად გაესაღებინა. ჩვენსა და დონბასის მოვლენებს შორის ერთი განსხვავებაა: ჩვენს შემთხვევაში რუსეთმა სწრაფად გამოავლინა თავისი აგრესია, თქვენს შემთხვევაში კი სიტუაციას „დონეცკ-ლუგანსკის რესპუბლიკების" სახით ნელ-ნელა ამწვავებდა. ახლა რუსეთმა დაინახა, რომ ასეთი მოქმედება უკვე წარმატების მომტანი აღარაა და პირდაპირ აგრესიაზე გადავიდა. ჩვენ დღეს ღიად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს რუსეთის ომთან უკრაინის წინააღმდეგ. რა უნდა გააკეთოს უკრაინამ? გააუმჯობესოს ომის მენეჯმენტი და არ შეწყვიტოს გამოცხადებული მობილიზაცია. საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს სანქციებს გაუმკაცრებს. ეს სანქციები კი სერიოზული ხასიათისაა: ომის ყოველი დღე ვლადიმერ პუტინს ათეულ მილიონიბით ზიანს აყენებს. თქვენი მდგომარეობა ჩვენთან შედარებით უფრო იოლია, რადგან 2008 წელს რუსეთისათვის სანქცია არავის დაუწესებია. სხვათა შორის, ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ რუსეთი საქართველოთი არ გაჩერდება და პუტინი უფრო შორს წავიდოდა. როგორც ჩანს, დღეს მსოფლიომ უკვე დაინახა და გაიგო, რომ თუ კრემლს უკრაინაში ვერ შეაჩერებენ, რუსეთი ხელს აღმართავს ბალტიის ქვეყნებზე, პოლონეთზე, ბალკანეთზე...".



დავით საყვარელიძე, გენპროკურორის ექს-მოადგილე, პარლამენტის წევრი: „ვლადიმერ პუტინი ყოველთვის ამბობდა, რომ უკრაინა სახელმწიფო კი არა, ტერიტორიააო. მან კარგად იცის თქვენი სუსტი ადგილები და გირტყამთ. ყირიმი მაშინ მიიტაცა, როცა „მაიდნის" შემდეგ უკრაინაში არეულ-დარეული მდგომარეობა იყო. რა თქმა უნდა, ეს დროებითი მოვლენაა, მაგრამ მოკლევადიან თამაშში, ისევე როგორც აფხაზეთის სიტუაციაში, ვლადიმერ პუტინი ჯერ-ჯერობით წარმატებას აღწევს. ცხადია, ვლადიმერ პუტინსაც ბოლო მოეღება, მაგრამ რა დარჩება უკრაინისაგან იმ მომენტისათვის - გადაიქცევა თუ არა ის ბოსნია-ჰერცეგოვინას მსგავს ქვეყნად თუ ომიდან ძლიერ და განვითარებადი სახელმწიფოდ გამოვა? თუ რუსეთზე გამარჯვება გინდათ, თქვენ ვალდებულნი ხართ ომის პარალელურად რეფორმებიც გაატაროთ. თუ ისე იფიქრებთ, რომ ახლა რეფორმების გატარების დრო არაა, ამას ომის დამთავრების შემდეგ გავაკეთებთო, მაშინ თქვენ ომს ვერ დაამთავრებთ. უკრაინამ სერიოზული საერთაშორისო კამპანია უნდა გააგრძელოს. კონფლიქტის დაწყების დროს თქვენ ძალიან სუსტად გამოდიოდით, არ გყავდათ ისეთი სპიკერი, რომელიც საერთაშორისო ტელეარხებზე გამოვიდოდა. საჭიროა სერიოზული საერთაშორისო-საინფორმაციო პროპაგანდა ევროპასა და ამერიკაში. თქვენ ძალიან ბევრი მხარდამჭერი გყავთ, ეს პოტენციალი სწორად უნდა გამოიყენოთ. თქვენი ქვეყანა დიდია, 45-მილიონიანი მოსახლეობით, ჩვენ ამდენი რესურსი არ გვქონია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ უკრაინელს დღეს ჯერ კიდევ არ ესმის, რა საფრთხე ემუქრებათ რუსეთიდან და რით შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს. კიევში ძალიან ბევრი სულ სხვა რეალობით ცხოვრობს - დადიან რესტორნებში, ქეიფობენ, ერთობიან და ვერ გრძნობენ იმას, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ხდება. რუსეთი იქ გაჩერდება, სადაც მას უკრაინელები შეაჩერებენ და არა ამერიკელები, ბელგიელები ან ფრანგები".





„ვზგლიადი" (რუსეთი), 29 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://vz.ru/politics/2014/8/28/702810.html

 

 

აფხაზეთი და რუსეთი: უსაფრთხოების ერთიანი კონტური

 

 

„რუსეთისა და აფხაზეთის პრეზიდენტების შეხვედრის მთავარი შედეგი იყო ის, რომ მხარეებმა მეგობრობისა და თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულების დადების განზრახვა განაცხადეს", - ნათქვამია სტატიაში (ავტორი სტანისლავ ბორზიაკოვი).



რით იქნება განსხვავებული ახალი ხელშეკრულება ძველისაგან და საერთოდ, რისთვის სჭირდება ეს მოსკოვს და სოხუმს?



ახალი ორმხრივი დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი დებულება იქნება რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გახსნა, ანუ უფრო ლიბერალური რეჟიმის დაწესება. რაულ ხაჯიმბას ამ სურვილს მაინც და მაინც პერსპექტიულ პროექტს ვერ ვუწოდებთ. აქ უფრო საკითხს „რატომაც არას" პრინციპით უნდა მივუდგეთ: დღეს რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი საკმაოდ კარგადაა დაცული, აფხაზეთს თავისი ტერიტორიიდან გარესამყაროში სხვა გასასვლელი არ აქვს. ასევე ძალიან ძნელია წარმოიდგინო, რომ აფხაზეთს რუსეთიდან რაიმე მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება. ცხადია, არასასურველი კონტრაბანდა იქნება, განსაკუთრებით თურქეთიდან, ზღვით, მაგრამ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია... რუსეტს საზღვრის გახსნა არავითარ სარგებლობას არ მოუტანს. ტურისტები საზღვარზე ისედაც თავისუფლად გადადიან, შიდა პასპორტით. ჯერ-ჯერობით ვერც იმას ვიტყვით, რომ საზღვრის გახსნა ხელს სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას შეუწყობს - ამჟამად რუსეთიდან აფხაზეთში სწორედ იმდენი პროდუქცია შედის, რამდენიც საჭიროა. მეტი რომ შეიტანო, მეტი მოთხოვნილება უნდა იყოს, მაგრამ რადგანაც აფხაზური ეკონომიკის დინამიური ზრდა რაღაც არ შეინიშნება, ამიტომაც ამ კუთხით დღეს სიტუაცია დაბალანსებული და სტაბილურია. აფხაზეთს რუსეთისათვის, ციტრუსების გარდა, სხვა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია. კი, აქ ადრე ჩაიც იყო და თამბაქოც, მაგრამ ომმა სოფლის მეურნეობა გააპარტახა. ამჟამად აფხაზეთს შეაქვს ისეთი პროდუქტები, რომელიც აფხაზებს თვითონვე უნდა ჰქონდეთ: ხილი, ბაღჩის კულტურები, ბოსტნეული, ყურძენი... ვერ ვიტყვით, რომ აფხაზეთში ეკონომიკური ზრდისთვის პოტენციალი არ არსებობს, მაგრამ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო. ასე რომ, საზღვრის გახსნას (ყირიმის მიერთების ფონზე - რატომაც არა?) რუსეთ-აფხაზეთის გაერთიანების პირველ ნაბიჯად ვერ ჩავთვლით, რადგან აფხაზეთი სამხრეთ ოსეთისაგან და დნესტრიპირეთისაგან განსხვავდება. აფხაზები არ ესწრაფვიან რუსეთთან გაერთიანებას და თავიანთი დამოუკიდებლობით ამაყობენ. რაულ ხაჯინბა, თავისი პრორუსულობის მიუხედავად, ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელია და მუდამ ასეთად დარჩება.



როგორც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი ოთარ არშბა (იგი წარმოშიბით აფხაზია) ამბობს, საზღვრების გახსნითა და თავდაცვის საკითხებით საქმე არ დასრულდება, შეიქმნება ერთიანი სამართლებრივი ველი და მოხდება კანონმდებლობის სინქრონიზება სოციალურ-ეკონომიკურ დარგში, თუმცა იმავდროულად, ინტეგრაცია არ ნიშნავს, რომ რუსეთ-აფხაზეთის არმიები გაერთიანდებიან და აფხაზეთს შეიარაღებული ძალები არ ეყოლება: „აქ საქმე ეხება გარე კონტურის ერთიან სარდლობას ეხება, ანუ რუსული და აფხაზური არმიები ერთად მონაწილეობენ სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში, ნატოს ფაქტორის გათვალისწინებით".



თუმცა აქ ერთი პრობლემა მაინც არის: აფხაზეთისთვის „გარე კონტური" ერთია - აფხაზურ-ქართული საზღვარი, რომლის კონტროლი ახლაც ერთობლივად ხდება. ერთობლივია საზღვრის დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა, ერთობლივი იყო სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფაც... თუმცა რაც შეეხება ერთობლივი ოპერაციების განხორციელებას, მაგალითად, სამშვიდობო მიზნით, იგივე ნატოს გათვალისწინებით, ეს ფანტასტიკის სფეროს უფრო განეკუთვნება. რუსეთის არცერთი სამხედრო პარტნიორი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, ეს ბელარუსსაც კი არ გაუკეთებია, ალექსანდრე ლუკაშენკოს დაპირება ისეთი ბუნდოვანი იყო, რომ საბოლოო ჯამში ბელარუსის ლიდერმა გადაწყვიტა დასავლეთთან და საქართველოსთან საქმე ზედმეტად არ გაეფუჭებინა. ასეთ პირობებში აფხაზეთის სამხედრო ქვედანაყოფებს რომელიმე სამშვიდობო მისიაში ვინმე მიიღებს?  თეორიულად შეიძლება წარმოვიდგინოთ რუსულ-აფხაზური ერთობლივი ოპერაცია ნიკარაგუაში ან ვენესუელაში, მაგრამ ესეც პრაქტიკულად შეუძლებელია.



აფხაზეთის არმია რუსეთის მასშტაბების გათვალისწინებით არაფერია - სულ 2100 სამხედრო მოსამსახურე. ამიტომაც უმჯობესია აფხაზებმა საკუთარი ტერიტორია დაიცვან, ვიდრე რუსეთთან ერთად სადღაც მესამე ქვეყანაში ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობაზე იოცნებონ. უბრალოდ, ეს უაზრობაა და მეტი არაფერი.



დღეს მოქმედი შეთანხმების ძალით, ორივე მხარეს უფლება აქვს ერთმანეთის ტერიტორიაზე ბაზები იქონიონ, თუმცა ეს დებულება მხოლოდ ცალმხრივად მოქმედებს: რუსეთს აქვს ბაზები აფხაზეთში, აფხაზებს კი არა. ამრიგად, თანაზიარობის პრინციპი აქაც ფორმალურია, დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსის ერთგვარი „პატივისცემა" და სხვა არაფერი.



საბოლოო ჯამში იქმნება ისეთი შაბეჭდილება, რომ ანონსირებული ახალი ხელშეკრულება უპირველესად რაულ ხაჯინბას ინიციატივაა, რომლის მიზანია კიდევ ერთხელ მიაპყროს რუსეთის ყურადღება აფხაზეთის პრობლემებზე. სხვათა შორის, ეს დიდი ცოდვა არ არის: აფხაზეთის მოსახლეობის უმეტესობას ჯიბეში რუსული პასპორტები უდევთ და შესაბამისად, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფა მოსკოვის მოვალეობაა".









(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სიმონ კილაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016