2012 წელს „ქართული ოცნება" კანონის წინაშე დამნაშავეთა პასუხგებაში მიცემის დაპირებით აირჩიეს. მთავარ პროკურატურაში ზღვა საჩივარი შევიდა, რომლებიც წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდო კორუფციას, კერძო საკუთრების უკანონოდ მითვისებას და წამებასაც კი ეხებოდა- ამგვარად ეხმაურება ანალიტიკოსი ამანდა პოლი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალდებების წარდგენის ფაქტს.
გამოცემის euobserver.com ბლოგში სათაურით „კანონის უზენაესობა საქართველოში" ნათქვამია, რომ გამართლებული არ იქნება ქართველმა ხალხმა მიივიწყოს ეს საქმეები, რადგან ევროკავშირი და აშშ წლების განმავლობაში ითხოვენ კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას.
„დღეს იმის თქმა, რომ ქართველთა ინტერესებში ამ საქმეების მივიწყება და „ცხოვრების დინებას მიყოლა" უფრო შედის, გამართლებული არ იქნება. ქართველ თანამდებობის პირებს მაგალითად მოჰყავთ ევროპაში მაღალჩინოსანთა გასამართლების მაგალითები (ბერლუსკონი და სარკოზი) და სვამენ კითხვას, რატომ უნდა განიხილებოდეს შენგენის ზონის გარეთ „პოლიტიკურ დევნად" ის, რასაც დასავლეთ ევროპაში დემოკრატიის მთავარ მახასიათებელს უწოდებენ",- აღნიშნულია სტატიაში. მისი ავტორი წერს, რომ სულ რაღაც ერთი თვის, წინ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა კანონის წინაშე:
"ახლახან საქართველოს პროკურატურამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წაუყენა ბრალდებები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასთან, ბიუჯეტის თანხების გაფლანგვასა და ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებით. სააკაშვილის დასავლელი მხარდამჭერები უმალ გამოექომაგნენ ყოფილ პრეზიდენტს და მის თანაბრალდებულებს, განაცხადეს რა, რომ ეს ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული. ევროპის სახალხო პარტიამ ისინი „გაუმართლებლად", „დაუსაბუთებლად" შერაცხა, ხოლო აშშ-ის რესპუბლიკელმა სენტატორებმა „უადგილო" უწოდეს. შინ კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, მაგალითად, დავით ბაქრაძე, ამტკიცებენ, რომ ეს ნაბიჯი „კიდევ უფრო გააღრმავებს კონფრონტაციასა და პოლარიზაციას ქართულ საზოგადოებაში".
ევროკავშირის საგარეო საქმეთა უწყებას თუ დავესესხებით, საქართველოსთვის მართლაც აუცილებელია „გასცდეს წარსულის კონფლიქტებს და ყურადღება გაამახვილოს ქვეყნის მომავალზე". მეორე მხრივ, საქართველოში წინსვლის უზრუნველსაყოფად და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად შეიძლება აუცილებელიც კი იყოს ამ სასამართლო პროცესების წარმართვა. სააკაშვილის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ აღძრული საქმის სიძლიერეზე ვერაფერს ვიტყვი. ეს ხომ სასამართლოს ექსკლუზიური პრეროგატივაა. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიებული საქმეები სულაც არ არის ტრივიალური. ყველაზე სერიოზული ბრალდებები ეხება 2007 წელს მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას, ასევე პარალელურად კერძო ტელევიზიის დარბევასა და დახურვას. ორივე მოქმედება საყოველთაოდ და საერთაშორისოდ დაიგმო. ორგანიზაცია Human Rights Watch აღნიშნავდა, რომ ხელისუფლებამ „დაშვებულის ზღურბლს გადააბიჯა, როცა პოლიცია დაედევნა და ფიზიკურად გაუსწორდა დემონსტრანტებს და დაშინება და მუქარა გამოიყენა ჟურნალისტების წინააღმდეგ". სულ რაღაც ერთი თვის წინ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა კანონის წინაშე."
ამანდა პული ევროპის სახალხო პარტიისა და აშშ-ის სენატორებისათვის პარლამენტის საგარე საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის მიერ გაგზავნილ წერილსაც იხსენებს და წერს, რომ დეპუტატს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების კონკრეტული მაგალითების შესახებ მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
სტატიის ბოლოს ავტორი სამართლიანს უწოდებს ევროკომისარ შტეფან ფულეს განცხადებას საქართველოში მართლმსაჯულების სამართლიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ კანონი ყველაზე ვრცელდება, ყოფილ პრეზიდენტებზეც კი:
„2013 წლის ივლისში, ევროკომისარმა ფულემ აღნიშნა: „ევროკავშირი პატივისცემით ეკიდება ახალი მთავრობის დაპირებას ქართველი ხალხის მიმართ, გაუმკლავდეს წარსულის მემკვიდრეობას, და, ჩვენი ღრმა რწმენით, ამ პროცესში სრულად იქნება დაცული საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები და ევროპული ღირებულებები. მართლმსაჯულების სამართლიანობისა და ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისაგან თავისუფლების უზრუნველყოფას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა, ამავე დროს, დაუსჯელობაც დაუშვებელია. ეს სამართლიანი განცხადებაა. სულ რაღაც ორი თვის წინ საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და დადო თავისი ნორმებისა და სტანდარტების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პირობა. თუკი საქართველოს ხელისუფლება შეძლებს პროცესების „გამჭვირვალედ, პროპორციულად, პოლიტიკური მოტივაციისაგან თავისუფლად და სასამართლო გარანტიების დაცვით", მაშინ მას საკვანძო დემოკრატიული გამოცდა უკვე გავლილი ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები არ დააყოვნებს. ნებისმიერ შემთხვევაში გამორიცხულია ლაპარაკი ორმაგ სტანდარტებზე, რადგანაც კანონი ყველაზე ვრცელდება, ყოფილ პრეზიდენტებზეც კი"- ნათქვამია სტატიის დასასრულს.
http://blogs.euobserver.com/paul/2014/08/31/applying-the-rule-of-law-in-georgAmanda Paulia/