როგორც "იზვესტია" წერს, რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ახალი შეთანხმება , რომელიც წლის ბოლომდე ერთიანი უსაფრთხოების სისტემის კონტურების შექმნას ითვალისწინებს, შესაძლოა, სამმხრივი გახდეს და "რუსეთმა, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა NATO-ს ანალოგი შექმნან".
მოლაპარაკების წარმართვის ფაქტს აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია ადასტურებს.
მისი განცხადებით, მოლაპარაკება ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ უკვე ცხადია, რომ "ეს იქნება NATO-ს მსგავსი და მის საწინააღმდეგოდ შექმნილი ბლოკი", სადაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სამხედრო შემადგენელი, ხოლო შემდეგ - ინფორმაციული უზრუნველყოფა.
რუსეთსა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის დაწყებულ ამ მოლაპარაკებას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიც შეუერთდა, თუმცა, "აფხაზეთში სამხრეთ ოსეთის ელჩი" ოლეგ ბოციევი არ ამბობს, ჯგუფს შეუერთდება, თუ ორივე სუბიექტი რუსეთთან ცალ-ცალკე მოაწერს ხელს შეთანხმებას. ბლოკის შექმნასთან დაკავშირებული ფორმალური მხარეების მოგვარება სექტემბრის ბოლომდეა დაგეგმილი, ოქტომბერში კი ბლოკის პრეზენტაცია იგეგმება.