reportiori.ge - საქართველოში ჩამოსული გერმანელი ტურისტის რიჰარდ ზელენკას შთაბეჭდილებები: საქართველო - სამოთხის ერთი პატარა ნაწილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:56
პრეს-დაიჯესტი
საქართველოში ჩამოსული გერმანელი ტურისტის რიჰარდ ზელენკას შთაბეჭდილებები: საქართველო - სამოთხის ერთი პატარა ნაწილი
ავტორი:
08 სექტემბერი, 2014. 17:11


„უოლ სთრით ჯორნელი" (აშშ), 8 სექტემბერი, 2014 წელი

 

 

http://online.wsj.com/articles/visiting-tbilisi-hagel-vows-u-s-aid-for-georgias-security-1410103211

 

 

თბილისში ვიზიტის დროს ჩაკ ჰეიგელი საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში დახმარებას დაპირდა

 

 

დიონ ნისენბაუმი

 

 

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა კვირას, ქართველ ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას, განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას უსაფრთხოების განმტკიცებაში დახმარებას გაუწევს.



აღსანიშნავია, რომ ბატონი ჩაკ ჰეიგელი პირველი ამერიკელი თავდაცვის მინისტრია, რომელიც საქართველოს ბოლო ათი წლის განმავლობაში ეწვია. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ აშშ-ისა და ევროპელ მოკავშირეებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო განამტკიცა. მინისტრმა პარალელები გაავლო უკრაინასა და საქართველოს შორის: „რუსეთის მოქმედება საქართველოში და უკრაინაში გრძელვადიანი გამოწვევაა, რომელსაც შეერთებული შტატები ძალიან სერიოზულ ყურადღებას აქცევს", - განაცხადა ჩაკ ჰეიგელმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის დროს, - პრეზიდენტ [ვლადიმერ პუტინის] მოქმედებამ ამერიკა და მისი ევროპელი მოკავშირეები, საქართველოს ჩათვლით, ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოვა".



ბატონ ჩაკ ჰეიგელს არ განუმარტავს, თუ რაში იქნება გამოხატული აშშ-ის მიერ საქართველოსადმი გაწეული დახმარების სპეციფიკა.



საქართველო თვალს ადევნებს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს რუსეთი და საქართველო ერთმანეთს სადაო ტერიტორიისათვის ებრძოდნენ და ეს ომი თბილისის მთავრობისათვის მიწების დაკარგვით დასრულდა. 



როგორც ბატონმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, საქართველოში რუსეთთან ომით მიღებული მწარე გამოცდილება და უკრაინაში ვლადიმერ  პუტინის ავბედითი ზრახვები მთელი მსოფლიოსათვის გაფრთხილება უნდა იყოს.






„ნევსკოე ვრემია" (რუსეთი), 7 სექტემბერი, 2014 წელი

 

 

http://nvspb.ru/tops/shans-ukrainy-vstupit-v-nato-raven-nulyu-55343

 

 

„ნატოში, საქართველოს ნაცვლად, აზერბაიჯანის მიღება უფრო სასარგებლო იქნებოდა"

 

 

სტატიაში, რომლის ავტორია რუსი ექსპერტი, ჟურნალ „ექსპერტნიი სოიუზის" („ექსპერტთა კავშირის") მთავარი რედაქტორი ალექსანდრე პილაევი, გაანალიზებულია ნატოს სამიტის შედეგები, განსაკუთრებით კი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების შანსები.



გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

 

 

„ის, რაც უკრაინის შესახებ ნატოს უელსის სამიტზე ითქვა - ფინანსური დახმარების გაწევა 15 მილიონი ევროს რაოდენობით, ხელშეკრულებებზე ხელმოწერა და მისთანანი - ეს ყველაფერი თამაშია და მეტი არაფერი. ჩემი აზრით, უკრაინას ალიანსში გაწევრიანების არავითარი შანსი არ აქვს. ნატოს უკრაინის მსგავსი პრობლემური წევრები არ სჭირდება. ბლოკს უკრაინა შესაძლოა მხოლოდ კვაზიმოკავშირედ გამოადგეს... თუმცა ბრიუსელი ძალიან კარგად აცნობიერებს: ძალიან სახიფათოა და არამომგებიანია ჰყავდეს ისეთი ფუქსავატი მოკავშირე, რომელსაც მუდმივად უნდა დახმარების გაწევა.



რაც შეეხება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას, ეს თეორიულად შესაძლებელია, რადგან, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, იქ შედარებით წყნარი პოლიტიკური სიტუაციაა. მაგრამ იბადება იგივე კითხვა: რაში ჭირდება ნატოს საქართველო? ამ ქვეყანას რაიმე მნიშვნელოვანი სამხედრო პოტენციალი არ გააჩნია, რითაც ბლოკს გააძლიერებდა. ამ თვალსაზრისით ალიანსისათვის უფრო სასარგებლო  და კონსტრუქციული იქნებოდა აზერბაიჯანის მიღება - ის ეკონომიკურად უფრო ძლიერია, აქვს დიდი პოლიტიკური წონა და პლუს კავშირები თურქეთთან, რომელიც უკვე დიდი ხანია ნატოს წევრია. თუმცა, თუ უკრაინისათვის უახლოეს ათწლეულში ნატოში გაწევრიანება ნულის ტოლია, საქართველოს მიღების იმედი ასე თუ ისე აქვს - მცირე, მაგრამ მაინც...".






„პერვიი კანალ // პირველი არხი" (რუსეთი), 7 სექტემბერი, 2014 წელი

 

 

http://www.1tv.ru/news/world/267147

 

 

„საქართველოს ნატოში მიღების მცდელობები აშკარად ანტირუსული ნაბიჯია"

 

 

წუხელ, 7 სექტემბერს, რუსეთის ტელეკომპანია „პირველი არხის" პროგრამა „ვრემიაში" (21.00) გადაიცა ვრცელი რეპორტაჟი ნატოს უელსის სამიტის შედეგების შესახებ (ავტორი ევგენი ბარანოვი), რომელშიც, სხვა ექსპერტებთან ერთად, კომენტარი გააკეთა ისრაელის სპეცსამსახურ „ნატივის" ყოფილმა ხელმძღვანელმა იაკობ კედმიმ - მან საქართველოს შესახებ ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს:



„მოსკოვი სრულიად სამართლიანად მიიჩნევს, რომ როგორც თვით ნატოს არსებობა, ისევე მისი მიახლოება რუსეთის საზღვრებთან და მით უმეტეს, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ალიანში გაწევრიანების მცდელობები, რუსეთისათვის საფრთხეს ნიშნავს. მაგალითად, როცა ამბობენ საქართველოს ნატოს წევრად მიღებაზე, ამაში ორი აზრი არ არსებობს - ის რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული: შავი ზღვის აუზში სამი სახელმწიფო - თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი ნატოს წევრები არიან. ალიანსისათვის თურქეთი უფრო ეფექტურია, ვიდრე პატარა საქართველო. აქედან გამომდინარე, საქართველოს ნატოში გაწევრიანება აშკარად ანტირუსული ნაბიჯია", - ამბობს ისრაელის სპეცსამსახურ „ნატივის" ყოფილი ხელმძღვანელი იაკობ კედმი.


რუსეთმა არაერთხელ გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ ნატოში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღება, ადრე თუ გვიან, სისხლისღვრას გარდაუვლად გამოიწვევდა. საქართველოს შემთხვევაში ომი იმის შედეგი გახდა, რომ თბილისი ალიანსის იმედზე იყო და ფიქრობდა, რომ დაუსჯელი დარჩებოდა, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები კი იმითაა გამოწვეული, რომ მოსახლეობის ნაწილისათვის ხელისუფლებაში მოსული ადამიანების მიზანი - უკრაინის ნატოში გაწევრიანება - მიუღებელია".






„ინტერი" (უკრაინა), 7 სექტემბერი, 2014 წელი

 

 

http://podrobnosti.ua/video/podrobnosti/2014/09/07/992352.html

 

 

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტელეეთერში: „საქართველოს გამოცდილება მოწმობს, რომ ვლადიმერ პუტინისა და საერთოდ, რუსეთის მიერ გაცხადებული დაპირებების ნდობა არ შეიძლება"

 

 

წუხელ, 7 სექტემბერს, უკრაინის ტელეკომპანია „ინტერის" პროგრამა „პოდრობნოსტი ნედელის" (21.00) სტუდიაში აშშ-დან ჩაერთო საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბრა და პარალელები გაავლო უკრაინისა და საქართველოს შორის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთისადმი  ნდობა არ შეიძლება.


გთავაზობთ ამონარიდს:



„საქართველოს გამოცდილება მოწმობს, რომ ვლადიმერ პუტინისა და საერთოდ, რუსეთის მიერ გაცხადებული დაპირებების ნდობა არ შეიძლება. ჩვენ გვახსოვს 1990-იანი წლების აფხაზური მწარე გაკვეთილები. მე თვითონ ვესწრებოდი 1992 წელს ედუარდ შევარდნაძეს, ბორის ელცინსა და აფხაზი სეპარატისტების ლიდერს შორის შეთანხმების ხელმოწერას. ჩვენ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, თბილისში გამოვფრინდით და სამი თუ ხუთი კვირის შემდეგ აფხაზეთის მთელი ჩრდილოეთი ნაწილი დაეცა, რადგან სეპარატისტებმა და რუსეთმა ზავი დაარღვიეს. შემდეგ, 1993 წელს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს არ ჰყავდა სერიოზული შეიარაღებული ძალები, არ ჰქონდა საკმარისი არც იარაღი და არც რეზერვები, აგვისტოში იძულებული გავხდით სოჭში ხელი მოგვეწერა შეთანხმებაზე ქართულ-აფხაზური  კონფლიქტის მოგვარების პრინციპების შესახებ - ისევ რუსეთის მონაწილეობით. ამ დოკუმენტის თანახმად, საქართველომ აფხაზეთიდან თავისი სამხედრო ქვედანაყოფების, მძიმე ტექნიკისა და და არტილერიის დიდი ნაწილი  გამოიყვანა და იმედოვნებდა, რომ მოლაპარაკების სხვა მხარეებიც იგივეს გააკეთებდნენ. არ გაუვლია ერთ თვეს და [აფხაზებმა და რუსებმა] სოხუმზე შეტევა დაიწყეს, რის შედეგად ჩვენ ნახევარი მილიონი ლტოლვილი და უდიდესი ტრაგედია მივიღეთ. დაიკარგა კონტროლი  საქართველოს ამ მნიშვნელოვან რეგიონზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



შეკითხვაზე, რამდენად გრძელვადიანი შეიძლება იყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ვლადიმერ პუტინის ამოცანებზეა დამოკიდებული. „მას სურს დონბასის გაკონტროლება, რაც სლავიანსკისა და სევეროდონეცკის კვლავ ხელში ჩაგდებას ნიშნავს. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტს კიდევ ერთი ზუსტი გეგმა აქვს: მას ყირიმთან შემაერთებელი დერეფნის შექმნა უნდა და ამ გზაზე ყველა დასახლებული პუნქტის გაკონტროლებას შეეცდება, მათ შორის მარიუპოლის დაკავებასაც.






 

„ნოიე ვესტფალიშე" (გერმანია), 7 სექტემბერი, 2014 წელი

 

 

http://www.nw-news.de/reise/nw_reise/11235390_Ein_kleines_Stueck_Paradies.html

 

 

სამოთხის ერთი პატარა ნაწილი

საქართველო გარდატეხის პერიოდში

 

 

სტატიაში გადმოცემულია საქართველოში ჩამოსული გერმანელი ტურისტის რიჰარდ ზელენკას შთაბეჭდილებები, რომელშიც, სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებაცაა ასახული.



გთავაზობთ შემოკლებით:



„რუსეთი ძლიერია. საერთაშორისო სამართლის მიუხედავად გიგანტურმა იმპერიამ ყირიმი ჩაყლაპა. ნუთუ ახლა რიგში უკრაინა და საქართველოა? კითხვა ძალიან საგანგაშოდ ჟღერს. პატარა კავკასიაური რესპუბლიკა თავისი საოცარი ბუნებით - შავი ზღვის პლიაჟებით, სენსაციური მთიანი ლანდშაფტებით, რბილი კლიმატითა და ცხოვრების თავისუფალი წესით ათეული წლების განმავლობაში იზიდავდა რუსებს. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში საქართველო დასვენების ერთობ პოპულარული ადგილი იყო.



საბჭოთა კავშირის დაშლიადან 23 წელი გავიდა, მაგრამ ძლიერი მეზობელი საქართველოზე გავლენას მაინც ძველებურად ახდენს: ოლიგარქმა, რომელმაც თავისი მილიარდობით ქონება რუსეთის დახმარებით დააგროვა, საქართველოს პოლიტიკას მართავს. ბიძინა ივანიშვილი იდუმალი პიროვნებაა.  კრემლთან დაახლოებულმა მილიარდერმა 2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნება" ჩამოაყალიბა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მან ქარიზმატული ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დაამარცხა, პრემიერ-მინისტრი გახდა, მოგვიანებით კი, 2013 წელს, პოლიტიკას ცამოშორდა. იგი მინისაგან აგებულ რეზიდენციაში ცხოვრობს, რომელიც არწივის ბუდეს მოგვაგონებს და თბილისს ზემოდან დასცქერის. როგორც ამბობენ, მას პოლიტიკის ყველა ძაფი ისევ ხელში უჭირავს.



ჩვენი ექსკურსიამძღოლი ახალგაზრდა ქალი ნანა, რომელმაც გერმანული ენა იენაში შეისწავლა, მიხეილ სააკაშვილის პერიოდზე ძალიან დარდობს: „რა მოგვიტანა „ქართულმა ოცნებამ"? - კითხულობს იგი და სინანულით იხსენებს ექს-პრეზიდენტის მმართველობის წლებს. მიხეილ სააკაშვილი, განათლებით იურისტი, თავდაპირველად ქართველი ერის იმედი და დსავვლეთის საყვარელი ფიგურა იყო. მან ამერიკელი კონსულტანტებისა და ინვესტორების დახმარებით ქვეყნის ინფრასტრუქტურა გარდაქმნა, განახორციელა მრავალრიცხოვანი ლიბერალურ-ეკონომიკური რეფორმები, რომელტა კვალობაზეც ქართველების კეთილდღეობა უმჯობესდებოდა. სამწუხაროდ, მისი ბედი მისივე ზედმეტმა თავდაჯერებულობამ განაპირობა. გარდა ამისა, მან დაუშვა დიდი შეცდომა, როცა 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან აბსურდული ხუთდღიანი ომი დაიწყო და ოსი და აფხაზი სეპარატისტების წინააღმდეგ ტანკები გაგზავნა. რუსეთმა საპასუხო გამანადგურებელი დარტყმა განახორციელა და საქართველოს სეიარაღებული ძალები თითქმის მთლიანად გაანადგურა. ომის შედეგად რუსეთმა ქვეყნის ერთი მეხუთედი ნაწილის ოკუპირება მოახდინა და იმავდროულად ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ჩვენი ექსკურსიამძღოლის თქმით, „რუსები საზღვარს ყოველდღიურად ერთი მეტრით წინ სწევენ".



დღეს მიხეილ სააკაშვილი, მიწვეული პროფესორის სტატუსით, აშშ-ში ცხოვრობს,  სამშობლოში კი მას საპყრობილე ელოდება: სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად სარგებლობის ბრალდებით, სასამართლომ ექს-პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გასცა.



თუმცა ყოფილი პრეზიდენტის ბედი და მასთან დაკავშირებული პერიპეტიები ტურისტებს ნაკლებად ადარდებთ: საქართველო მომხიბვლელი და უსაფრთხო ქვეყანაა. მისი წარმოშობის თაობაზე მშვენიერი [ლეგენდა] არსებობს: როცა ღმერთმა ადამიანებისათვის დედამიწაზე საცხოვრებელი ადგილების განაწილება დაიწყო, ყველა ხალხი მივიდა, ქართველებმა კი დააგვიანეს - უკვე ყველაფერი განაწილებული აღმოჩნდა. ღმერთი შეეკითხა, სად იყავით, რატომ დააგვიანეთო. ქართველებმა უპასუხეს, ვმღეროდით, ვცეკვავდით და თქვენს სადღეგრძელოებს ვსვამდითო. ღმერთს ისე მოეწონა ქართველები, რომ მათ თავისთვის შენახული ადგილი დაუთმო სამოთხეში - ევროპის უკიდურესად აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ტერიტორია.



საქართველოში ჩასული მოგზაური ხედავს თვალწარმტაცი ბუნების პეიზაჟებს, სტუმართმოყვარე ხალხს და კულტურის განუმეორებელ ძეგლებს, აგრეთვე ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც საქართველოს ხანგრძლივ ისტორიასა და მოსახლეობის ღრმა რელიგიურობას ადასტურებს. გარდა ამისა, ტურისტებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს გზებზე მოსიარულე ურიცხვი ძროხა, ცხვრები და ღორები, რომლებიც მძღოლებს თავბრუდამხვევ მანევრების გაკეთებას აიძულებენ.



მარადიული თოვლით მოსილი კავკასიონის მწვერვალები სვანეთში, შავიზღვისპირა კურორტი ბათუმი, ძველი დედაქალაქი მცხეთა, გელათის აკადემია და ტაძარი, კლდეში გამოკვეთილი სამონასტრო კომპლექსი ვარძია, მესტიაში მდებარე თავდაცვითი კოშკები - საქართველოს მრავალფეროვნება თითქმის უსაზღვროა", - ნათქვამია პუბლიკაციაში.



---------------

შენიშვნა: „ნოიე ვესტფალიშე" არის გერმანიის აღმოსავლეთ ვესტფალიის მხარის რეგიონული ყოველდღიური გაზეთი. ტირაჟი - 233 400 ეგზემპლარი.

 

 

 

 


„კომერსანტ-დენგი" (რუსეთი), 8 სექტემბერი, 2014 წელი

 

 

http://www.kommersant.ru/doc/2553872?isSearch=True

 

 

უსაზღვრო აფხაზეთი: რა აქვს და რას მიიღებს რესპუბლიკა რუსეთისაგან

 

 

ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული აფხაზეთის თანამედროვე მდგომარეობა, თუმცა მასში საკმაოდ ბევრია ისტორიული წიაღ-სვლებიც: აფხაზეთი საბჭოთა ხელისუფლების წლებში - 1921-დან 1990 წლამდე, კონფლიქტი, კონფლიქტის შედეგები და ასე შემდეგ. პუბლიკაცია ფაქტიურად აფხაზეთში ჩასული რუსი ჟურნალისტის შთაბეჭდილებებზეა აგებული (ავტორი ალექსი ბოიარსკი).



„სოჭის აეროპორტ „ადლერიდან" ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტამდე ავტომანქანით მისვლას მხოლოდ 20 წუთი სჭირდება. ჩვენ აფხაზეთში შესასვლელად რიგში ვდგებით, ირგვლივ ძალიან ბევრი ხალხია, ძირითადად აფხაზები და რუსი ტურისტები... აფხაზები მესაზღვრეებს რუსულ პასპორტებს უჩვენებენ - ისინი თითქმის ყველა რუსეთის მოქალაქეები არიან. პასპორტში შტამპის ჩარტყმის შემდეგ ჩვენ ფსოუზე გადავდივართ. მარჯვნივ - კრისტალურად წმინდა ზღვაა, მარცხნივ - მთები, პალმები და ევკალიპტები. რაც უფრო ვუახლოვდებით გაგრას, სულ უფრო ხშირად გვხვდება ნახევრად დანგრეული, დამწვარი და მიტოვებული შენობები... მდინარე გუმისთას ხიდზე წარწერაა: „ამ ხიდზე სოხუმისათვის ბრძოლებში პირველებმა ათონ-ეშერის ბატალიონის მებრძოლებმა გაიარეს", - ნათქვამია სტატიაში.



„აფხაზეთის გზებზე მთავარი საფრთხე ძროხებია. მართალია, აქ ინდოეთი არაა, მაგრამ ძროხები მაინც თავისუფლად დაბორიალობენ. აფხაზეთის პოტენციური პრემიერ-მინისტრის ბესლან ბუთბას თქმით, მოსახლეობის 70& თთქმის მთლიანად ნატურალურ მეურნეობას ეწევა: ყოველ ოჯახს ჰყავს ძროხები, სხვა პირუტყვი, რძისაგან ამზადებენ მაწონს, ყველას და სხვა პროდუქტებს. ოფიციალური მონაწელბეით, აფხაზეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა წელიწადში 709 მილიონი დოლარს აღწევს, თითოეულ მცხოვრებზე კი სამი ათასი დოლარი მოდის (რუსეთში - 24 ათასი). მოსკოვისაგან მიღებული დახმარება ინფრასტრუქტურის განვითარებას ხმარდება, ძირითადად კი სოფლის მეურნებას, სკოლებისა და გზების რემონტს. აფხაზეთისათვის ენერგორესურსების მიწოდება არ ხდება, გაზი მათ არ სჭირდებათ, რადგან ინგურჰესი ელექტრომოხმარებას სრულად აკმაყოფილებს", - წერს ავტორი.



რაში გამოიხატება აფხაზეთის დღევანდელი ეკონომიკა?



„აფხაზეთის მაღაზიებში არსებული შეფუთული პროდუქტები  მთლიანად რუსულია. თვითონ აფხაზური პროდუქცია ფაბრიკული წესით არ იფუთება, თუმცა განა რას აწარმოებს აფხაზეთი ისეთს, რომ შეიფუთოს? ღვინოს ბოთლებში ჩასასხმელად, მინერალურ წყალს, ჭაჭას და ლიმონათს, დანარჩენი ყველაფერი კი - მანდარინი, თხილი, კივი, ფეიჰოა და ხურმა - ბაზარზე იყიდება, დახლებზე დახვავებული. ერთადერთი აფხაზური საწარმო - შპს „აფხაზპროდუქტი" ამზადებს აჯიკას შეფუთული სახით, რომელიც ღვინოსთან და მინწყალთან ერთად, თითქმის მთლიანად რუსეთში იგზავნება. გულრიფშის რაიონში მდებარე აგროფირმა „სოფია"ციტრუსების მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი მეურნეობაა - აქ ასობით ტონა მანდარინი და სხვა კულტურები მოჰყავთ. ადგილობრივ გლეხებს იმედი აქვთ, რომ ევროსანქციების შედეგად რუსეთში აფხაზური სოფლის მეურნების პროდუქციის ექსპორტი გაიზრდება.



თუმცა აფხაზეთი ძირითად მოგებას მანდარინისგან კი არა, კურორტებისგან ღებულობს. როგორც ტურიზმისა და კურორტების მართვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე თენგიზ ლაკერბაია ამბობს, ამ საკურორტო სეზონზე (ივნისიდან სექტემბრამდე) აფხაზეთს უკვე 700 ათასი დამსვენებლი ეწვია, თითქმის ყველა რუსეთიდან: „სეზონის ბოლომდე მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ტურიზმს ხელს ვერ შეუშლის ვერც ყირიმის მიერთება და ვერც პოლიტიკური სიტუაცია". ტურისტთა 95% ხელმოკლეა, საშუალო კლასის დონემდე ვერ აღწევს: დღეში ისინი მხოლოდ 1000 რუბლს ხარჯავენ (შედარებისთვის: თურქეთში საშუალოსტატისტიკური ტურისტი დღეში 100 დოლარს ხარჯავს). აფხაზეთის შემოსავლები ტურინდუსტრიისაგან დაახლოებით 1,5 მილიარდი რუბლია.



აფხაზეთში ბიზნესის განვითარების მთავარი პრობლემა უცხოური ინვესტიციების დეფიციტშია. კანონის თანახმად, უცხოელებს აფხაზეთში საცხოვრებელი ფართობის ქონების სახით შეძენა ეკრძალებათ, რაც შეეხება კომერციულ ქონებას, მისი შეძენა თითქოსდა არ იკრძალება, მაგრამ მაინც რისკებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ სასტუმროებისა და კაფეების იშვიათი მფლობელები იძულებულნი არიან კომპანიონებად აფხაზები ჰყავდეთ. აფხაზები შიშობენ, რომ უცხოელები ყველაფერს იყიდიან, მიწის ჩათვლით, თუმცა სანამ აფხაზეთი საერთაშორისოდ აღიარებული არ არის, უცხოელი ბიზნესმენები საეჭვოა იქ მანამდე ჩავიდნენ", - აღნიშნულია სტატიაში.



პუბლიკაციის ბოლო ნაწილში აღწერილია გალის რაიონში მცხოვრები ქართველების მდგომარეობა:



„სოხუმში გეჩვენება, რომ აფხაზეთში არაფერი ქართული უკვე აღარ დარჩა, მაგრამ რაც უფრო უახლოვდები აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე რეგიონს, საქართველოს საზღვართან, შეამჩნევთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გეოგრაფიულ დასახელებებს ასო „ი"-ს უმატებს - ტყვარჩელი, გალი... საზღვრის იქით საქართველოა, სამეგრელო და გალის რაიონშიც ძირითადად მეგრელები ცხოვრობენ. მართალია, მათი ენა ქართულისაგან განსხვავდება, მაგრამ პასპორტებში ეროვნებად მაინც ქართველები უწერიათ. აგვისტოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გალელ ქართველებს (20 ათასი) მონაწილეობა არ მიუღიათ, რადგან მათ ხმის მიცემის უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ - აფხაზური პასპორტები კანონდარღვევით ჰქონდათ მიღებულიო.



ქალაქ გალის საკვირაო ბაზარზე ბევრი პროდუქტია გამოტანილი, ძირითადად ქართული წარმოებისა.... გალის რაიონში ძალიან ბევრ თხილს ამზადებენ, რომელსაც საქართველოში და რუსეთში ჰყიდიან. გალელები შიშობენ, რომ აფხაზეთის ახალი პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა ადრე გამოცხადებულ დაპირებას შეასრულებს და საქართველოსთან საზღვარს მთლიანად ჩაკეტავს. მართალია, ჯერ-ჯერობით პრაქტიკულად ყველაფერი უცვლელია, მაგრამ ამ ცოტა ხნის წინათ პუტინ-ხაჯინბას შეხვედრის დროს რომ უსაფრთხოების ერთიანი კონტურის შექმნაზე მოილაპარაკეს, ეს უკვე გალელი ქართველებისათვის არასასიამოვნო პერსპექტივაა", - ნათქვამია სტატიაში.




 

(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სიმონ კილაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016