დედა დიასახლისია, მამა უმუშევარია. ბავშვებიდან უფროსი 18 წლისაა, ხოლო უმცროსი 8 თვის. ოჯახმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ მიმართა ფართით დაკმაყოფილების თხოვნით, თუმცა, როგორც გამგეობაში აცხადებენ, მათ ფართით უზრუნველყოფა არ შეუძლიათ და მხოლოდ ერთჯერადი მატერიალური დახმარებით შემოიფარგლებიან, რაც წელიწადში 900 ლარს შეადგენს.
ნუგზარ ბეჭვაიას თქმით, მისი ოჯახი სოციალური დახმარების სახით ჯამში 318 ლარს იღებს, საიდანაც წელიწადზე მეტია 200 ლარს ქირაში იხდის. დარჩენილი 118 ლარი ცამეტსულიან ოჯახს არაფერში ყოფნის.
ძირითადად შემოწირულობებით ცხოვრობენ. უმეტესად ზუგდიდის ეკლესიის მოძღვარი გიორგი ჯგუშია ეხმარება. ოჯახი უმწეოთა სასადილოთიც სარგებლობს, თუმცა ოჯახიდან სადილი მხოლოდ ოთხზე გაიცემა.
ერთ-ერთმა ტელეგადაცემამ ოჯახს მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები აჩუქა. გასული წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით, ოჯახი დახმარების სახით „იავნანას" ფონდიდან ყოველთვიურად 250 ლარს იღებდა, თუმცა, როგორც ნუგზარ ბეჭვაია აცხადებს, ეს პროექტიც დასრულდა. ის TSpress.ge-სთან საუბრისას აცხადებს, სამსახურის დაწყებას იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ ხელფასი 318 ლარზე მეტი ექნება, რადგან ოჯახს, სამსახურის დაწყების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველის შემწეობა შეუწყდება.
ბეჭვაიების რვა შვილი ჭადრაკს წარმატებით თამაშობს. მათ სხვადასხვა ტურნირებში 50-ზე მეტი თასი და მედალი დაუგროვდათ.
ნანა ბეჭვაია მინიმალური საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითხოვს, რათა მასა და მის თერთმეტ შვილს ელემენტარული საცხოვრებელი სახლი ჰქონდეთ.