reportiori.ge - „ნაცმოძრაობის“ საიდუმლო გეგმა გაშიფრულია! - გიგი უგულავას საიდუმლო წერილი ციხიდან?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:35
მთავარი თემა
„ნაცმოძრაობის“ საიდუმლო გეგმა გაშიფრულია! - გიგი უგულავას საიდუმლო წერილი ციხიდან?
ავტორი:
09 სექტემბერი, 2014. 23:50

 

 

„ქრონიკას" ხელში ჩაუვარდა გიგი უგულავას სკანდალური წერილი ციხიდან. ეს წერილი პირველი არაა, როცა უგულავა საკუთარ თანაპარტიელებს დირექტივებს აწვდის და მოქმედების სცენარს უწერს. რა იხარშება უგულავას თავში და რა მოწოდებებს აკეთებს? როგორ ცდილობს პატრიარქის ამ ბინძურ თამაშში ჩართვას? რა ბინძური ხერხებით აპირებენ ქაოსის შექმნას და რა თემებით გეგმავენ აქციების გამართვას? რატომ უპირისპირდება სააკაშვილს ციხეში მყოფი „ნაცელიტა"? რას ელოდებიან პრეზიდენტ მარგველაშვილისგან და ვის ასახელებს უგულავა პოტენციური პარტიის წევრებად? დიდი არეულობის მოლოდინში, გიგი უგულავას დირექტივები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"!


აი, რას წერს უგულავას წერილის შესავალში „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომლის „დამსახურებითაც" ეს წერილი ჩვენთან აღმოჩნდა: „ვარ რა ნაცმოძრაობის წევრი, ხელში ჩამივარდა გიგი უგულავას წერილი ჩვენი პარტიის ლიდერებისათვის, სადაც სხვა ჩემთვის მიუღებელ საკითხთან ერთად, არის საპატრიარქოს და პირადად პატრიარქის, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების გეგმა. მე, როგორც მართლმადიდებელს, არ მსურს ამაში და აგრეთვე ბევრ სხვა, მათ შორის ქაოსისკენ მიმართულ პროცესებში მივიღო მონაწილეობა და ვთვლი, რომ ეს ყველაფერი ქვეყნისთვის სახიფათოა. მინდა გაეცნოთ ამ წერილს, განსაკუთრებით ჩემი პარტიის წევრები, და მიხვდეთ,რომ ჩვენი პარტიის ლიდერები აცდნენ იმ გზას და მიზნებს, რომლებსაც ჩვენ ყოველთვის ვემსახურებოდით".


ახლა კი უცვლელად გთავაზობთ უგულავას საიდუმლო წერილს, რომელიც ასეა დასათაურებული:


 

გიგი უგულავას წერილი დ. კეზერაშვილს

 

„მოგესალმებით ყველას გულითადად. აგვისტო მძიმე იყო, მაგრამ გადავაგორეთ მატროსოვის ბინადრებმა, მძიმე სიცხისა და უმოძრაობისგან ყველა და ყველაფერი ისვენებდა, მათ შორის ეს სასამართლოებიც. სექტემბრიდან, გარეთაც და შიგნითაც, ცხოვრება გახალისდება. ჩემზე არაფერს მოგწერთ, ვისთანაც ხშირად მაქვს ურთიერთობა და ასევე ადვოკატები გაწვდიან ინფორმაციას, რომ არა მიჭირს რა. ვარ მხნედ, ვიკლებ წონაში, ვკითხულობ წიგნებს და ვწერ რაღაც-რაღაცეებს. მოკლედ, მინდა ჩემი მოსაზრებები და დაკვირვებები გაგიზიაროთ. შევეცდები, ვიყო გულახდილი, ყალბი მორიდებების გარეშე. ყველა ვთანხმდებით, რომ უნდა გავაქტიურდეთ, რომ ასე წინ ვერ წავალთ. ერთი სიტყვით, რაღაცეები შესაცვლელია. არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ აქამდე რამე დავაკელით ან სხვანაირად რამე გამოვიდოდა, ან ამ წუთას სხვაგვარად რომ გვემოქმედა, სხვაგან ვიქნებოდი. ამ პოზიციაში არავის ვეთანხმები, მათ შორის არც მიშას, რომელიც ფიქრობს, რომ სხვა მოქმედებით შეიძლება დღეის მდგომარეობა სხვაგვარი ყოფილიყო. ეს ორი წელი, ანუ, განვლილი სამი არჩევნები, დაჭერები, დაწიოკებები გავიარეთ ზუსტად ისე, როგორც ამას საქმე მოითხოვდა. პარტია გადარჩა, ერთიანობა შევინარჩუნეთ, მარტივად ვთქვათ, ჩართეთ ტელევიზორი - ჩვენს გარეშე არ შედგება და არც დგება შოუ სახელად საქართველოს პოლიტიკა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საკმარისია და ასე უნდა გაგრძელდეს.



განვსაზღვროთ რა არის ამოცანა

 

ზოგადი: ივანიშვილის ხელისუფლებისგან ჩამოშორება.


მე სწორედ შეგნებულად ვწერ ასეთი ფორმულირებით, რადგან ეს მიზანი უფრო ფართოა. ეს არ ნიშნავს ავტომატურად ჩვენს მთავრობაში მოსვლას და ტოვებს სხვადასხვა ვარიანტებს მოქმედებებისთვის. არსებობს სამი ვარიანტი:


ა) სტანდარტული: ვიგებთ 2016 წლის არჩევნებს.


ბ) ივანიშვილს უმხედრდებიან „ზაპადნიკები", ირევა პოლიტიკური ლანდშაფტი და 2016-მდე დგება ახალი კოალიცია, ანუ ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოშორდება. აქ არ ნიშნავს ავტომატურად, რომ ხელისუფლებაში მოდიხარ, ან მიდიხარ, ოღონდ 2016-ის მოგების მერე.


გ) ისე ირევა სიტუაცია, რომ ხდება ის, რაც უკრაინაში. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ქუჩაში დაგდებულ ძალაუფლებას, ანუ რევოლუციური სცენარი.


პირველი ვარიანტი ნაკლებად რეალისტურია. თუ ასე მდორედ წავიდა ყველაფერი, როგორც მიდის, ამ მთავრობას  მომდევნო ოთხი წელიც ექნება. ჩვენი დაჭერების თემამ და მ-ზე გამოცხადებულმა ძებნამ, არ უნდა შეგვიქმნას ილუზია, რომ ეგ რამენაირად დააზიანებს ამათ, არა იმდენად, რომ ხალხი რევოლუციაზე გამოგყვეს. ჩვენი დაჭერები, ჩვენი პრობლემაა და არა ხალხის (ამაზე ქვემოთ). ბიზნესს ესენი მაინცდამაინც არ აწუხებენ, არაფერს არ აკეთებენ, როგორც შევარდნაძის მთავრობა, მაგრამ ამ არაფრის კეთებით, ინერციით გაძლებენ. პარლამენტის არჩევის სისტემას, ჩემი აზრით, არ შეცვლიან და, შესაბამისად, ჭრელი კორუმპირებული უმრავლესობა ექნებათ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ 16, 17, 18 ერთიანი საარჩევნო ციკლია დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო 12, 13, 14, არჩევნები. ანუ, თვე ჩვენ 16-ის არჩევნებზე ვლაპარაკობთ, მაშინ ვსაუბრობთ მთელ ციკლზე. ამ ციკლის მოგება ძაან გაჭირდება. ელემენტარულად ფული არ გეყოფა, ამიტომ მე მიშას მოსაზრებას ვიზიარებ, რომ 16-მდე უნდა დავანგრიოთ ესენი. ანუ  2016-ის არჩევნებზე, არ უნდა ჰქონდეთ სახელისუფლებო ბერკეტი. თუ ექნათ, მაშინ მთელ ციკლს მოიგებენ. მე რასაც ვატყობ, ჩვენი პარტიის შიგნით, ღია თუ დახურული დებატები 2 და 3 სცენარებს შორის მიდის. უბრალოდ, ეს სცენარები გადაეჯაჭვა პერსონალური ურთიერთობების პრობლემებს. ანუ მარტივად ვთქვათ, მიშა ზუის რომ ჟვანია-ბურჯანაძე დემოკრატებს დაემსგავსა და არ მოსწონს არაფერი. ოღონდ ამას იმდენად უსამართლოდ და უსაქციელოდ აკეთებს, რომ ბუნებრივად გრჩება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ საკუთარ პოზიციონირებაზე დარდობს და სხვა ყველაფერი კიდია. არა და სტრატეგიულად ბევრ რამეს სწორად ამბობს. სამწუხაროდ, მიშა რევოლუციაზე ხშირად მხოლოდ იმიტომ საუბრობს, რომ ხაზი გაუსვას აქ პარტიის არასწორ საქმიანობას და არა იმას, რომ რაიმე კონკრეტული გეგმა ან სტრატეგია აქვს. მოკლედ, ვინაიდან მიშაც გააქტიურდა ადგილობრივ პოლიტიკაში (აქამდე მაინც მეტ-ნაკლებად ტაიმაუტი ჰქონდა აღებული), ყველამ ხელახლა უნდა გადავაფასოთ და ვთქვათ:


ა) ეს პარტია არ არის არც თბილისში პარტიის საჭესთან არსებული პირების საკუთრება, მაგრამ ასევე არ არის მიშას საკუთრება.


ბ) მიშა ბრუნდება ადგილობრივ პოლიტიკაში, შესაბამისად ლეგიტიმურად პარტიის ყოველდღიურ საქმიანობაში, მაგრამ გადაწყვეტილებები კვლავ კოლეგიალურად მიიღება.


გ) აუცილებელია, შევჯერდეთ მოქმედების ერთიან სტრატეგიაზე.


ჩემი აზრით, სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს იმ ფაქტს, რომ დავივიწყოთ 2916-ის საარჩევნო ციკლი. თუ ჩვენ ორიენტაციას 2016-ზე ავიღებთ, 2015-ს ჩუკენობაში გავატარებთ. ამიტომ დავანებოთ მ-თან ჭიდაობას თავი, ვთქვათ, კი ბატონო, მოვდივართ რევოლუციის სცენარით და ჩამოვყაროთ, რას ვაკეთებთ და ვინ რაზეა პასუხისმგებელი. ამით მოიხსნება წინააღმდეგობა,რომ ვიღაცას რევოლუცია უნდა და ვიღაცას ეშინია და წყნარი ოპოზიციური ცხოვრება უნდა.


ამ საკითხებს, ცხადია, უკავშირდება, ჩვენი ციხიდან გამოხსნა. ალბათ, ყველა ვთანხმდებით,რომ 7-დან ერთ საქმეზე, მინიმუმ მოსამართლეს გატეხავენ და რაღაცას მოგვისჯიან, არამედ, იმდენი რამდენიც პოლიტიკურად ექნებათ თავი, რომ გვამყოფონ. მენდეთ, წყნარი პოლიტიკური ცხოვრების პირობებში, აქ ჩვენ დიდი ხანი ვიყურყუტებთ. უცხოელების ზეწოლა ვნახეთ უკვე რაც იყო, კი ბატონო, სტრასბურგში პოლიტპატიმრებად გვაღიარებენ, ამათ ეს ცალსახად კიდიათ (ამათ ხელისუფლებაში ბოკერია არ ჰყავთ, სამწუხაროდ). გაიხსენეთ, როდის ვუშვებდით ჩვენ ამათ, ე.წ. პოლიტპატიმრებს. როცა მიტინგებს, საკნებისა და არეულობის საფრთხეები იყო და გარიგების შედეგად ვუშვებდით ამათ ტიპებს გარეთ. ანუ, თუ არ შევქმნით კრიზისებს, დაივიწყეთ თავისუფლება. ეს ცალსახაა და მგონი, არც არავინ შემეკამათებით. ამდენად, ჩვენი 2014-2015 წლის სტრატეგიული ამოცანააა...



ამოცანა:

ა) სრული აპოკალიფსის სურათის შექმნა


ბ) ყოველდღე თუ არა, კვირაში სამჯერ სექტორალური პატარ-პატარა აქციები. მაგალითად: სერგომ(სავარაუდოდ, საუბარია, სერგო რატიანზე. - რედ.) ჩაიბას ის უფლებააყრილი სტუდენტები. იყოს 20-კაციანი აქცია, რეცეპტებზე, სოცდაუცველებზე, დევნილებზე. ბევრი პატარ-პატარა აქცია, რეპეტიციაა დიდი. პატარა აქციებზე წამოიკიდებ ვინმეს, მაგალითად, სრულიად უსაგნო კოსტუმების აქციაზე წამოეკიდა ვიღაც კანცელარიის დაცვის უფროსი, რომლებსაც აქ ჩემი ექიმები ლანძღავდნენ სამი დღე. დიახ, უნდა ვიყოთ პროვოკაციულები და ყოველ ფეხის ნაბიჯზე უნდა იყოს ჯოჯოხეთი. ჩემზე უკეთ ვინ იცის, 20-30 კაციანი აქციაც კი პარალიზებას იწვევდა მერიის, ისე რომ ხალხის მოსულიერება მიწევდა. ასე და ამრიგად, ყველამ უნდა ჩაიბას სხვადასხვა მიმართულება. სიტყვაზე: სერგომ განათლება, ჭიამ (ჭიაბერაშვილი. - რედ.) სამედიცინო, მელიამ მერია, თვითმმართველობა და ა.შ. არ არის აუცილებელი, რომ თვითონ ვჩანდეთ, ხანდახან გამოვჩნდეთ კიდეც. მთავარია, მუხტის კონსოლიდაცია და სწორი მიმართულებით წარმართვა. დავანებოთ თავი ამ პოლიტპატიმრების აქციებს, კიდევ ვიმეორებ, ჩვენი პრობლემები, ჩვენი პრობლემებია და ეს ნაკლებად  ადარდებს ხალხს. ჩვენი ამოცანაა ნუ შეგვეშინდება მარგინალიზაციის. ჩვენი გარანტირებული ელექტორატი გვყავს, რაც, სამწუხაროდ, არ მატულობს, მაგრამ არც იკლებს. კრიზისული და რევოლუციური მუხტი საარჩევნო რეიტინგებით არ იზომება. შემოდგომაზე აუცილებელია ერთი ტალღის გაკეთება, მარტო ერთდღიანი აქცია არ ივარგებს, არ კმარა. გავიხსენოთ, ესენი რას აკეთებდნენ. შიმშილობა ლიდერებისა და აქტივისტების. ჩვენც უნდა გავაკეთოთ (აქედან ჩვენც ავყვებით) უსუფაშვილის მისაღებში შიმშილობა (რა? „ახლები" თუ შიმშილობდნენ, ჩვენ არ გვეკადრება?!), ეს ქმნის ქაოსის განცდას. მუდმივ პრესინგში ამყოფებს ამათ და გზადაგზა აუცილებლად შეცდომას დააშვებინებს, რაც მოგვცემს საშუალებას, წამოვიკიდოთ და მერე პატიმრებზე ვევაჭროთ.


აუცილებელია, ბაქრაძის თაოსნობით (შემადგენლობა გასაგებია), აღდგეს კომუნიკაცია პატრიარქთან. კრიზისულ სიტუაციაში თუ მანამდე ნამუშევარი გვაქვს და გამოვა და ეტყვის, რომ ხალხი ციხიდან გამოუშვი ან რამე მსგავსს. გაიხსენე, ისინი როგორ ეფექტურად იყენებდნენ. ამოიგდეთ თავიდან,რომ ჩვენ არ ვუყვარვართ, მას არც ბიძინა უყვარს და მოქმედებს სიტუაციის მიხედვით. მოკლედ, ამოცანა, პატარ-პატარა კრიზისებით დავიწყოთ და ამ შემოდგომაზე ერთი დიდი კრიზისი გავუჩალიჩოთ. საკმარისი ჯერ არ იქნება, მაგრამ აუცილებელია დასაჯანჯღარებლად, ვისაც არ მოსწონს სიტყვა რევოლუცია, ჩათვალეთ ეს პრაგმატულ მოქმედებად ჩვენი აქედან გამოსახსნელად, რაც, მგონი, არაა პატარა ამოცანა. ამათ რეალურად და ობიექტურად 14-ის დარჩენილი და 2015 წელი აქვთ იმისთვის, რომ ანახონ ხალხს, რომ რაიმეს გაკეთება შეუძლიათ. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება, ეს მათი არჩევანია, როცა დაგვიჭირეს ყველა, რევოლუციური სცენარი თავად აირჩია ბიძინამ. შურისძიება ყოველთვის წარმოქმნის თავგანწირულ წინააღმდეგობას. მოკლედ, ახლა ეს თავგანწირვაა საჭირო. ეს წმინდა პრაგმატული არჩევანია და არაა ლიტონსიტყვებიანი ემოციები. რაც შეეხება თავად პარტიას, საკმაოდ ჩაიკეტა, მათ შორის ჩვენი სატელიტი ჯგუფებისთვისაც. ზოგი ექსპერტობს, ზოგი ადვოკატობს. არ ვიცი, რა შეიძლება ვქნათ? ვანოს იდეა მე მომწონს (აღარ დავწერ, უკვე მოვიწერე), ეგ შეიძლება იყოს დაინტერესების საფუძველი.


მე მგონი, ასევე აუცილებელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" იყოს მთავარი მაგნიტი და ოპოზიციური დიალოგის ინიციატორი (ცხადია, ბურჯანაძე-ივანიშვილი არ იგულისხმება). მერე რა, რომ ეს პატარ-პატარა პარტიები არაფერს წარმოადგენენ. სულ მცირე, შენ წარმოგაჩენენ დიდად? დღევანდელი პოლიტიკური დისპოზიცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს და ეს პლატფორმა აუცილებლად გამოგადგება. შევქმნათ საკოორდინაციო საბჭო, შევკრიბოთ ორ კვირაში ერთხელ, გავაკეთოთ დღის წესრიგი, მაგალითად, დემოკრატიული რეფორმების საარჩევნო სისტემაზე. მოკლედ, უნდა ვჩანდეთ ფლაგმანად. ეს მნიშვნელოვანია, თუნდაც იმით, რომ, თუ იქით რღვევა წავა, აქეთ მზად, კარგად შეფუთული პლატფორმა იყოს. მე მაინც მგონია,რომ ვიდრე ალასანიას გამოასხმევინებენ,მარგველაშვილი შექმნის რაღაც მოპარტიოს, ელისაშვილი, კახიშვილი და ეგეთი ხალხის ბაზაზე. ერთი სიტყვით, თუ ჩვენ გამწვავებაზე წავედით, მოვლენებს დავაჩქარებთ. მოკლედ, აუცილებელია გამბიტის თამაში, კი, რაღაც დოზით ვზარალდებით, მაგრამ ისინი უფრო ზარალდებიან. საკომპენსაციოდ რომ რესპექტაბელურები გამოვჩნდეთ, პარლამენტის ტრიბუნაც გვაქვს. რაც შეეხება აღმასრულებელი მდივნის არჩევას, ამ ფონზე, ჩემი აზრით, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია,რადგან ცალკე აღებული ვერანაირი მდივანი ვერ განახორციელებს ამას ყველაფერს. ეს საერთო მზაობა უნდა იყოს, აღმ. მდივანი მნიშვნელოვანი მენეჯერია, მაგრამ პოლისე ისსუე ჩვენ ყველას ერთად, მათ შორის მიშას, ერთიანი გადასაწყვეტია. მე ფრაგმენტული ინფორმაცია მაქვს ამ თემაზე. ვიცი სამი ვარიანტი. ზურა ჯაფარიძე, სერგო რატიანი, ზაზა ბიბილაშვილი. არ დავიწყებ არც ერთის მოფერებას და სიმპათიის დადასტურებას. სამივე ძალიან ღირსეული ადამიანია ცხადია (ჯაფარიძე მითხრეს უარს ამბობსო). მოკლედ, მე არ ვიცი დეტალები, მხოლოდ შემიძლია წარმოვადგინო მოძრაობები წინა გამოცდილებიდან გამომდინარე და ძალიან არ მინდა იგივე მოხდეს. აღმ. მენეჯერი იქიდან გამომდინარე ავირჩიოთ, ვთანხმდებით თუ არა ძირითად სამოქმედო გეგმაზე და რა ხედვა ექნება თითოეულ კანდიდატს ამ გეგმასთან დაკავშირებით. რადგან მნიშვნელოვან მენეჯერს უნდა სჯეროდეს, რასაც აკეთებს. სხვა მხრივ, აბსოლუტურად სულერთია ჩემთვის ეგ საკითხი. გადაწყდეს ჯანსაღი კონკურენციით, ისე, რომ ის შეხორცებული ტრავმები არ გაიხსნას. ეს მაინც შიდა პარტიული საკითხია და ხალხს ფეხზე კიდია (მე პირადად ზურა ჯაფარიძეს დავუჭერდი მხარს). თუმცა, ცხადია, ნებისმიერ ადამიანს ვინც ამ რუტინას თავის კისერზე აიღებს, მხოლოდ მადლობას ვეტყვი. ისევე, როგორც მადლობელი ვარ მიშა მაჭავარიანის ამ მძიმე პერიოდში გაწეული სამუშაოებისთვის. მე მესმის, რომ ჩემს მიერ აღწერილი სტრატეგია და ტაქტიკა ძნელი შესასრულებელია. ამას გარკვეულად თავზეხელაღებულობა უნდა, სამწუხაროდ, ყველა თავზეხელაღებული ან უცხოეთშია და ძირითადად ციხეშია, ჩემი ჩათვლით. უნდა წავახალისოთ ასეთი თავზეხელაღებული და თავგანწირული ახალგაზრდა ლიდერები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თქვენგანი ამ ძალას საკუთარ თავშიც იპოვის. პირველი ნაბიჯია ძნელი, როცა ყოყმანობ, თორემ მერე მიდის კარაქივით... როგორც ხედავთ, ჩემი მოსაზრებები არსებითად ემთხვევა მიშას პოზიციას (ალბათ, ბევრი ან უმეტესი თქვენგანის სახით), უბრალოდ, იმ განსხვავებით, რომ მე არ ვთვლი კრიტიკული ფორმით და არაფრის მოწონებით აზრის გამოხატვას პროდუქტიულად და სამართლიანად. მოკლედ, მთავარია ძირითად საკითხებში ვთანხმდებოდეთ და ვინ როგორი ფორმით ეტყვით ამას, დროებით მაინც გადავდოთ.


სულ ეს არის, რის თქმაც მინდოდა, იმედია, გასაგებად გადმოვეცი ჩემი სათქმელი. ველი თქვენს გამოხმაურებას, მათ შორის კრიტიკულს. მოკითხვა ყველას დიდი სიყვარულით. ისეთი რამეები მოგწერეთ, მგონი, შიგნით ჯდომა ჯობია, ვიდრე ამ ყველაფრის კეთება... რა ვქნა, არ დამცალდა, თორემ ხომ იცით, არ დაგზარდებოდით.


ამ წერილს გავაცნობ ვანოსაც და ბაჩოსაც აქ და მათაც გამოთქვან თავისი პოზიცია".



ამ წერილიდან დასტურდება ინფორმაცია, რომ „ნაციონალები" გეგმავენ საბოტაჟს, ადამიანების განწყობის შეცვლას და ქვეყნის სათავეში რევოლუციით დაბრუნებას.


მხოლოდ იოდის დეფიციტში მყოფი კრეტინი თუ გაჰყვება „ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც დიდი სისწრაფით მიექანება გარანტირებულ პოლიტჯოჯოხეთში და ამიტომაცაა, რომ ყველას გარანტირებულ ჯოჯოხეთს გვპირდებიან. მაგრამ მეორეცაა, ხელისუფლება გახუთკაცებული მიშას გზისკენ იხრება! პოლიტიკური კომპასი გაასწორეთ, ბიჭებო, მარგველაშვილი, ღარიბაშვილი, კალაძე, ალასანია, უსუფაშვილი ნამეტანი ბევრია ლიდერობისთვის, ერთი ბომონდი ხუთს კი არა, ორ ლიდერს ვერ იტევს! არავის მოსწონს ის, რაც თქვენს ხელისუფლებაში ხდება და ადვილად საკადრებლები ნუ გახდებით, ქვეყანას გაცილებით დიდი გამოწვევები და პრობლემები აქვს, ვიდრე თქვენი უპირობო ლიდერობისთვის მხარდამჭერთა კლუბების შექმნა და იმის გაუთავებელი მტკიცება, რომ აქედან ერთია ქვეყნის მმართველი, რომ ვიღაცას პრემიერობის ამბიცია აქვს, ვიდრე ვიღაცის ცოლს არ მოსწონს, რომ მისი ქმარი ვიცე-პრემიერია და თურმე ის მეტს იმსახურებს, ვიღაცის ცოლი პირველი ლედობის მოლოდინშია და ასე შემდეგ... ნუ დაგვღალეთ და გახსოვდეთ, რომ შეუცვლელი არავინაა, ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი კი მაშინ იწება, როდესაც ის ყველაზე ცუდი ხელისუფლების ნოსტალგიას აჩენს და ხალხი ყოფილ ხელისუფლებასთან პარალელების გავლებას იწყებს.


და ბოლოს „ქრონიკა" ექსპერტიზის ბიურო არაა, წერილის ავთენტურობა დაადგინოს. ფაქტი ერთია, ის, რასაც „ქრონიკა" პერმანენტულად აქვეყნებს და ამას ზოგიერთი ტვინგაცხელებული მოარულ ხმებს უწოდებს, ხშირად მართლდება და „მოარული", რეალური ფაქტი ხდება. თუკი ქვეყნის დესტაბილიზაცია დაიწყება, პასუხისმგებლობა „ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა აიღოს, ხელისუფლებამ კი კეთილი ინებოს და გახდეს ჩვენი უსაფრთხოების გარანტორი!


იმის გამო, რომ წერილი გვიან ჩაგვივარდა ხელში, ბევრი კითხვა უპასუხოდ დარჩა:


1.      რატომ აირჩია უგულავამ ადრესატად კეზერაშვილი?

2.      რატომ არ გააცნო ეს წერილი ციხეში ჯერ ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას, თუ ამის საჭიროებაზე ლაპარაკობს?

3.      რატომ მოიხსენია სტრატეგიულ გეგმაში უგულავამ ალეკო ელისაშვილი, კახი კახიშვილი, ალასანია და მარგველაშვილი?

4.      და ყველაზე მთავარი, არის თუ არა ეს მართლაც სამოქმედო გეგმა, თუ უგულავა ამას „ნაცების" დავალებით, ხელისუფლების ყურადღების გადასატანად წერს?


კითხვები ბევრია. იმედია, ამ პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ ბევრი რამ გაირკვევა, მათ შორის სათქმელს იტყვიან დასახელებული პირები და ამ წერილს სკანდალური გაგრძელება ექნება.

 

 

 

 

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016