reportiori.ge - სააკაშვილის დავალებით სურთ შეიქმნას ორგანიზებული მობილური ჯგუფი - მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები! - ალექსანდრე ჭიკაიძის სკანდალური ინტერვიუ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:53
მთავარი თემა
სააკაშვილის დავალებით სურთ შეიქმნას ორგანიზებული მობილური ჯგუფი - მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები! - ალექსანდრე ჭიკაიძის სკანდალური ინტერვიუ
ავტორი:
10 სექტემბერი, 2014. 13:01


შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე "ალიასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სკანდალურ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ კონკრეტულ დაჯგუფებას სურდა სახელმწიფო ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური გზებით დამხობა, ვინ დგას შეთქმულების მიღმა? რა ოპერატიული ინფორმაციების საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე შეთქმულების წინააღმდეგ? რას ფიქრობს მინისტრი მისი უწყების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე? როგორია მისი ხედვა კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით და რას პასუხობს ოპონენტებს იმ კითხვებზე, რაც ალექსანდრე ჭიკაიძისა და მისი უწყების მიმართ ხშირად ისმის? 

 



-
ბატონო ალექსანდრე, აგვისტოს თვე მძიმე აღმოჩნდა თქვენი უწყებისთვის, მედიით შუქდება მკველელობები, მართალია, დღეს არ გვყავს მინისტრი, რომელიც "ორი კაცის ორ გვამში" დიდ პრემიებს იძლევა, სისასტიკის ადრენალინი ლოიალობით შეიცვალა. თვლით თუ არა, რომ კრიმინალმა აიშვა? 

 


-
თითოეული ადამიანის სიცოცხლე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ვალია მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა. იყო გარკვეული ინფორმაციები, რომ კონკრეტული ჯგუფები შინაგან საქმეთა სამინისტროზე იერიშის მოტანას აპირებდნენ, ისინი კარგად განსწავლულები არიან პიარკამპანიაში და პროპაგანდაში. მათ სცადეს, საზოგადოებაში შეექმნათ განწყობა, თითქოს კრიმინოგენური ვითარება გაუარესდა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კრიმინოგენური ვითარება არ გაუარესებულა! მესმის, სტატისტიკით საუბარი გამაღიზიანებელია, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, მაგრამ, როცა ოპონენტები კრიმინალის გაუარესებაზე საუბრობენ, აუცილებელია მათ შევახსენო ის სტატისტიკა, რაც იყო რამდენიმე წლის წინათ და შეადარონ დღევანდელ სტატისტიკურ მონაცემებს. არ ვაპირებ, დავუბრუნდე წარსულს და კიდევ ერთხელ შევახსენო ადამიანებს, რა ხდებოდა 2012 წლამდე. ადამიანებს აინტერესებთ, რა ხდება დღეს, რა ამოცანების წინაშე ვდგავართ და როგორ ვაპირებთ კრიმინალთან ბრძოლას. კრიმინალი ყოველთვის მოხდება და ყველა შემთხვევის პრევენცია თითქმის შეუძლებელია. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მომხდარი მკვლელობები ძირითადად ოჯახურ გარჩევებს მოჰყვა. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანში მკვლელობა მოხდა, ბიძაშვილები ერთად ქეიფობდნენ, შელაპარაკების შედეგად ბიძაშვილმა ბიძაშვილს ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. სამწუხაროდ, პიროვნება გარდაიცვალა. ასეთ ფაქტებზე პოლიცია პრევენციას ხშირ შემთხვევაში ვერ მოახდენს. 

 


-
რაც შეეხება ვაკეში მომხდარ მკვლელობას, ლაშა მახარაძის მკვლელი, მეტსახელად "ოქრიკა", თქვენს ნათესავად მოიხსენიეს და დაგადანაშაულეს, თითქოს მკვლელს ხელს აფარებთ... 

 


-
ვაკეში მკვლელობა ჩემთვის ორმაგად მძიმე აღმოჩნდა. ერთია, რომ ახალგაზრდა ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს, მეორეა - დეზინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს მკვლელი ჩემი ნათესავია და ჭიკაიძე ხელს აფარებსო. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემს სახელს რატომ დაუკავშირეს, წარმოდგენა არ მაქვს, გამალებით ვიბრძვი, დავიჭირო და პასუხი ვაგებინო მას და ამ მიმართულებით არის წინსვლა. როგორც იცით, ამ საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. როგორც ირკვევა, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოქროპირიძე არის მისი ბავშვობის მეგობარი. ამით იმის თქმა მინდა, რომ მკვლელობების 99 პროცენტი მოდიოდა ახლობლებსა და ნათესავებზე. 

 


-
ჩვენ ვნახეთ უმძიმესი კადრები, როცა ყაჩაღებმა 4 წლის ბავშვი გააუთოვეს. ალბათ, თქვენც არ გახსოვთ, ასეთი ყაჩაღური თავდასხმა ბოლო დროს როდის მოხდა. როგორია მინისტრის პოზიცია? 

 


-
რაც შეეხება 4 წლის ბავშვის  მიმართ არაადამიანურ ქმედებას - დედის თვალწინ პატარა ბავშვი დააუთოვეს, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ ქალბატონის ბიძაშვილმა ჩაიდინა ეს უმძიმესი დანაშაული. ეს დანაშაული გახსნილია, დაკავებულია დამნაშავე და გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის ეს თემა იყო ძალიან მძიმე, მით უმეტეს, როდესაც გავიგე, რომ დანაშაულის ჩამდენი იყო ბიძაშვილი. სამი შვილის მამა ვარ და ამ კადრების ნახვამ ჩემზე ადამიანურად ძალიან მძიმედ იმოქმედა, არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ვინმემ გონებაში გაივლოს ასეთი დანაშაულის ჩადენა, არავის დავუტოვებ იმის განცდას, რომ მათი შვილები დაუცველები არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ყველა დამნაშავე უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე, ჩვენ ვაშენებთ ძლიერ სახელმწიფოს, სადაც თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა არის ჩვენი ამოცანა. 

 


- "
ნაცმოძრაობას" პოლიციაში სადამსჯელო ბრიგადები ჰყავდა, "ზონდერები", "მკვლელები" და . ხელისუფლება პოლიციის ლიბერალიზაციის გზით წავიდა. თქვენ 42 000 პოლიციელის მინისტრი ხართ და ცხადია, მათში შეიძლება აღმოჩნდეს მოღალატე. როგორ აიცილებთ თავიდან მოსალოდნელ პროვოკაციებს? "ნაციონალების" ხერხემლად წოდებული ექსმინისტრისგან რადიკალურად განსხვავდებით ლოიალობით. 2006 წელს, როცა სანდრო გირგვლიანი პოლიციელებმა სიცოცხლეს წამებით გამოასალმეს და როგორც ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, შს მინისტრის ცოლს თაკო სალაყაიას ასმენინებდნენ გირგვლიანის წამების ხმებს, ხალხის მოთხოვნის მიუხედავად, მინისტრი არ გადამდგარა. დღეს სწორედ ეს ძალა ითხოვს თქვენს გადადგომას. რას უპასუხებთ მათ? 

 


-
შსს არის ერთ-ერთი რთული სამინისტრო და 24-საათიანი მუშაობის რეჟიმში ვარ. მინდა, ჩემი თანამშრომლები, რომლებიც ჩემს ბრძანებას ემორჩილებიან, თვითონ არ გახდნენ კრიმინალები, მე ამას მივაღწევ! რაც იყო წარსულში, ესაა წარსული. სამწუხაროდ, თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან იყო ხალხი დაუცველი, შს თავად სჩადიოდა კრიმინალს. თითოეული ადამიანის ბედი ჩემთვის მნიშვნელოვანია, არც ერთი ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს, უდანაშაულო ადამიანი არ უნდა მიეცეს პასუხისგებაში. ირკვევა, რომ სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობაზე კრიმინალები ისხდნენ, საგამოძიებო ორგანოებმა დაამტკიცეს, რომ თვითონ მაღალჩინოსნები სჩადიოდნენ დანაშაულს, გასცემდნენ უკანონო ბრძანებებს. ჩემს თანამშრომლებს მუდმივად ვაფრთხილებ, რომ არ დაარღვიონ უდანაშაულობის პრეზუმფცია და თუკი ადამიანს დანაშაულს ვერ დაუმტკიცებენ, ნუ ეცდებიან, მას ბინძური გზებით ებრძოლონ. კრიმინალებს ბინძური გზებით კი არ უნდა ებრძოლონ, არამედ უნდა ებრძოლონ გონებით, პროფესიონალიზმით, კანონით და დაუმტკიცონ, რომ ის არის დამნაშავე. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცეს პირი პასუხისგებაში და არა იმიტომ, რომ ესა თუ ის პიროვნება ცუდია და ვიღაცას არ მოსწონს. ასეთი რამ არ მოხდება! 

 


ეჭვი გამიჩნდა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩემს დისკრედიტაციაზე, მათი მიზანია პოლიციის დემორალიზება და ცდილობენ, გადავდგა რადიკალური ნაბიჯები. ის კამპანიაც, თითქოს კრიმინალმა იმატა, ამ გეგმის ნაწილია, ამით კი იმის მიღწევა სურთ, რომ ჩემმა სამინისტრომ ხალხს დაუწყოს დევნა, შანტაჟი, კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც არ მოხდება. რაც არ უნდა ილაპარაკონ, რა პროვოკაციებზეც არ უნდა წავიდნენ და რაც არ უნდა ცილი დამწამონ, ყველას გასაგონად ვაცხადებ, რომ მიზანს ვერ მიაღწევენ და პოლიციის დემორალიზებას ვერ მოახდენენ. ჩემი მუშაობის პრინციპზე უარს ვერავინ მათქმევინებს და ამ ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანები არ დაიჩაგრებიან, მაგრამ კანონის მცირე გადაცდომასაც არავის ვაპატიებთ! დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ძლიერი და ერთიანი, თითოეული პოლიციელი ემსახურება საქართველოს. 

 


-
რამდენიმე დღეა, .. "რეიდებია", პოლიციურ კონტროლზე არასამთავრობო ორგანიზაციები გაკრიტიკებენ, რომ ხშირად პოლიციელები კანონს არღვევენდაკავებულ პირს არ წარუდგენენ საკუთარ ვინაობას და არ განუმარტავენ გაჩერების მიზეზებს. ამის მაგალითია დიზაინერის დათუნა სულიკაშვილის ფაქტი, მან წერილობითაც მოგმართათ, რომ მისი გაჩერებისას პოლიციელმა დაარღვია კანონი... 

 


-
მე საზოგადოების დაკვეთის გარეშე არ ვმოქმედებ, ჩემი ინიციატივით არ გავაკეთებ ისეთ რამეს, რომ საქართველოს მოსახლეობას უხერხულობა შევუქმნა, ამ შემთხვევაში ვიხელმძღვანელე საზოგადოების დაკვეთით და განვახორციელე პოლიციური კონტროლი, რაც ძალიან დროული იყო, გარკვეულმა ტენდენციურმა ძალებმა შექმნეს ისეთი განწყობა, თითქოს ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გაუარესდა, ასეთი ტიპის სპეკულაციებით შეეცადნენ სამინისტროს იმიჯის შელახვას, მე მოვთხოვე ჩემს თანამშრომლებს, რომ ყველა კანონდარღვევაზე მოახდინონ ადეკვატური რეაქცია... 

 


-
არის ინფორმაცია, რომ "ნაცმოძრაობა" აპირებს, პოლიციის სისტემიდან მოახდინოს სახელმწიფოს რღვევა, ციხის სკანდალურ კადრების საპირწონედ დადონ მძიმე კადრები, პოლიციელთა რიგებში ეძებენ პირებს, ვინც მათ ბინძურ სცენარს შეასრულებს. როგორ დაიზღვევთ თავს მაშინ, როცა ჯერ კიდევ არიან შემორჩენილები მერაბიშვილის კადრები? 

 


-
შესაძლოა, ვიღაცები იყვნენ, ვინც ამ პროვოკაციაზე წავა, სამწუხაროა, თუკი ასეთ სიბინძურეზე ვინმე ხელს მოაწერს, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ჩვენს ქვეყანაში კანონი არის უზენაესი და თუ ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, ის უმკაცრესად დაისჯება. მე მაბარია 42 ათასი პოლიციელის ბედი, თუკი აქედან ერთი ადამიანი აღმოჩნდება ისეთი, ვინც ამ დანაშაულის პროვოცირებაზე წავა, მას არ ვაპატიებ, რომ დანარჩენი თანამშრომლების იმიჯი შელახოს. ჩვენ შევისწავლეთ ფაქტები და ვიცით, რომ იყვნენ თანამშრომლები, ვინც ანტისახელმწიფოებრივად აზროვნებდნენ და პირადი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის ბედით თამაშობდნენ. თითოეულ თათბირზე ჩემს თანამშრომლებს მოვუწოდებ, რომ იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრები მიდიან და მოდიან, პოლიციელები კი თავისი ქვეყნის სადარაჯოზე რჩებიან. ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, მე ვარ ლოიალური და ადამიანური, მაგრამ ჩემმა თანამშრომლებმა კარგად იციან, როცა საქმე ეხება სამშობლოს ინტერესებს და თუკი ამ გზიდან ვინმე გადაუხვევს, აქ ვარ ძალიან მკაცრი. 

 


- "
კვირის ქრონიკამ" გამოაქვეყნა გიგი უგულავას სკანდალური წერილი ციხიდან, თუმცა ჩვენ მის ავთენტურობაზე თავს არ ვდებთ. წერილში გაშიფრულია მოქმედების სცენარი, უგულავა მოუწოდებს საკუთარ თანაპარტიელებსა და აქტივისტებს, რომ ქვეყანაში მოაწყონ სრული აპოკალიფსი. წერილიდან ირკვევა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გვიან შემოდგომაზე აქციების ტალღას გეგმავს, პირველი სამიზნე კი თქვენი უწყებაა. რა პრევენციული ზომების გატარებას გეგმავთ? 

 


-
ამ კონკრეტულ წერილთან დაკავშირებით პასუხისგან თავს შევიკავებ, თუმცა გიდასტურებთ, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში იგეგმება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები, ისინი ცდილობენ დესტაბილიზაციისა და დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას, პირველი დარტყმა, რა თქმა უნდა, მოვიდოდა ჩემზე და ჩემს სამინისტროზე. მათი მიზანი იყო, ჩემი და ჩემი თანამშრომლების განეიტრალება. რასაც ვამბობ, ამის მტიცებულებები და ფაქტები მაქვს... 

 


-
კონკრეტულად რა ფაქტები გაქვთ, როგორ აპირებდნენ თქვენს განეიტრალებას? 

 


-
მოგეხსენებათ, რომ კამერების წინ მაინცდამაინც მჭევრმეტყველი არ ვარ, თქვენ ნახეთ, რომ დაიწყო ჩემი პიროვნებისადმი შეურაცხმყოფელი ეპითეტების გამოყენება. თუ ასეთი სუსტი ვარ, როგორც მინისტრი და სუსტი თანამშრომლები მყავს, მაშინ რაში სჭირდებათ ჩემთან ამხელა ბრძოლა? კონკრეტული ჯგუფები აპირებდნენ ამ ნიუანსების გამოყენებას. სამწუხაროდ, დაემთხვა მკვლელობების ფაქტები და მათი გეგმის ნაწილი იყო, რომ დაწყებულიყო სამინისტროს დისკრედიტაცია. იყო შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. ცდილობდნენ განწყობის შექმნას, რომ ქვეყანაში არის ქაოსი და შსს არის დემორალიზებული. ეს პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ შეფერხდეს ეკონომიკური განვითარება, არ შემოვიდეს ქვეყანაში ინვესტორი და საქართველოს შეუქმნან იმიჯი, თითქოს არსებობს საფრთხეები, მაგრამ თქვენ ნახეთ, რომ წელს საქართველოში იმდენი ტურისტი ჩამოვიდა, რამდენიც არასდროს ყოფილა. 

 


-
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აამუშავებს მათ საფარქვეშ შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციებს, "თავისუფალი ზონა", "პიკასოს კლუბი", "დროა", "აპრიორი"... ეს იმ არასამთავრობოების ჩამონათვალია, ვინც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ჭაობიდან ამოთრევას ცდილობს, რა ინფორმაციებს ფლობთ მათზე? თქვენ ადასტურებთ, რომ კონკრეტული ძალები ემზადებოდნენ სახელმწიფო დამხობისთვის? ვინ არიან ეს ძალები? 

 


-
ეს ძალა უკავშირდება "ნაციონალურ მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს. ჩემთვის ცნობილია  ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა კონკრეტული დავალებები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს. ეს დავალებები კიევსა და თურქეთში ჩატარებულ თათბირებზე გაიცა. ამ შეხვედრების მთავარი თემა არ იყო შიდა პარტიული საკითხები, სააკაშვილმა ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კონკრეტული დავალებები და გეგმები მისცა. მიხეილ სააკაშვილს მიცემული აქვს დავალებები, რომ შექმნას კარგად ორგანიზებული 500-კაციანი მობილური ჯგუფი, რომელიც, თავის მხრივ, დაიყოფა ცალკეულ მობილურ ჯგუფებად. მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ, ეცადონ, მოახდინონ პოლიციის პროვოცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვადასხვა თემების მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, გამოიყენონ დევნილთა პრობლემები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვოცირება, შექმნან ქაოსური ვითარება, მათი მიზანია, შექმნან ნეგატიური ფონი, როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიასა და დიპლომატიურ საზოგადოებაში. მაგალითად, "თავისუფალი ზონის" წევრებს მიეცათ დავალება, სასწრაფო დახმარების ექიმებისგან მიიღონ ინფორმაციები პიროვნების გარდაცვალების შესახებ და ეს გააპიარონ იმ კუთხით, რომ თითქოსდა ახალმა მთავრობამ შეუზღუდა მოსახლეობას სასწრაფოს გამოძახება და ეს არის ამის შედეგი. ამ გზით სურთ, ნეგატიურად წარმოაჩინონ ის რეგულაციები, რაც მთავრობამ მიიღო სასწრაფოს რეფორმირებისთვის. 
სააკაშვილისვე დავალებით ქაოსის შექმნის გეგმაში უნდა ჩართონ ეროვნული უმცირესობები, უნდა შეიქმნას ეროვნული უმცირესობებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები საქართველოში. ეს არის ნაწილი გეგმისა, რასაც სააკაშვილი გეგმავს. ამ გეგმას, პირადად ვაცხადებ, რომ განხორციელება არ უწერია! ისინი ვერც იმ ილუზიას შექმნიან, რომ თითქოს ქვეყანაში არის ქაოსი და ანარქია, მათი სურვილები დარჩება სურვილებად. დღეს საქართველოში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, ბევრი მათგანის აზრი ჩემთვის გასათვალისწინებელია და მათ საქმიანობას პატივს ვცემ, მაგრამ რომელი ორგანიზაციებიც თქვენ ჩამოთვალეთ, სამწუხაროდ, ისინი არასამთავრობო ორგანიზაციის საფარქვეშ მოქმედებენ და რეალურად ემსახურებიან კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მათ ქვეყანაში შექმნან ქაოსის ილუზია, ყველამ გაიგოს, ვინც ანტიკონსტიტუციური გზით წავა და ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის, კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად დაისჯება.   

 


-
თქვენ საკმაოდ სერიოზული ინფორმაციები ჩამოთვალეთ, რას აკეთებს სამინისტრო ამის პრევენციისთვის? 

 


-
ჩვენ განვახორციელებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღსაკვეთად. უკვე მიღებულია კონკრეტული ზომები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტს ვერ დავკონკრეტდები.

 

 

 

 

 

(გაზეთი "ალია", ნინო სამხარაძე )

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016