ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კომპანია „გრინერჯისა" და „საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულების მიხედვით, 2015 წელს საქართველოში ტექნოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა ხის გრანულების წარმოება დაიწყება.
ხელმოწერის ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, „თიბისი ბანკის" საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორი ნინო მასურაშვილი, ასევე სამინისტროს, ბანკისა და „გრინერჯის" სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხელშეკრულებას ხელი შპს „გრინერჯის" დირექტორმა თეიმურაზ მათიაშვილმა და „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს" დირექტორმა გიორგი ციკოლიამ მოაწერეს.
„კომპანია „გრინერჯისთვის" 160 000 აშშ დოლარის სესხის გაცემა უზრუნველყო „თიბისი ბანკმა". პროგრამის „აწარმოე საქართველოში" პირობების მიხედვით, სესხის მთლიანი საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ის დაფინანსებას საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო პირველი 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს", - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, შპს „გრინერჯის" პროექტის საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე 185 000 აშშ დოლარია. საწარმო საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში 2015 წლის თებერვალში ამუშავდება და სავარაუდოდ, 10 ადამიანს დაასაქმებს.
თავად კომპანიის განცხადებით, მათ უნდა აწარმოონ ინოვაციურ პროდუქცია, რომელსაც ქართულ ბაზარზე კონკურენტი არ ჰყავს. „გრინერჯის" საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ნედლეულის (ბიომასის) გადამუშავება და ხის გრანულების მიღება. აღნიშნული ხის გრანულები არის მყარი ბიოსაწვავი, რომელიც შეშის ალტერნატივას წარმოადგენს და ხელს შეუწყობს საქართველოში შეშის მოხმარების შემცირებას.
შპს „გრინერჯი" თავის სამიზნე ბაზრად განიხილავს საქართველოში არსებულ ყველა სექტორს, სადაც აქტიურად მოიხმარება შეშა. წინასწარი გათვლებით, აღნიშნული ბიოსაწვავი კომერციული სექტორისთვის წარმოების ხარჯებს შემცირების კარგ ალტერნატივას წარმოადგენს (კომპანიის პროდუქცია შეშაზე დაახლოებით 10% იაფია).
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ დამტკიცებული 4 პროექტის ფარგლებში არსებული საწარმოები ჯამში მიახლოებით 8 200 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ. ამჟამად მეწარმეობის განვითარების სააგენტოს პარტნიორი ბანკები განიხილავენ 25-მდე პროექტს.